კორნელი კეკელიძე


კორნელი კეკელიძე დაიბადა ვანის რაიონის სოფელ ტობანიერში 1879 წელს. ის და იოსებ სტალინი ერთად სწავლობდნენ თბილისის სასულიერო სემინარიაში. კორნელი კეკელიძე რომ არ დაიხვრიტა 1937 წელს, ამაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ სტალინს მიუძღვის. ბელადს მიხეილ ჭიაურელისთვის უთქვამს, – ქართველებს ორი დიდი მეცნიერი გყავთ: ივანე ჯავახიშვილი და კორნელი კეკელიძე და მოუფრთხილდითო!

კორნელიმ სწავლა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში დაიწყო, რომელიც ფრიადებზე დაამთავრა. შემდეგ კი სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში გააგრძელა. სემინარიის დამთავრების კორნელი კეკელიძისთვის რჩევა მიუციათ, რომ სასწავლებლად კიევის სასულიერო აკადემიაში წასულიყო. ამასთან დაკავშირებით, ის იგონებდა: მივედი კალისტრატე ცინცაძესთან, რომელიც იმ დროისთვის დიდუბის ეკლესიის წინამძღვარი იყო და ვუთხარი, რომ კიევში ვაპირებ წასვლასო. კალისტრატეს უთქვამს: წადი და თუ გამოცდებს ვერ ჩააბარებ, კიევს მაინც დაათვალიერებო. ასეც მოიქცა და კიევში სწავლა წარჩინებითაც დაამთავრა.


1912—1917 წლებში მუშაობდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ორგანოში — „ქრისტიანული აღმოსავლეთი“. სამეცნიერო ასპარეზზე გამოსვლისთანავე კეკელიძეს მძიმე შავი სამუშაოს შესრულება მოუხდა არქივებსა და სიძველეთსაცავებში, კერძო მეპატრონეთა კოლექციებში. მან დიდი ამაგი დასდო ქართული ხელნაწერების გამოვლენის, შეგროვებისა და აღწერილობის საქმეს. ძველი ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობის დიდი ნაწილი ჯერ სრულიად ხელუხლებელი იყო. კეკელიძის ადრინდელმა სამეცნიერო ნაშრომებმა ბევრ რუს და უცხოელ მეცნიერს აღუძრა ინტერესი ქართული მწიგნობრობისადმი. კეკელიძემ მეცნიერულად აღწერა გელათში (1905 წელს) და სვანეთში (1911 წელს) დაცული ქართული ხელნაწერები. 1948—1954 წლებში გამოქვეყნდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ხელნაწერების აღწერილობათა რამდენიმე ტომის კორნელი კეკელიძის საერთო რედაქციით. 

განუზომელია კეკელიძის ღვაწლი ტექსტოლოგიაში: 1918 და 1946 წლებში გამოსცა ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების კიმენურ რედაქციათა ორტომეული (პ. პეეტერსმა აქ გამოქვეყნებული ტექსტები ერთი ნაწილი ლათინურად თარგმნა), 1930 წელს — ნ. ციციშვილის „შვიდი მთიები“, 1935 წელს — იოანე საბანის ძის „აბო თბილელის წამება“ და ბასილი ზარზმელის „სერაპიონ ზარზმელის ცხოვრება“, 1936 და 1948 წლებში — იოანე ბატონიშვილის „კალმასობის“ ორტომეული (თანარედაქტორი ა. ბარამიძე), 1938 წელს — „ვისრამიანი“ (თანარედაქტორები ა. ბარამიძე და პ. ინგოროყვა), 1941 წელს — „ისტორიანი და აზმანი შარავანდედტანი“ და სხვა.



კორნელი კეკელიძე გახლდათ დეკანოზი. ამბობდა: ორი ცხოვრებით ვიცხოვრეო. ერთი – სასულიეროთი და გავხდი დეკანოზი, ეს თეთრ სამღვდელოებაში ყველაზე მაღალი წოდებაა, მოგეხსენებათ და მეორე, – როდესაც სასულიერო ცხოვრებიდან წამოვედი და გავხდი აკადემიკოსიო. კიევიდან ჩამოსული კორნელი კეკელიძე ქუთაისში ეკურთხა მღვდლად, მაგრამ იქ არ დარჩენილა, თბილისში ჩამოვიდა და აქ დაიწყო წმიდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში მუშაობა. ამ პერიოდში იგი ღრმად ჩაერთო საქართველოს ეკლესიის ცხოვრებაში. 1906 წელს დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი.

1918 წელს, როდესაც იხსნება უნივერსიტეტი, კორნელი კეკელიძე თავს ანებებს სასულიერო მოღვაწეობას და უნივერსიტეტში სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის პირველი დეკანი ხდება.

კორნელი კეკელიძე გარდაიცვალა 1962 წელს. 



Additional Info

  • სახელი/გვარი: კორნელი კეკელიძე
  • ქალაქი/სოფელი : ვანი
  • დაბადების წელი: 1879
  • გარდაცვალების წელი: 1962

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates