ვალერიან გუნია


მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, სახალხო არტისტი.

დაიბადა 1862 წლის 21 იანვარს სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ეკში.

კერძო მასწავლებლების ხელმძღვანელობით ისწავლა რუსული და გერმანული ენები.

1876 წელს შევიდა თბილისის რეალურ სასწავლებელში, საიდანაც  1881 წელს პოლიტიკურ გამოსვლებში მონაწილეობისათვის სასწავლებლიდან გარიცხეს. ეს შემდეგნაირად მოხდა - 1881 წლის 1 მარტს რუსეთის იმპერატორი ალექსანდრე მეორე მოკლეს. თბილისის რეალური სასწავლებლის მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა დიდების ტაძრის გალავანში იმპერატორის სულის მოსახსენებელი "შესანდობარი ქელეხი" მოაწყო. ბევრი რამ ითქვა ამ სუფრაზე მეფის მთავრობის საწინააღმდეგო. მათ შორის მოსწავლე ვალერიან გუნიას მიერაც. ამ თავყრილობის ყველა მონაწილე სასწავლებლიდან გაირიცხა.

თავისუფალ მსმენელად სწავლა განაგრძო მოსკოვის პეტროვსკოე-რაზუმოვსკოეს სასოფლო-სამეურნეო სასწავლებელში.

აქ გაეცნო სათეატრო ხელოვნებას. ამას დიდად შეუწყო ხელი ალ.სუმბათაშვილმა, რომელიც იმხანად უკვე მოსკოვის საიმპერატორო მცირე თეატრში მოღვაწეობდა. სწორედ იმ 1882 წელს ახალი იმპერატორის, ალექსანდრე მესამის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით, პოლიციამ ყველა არასაიმედო პირი ქალაქს მოაშორა. ქართველ სტუდენტ ვალერიან გუნიასაც სამშობლოში დაბრუნება შესთავაზეს.

1882 წელს სამშობლოში დაბრუნებული აქტიურად ჩაება თეატრალურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

იმავე წელს მიიღო ვასო აბაშიძის წინადადება, ეცადა თავი სამსახიობო ასპარეზზე და ვასო აბაშიძის ხელმძღვანელობითვე პირველად 1883 წელს გამოვიდა სცენაზე. ითამაშა ოტელო, მეფე ლირი, ოიდიპოსი, კაკო ყაჩაღი, ხარიტონ ფილიპიჩი გ.ერისთავის კომედიიდან "დავა", ბენ-აკიბა კ.გუცკოვის "ურიელ აკოსტადან", მარშალი ლეფევრი ე.სკრიბის კომედიიდან "მადამ სან-ჟენი", პეტრონიუსი ჰ.სენკევიჩის ინსცენირებული რომანიდან "ვიდრე ჰხვალ, უფალო", კონსტანტინე ბატონიშვილი ა.ყაზბეგის "ქეთევან წამებულიდან", კარლ მოორი შილერის "ყაჩაღებიდან", ექიმი შტოკმანი ჰ.იბსენის ამავე სახელწოდების დრამიდან, კრეონი სოფოკლეს "ანტიგონედან", ლუარსაბ თათქარიძე, ოთარ-ბეგი ალ.სუმბათაშვილის "ღალატიდან"

გამოირჩეოდა დიდი სცენური მომხიბვლელობით, შთამბეჭდავი გარეგნობით, შესანიშნავი ხმით, ძლერი ტემპერიმენტით.

"შინაგანი ტემპერამენტით აღსავსე, მუხასავით მტკიცე, ენერგიული, ხან მრისხანე, ხან უცნაურად კეთილი - ასეთი მახსოვს ვალერიან გუნია სცენაზე. მახსოვს მისი თავისებური ინტონაცია და მუსიკალობა ფრაზის წარმოთქმის დროს. მისი ოთარ-ბეგი "ღალატიდან" ახლაც თვალწინ მიდგას. ლომს მოგაგონებდათ. დიდი ნაბიჯებით სერავდა სცენას. მის დაბალ ხმაში გმინვა ისმოდა. გონება და გრძნობა ისმოდა მასში. ჩვენ, მაყურებლები, დაპყრობილები ვიყავით ოთარ-ბეგის განცდებით". - იხსენებდა ვერიკო ანჯაფარიძე ვალერიან გუნიას.

დიდი წვლილი მიუძღვის ქართველ პროფესიონალ მსახიობთა აღზრდაში. წლების განმავლობაში სათავეში ედგა ქართულ დრამატულ დასებს.

მან შექმნა და გადმოაკეთა მრავალი პიესა, დაწერა ლიბრეტოები ოპერებისათვის - ფალიაშვილის "დაისი", არაყიშვილის "დინარა" და სხვა.

რედაქტორობდა პერიოდულ გამოცემებს - ჟურნალ "თეატრს", დააარსა გაზეთი "ცნობის ფურცელი", იუმორისტული ჟურნალი "ნიშადური", 1888 წელს გამოსცა "საქართველოს კალენდარი".

ვალერიან გუნია იყო თეატრის თვალსაჩინო ისტორიკოსი და თეორეტიკოსი, სისტემატურად აქვეყნებდა კრიტიკულ წერილებს, ნარკვევებს, თეორიულ სტატიებს.

აღსანიშნავია ისტორიული ნარკვევი "ქართული თეატრი 1879-1889".

ვალერიან გუნია იყო ხელმძღვანელობდა 1907 წელს საგურამოდან ილია ჭავჭავაძის გადმოსვენებას. თვითონ ჩოხით გამოწყობილი ცხენზე ამხედრებული მიუძღვოდა პროცესიას.

1913 წლიდან ის მონაწილეობდა შემდეგ ფილმებში: "კავკასიის ომი და გუნიბის აღება" (შამილი და ერეკლე მეორე), "მოძღვარი" (მაყვალას მამა), "არსენა ჯორჯიაშვილი" (გენერალი ბერხმანი), "სურამის ციხე" (დიდი ვეზირი), "მთის კანონი" (მუსა), "ამოკი" (ევროპელი ქალის ქმარი), "გოგი" (მეეზოვე), "აბრეკ ზაური" (ისმაილი), "ხანუმა" (მაკარი).

1917 წლის 29 აპრილს დიდი ზეიმით აღინიშნა ვალერიან გუნიას შემოქმედების 35 წელი. ამ დღისათვის გამოიცა დასურათებული ალმანახი "მადლობის დღე". გამოქვეყნდა მისდამი მიძღვნილი წერილები, ლექსები, სურათები ცხოვრებასა და როლებში, უმნიშვნელოვანესი ცნობები მისი მოღვაწეობის შესახებ.

1921 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა ქართულ თეატრებს, იყო ხელოვნების მუშაკთა კავშირის გამგეობის პირველი თავმჯდომარე.

1947 წელს გაიმართა ვ.გუნიას დაბადებიდან 85 წლის აღსანიშნავი საღამო. 1953 წელს საქართველოს თეატრალურმა საზოგადოებრიობამ კიდევ ერთხელ გაიხსენა დიდი მოღვაწე მისი დაბადებიდან 90, ხოლო 1963 წელს 100 წლის გამო.

გარდაიცვალა 1938 წელს.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.



Additional Info

  • სახელი/გვარი: ვალერიან გუნია
  • დაბადების წელი: 1862
  • გარდაცვალების წელი: 1938

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates