ყირგიზი ლიდერი ქალების საღამო
ამავე კატეგორიაში



სიახლეები

ყირგიზი ლიდერი ქალების საღამო


2018-11-19


საქართველოს პენცენტრი და მწერალთა სახლი წარმოგიდგენთ:
 
ინჟინერი, მუსიკოსი, ჟურნალისტი - ამ სამი სფეროს წარმომადგენელი სამი ახალგაზრდა ფემინისტი ქალი, რომლებიც ყირგიზეთსა და ცენტრალურ აზიაში საკუთარი მიღწევებით პოპულარულები გახდნენ, 15 ნოემბერს 16 საათზე, თბილისში, მწერალთა სახლში შეხვდებიან აუდიტორიას და ისაუბრებენ გამოხატვის თავისუფლებაზე, ქალთა უფლებებზე და ქართულ რეალობასთან მსგავსება-განსხვავებაზე. 

ზერე ასილბეკი 19 წლის ყირგიზი მომღერალია, რომელმაც ქალების უფლებებზე შექმნილი საკუთარი სიმღერის გამო ყირგიზეთში სასიკვდილო მუქარებიც კი მიიღო. მისი სიმღერა "Kyz" („გოგო“) ერთგვარი ფემინისტური მანიფესტია. სიმღერამ ადგილობრივი კულტურისთვის თამამი ვიზუალით და ტექსტით - სადაც ის ქალების თავისუფლებაზე საუბრობს, მისსა და მეზობელ ქვეყნებში ვნებათაღელვა და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. ასილბეკს „შუა აზიის ფემინიზმის გმირიც“ უწოდეს. 



ალინა ანისიმოვა ინჟინერია და სხვა ახალგაზრდა ინჟინერ ქალებთან ერთად ყირგიზეთის პირველ თანამგზავრს (სატელიტს) აწყობს და მის ორბიტაზე გაშვებას 2019 წლისთვის გეგმავს. CubeSat -ის, ანუ ყირგიზეთის პირველი თანამგზავრის შექმნაზე მხოლოდ ქალი მეცნიერები მუშაობენ. „ყირგიზეთის კოსმოსური პროგრამა“ - საინჟინრო სკოლა, რომლის სტუდენტებიც თანამგზავრზე მუშაობენ - ყირგიზეთში ორგანიზაცია Kloop Media Foundation-მა შექმნა. Kloop-ის დამფუძნებელი და ჟურნალისტი ბექტურ ისკანდერი ასევე ეწვევა თბილისს 12-15 ნოემბერს. 



აიდაი ერკებაევა ჟურნალისტი და ყირგიზეთში ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ჟურნალისტური გამოძიების ავტორია. გამოცემა „კლუპის“ გუნდთან ერთად, აიდაიმ 2017 წლის ყირგიზეთის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბება გამოიძია. ჟურნალისტური გამოძიებების გამო, „კლუპის“ წევრებმა არაერთი მუქარა მიიღეს. მათ უკრძალავდნენ პრეზიდენტზე კრიტიკული მასალების გამოქვეყნებას. თუმცა, „კლუპმა“, ყირგიზეთში დღეს უკვე პოპულარულმა ონლაინ მედია გამოცემამ, საქმიანობა არ შეწყვიტა.