ერლომ ახვლედიანი


ერლომ სერგოს ძე ახვლედიანი  - მწერალი, სცენარისტი.

დაიბადა 1933 წლის  23 ნოემბერს ქალაქ თბილისში.

1957 წელს დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფოი უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი.

1964 წელს გაიარა უმაღლესი სასცენარო კურსები მოსკოვში.

1959-60 წლებში იყო კულტურის ძეგლთა დაცვის საზოგადოების ინსპექტორი.

1967-68 წლებში  მუშაობდა საქართველოს ტელე-რადიოკომიტეტის მხატვრული ტელეფილმების სტუდიის უფროსი რედაქტორად.

1971-72  წლებში გახლდათ  „ქართულ ფილმთან“ არსებული  მწერალთა შემოქმედებითი გაერთიანების წევრი.

1979-87 წლებში მუშაობდა სატელევიზიო ფილმების სტუდიის უფროს რედაქტორად.

პედაგოგიურ მორვაწეობას ეწეოდა თბილისის თეატრალურ ინსტიტუტში 1982-87 და 1995-99 წლებში.

იყო სსრკ პრემიების ლაურეატი.

აქვს დაწერილი სცენარები ფილმებისათვის:

სულელი ბროწეულის ხე (1999), ერთაწმინდა (1994), ნოე (1991), ეი, მაესტრო! (1987), ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა (1984}, ქართლოსიანთა საკურთხეველი (1982), ცხელი ზაფხულის სამი დღე (1981), ძნელი დასაწყისი (1981), გზა შინისაკენ (1981), არასერიოზული კაცი (1980), რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე (1978), ბათა ქექია (1978), ამაღლება (1977), ივანე კოტორაშვილის ამბავი (1974), საერთო კედელი (1972), ფიროსმანი (1969), უსახელო უფლისციხელი (1968), აპრილი (1962)


ერლომ ახვლედიანი იყო არაერთი პროზაული ნაწარმოების ავტორი.

1971 წელს გამოვიდა მისი „ზარმაცი თაგუნას ამბავი“.

გამორჩეულად საინტერესოა  მისი იგავური რომანი „ვანო და ნიკო“, რომელიც 50-იან წლებში დაიწერა, ხელნაწერის სახით გავრცელდა და მხოლოდ დიდი ხნის შემდეგ მოხერხდა ამ ლიტერატურული შედევრის წიგნად გამოცემა.

2011 წელს ერლომ ახვლედიანს მიენიჭა ლიტერატურული პრემია „საბა“ რომანისთვის „კოღო ქალაქში“, რომელიც მთელი 40 წელიწადი იწერებოდა.

ერლომ ახვლედიანის მეგობარმა და ამ წიგნის წინასიტყვაობის ავტორმა, ზურაბ კიკნაძემ „რადიო თავისუფლებასთან“ საუბრისას ასეთი რამ თქვა:


“მე ის მენანება, რომ მარტო ეს კოღო გამოდგა მთელი სინთეზი მისი შემოქმედებისა. “ვანო და ნიკოც” შესანიშნავი ნაწარმოებია, ის იგავები უცნაური რაღაცაა, ისიც და ეს წიგნიც, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო ეს გვაქვს ხელთ მისი შემოქმედებიდან და მისი პიროვნება გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი ნაწარმოები. უფრო მეტია მასში. ჩვენ ვატყობთ, როდესაც ვკითხულობთ ამ წიგნს, უფრო მეტი საშუალებებია მასში დაცული, შენახული, ვიდრე გამომზეურებული. ყოველი შემოქმედის თვისებაა ეს და შეიძლება ტრაგიზმიც იყოს. ანუ იგი ბოლომდე არაა რეალიზებული.”

ერლომ ახვლედიანის  ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, სომხურ, ჩეხურ, გერმანულ, უნგრულ და არაბულ ენებზე.

ერლომ ახვლედიანი გარდაიცვალა 2012 წლის 20 მარტს.

დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.



Additional Info

  • სახელი/გვარი: ერლომ ახვლედიანი
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • დაბადების წელი: 1933
  • გარდაცვალების წელი: 2012

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates