შოთა ნიშნიანიძე


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map



შოთა ნიშნიანიძეს უკვე მეთერთმეტე კლასში საკმაოდ ჰქონდა დაგროვებული პატარ-პატარა ლირიკული ლექსები. იმ დროისათვის შოთას დედობილთან ცხოვრობდა მისი მოსკოველი ბიძაშვილი. მან იოსებ ნონეშვილთან წაიყვანა. იოსებს რამდენიმე ლექსი მოსწონებია და "ახალგაზრდა კომუნისტში" გამოუქვეყნებია.

1947 წელს დაამთავრა სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიოლოგიის ფაკულტეტზე. მაგრამ მალევე გაირიცხა პირველი სემესტრის დამთავრებამდე ლექციების გაცდენის გამო. შემდეგ, მეორედ ჩაირიცხა უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უნივერსიტეტი დაამთავრა 1954 წელს. 1958 წელს მწერალთა კავშირმა გორკის ინსტიტუტთან არსებულ უმაღლეს ლიტერატურის კურსებზე მიავლინა.

1964 წელს დროებით დაიწყო მუშაობა გამომცემლობა "მერანის" ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგედ. 1974 წელს მუშაობა დაიწყო მწერალთა კავშირის მთავარ ლიტერატურულ კონსულტანტად.

ის ერთ-ერთი მათგანი იყო, რომელიც ჩაერთო კლასიკური და თავისუფალი ლექსის გარშემო ატეხილ დისკუსიაში. თავისი რადიკალური პოზიციის გამო ბოლოს თავის მართლებაც უწევდა: “ვერლიბრზე ვიტყვი ორიოდე სიტყვას. რატომღაც ზოგიერთმა ლიტერატორმა მე ვერლიბრის პირველ მტრად გამომაცხადა. ეს უბრალო გაუგებრობაა“ , - წერდა ის სტატიაში “მცირე რეპლიკა ვერლიბრის შესახებ.” ამავე სტატიაში ავრცობდა თავის დამოკიდებულებას:

“მე ვებრძვი თავისუფალ ლექსად შემოჩეჩებულ პროზას და პწკარედს, თავისუფალი ლექსი შეიძლება იყოს ვერსფიკაციურად თავისუფალი პირობითობებისაგან, რითმა იქნება ეს, რიტმი თუ მეტრი, მაგრამ არა აზრისაგან და გრძნობისაგან ასეთი ვერლიბრის ნიმუშები ან ტევადი ფორმის გაყალბებაა და დაკნინება. სინამდვილეში თავისუფალი ლექსი რთული პოეტური ინფორმაციის გადმოცემის დიდ საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მას კლასიკურ ლექსთან შედარებით ერთი უპირატესობა გააჩნია: ვერლიბრის სივრცე მოშიშვლებულია და იქ უნიჭობა ვერ დაიმალება, როგორც ეს ხდება ხოლმე კლასიკურ ლექში, სადაც ვირტუოზულ რითმებს, მელოდიკას, ტექნიკურ ილეთებსა და რიტმულ ექსპრესიას ზოგჯერ მოხერხებულადაა ამოფარებული უნიჭობა. ჩემთვის გულსატკენი ის გახლავთ, რომ ვერლიბრს ხშირად ისეთ ავტორები მიმართავენ, რომლებსაც, უბრალოდ, არც ოსტატობა და არც სულიერი ენერგია არ ყოფნით სტრიქონების გასარითმავად, ისე, რომ ლექს ბუნებრიობა არ დაუკარგო.“ 

შოთა ნიშნიანიძე 1958-60 წლებში სწავლობდა მოსკოვის მაქსიმ გორკის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის უმაღლეს ლიტერატურულ კურსებზე. 1968-74 წლებში იყო გამომცემლობა "მერანის" ქართული მხატვრული ლიტერატურის რედაქციის გამგე; 1974-77 წლებში - მწერალთა კავშირის კონსულტანტი, 1877-82 წლებში -ალმანახ "საუნჯის" მთავარი რედაქტორი, 1981-84 წლებში-საქართველოს მწერალთა კავშირის მდივანი, 1984-86 წლებში ამ კავშირის თავმჯდომარე. სიცოცხლის ბოლო წლებში რედაქტორობდა ჟურნალ "საუნჯეს".

შოთა ნიშნიანიძე მეუღლესთან ერთად


მას დაწერილი აქვს ბელეტრისტული ოცი პოემა, რომელიც არ გამოქვეყნებულა. შოთა ნიშნიანიძის პირველი პოეტური კრებული "მე და შენ" გამოვიდა 1956 წელს. ამ დროიდან მოყოლებული პოეტმა არაერთი წიგნი გამოსცა, რომელთაც მკითხველთა ფართო საზოგადოების დიდი სიყვარული და პატივისცემა მოიპოვეს. ნაყოფიერი ლიტერატურული და საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის იგი დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით. 1975 წელს გახდა შოთა რუსთაველის, ხოლო 1977 წელს გალაკტიონ ტაბიძის პრემიების ლაურეატი.

შოთა ნიშნიანიძე გარდაიცვალა 1999 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.


Additional Info

  • სახელი/გვარი: შოთა ნიშნიანიძე
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • დაბადების წელი: 1929
  • გარდაცვალების წელი: 1999

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates