PENდღიური, III დღე

საბერძნეთის (თუ ზოგადად ევროკავშირის) კრიზისზე ნიუ-იორკის PEN-ფესტივალზეც აქტიურად საუბრობდნენ. ოღონდ თავად ბერძნებისგან განსხვავებით, ამერიკელი ლიტერატორებისა და ჟურნალისტების ნაწილმა ზუსტად იცოდა, სად უნდა გადაჭრილიყო მსიფლიოს ყველა დიდი თუ ლოკალური პრობლემა... რა გამოცნობა ამას უნდა - ცხადია, Wall Street-ზე! 


ხოდა, რთულია არ დაეთანხმო განათლებულ ამერიკელს...


"ყველა უბედურების სათავე Wall Street-ია და აქ უნდა იფეთქოს მთავარმა რევოლუციამაც! მანამდე არაფერი შეიცვლება; ისევ ფულის გამო მოუნდებათ ომობანების მოწყობა და ისევ არაადეკვატურად ბევრი და ჭუჭყიანი ფული ექნება არაადეკვატურად ცოტა და არცთუ წესიერ ადამიანს!" - დაწერა უოლსტრიტული რევოლუციის ერთ-ერთმა აქტიურმა გულშემატკივარმა. პოეტმა, სხვათა შორის.


Wall steet-ზე სოციალიზმის აჩრდილი დააბიჯებს!


ეს ხალხი უფულობამ და დიდმა სიძვირემ გააბრაზა... სეილი სეილს აღარ გავს! ფეხზე სადგომი ბილეთი რაღაა და 100 დოლარი კი დამიჯდა "მეტროპოლიტენ ოპერაში", წინ მსხდომებს კი, როგორც მოგვიანებით გავარკვიე, სულ მცირე, 1500 დოლარი ქონდათ გადახდილი... ოღონდ ეძინათ სპექტაკლზე. ასეა, ვინც ამდენს იხდის, იმას ყველგან შეუძლია ძილი.


სრული ოთხი საათი გედექით რიჰარდ ვაგნერის "ვალკირიაზე". ცხადია, დაღლილობას ვაგნერის ხათრით არ შევუშინდი, მაგრამ კონკრეტული მიზეზი მაინც კანადელი რეჟისორ-კლასიკოსი, რობერ ლეპაჟი და დღევანდელი მსოფლიოს ყველაზე კარგი ტენორი - გერმანელი იონას კაუფმანი გახლდათ.


ლეპაჟი, როგორც იტყვიან, მიწასთან გაასწორეს კრიტიკოსებმა - "მეტროპოლიტენ-ოპერაში" აქამე არასდროს ყოფილა ასეთი ძვირი და მძიმე დეკორაციები; რკინები დაფრინავდნენ - სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით! კაუფმანი კი, ჩემდა ჭირად, მაინც და მაინც იმ დღეს შეიქნა ავად, როცა მოლარეს კბილებით გამოვღლიტე ჩემი საწყალი ფეხზესადგომი ნახევარი მეტრი! ამიტომ როცა ხალხმა ბუუუ-ები იყვირა ბოლოს (მსმენელის ნაწილს შესრულება არ მოწეონა), ჩემი ბუე-ები არც მე ჩამიმალავს ჯიბეში. თუმცა მეორე საღამოს ხუთსაათიან "ღმერთების დაღუპვაზეც" შევედი... ამ დღეს კი თავად რიჰარდ ვაგნერმა შეისმინა ჩემი ლოცვა და 2000კაციან დარბაზში სწორედ ჩემი ფეხსედაგომი ნახევარმეტრეულის წინ დარჩენილი სკამი დატოვა საჯდომშეუვსებლად... მარტივად: ვიღაც ბურჟუა არ მოვიდა და მისი ადგილი მე დამრჩა (უკვე ჭეშმარიტი მარქსისტივით, ბოდიში, ჩომსკელივით ვწერ).


იქიდან იმის იმედად წამოვედი, რომ უოლსტრიტელები ოდესმე "მეტროპოლიტენ-ოპერასთანაც" გადმოინაცვლებენ!


ოღონდ განა ყველა "მეტროპოლიტენში" ასეთი განუკითხაობაა: "მეტროპოლიტენ-მუზეუმში", მაგალითად, ერთ დოლარად შეგიძლია შესვლა, ბილეთის ფასი კი - 50 დოლარია... ხომ არის სასწაული? თუ გაბრიყვდი და მაინც შეაძლიე ამხელა ფული, ხვეწნას არავინ დაგიწყებს - არიქა, ეს ფული არ დამანახოო, მაგრამ თუკი აქაური წესები იცი, შეგიძლია ოფიციალურად (!) მოურიგდე ბილეთების ოფიციალურ გამყიდველს და ერთ ცალ ამერიკულ მეენთად აღმოჩნდე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მუზეუმში. გეუბნებიან: "ფასი შეთანხმებითია".


ვაგლახ, გვიან შევიტყე ამ შესანიშნავი წესის შესახებ...  თუმცა ღირდა. გარდა იმისა, რომ ასეთი უხვი კოლექცია სხვაგან არსად მენახა, ველასკესის დარბაზში სრულიად შემთხვევით შევეფეთე ნიუ-იორკში მცხოვრებ შესანიშნავ ქართველ მხატვარ ლადო ფოჩხუას...


რას ვიზამდით - ბუნებრივია, ვიტირეთ. როგორც ძველმა და ნატანჯმა დისიდენტებმა.


ლადოსგანვე შევიტყე, რომ სწორედ ამ დღეებში მეორე ქართველ მხატვარს, სოფიო ტაბატაძეს კოლუმბიის უნივერსიტეტში ქონდა გამოფენა.


სოფოს ინსპირაციის წყარო ოდინდელი "პირმიზე" გამხდარა; პირიმზე, როგორც საბჭოთა კავშირი (ჩემი აზრით).  


მართალია, ძველი "პირიმზე" დაანგრიეს და მის ადგილზე რაღაც ახლებური, თეორიულად მრავალფუნქციური (და სინამდვილეში კი პრაქტიკულად უფუნქციო) ქვის ბრონტოზავრი ააგეს, მაგრამ თავად ბრენდი - პირიმზე - ყოფილ კოლმეურნეობის მოედანზე თუ ყოფილ ვარანცოვის ქუჩაზე შერჩენილ-გახსნილ ფარდულ-სახელოსნოებს გადაუნაწილებიათ (ანუ ნოსტალგიურად დაუთრევიათ. როგორც გნებავთ); აფეთქებული "პირიმზე" უამრავ პატარა "პირიმზედ" გამსკდარა...


სოფოს ინსტალაციაში რამდენიმე "ცოცხალი" ნამუშევარია ჩასმული, სადაც ამ პატარა "პირიმზეების" აჩრდილური ცხოვრება-მოღვაწეობაა უკვდავყოფილი, ეს კი, ბუნებრივია, ძალიან სასაცილო, აბსურდული, მელანქოლიური და შთამბეჭდავია.


სიტყვა "ინსპირაცია" შემთხვევით არ მიხმარია; ჩემ პენ-დღიურს ირაკლი კაკაბაძის ლექსით დავასრულებ, რომლის დაწერის იმპულსიც თუ მთლად წლევანდელი პენ-ფესტივალი არა, ფესტივალთან დაკავშირებული ინციდენტი კი ნამდვილად გახლდათ. თუ რა ინციდენტს ვგულისხმობ, ამას ლექსიდან შეიტყობთ.


აბა, დროებით!

ლაშა ბუღაძე

ბეჭდვა PDF

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates