რეზო თაბუკაშვილი


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map


რევაზ (რეზო) შალვას ძე თაბუკაშვილი - ქართველი მწერალი, დრამატურგი, მთარგმნელი, რეჟისორი, საქართველოს სსრ ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

დაიბადა 1927 წლის 2 აგვისტოს. 1949 წელს რეზო თაბუკაშვილმა დაამთავრა მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტი.

მისი ლექსები და თარგმანები ქართულ ლიტერატურულ პერიოდიკაში იბეჭდებოდა მეოცე საუკუნის 40-იანი წლებიდან. წარმატებით იდგმებოდა თბილისის თეატრების სცენებზე მისი შემდეგი პიესები :

"რაიკომის მდივანი” (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, 1953, რეჟისორი - ლ. იოსელიანი; შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი,1972, რეჟისორი - რ. სტურუა), 

"რას იტყვის ხალხი” (კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, 1956, რეჟისორი - ლ. იოსელიანი; 1975, რეჟისორი - ლ. ნიკოლაძე), 

"დენბურგის ზარი” (რუსთაველის თეატრი, 1970, რეჟისორი - გ. ქავთარაძე).

რეზო თაბუკაშვილი აგრეთვე გახლდათ ლიბრეტოების ავტორი ოპერებისათვის -"მინდია”(კომპოზიტორი ო. თაქთაქიშვილი) და "ქაჯანა” (კომპოზიტორი მ. დავითაშვილი).

მანვე თარგმნა უილიამ შექსპირის სონეტები (1968 წელს გამოიცა 100 სონეტი და 1979 – სონეტების კრებული).

დიდია რეზო თაბუკაშვილის დამსახურება ქართველი ემიგრანტების ცხოვრებისა და მოღვაწეობის კვლევის საქმეში. უცხოეთში გადახვეწილი ცნობილი ეროვნული მოღვაწეების კვალის ძიებას მან დოკუმენტურ ფილმთა ციკლი მიუძღვნა. მათ შორისაა ფილმები "კვალი ნათელი" მიხეილ თამარაშვილის შესახებ, რომლის საფლავს რეზო თაბუკაშვილმა 1978 წელს იტალიაში მიაკვლია, ფილმი "საქართველოს მეჭურჭლეთუხუცესი" (1985), რომელიც ექვთიმე თაყაიშვილის ცხოვრებასა და ქართული საგანძურის გადასარჩენად გაწეულ ღვაწლს ეხება. აგრეთვე ის გახლდათ დამდგმელი რეჟისორი შემდეგი ფილმებისა:

„ალპური ვარსკვლავი“ (ფილმი ეძღვნება ფორე მოსულიშვილის ხსოვნას, 1979). „ვიტორიო სელა“ (1980). „მთანი მაღალნი” (1980). „მიხეილ ხერგიანი“ (1981). „პირველად იყო სიტყვა“ (1982). „ფურცლები ფრანგული დღიურიდან“ (1983).  „ნაძარცვის კვალდაკვალ“ (1986).  „შორეული სიახლოვე“ (1987).

მანვე დაწერა სცენარები შემდეგი ფილმებისთვის: „წარსული ზაფხული“ (1959, რეჟ. ნ. ნენოვა, გ. წულაია). „კარდაკარ“ (1960, რეჟ. ო. აბესაძე და მ, კოკოჩაშვილი). „ქორბუდა“ (1963, რეჟ. ა. ხინტიბიძე და გ. ლავრელაშვილი). „ჯვარცმული კუნძული“ (1968, რეჟ. შ. მანაგაძე). „მზე შემოდგომისა“ (1973, რეჟ. თ. ფალავანდიშვილი). „სადა ხარ ჩემო სავანე“ (1975, რეჟ. ო. კოჩაკიძე, ფ. სლოვინსკი და ი. ჩიკვაიძე). „რეპორტაჟი ნიდერლანდებიდან“ (1976, რეჟ. გ. ჭუბაბრია). „რაც დავიწყებით არ იბინდება“ (1976, რეჟ. გ. ჭუბაბრია). „ფაცურა" (1976, რეჟ. რ. ლორთქიფანიძე). „ქართველები ნიდერლანდებში“ (1976). „ორაგულის ბედი“ (1977, რეჟ. გ. ჭუბაბრია). „ზღვის მაშვრალნი“ (1986, რეჟ. ე. სეშანი და გ. გაბესკირია).

რეზო თაბუკაშვილის ინიციატივითა და უშუალო მონაწილეობით საქართველოს დაუბრუნდა ჩვენი ქვეყნის ისტორიისათვის უაღრესად მნიშვნელოვანი, მსოფლიოს სხვადასხვა წიგნსაცავსა და არქივში გაბნეული ხელნაწერები, დოკუმენტები თუ ფოტომასალა. მათ შორისაა თურქულ ტერიტორიაზე არსებული ქართული ძეგლების ვ. ქიქოძის მიერ გადაღებული ფოტომასალა (700 სლაიდი), ვ. ღამბაშიძის მიერ გადაღებული აკაკი წერეთლის დაკრძალვის პროცესიის ფოტოების ნეგატივები და სხვა.  

“მამამ პარიზში ერთ ადგილს მიაგნო, ხიდთან, სადაც ბუკინისტები იყვნენ. მათ ძველი ლურსმნული დამწერლობა ეთიოპიური ეგონათ. აქედან გამომდინარე, მათგან კაპიკებში შეიძინა ისეთი ხელნაწერები, რომლებიც სინამდვილეში ათასები ღირდა და, რომელიც ჩვენი ერისთვის შეუფასებელია…” - იხსენებს რეზო თაბუკაშვილის ვაჟი მწერალი და დრამატურგი ლაშა თაბუკაშვილი.

რეზო თაბუკაშვილის გარჯით უბრუნდებოდა ქვეყანას თითქმის დაკარგული უნიკალური ნივთები… მის მიერ მოძიებული ისტორიული საგანძური თბილისის მუზეუმებსა და ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.

რეზო თაბუკაშვილი გარდაიცვალა 1990 წლის 5 აგვისტოს.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.



Additional Info

  • სახელი/გვარი: რეზო თაბუკაშვილი
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • დაბადების წელი: 1927
  • გარდაცვალების წელი: 1990

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates