ვაჟა-ფშაველა


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map



ვაჟა დაიბადა სოფელ ჩარგალში 1861 წლის (ახალი სტილით) 26 ივლისს. მწერლის ნამდვილი სახელი და გვარია ლუკა რაზიკაშვილი.

ერთი გადმოცემის თანახმად, ვაჟას წინაპრები მოხევეები ყოფილან, სოფელ სნოდან. გვარად ღუდუშაურები. სნოდან ისინი ფშავში, ცაბაურთა თემში გადმოსახლებულან, იქიდან კი სოფელ ჩარგალში.

ვაჟას მამა - პავლე რაზიკაშვილი სოფლის მღვდელი იყო. დედა- ბარბარე (გულქან) დავით ფხიკელაშვილის ასული, გაბიდოურთა თემიდან იყო. თავისი დროის კვალობაზე განათლებული ქალი და ნიჭიერი მოლექსე.

ვაჟა ფშაველას ოთხი ძმა და ერთი და ჰყავდა. გიორგი, რომელიც ახალგაზრდობაშივე გარდაიცვალა, ნიკო(ბაჩანა) - მწერალი და საზოგადო მოღვაწე,  თედო(მასწავლებელი), სანდრო, მართა...


რვა წლამდე მომავალი მწერალი ჩარგალში იზრდებოდა, შემდეგ  თელავის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს. ექვსი წელი დაჰყო თელავში ვაჟამ, მაგრამ სასწავლებელმა იმედები და მოლოდინი ვერ გაუმართლა... სამაგიეროდ, სხვა მხრივ გამოდგა დაუვიწყარი თელავი ვაჟასათვის. იმ პერიოდის საქართველოში მეტად გავრცელებული იყო კრივი. ვაჟას, როგორც ჩინებულ მოკრივეს, არაერთხელ გამოუჩენია თავი ასპარეზობაში.





ვაჟა-ფშაველას სამუშაო მაგიდა


თელავის სასწავლებლის შემდეგ ვაჟამ თბილისის ალექსანდრეს სახელობის პედაგოგიურ ინსტიტუტთან არსებული ორკლასიანი სასწავლებელი დაასრულა და სწავლა გააგრძელა ახლად დაარსებულ გორის საოსტატო სემინარიაში, სადაც სოფლის სკოლებისათვის პედაგოგებს ამზადებდნენ. აქ შეუსწავლია ჰერაკლიტეს და სოკრატეს თხზულებები, პლატონის ,,რესპუბლიკა“, წაუკითხავს ბეკონი, კანტი, ბორელი, ლებოკი, სპენსერი, გაცნობია ჰომეროსს, დანტეს, ვერგილიუსს, მილტონს, შექსპირს, ბაირონს...

ბიოგრაფთა ცნობით,  სემინარიაში სწავლის პერიოდში ვაჟასთან ერთად ხშირად შეუნიშნავთ გიორგი ლეონიძის მამა, ნიკო ლეონიძე.

 სემინარიაში დაუარსებია ხელნაწერი ჟურნალი ,,რიჟრაჟი“. ჟურნალში, პოეზიის განყოფილებას თავად ხელმძღვანელობდა. სემინარიაში სწავლისას დაუმუშავებია თემა: ,,ლექსი ,,მერანი“, როგორც ბარათაშვილის მსოფლმხედველობის გამომხატველი“ - მსმენელი აღუფრთოვანებია ვაჟას თხზულებას, მის დასკვნებს..

1879 წლიდან ,,დროებაში“ გამოჩნდა ვაჟას პირველი პუბლიკაციები, რომლებიც,ძირითადად, აღმოსავლეთ მთის ხალხთა ცხოვრებას ეხებოდა.

1882 წელს ლუკა რაზიკაშვილმა სემინარია წარჩინებით დაამთავრა და მასწავლებლად დაინიშნა თიანეთის მაზრაში, ტოლათსოფელში, ატმნისხევის სკოლაში. ვაჟა გატაცებით შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას, მისი თხოვნის საფუძველზე ,,წერა-კითხვის გამავრცელებელმა“  საზოგადოებამ ატმნისხევის სკოლას წიგნები გაუგზავნა. ვაჟა ესარჩლებოდა ხალხს, ამიტომ ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო, ვაჟა ,,საკუთარი თხოვნის“ საფუძველზე სამსახურიდან გაათავისუფლეს. ეს მოხდა 1883 წელს.

სამსახურიდან დათხოვნილმა განაახლა პეტერბურგში სწავლის გაგრძელებაზე ფიქრი. მატერიალური დახმარება მას ცნობილმა მოჭიდავემ-კულა გლდანელმა გაუწია.

ვაჟას ძმა, გიორგი პეტერბურგის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. მასაც აქ უნდოდა შეეტანა საბუთები, მაგრამ რაკი პეტერბურგის უნივერსიტეტში სემინარიადამთავრებულებს არ იღებდნენ, ვაჟა იძულებული გახდა თავისუფალ მსმენელად შესულიყო. ვაჟა დიდი გულმოდგინებით შეუდგა სწავლას, მაგრამ ეკონომიურმა მდგომარეობამ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა არ მისცა და გულდაწყვეტილი სამშობლოში დაბრუნდა.

ეს პერიოდი განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ვაჟასთვის. იმედგაცრუებულმა და გულგატეხილმა, გულს დაჩნეული იარების მოსაშუშებლად მშობლიურ სოფელს მიაშურა, მაგრამ დიდი თანაგრძნობა ვერც აქ იპოვა.

1885 წლიდან თანდათან გაჩნდა პრესაში ვაჟას წერილები. ამავე პერიოდში გამოაქვეყნა ლექსები, ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“, ფელეტონები... მაგრამ ვაჟას სამსახური უნდა ეშოვნა, ბედის საძიებლად ისევ გორს მიაშურა და კერძო მასწავლებლად მოეწყო.

1886 წელს ვაჟა-ფშაველა დაქორწინდა.  მეუღლესთან,  კეკე ნებიერიძესთან ერთად ჩარგალში დაბრუნდა.  ცოლ-ქმარს ოთხი შვილი შეეძინა: ლევანი, თამარი, გულქანი და ნინო.


1888 წლამდე  სოფელ დიდ თონეთში მასწავლებლად მუშაობდა.                                             1890 წელს ქალამნის ამოსხმისას თვალზე შემთხვევით ხელი გადაისვა და ,,ციმბირის წყლული“ შეეყარა, დიდხანს იავადმყოფა. შინაური წამლებითაც მკურნალობდა... თბილისში მას ოპერაცია გაუკეთეს, მაგრამ პოეტი მთლიანად მაინც ვერ განიკურნა.

ვაჟა-ფშაველა თავის ნაწარმოებებს ძირითადად ,,ივერიას“ აწვდიდა. იბეჭდებოდა ,,დროებაში“, ,,ჯეჯილში“, ,,კვალში“, ,,მწყემსში“. ილია ჭავჭავაძემ  ,,ივერიაში“ სამუშაოდაც მიიწვია, მაგრამ აქ მხოლოდ სამი დღე იმუშავა. მეოთხე დღეს გადაწყდა, ვაჟასთვის თვეში 5 თუმანი დაენიშნათ, სამაგიეროდ, ყოველ თვეში რაიმე ნაწარმოები უნდა ჩამოეტანა, მაგრამ როცა ,,ივერიაში“ ილიას პოზიცია შეირყა და თანამშრომელთა შორის ,,მესამე დასელების“ თანამგრძნობები მომრავლდნენ, ვაჟასათვისაც დაკეტილი აღმოჩნდა  გაზეთის კარი. 1893 წელს ნაწარმოები არ დაუბეჭდეს და არც კუთვნილი ჰონორარი მისცეს; სხვა უსიამოვნებებმაც იჩინა თავი და მოხდა ისე, რომ მთელი წლის მანძილზე ვაჟა ,,ივერიას“ აღარ გაჰკარებია... მხოლოდ მოგვიანებით აღადგინა ურთიერთობა რედაქციასთან. მძიმე პირობებში ცხოვრებამ, ავადმყოფობამ მისი ჯანმრთელობა გატეხა.

1902 წელს ვაჟა კახეთში თავის დის, მართას ოჯახს სტუმრობდა. ამ დროს კეკე მეხუთე შვილს ელოდებოდა. ყვარელში ვაჟას თავზარდამცემი ამბავი აცნობეს-მას მეუღლე გარდაეცვალა... მეუღლის სიკვდილის გამო დაიწერა  ტკივილითა და ნებიერი მშვენიერებით სავსე შედევრი ,,იას უთხარით ტურფასა“...

უქალოდ დარჩენილი ოჯახი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა. ობლების მოვლა, ქალისა  თუ კაცის საქმე - ყველაფერი ვაჟას დააწვა კისრად. ახლობელთა რჩევით ვაჟამ შეირთო გიორგი დიდებაშვილის ქალი - თამარი.

ასე გაჭირვებაში მიედინებოდა ვაჟას სიცოცხლე. მისი ინტერესების სფერო მრავალმხრივი იყო: საქართველოს თავისუფლება, ნაციონალური საკითხი, მთის პრობლემები, სარწმუნოებრივი საკითხები, კოსმოპოლიტიზმი და ნაციონალიზაცია, ენის საკითხები, ცნობილი პოლემიკა აკაკისთან და მრავალი...

ვაჟა-ფშაველას უმდიდრესი შემოქმედება, მარტო მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. იგი მოიცავს ლექსებს, პოემებს, პროზას, ეთნოგრაფიულ წერილებს, პუბლიცისტიკას და ნაწყვეტებს.  ვაჟა-ფშაველას თავზე მადლით ხელდასმულობა ვლინდება მისი შემოქმედების ყველა ასპექტში, თითო ნიმუში დავასახელოთ: პოეზიიდან, ,,ღამე მთაში“, პროზიდან, ,,როგორ გაჩნდნენ ბუები ქვეყანაზე“, პუბლიცისტიკიდან, ,,კოსმოპოლიტიზმი და პატრიოტიზმი“. ვაჟა- ფშაველამ შეძლო და შექმნა ლოკალური გარემოს ამსახველი, უსაზღვრო მასშტაბების მქონე ლიტერატურა. ვაჟა-ფშაველას პატრიოტიზმთან, მის შემოქმედებასთან  საერთო ენის გამონახვა ყოველთვის იქნება კოსმოპოლიტური მსოფლიოს დღის წესრიგში.

1913 წელს ვაჟა მიიწვიეს ქუთაისში, ილიას საიუბილეო საღამოზე. თეატრის სცენაზე ვაჟამ წაიკითხა რამდენიმე ლექსი, საზოგადოება აღტაცებით შეხვდა დიდ პოეტს. ამას მოჰყვა სხვა ლიტერატურული საღამოები - ვაჟა ჩავიდა ჭიათურაში, გორში, ხაშურში, ფოთში...

პოეტის ჯანმრთელობა კი თანდათან უარესდებოდა... 1915 წელს ვაჟა ტუბერკულოზით დაავადდა და ლოგინად ჩავარდა. ცოტა რომ მომჯობინდა, თბილისში სამკურნალოდ ჩამოიყვანეს. სწორედ ამ პერიოდში სანდრო შანშიაშვილის და მისი მეგობრების თაოსნობით, სახაზინო თეატრის შენობაში ვაჟას საიუბილეო საღამო გაიმართა. საღამოს შემდეგ გამართულ სადილზე პოეტი გაცივდა და წმ. ნინოს სახელობის სამხედრო ლაზარეთში მოათავსეს. აქ მას საუკეთესო ექიმები მკურნალობდნენ. პრესაში გამუდმებით იბეჭდებოდა ცნობები ვაჟა- ფშაველას   ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.   საქართველოს ყველა კუთხიდან მოდიოდა წერილები, მნახველებს ბოლო არ უჩანდა...

ვაჟა ავადმყოფობას ებრძოდა. ერთი სული ჰქონდა, ჩარგალში დაბრუნებულიყო... მთის წყალი და ტყეები ინატრა... აუსრულეს თხოვნა.  იატაკზე ლოგინი დაუგეს და მინდვრის ყვავილები მიმოუფინეს. ამან ცოტა მოაცოცხლა ვაჟა, ხალისი მოემატა, ხმაში იმედი გაუჩნდა.

,,ცოტა წათვლიმა. შუადღის შემდეგ მოწყალების დას ჰკითხა, ,,რომელი საათიაო“, ჩაილაპარაკა, - მიკვირს სამ საათამდე როგორ ვიცოცხლე, ეს ჩემი უკანასკნელი საათიაო“... ექვს საათზე გრძნობა დაკარგა - 1915 წლის 27 ივლისს, საღამოს 7 საათზე კი გარდაიცვალა“ (გ. ხორნაული).

ვაჟას ცხედარი ქაშუეთში დაასვენეს. უამრავი ხალხი მოვიდა პანაშვიდზე.  27 ივლისს დაკრძალეს დიდუბის პანთეონში. 1935 წლის 16 ოქტომბერს კი მისი ცხედარი მთაწმინდაზე გადაასვენეს.   


                                                     

ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმი ჩარგალში

Additional Info

  • სახელი/გვარი: ვაჟა-ფშაველა
  • ქალაქი/სოფელი : ჩარგალი
  • დაბადების წელი: 1861
  • გარდაცვალების წელი: 1915

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates