შალვა ნუცუბიძე


”დაბადება არ არის ცხოვრების დასაწყისი, მაგრამ მე მაინც დავიბადე 1888 წლის 14 დეკემბერს, სოფელ ფარცხანაყანევში” - ამბობდა შალვა ნუცუბიძე. ორივე ბაბუა მღვდელი ჰყოლია, თუმცა დედის მამას, ფილიპე დათიაშვილს განსაკუთრებით ჰყვარებია წიგნის კითხვა და პატარა შალვაზეც, როგორც თავად ამბობდა, დიდი გავლენა მოუხდენია მის მდიდარ, ტყავისყდიან ხუცურ წიგნებს. ბავშვობისას მიზიდავდა ამ წიგნების სუნი, გაუგებარი სიამის მომგვრელიო  - უამბობდა შალვა ნუცუბიძე თავის მეორე მეუღლეს, ქეთევანს.

მამა - ისააკ ნუცუბიძე პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ხონში. დედისგან განსხვავებით, მამა საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი ყოფილა. ”მჯეროდა მისი და უაღრესი პატივისცემა მქონდა ამ ადამიანისა, რომელსაც ჩემთვის მთელ სიცოცხლეში ერთხელაც არ უთქვამს სიტყვა ”შვილო” - ამბობდა უკვე 50 წელს გადაცილებული შალვა ნუცუბიძე.

15 წლამდე შალვა ნუცუბიძე დაბა ხონში ცხოვრობდა. აქ შეხვდა ბევრ ცნობილ საზოგადო მოღვაწესა და მწერალს, რამაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მომავალ მეცნიერზე. ჯერ ხონის სასწავლებელში სწავლობდა, შემდეგ - ქუთაისის გიმნაზიაში. 1906 წლიდან  კი პეტერბურგში, ისტორიულ - ფილოლოგიურ ფაკულტეტზე  განაგრძო სწავლა, რომელიც 1910 წელს დაამთავრა.

იმავე წელს დანიშნეს მასწავლებლად ყუბანის ოლქში, სადაც მძიმე პირობებში მოუწია მუშაობა. მოგვიანებით ის იგონებდა: ”მასწავლებელთა სახლში მომათავსეს. ასე თუ ისე, მოვეწყვე, წიგნები გადავშალე და ვიგრძენი, რომ მათი იმედით ყველგან გაიძლებოდა”. სწორედ მასწავლებლობის წლებში დადიოდა შალვა ნუცუბიძე გერმანიაში, ყოველი წლის მაის-აგვისტოში საზაფხულო სემინარებზე. ლაიფციგისა და ბერლინის უნივერსიტეტებში მუშაობდა ცნობილი ფილოსოფოსების ხელმძღვანელობით.

ორი წლის შემდეგ შალვა ნუცუბიძე პეტერბურგის მე-2 გიმნაზიის მასწავლებლად გადაიყვანეს. სწორედ აქ გაიცნო მან გრიგოლ წერეთელი, რომელიც შემდეგ მის უახლოეს ადამიანად იქცა.

1917 წელს შალვა ნუცუბიძეს მიენიჭა პრივატ-დოცენტის წოდება. ამავე პერიოდში ის იბრძვის ქართული უნივერსიტეტის დაარსებისთვის. უნივერსიტეტის გახსნამდე შექმნა საგამომცემლო ბაზა, ხელმძღვანელობდა საქართველოს უცხოეთთან კულტურული კავშირის საზოგადოებას, დააარსა ”საერთო განათლების კურსები”. უნივერსიტეტსი გახსნისთანავე კი, 1918 წლის 26 მაისს დააფუძნა ”პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება”, რომლის ამოცანა იყო ქართული ფილოსოფიური ძეგლების შეგროვება და  გამოსაცემად მომზადება. უნივერსიტეტში იყო პრორექტორი, დეკანი, კათედრის გამგე, პროფესორი. კითხულობდა სხვადასხვა საგანს.

უნივერსიტეტში მუშაობის  პერიოდში შალვა ნუცუბიძემ დაწერა სახელმძღვანელოები სტუდენტებისთვის: ”ლოღიკა”, ”ფილოსოფიის შესავალი”, ასევე შრომები: ”ალეთოლოგიის საფუძვლები”, ”ბუნებისათვის ცნებისა”, ”შემეცნება, როგორც ფილოსოფიური პრობლემა”, ”ხელოვნების თეორია”, ”კანტი კაცობრიობის აზროვნების პერსპექტივებში” და სხვა.

1926 წელს ბერლინში, ცნობილი ნეოკანტიელების - ლიბერტისა და ბუხენაუს რეცენზიით დაიბეჭდა შალვა ნუცუბიძის ნაშრომი - ”ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა”, რომელიც მიზნად ისახავდა ალეთოლოგიური რეალიზმის დასაბუთებას. ამ შრომაში მიიღო მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი.

შალვა ნუცუბიძემ რუსულად თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“, „აბდულმესიანი“, „თამარიანი“. ლექსად აღადგინა, გამოიკვლია და თარგმნა  „ამირანიანიც“.  მის მიერ თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ შესახებ იუსტინე აბულაძე წერდა: „ნუცუბიძის თარგმანი, პოემის სხვა თარგმანებთან შედარებით, რუსულ და სხვა უცხო ენებზე, საუკეთესოდ უნდა ჩაითვალოს... მან უდაოდ შეძლო, ყველა ეპიზოდში შეენარჩუნებინა ქართული ორიგინალის ზუსტი აზრი და  შინაარსი“. შალვა ნუცუბიძემ დაადგინა შოთა რუსთაველის ჰუმანისტური მსოფლმხედველობა. ახლებურად გადაწყვიტა პოემის ეროვნულ-ფილოსოფიური წყაროების შესწავლის საკითხი, განსაზღვრა რუსთაველის ადგილი რენესანსში. მისი აზრით, „ვეფხისტყაოსანი“ მოწინავე აღმოსავლეთის ქვეყნების საერთო კულტურული ცხოვრების პოეტურ გამოსახვა და ქართული რენესანსის მწვერვალია. ნუცუბიძის დასაბუთებით, ამ პოემის ფილოსოფიური წყარო ქართული ნეოპლატონიზმია, რომლის ძირითადი იდეა - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება - პოემაში მხატვრულად არის განსახიერებული.

 ნუცუბიძე წლების განმავლობაშ  ინტენსიურად იკვლევდა ქართული ფილოსოფიური აზროვნების ისტორიას და მასთან დაკავშირებულ „აღმოსავლური რენესანსის“ საკითხებს. მისი მეცნიერული გამოკვლევების საფუძველზე ქართველოლოგიის ეს დარგი დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბდა.

შალვა ნუცუბიძემ, საფუძვლიანი კვლევის საფუძველზე, 1942 წელს, პირველმა წამოაყენა თეორია ფსევდოდიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის პეტრე იბერის იდენტობის შესახებ. მისგან დამოუკიდებლად, ამავე დასკვნამდე მივიდა ბელგიელი მეცნიერი ერნესტ ჰონიგმანი1952 წელს, რის შემდეგაც აღნიშნულ კვლევას ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ეწოდა.

რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ იგი მუდმივად განიცდიდა დევნას საბჭოთა რეჟიმის მხრიდან. დაპატიმრებული იყო 1921 და 1938-40  წლებში, 1953 -1960  წლებში გაძევებული იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ჩამორთმეული ჰქონდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსობა.

შალვა ნუცუბიძე 1969 წელს გარდაიცვალა. მეცნიერი უნივერსიტეტის ეზოში დაკრძალეს. „ცხოვრებასთან გაყრა ტრაგიკულად არ განუცდია. უკანასკნელ წუთამდე ფილოსოფოსად დარჩა“ - წერდა მისი მეუღლე, ქეთევანი თავის მემუარებში - „ რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას ხვდებოდა მისი აზრი, მით უფრო რწმუნდებოდა საკუთარ ჭეშმარიტებაში და ახალ არგუმენტებს პოულობდა. ყველაზე მეტად სძულდა გაცვეთილი და მარტივი აქსიომები და ალბათ ამიტომ ამბობდა ხოლმე: არ მწამს აზრი, თუ ის საკამათო არ არისო.“

„ფილოსოფია არ იყო ჩემთვის ერთი საქმეთაგანი, ფილოსოფია ჩემი სასიცოცხლო ამოცანა იყო მუდამ; ფილოსოფია იყო ჩემთვის სიბრძნისა და სიკეთის წვდომის წყარო” - ამბობდა შალვა ნუცუბიძე.

Additional Info

  • სახელი/გვარი: შალვა ნუცუბიძე
  • ქალაქი/სოფელი : ფარცხანაყანევი
  • დაბადების წელი: 1888
  • გარდაცვალების წელი: 1969

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates