ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი)



 ქართველი პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე. დაიბადა 1750 წელს თბილისში. გარდაიცვალა 1791 წლის 24 იანვარს/ ახ.სტილით 6 თებერვალს,  რუმინეთში, ქ. იასში

ბესიკის მამა ზაქარია, თეიმურაზ II-ის კარის მოძღვარი - თანამედროვეთა გადმოცემით ფრიად განათლებული და მწიგნობარი კაცი ყოფილა.

ზაქარიას სამეფო კარზე ანგარიშს უწევდა არამარტო თეიმურაზ II, არამედ თვით ერეკლე, რომელიც ამავე დროს ანტონის  კათალიკოსის  მეგობარი და თანამზრახველიც იყო.  ცნობილია, რომ ზაქარია ანტონს ბრალს სდებდა კათოლიკური ეკლესიისაკენ მიდრეკილებაში ამ დაპირისპირების საფუძველზე თეიმურაზმა ანტონი საქართველოდან გააძევა. მოგვიანებით ერეკლემ, რომელიც  ვერ უთანაგრძნობდა მამის ამ  გადაწყვეტილებას 1763 წელს ანტონი საქართველოში დააბრუნა და 1764 წლის 5 მარტს კვლავ დაუბრუნა საქართველოს ეკლესიის მესაჭის პატივი.

სამეფო კარზე, ბესიკის პატრონი და პირადი მფარველი  ლევან ბატონიშვილი ყოფილა. ლევანი  ერეკლე მეფის საიმედო მემკვიდრე იყო.  ბესიკის  მეგობარი იყო აგრეთვე ცნობილი სარდალი, პოეტი და  ,,ყარამანიანის“ ქართულად მთარგმნელი დავით ორბელიანი. დავითი მეფე ერეკლეს სიძე იყო (ერეკლეს ქალი თამარი ჰყავდა ცოლად) და დიდი სახელითა და უფლებებით სარგებლობდა.

ზაქარიას ოჯახი მწიგნობრობის სიყვარულით გამოირჩეოდა, ბესიკის ძმები ოსე და ნიკოლოზი გატაცებული ყოფილან პოეზიით. ასეთ გარემოში, ბესიკის განწავლულობა გასაკვირი არ უნდა იყოს.  მის თხზულებებში ხშირად მოიხსენიება არისტოტელე, პლატონი და პროკლე, ასევე ჰომეროსის გმირები: აქილევსი, ჰექტორი, პრიამოსი, ორესტი...

გიორგი ლეონიძემ გამოიკვლია, რომ ბესიკმა სიცოცხლის უკანასკნელ წლებში გაიცნო ცნობილი ენციკლოპედისტის მარმონტელის (1723-1799) თხზულება, რომელიც 1782-1787 წლებში ,,ველიზარიანის“ სახელით ქართულად თარგმნა გაიოზ რექტორმა. ბესიკი(ბესარიონი) ზოგჯერ ველიზარიანს თავის სახელთან სემანტიკური მსგავსების გამო იყენებს ფსევდონიმად. მაგალითად მის ერთ აკროსტიხს ,,წმიდის გიორგის შესხმა იამბიკოდ“ აწერია: ,,გიორგის ვაქებდეთ-თქმული ველისარიონის მიერ“. ანბანთქებაშიც ,,ანზე სით მოხვალ“ პოეტი თავის თავს ,,ველისარიონს“ უწოდებს: ,,ვარამს ვესურვე, მიწოდდა ველისარიონს ჭკვიანად“.

ზაქარიასა და ანტონის დაპირისპირებამ ბესიკის ცხოვრებაზეც გავლენა იქონია. იმერეთში გადახვეწილი ბესიკი სოლომონ I  დავალებით ასრულებს დიპლომატიურ მისიას. 1778 წელს მოზდოკ-ასტრახანის გავლით საიდუმლოდ ჩადის სპარსეთში და 1779 წელს ვახტანგ VI შვილიშვილი, ალექსანდრე ბაქარის ძე ჩამოჰყავს, რომელიც იმერეთის მეფე სოლომონს I ერეკლე  II საწინააღმდეგო შეთქმულებისათვის სჭირდებოდა. ალექსანდრე ბატონიშვილი ერეკლეს  ტახტს ეცილებოდა, ის მხოლოდ კახეთის კანონიერ მეფედ მიაჩნდა. ასე ჩაება პოეტი ერეკლეს საწინააღმდეგოდ მოქსოვილ ხლართებში.

1787 წელს იმერეთის მეფე დავით II (1784-1789) ბესიკი დანიშნა საგანგებო მისიის მეთაურად. მას დავალებული ჰქონდა ნიადაგი მოემზადებინა, რათა ქართლ-კახეთის მსგავსად, იმერეთსაც მიეღო რუსეთის პროტექტორატი. ბესიკი გაემგზავრა კრემენჩუგში, სადაც ამ დროს იდგა რუსთა არმიის მთავარსარდალი გრიგოლ პოტიომკინი. ეს იყო დრო, როცა რუსეთი იწყებდა დიდ ომს თურქეთის წინააღმდეგ. რუსეთმა იმჯერად ვერ განახორციელა შეთავაზება, თურქეთი  ბალკანეთის გარდა კავკასიიდანაც დაელაშქრა.

1790 წელს, იზმაილის ციხე დაეცა და  რუმინეთის ქალაქ იასში რუსეთსა და თურქეთს შორის დაიწყო საზავო მოლაპარაკება.  ბესიკი იასში, როგორც ჩანს კრემენჩუგისა და კიშინოვის შემდეგ გადავიდა, მაგრამ მოლაპარაკების შედეგებს ვერ მოესწრო, რადგან 1791 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა, ხოლო მოლაპარაკება იმავე წლის 29 დეკემბერს დასრულდა.

ბესიკმა რუსეთში სამი წელი დაჰყო(1788-1791) კრემენჩუგშია დაწერილი მისი ლექსების ავტოგრაფიული ნუსხა, იქ დაიწერა ლირიკული შედევრი ,, ჰაერი ცივნამიანი“.

ბესიკის სახით ძველ ქართულ მწერლობას დიდი ლირიკოსი ჰყავს. ბესიკს მრავალ ჟანრში უცდია კალამი, უწერია პატარა ზომის პოემები, სახოტბო ოდები, ელეგიები და სხვადასხვა სახის გასართობი ლექსები (ანბანთქება, აკროსტიქი და სხვ.), მაგრამ მისი სტიქია ლირიკის სამყაროა.  ამ ციკლის ლექსებია: ”სევდის ბაღს შეველ”, “მე მივხვდი მაგას შენსა ბრალებსა”, “ტანო ტატანო”, “მე შენმა ფიქრმა მიმარინდა”, ,,მე შენი მგონე“, ,,დედოფალს ანაზედ“..


განსაკუთრებით საყურადღებოა ერთ-ერთი შედევრი ძველი ქართული ლირიკისა — “ტანო-ტატანო”.

გრიგოლ რობაქიძე წერს: „

„მე მაინტერესებს ბესიკი პოეტური პლასტიურობის მხრით. რომელიმე მისი სახე ჭდეულია ნამდვილად. მუსიკალობითაც დიდად არის დაჯილდოებული ბესიკი: განსაკუთრებით, თუ მივიღებთ მხედველობაში, რომ იგი ცხოვრობდა მეთვრამეტე საუკუნის მეორე ნახევარში: მან განავითარა ლექსის მრავალი სატეხნიკო ხერხი, რაიც ერთი საუკუნის შემდგომ მხოლოდ ფრანგ სიმბოლისტებმა აიყვანეს პრინციპად.“

ბესიკს ეკუთვნის  ორი მომცრო ზომის საგმირო პოემა. პირველ პოემას — “ასპინძისათვის” ავტორი უძღვნის ასპინძასთან ერეკლე მეფის მეთაურობით ქართველთა ჯარის გამარჯვებას.

“რუხის ომი” ეხება აფხაზთა და ჩრდილო ტომთა (ჯიქნი, ალანელნი და სხვ.) გაერთიანებულ თავდასხმას სამეგრელოს სამთავროზე 1780 წლის ახლოს. საინტერესოა, რომ ეს ამბავი რამდენიმე პოეტს აღუწერია (მაგ.გრიგოლ კოლხიდელს).

ბესარიონ გაბაშვილის სატირული თხზულებებიდან გამოირჩევა ცნობილი პოემა — “რძალ-დედამთილიანი”. აქ ყოფითი მხარე წინაა წამოწეული და პოეტი მისი თანამედროვე ოჯახის მანკიერ მხარეებს აგვიწერს.


ბესიკმა თავისი წვლილი შეიტანა ახალი ქართული ლექსის აღორძინებაში. მის სახელს უკავშირდება,  თოთხმეტმარცვლიანი ლექსის ის სახეობა, რომლის ძირითადი მეტრული სქემა ასეთია (ტანო /ტატანო/ გულწამტანო/ უცხოდ მარებო): ქორე+დაქტილი+მეორე პეონი+ქორე+დაქტილი. ამ საზომმა შემდგომში დიდი გავრცელება პოვა: 14-მარცვლიანი ბესიკური საზომითაა დაწერილი მე-19 საუკუნის პირველი ნახევრის მთელი რიგი შესანიშნავი ლირიკული ლექსები: გრ. ორბელიანის “ჩემს დას ეფემიას”, ალ. ჭავჭავაძის “გოგჩის ტბა” და ნ. ბარათაშვილის “მერანი”. ქართველი რომანტიკოსების მიერ ინტონაციურად სახეცვლილი ამ საზომითაა თარგმნილი ივ. მაჩაბლის მიერ შექსპირის ტრაგედიები. ასეთივე კანონიზატორად გვევლინება ბესიკი ქართული ლექსის სტროფიკის დარგშიც. როგორც ცნობილია, აღორძინების ხანის მწერლობაში, კერძოდ, XVIII საუკუნეში ჩვენში დიდი გავრცელება პოვა ე. წ. მუხამბაზ-მუსტაზადურმა საზომებმა. ირკვევა, რომ ეს, ძირითადად სპარსული საზომები, ჩვენში აზერბაიჯანული ლიტერატურის გზით შემოსულა და მათ არა მარტო აზერბაიჯანულ პოეზიაში, არამედ ჩვენშიც გარკვეული სახეცვლილებები განუცდია. ბესიკის ავტორიტეტმა განსაკუთრებით განამტკიცა ქართულ პოეზიაში მუხამბაზური საზომების გავრცელება. მან პირველმა შემოიტანა – აღნიშნავს აკ. გაწერელია – ყველაზე გავრცელებული მეტრი ამგვარი სტროფებისათვის – ე. წ. 14-მარცვლიანი ლოგაედები (5+4+5) და გარითმვის ის წესი, რომელიც სპარსულ-არაბულ და აზერბაიჯანულ პოეზიაში იყო დაკანონებული ამ ფორმებისთვის (პირველ ხუთტაეპოვანს აქვს ერთი საერთო რითმა, რომელიც მეორდება მომდევნო სტროფების მეხუთე ტაეპებში)”. ამის ნიმუშებია ბესიკის გავრცელებული ლექსები “ცრემლთა ისხარნი”, “მე შენი მგონე”...

შესანიშნავი ქართველი ლირიკოსის, ბესიკის საფლავი დაკარგულია. 


Additional Info

  • სახელი/გვარი: ბესარიონ გაბაშვილი (ბესიკი)
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • დაბადების წელი: 1750
  • გარდაცვალების წელი: 1791

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates