ნიკო ნიკოლაძე


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map



არა კლასობრივი ბრძოლა, არა ეროვნული შუღლი,

არამედ ერთიანობაა საჭირო უმთავრესი მიზნის

- პიროვნულობისა და თავისუფლების მისაღწევად.

ნიკო ნიკოლაძე


ნიკო ნიკოლაძეს, როგორც პროგრესულ მოაზროვნეს და მრავალმხრივ პერსონას, აკაკისა და ილიას გვერდით მოიხსენიებენ და მართებულადაც - ის იყო აქტიური მოქალაქე, პუბლიცისტი, მეცნიერი, ანალიტიკოსი...

ნიკო ნიკოლაძე დაიბადა 1843 წლის 27 სექტემბერს ქ. ქუთაისში. ნიკო ნიკოლაძის მამა იაკობ ნიკოლაძე იმ დროს ცნობილი მეწარმე და ვაჭარი იყო. იაკობს ქუთაისში არაერთი წარმოება ჰქონდა და ფოთის პორტით ხშირად შემოჰქონდა სხვადასხვა დანადგარები უცოეთიდან.


საქმე ისაა, რომ საქართველოში ოდითგანვე სირცხვილად ითვლებოდა ვაჭრობა (გაიხსენეთ “ვეფხისტყაოსნიდან” – “ჩვენ, ვაჭარნი, ჯაბანნი ვართ”), შესაბამისად, ამ საქმით მხოლოდ უცხოელები და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები კავდებოდნენ.

ამასთან დაკავშირებით ნიკო ნიკოლაძე იგონებდა: “ბაბუაჩემი პირველი ქართველი ყოფილა, რომლსაც ეს საქმიანობა დაუწყია იმერეთში, იქნება საქართველოშიაც. მანამდე ქართველები ამას თაკილობდნენ და ამით მხოლოდ უცხოელები იყვნენ დაკავებული… იმერელი გლეხკაცის ცოლი ამ საქმიანობისას პირისახეს თათრის ქალივით აიხვევდა, არავინ წამასწროს თვალი ამ საზიზღარ საქმეზეო”.


ნიკო ნიკოლაძემ 1860 წელს დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია და იმავე წელს გამოაქვეყნა თავისი პირველი წერილები ჟურნალ “ცისკარში”.
1861 წელს შევიდა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, მაგრამ სტუდენტთა  დემონსტრაციაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და უნივერსიტეტიდანაც დაითხოვეს. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ კი პეტერბურგში ცხოვრება აუკრძალეს.
1862 წელს საქართველოში დაბრუნდა. მონაწილეობდა ჟურნალ “ცისკრის” ფურცლებზე ძველ და ახალ თაობას შორის გამართულ იდეურ-პოლიტიკურ ბრძოლაში. საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოსვლისთანავე ნიკო ნიკოლაძემ მიზნად დაისახა არსებული სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის შეცვლისა და მშრომელთა ცხოვრების გაუმჯობესებისთვის ბრძოლა.
ნიკო ნიკოლაძე კვლავ პეტერბურგს გაემგზავრა და გაზეთ “ნაროდნოე ბოგატსტვოს” რედაქტორობდა. 1864 ჟურნალ “სოვრემენიკში” გამოქვეყნდა მისი ნარკვევი “პროვინციული სურათები”, ამავე წელს სწავლის გასაგრძელებლად საზღვარგარეთ წავიდა, პარიზიდან თანამშრომლობდა გაზეთ “სანკტ-პეტერბურგსკიე ვედომოსტში”. ა. გერცენის მიწვევით თანამშრომლობდა “კოლოკოლში”, რომელშიც დაბეჭდა სტატიები: “გლეხთა განთავისუფლება საქართველოში”, “ჩვენი მომავალი ვექილები”, «”მოსკოვსკიე ვედომოსტის” სამსჯავროს წინაშე», “თბილისიდან”, “ივლისის დღეები თბილისში”, “საქართველოდან”. “კოლოკოლში” თანამშრომლობა ნიკოლაძემ ა. გერცენთან და ნ. ოგარიოვთან უთანხმოების გამო შეწყვიტა. ნიკოლაძემ ლონდონში პ. ლაფარგის მეშვეობით გაიცნოკ. მარქსი, რომელსაც მისთვის შეუთავაზებია I ინტერნაციონალის წარმომადგენლობა კავკასიაში, მაგრამ ევროპაში სასწავლებლად წასულ ახალგაზრდას სამშობლოში დაბრუნება ნაადრევად მიუჩნევია. 1866 ნიკოლაძემ ფრანგულ ენაზე გამოსცა თავისი პირველი წიგნი “მთავრობა და ახალი თაობა”, 1868 ჟენევაში ლ.მეჩნიკოვთან ერთად დააარსა ჟურნალ “სოვრენნოსტი”, რომელშიც დაიბეჭდა ნიკოლაძის ცნობილი სტატიები: “რუსული ემიგრაცია”, “ორი თაობა”, “ევროპის ცხოვრება”, “ნაროდნოე დელო”, “რევოლუციონერის როლი”. ამავე წელს მ.ელპიდინთან ერთად გამოსცა ნ. ჩერნიშევსკის თხზულების პირველი ტონი და რომანი “რა ვაკეთოთ?!”, რომელთა შესავალი წერილები ეკუთვნის ნიკოლაძეს. შვეიცარიაში ყოფნის დროს 1868 დაამთავრა ციურიხის უნივერსიტეტი და დაიცვა დისერტაცია თემაზე “განიარაღება და მისი ეკონომიკური და სოციალური შედეგები” (ფრანგულ ენაზე ცალკე წიგნად გამოვიდა ჟენევაში), რისთვისაც მიენიჭა ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორის ხარისხი. იგი იყო პირველი ქართველი, რომელმაც უცხო ენაზე დაიცვა დისერტაცია.
1870 იანვარში ნიკოლაძე ქუთაისში დაბრუნდა, ხოლო მარტში უკვე თბილისში გადმოვიდა გაზეთ “დროების” თანამშრომლად. 1871 წლიდან სათავეში ჩაუდგა ჟურნალ “კრებულს”, რომელშიც გამოაქვეყნა ბევრი საპროგრამო ხასიათის სტატია პოლიტიკურ და ლიტერატურის საკითხებზე.




ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმი

      მუზეუმის მისამართი: სამტრედია, სოფ. დიდი ჯიხაიში, ნ. ნიკოლაძის ქ.109
ტელეფონი: (+995 99) 57 83 99, 890 222 805
ელ-ფოსტა:  This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1951 წელი
მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2007 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)
მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური
ექსპონატების რაოდენობა: 5 386

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: სახლ-მუზეუმი განთავსებულია XIX-XX სს-ის ცნობილი საზოგადო მოღვაწისა და მეცნიერის ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) საცხოვრებელ სახლში, რომელიც მდებარეობს მის მიერვე საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოტანილი მცენარეებით გაშენებულ პარკში. მუზეუმში დაცულია ნიკო ნიკოლაძისა და მისი ოჯახის წევრების მემორიალური ნივთები. ძირითადად: XVIII-XIX სს-ის გერმანული, ინგლისური, ავსტრიული, ამერიკული, რუსული წარმოების საოჯახო ნივთები, მდიდარი ბიბლიოთეკა; ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოტანილი ამავე პერიოდის უახლესი ტექნოლოგიები: ქარის ძრავა (1910 წ.), სარეცხი მანქანა (ბერლინი), კოდაკის ფოტოაპარატის პირველი ნიმუში, მზის საათი და სხვ., სხვადასხვა ენებზე გამოცემული ნ. ნიკოლაძის წიგნები და პერიოდიკა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, 10 სთ-დან 16 სთ-მდე
მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფროსებისათვის: 2 ლ, ბავშვებისა და სტუდენტებისათვის: 1 ლ
უბილეთოდ დაიშვებიან: 6 წლამდე ბავშვები, სოციალურად დაუცველი მოზარდები, ICOM-ის წევრები, საქართველოს და უცხოეთის ქვეყნების მუზეუმების თანამშრომლები, I და II კატეგორიის ინვალიდები, ჯარისკაცები, იძულებით გადაადგილებული პირები, ნიკოლაძეთა შთამომავლები

გამოფენები: “კვალი ნათელი”, “ნიკო და გიორგი ნიკოლაძეების ცხოვრება-მოღვაწეობა” (სკოლებში)
საგანმანათლებლო პროგრამები: “ნიკო ნიკოლაძე და თანამედროვეობა”
გამოცემები: “ნიკო ნიკოლაძე”, “გიორგი ნიკოლაძე”, “ნ. ნიკოლაძის სახლ-მუზეუმის გზამკვლევი”

მუზეუმის ფართობი: 860 კვ/მ
მუდმივი ექსპოზიცია: 360 კვ/მ
პერიოდული გამოფენები: 30 კვ/მ
საცავები: 60 კვ/მ

დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 2500

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)






Additional Info

  • სახელი/გვარი: ნიკო ნიკოლაძე
  • ქალაქი/სოფელი : დიდი ჯიხაიში
  • დაბადების წელი: 1843
  • გარდაცვალების წელი: 1928

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates