რევაზ თვარაძე


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map




ქართველი მწერალი, ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი.

დაიბადა 1928  წლის 15 აგვისტოს ვანის რაიონის სოფელ უხუთში.

1952 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი.

ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1952 წლიდან. პირველი წიგნი "ლიტერატურული წერილები" გამოაქვეყნა 1962 წელს.

1966-67 წლებში მუშაობდა ქართული საბჭოთა ენციკლოპედიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების რედაქციის გამგედ, აგრეთვე  გაზეთ "ლიტერატურული საქართველოს" რედაქტორად (1967-68) და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის დირექტორად (1973-75). 1968 წლიდან საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი გახლდათ.

რეზი თვარაძის წერილები და გამოკვლევები ეხება ქართული მწერლობისა და კულტურის უმნიშვნელოვანეს საკითხებსა და ტენდენციებს. გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას მან მიუძღვნა ბიოგრაფიულ-ესეისტური ჟანრის წიგნი "გალაკტიონი" (1972).

მანვე თარგმნა მ. ლერმონტოვის, ა. ბლოკის, ა. ისააკიანის ნაწარმოებები, უილიამ ფოლკნერის რომანები: "სოფელი", "ქალაქი" და სხვები.

თავის "მოგონებათა წიგნში" რეზი თვარაძე წერდა:

"მე ვარსებობ ღმერთის მიერ შექმნილ, ღვთაებრივი მადლით შუქფენილ სამყაროში და, ამდენად, ჩემი არსებობა არის სიხარული, ნეტარება. გარნა ეს სამყარო ანუ სოფელი ოდენ ანარეკლია ზესთასოფლური სრულყოფილებისა, თავისი ბუნებით არის მარად მედინი, ცვალებადი, წარმავალი, მსწრაფლწარმავალი, მოჩვენებითი რეალობის მქონე ("არის კიდეც და არც არის") და, ამდენად, ჩემს არსებობას ტრაგიზმიც ახლავს. ამიტომ მე, ისევე როგორც ამა ქვეყნად მოვლენილ ყველა კაცს, არჩევანის გაკეთება მმართებს - იმ ზესთასოფლური, ღვთაებრივი სრულყოფილებისაკენ მივისწრაფვოდე, თუ სასო წარვიკვეთო და მუდამ ვიგვემებოდე ტრაგიზმის გრძნობით".

გია მურღულია თავის წერილში „აღმართმავლობა სულისა: რევაზ თვარაძის გარდაცვალებაზე“ ამბობს:

„ბატონი რეზი (ასე მიმართავდა მას ყველა) ჩემთვის არის ქართული სულის გამორჩეული ღირსებით წარმომჩენი კაცი - იშვიათად მინახავს ადამიანი, აგრერიგად ერთგული ყოფილიყოს იმ ტრადიციებისა, რომელთა გარეშე წარმოუდგენელია პატივის მიგება წარსულის მიმართ და ძალმოსილი სიხარულით შეგებება მომავლისა. ეს ყველაფერი დიდი ქრისტიანული მრწამსით იყო ნაკვები და გაჯერებული. თავად ასე განმარტავდა საკუთარ მსოფლმხედველობას - "გარდასულ ჟამთა ორგანულად გათავისება და ქრისტიანული აღმსარებლობა".  ქართული სიდარბაისლე გამოსჭვიოდა ბატონი რეზის მშვიდი მეტყველებიდან, თავდაჭერილი ჟესტიკულაციიდან, ძალიან გაწონასწორებული ქცევიდან.  ზოგიერთისთვის ის ხისტი ადამიანი იყო. მაინცდამაინც არც აპროტესტებდა ასეთ ხედვასა თუ დამოკიდებულებას. მიზეზი ძალიან მარტივია - მას, როგორც თვითონაც რუსთველურად იტყოდა, "ჭვრეტადცა ებილწებოდა" უზნეობა და სრულად მიუღებელი იყო ურთიერთობა და, მით უმეტეს, კომპრომისი უმსგავსობასთან.   ამის მიღმა კი იყო უკეთილშობილესი ადამიანი, რომლისთვისაც ქრისტიანული სიყვარული და მეგობრობა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "ადამიანურ ურთიერთობათა პოეზიად" აღიქმებოდა. უზომოდ უყვარდა საქართველო, სჯეროდა თავისი სამშობლოს სასიცოცხლო ენერგიის, გონიერებისა და ზნეობის, ამიტომ დიდად განიცდიდა ბოლო 14-15 წლის პრობლემებსა და შეფერხებებს, ღვთის ხატობისგან განდგომას.

რეზი თვარაძე გარდაიცვალა 2006  წელს, 77 წლის ასაკში.


ბიბლიოგრაფია

ქართული ლიტერატურის ისტორია : მოკლედ მოთხრობილი უცხოელთათვის.ნაკვ.1. (ავტორი). - თბილისი, საქართველოს მაცნე, 2001.

რელიგიის ისტორია და კულტურა : მე-3 კლასის სახელმძღვანელო. ნაწ.1.ქრისტიანული მოძღვრების შესავალი (ავტორი). - თბილისი, საქართველოს მაცნე, 2000.

გადასახედი : მწერლობა. რელიგიური ფილოსოფია. ისტორია :წერილები (ავტორი). - თბილისი, საქართველო, 1997.

უბანი : წერილები, ჩანახატები (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1996.

რელიგია და კულტურა : ქრისტიანული მოძღვრების შესავალი.ნაწ.1. მე–3 კლასის სახელმძღვანელო. - თბილისი, სამშობლო"-ს სტ, 1994

თხუთმეტსაუკუნოვანი მთლიანობა : ქართული მწერლობა (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1985.

ძველი ქართული მოთხრობა : V-XII საუკუნეებში (შემდგენელი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1979.

წერილები : ლეგენდა გალაქტიონის ცხოვრებისა (ავტორი). - თბილისი, მერანი, 1979. - 312გვ.

გალაკტიონი (ავტორი). - თბილისი, ნაკადული, 1972.

ლიტერატურული წერილები (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა საქართველო, 1964.

მოუსვენარი დღეები (თანაავტორი). - თბილისი, საბლიტგამი, 1959. 


Additional Info

  • სახელი/გვარი: რევაზ თვარაძე
  • ქალაქი/სოფელი : ვანი, უხუთი
  • დაბადების წელი: 1928
  • გარდაცვალების წელი: 2006

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates