ნინო თარიშვილი



მეოცე საუკუნის შესანიშნავი ქართველი პოეტი, დაიბადა კახეთში, მაჩხაანში.

იყო ცისფერყანწელთა ახლო მეგობარი და მესაიდუმლე.

მისი თანამედროვეების მოგონებების თანახმად, ეროტიკული და საზოგადოებისათვის მიუღებელი  ლექსების გამო,  უნივერსიტეტიდან გარიცხეს.

მისი ლექსების ადრესატი ცისფერყანწელი პოეტი, პაოლო იაშვილი იყო, რომელთანაც რაღაც დროის განმავლობაში რომანიც ჰქონდა, თუმცა, შემდეგ პაოლომ მიატოვა იგი, რის შემდეგაც ნინოს ლექსების წერა შეუწყვეტია, თუმცა, იმ რამდენიმე ლექსის მიხედვით, რომლებიც საზოგადოებისათვის ცნობილია, ჩვენ შეგვიძლია წარმოდგენა შევიქმნათ, ამ ნიჭიერ, ლამაზ, ორიგინალურ და გაბედულ პოეტ ქალზე, რომელიც თავისი დროის მიერ თავსმოხვეულ წესებს ლექსებით დაუპირისპირდა.

ლექსების გარდა, იგი აქვეყნებდა მოგონებებსა და ჩანაწერებს, თავისი დროის პოეტების შესახებ, საიდანაც მეოცე საუკუნის პირველი ნახევრის ლიტერატურული ბოჰემის  შესახებ მრავალ საინტერესო ფაქტსა და ამბავს ვიგებთ.

ნინო თარიშვილი სამეცნიერო და პედაგოგიურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, დიდი ხნის განმავლობაში სხვადასხვა ჰუმანიტარული კურსებბი მიჰყავდა თბილისის უნივერსიტეტში, მისი არქივიდან ირკვევა პოეტის მრავალმხრივი სამეცნიერო ინტერესების სფერო - ფრანგული ენა და ლიტერატურა, პედაგოგიური და ბავშვთა ფსიქოლოგია, ქართული კლასიციზმი და სხვა.

მისი დღიურებიდან ჩანს, რომ მას მერე, რაც პოეტის და - მხატვარი მარინე თარიშვილი გარდაიცვალა, ნინო თარიშვილი სრულიად მარტო დარჩენილა, ავადმყოფი, მარტოსული, გაუბედურებული ქალი  - პენსიის მოლოდინში:

18 სექტემბერი

" აღარ აინტერესებთ ჩემი ამბავი ზოგიერთებს, რომელთაც მე ვუთხარი, რომ სურათებს გადავცემ ფიროსმანის მუზეუმს გამოფენის შემდეგ, წიგნებს - უნივერსიტეტს, ბინას  - სახელმწიფოს. ამის შემდეგ არავინ გამოჩენილა" . . .

1982 წ. 2 იანვარი

"საზიზღარია ასეთი დღეები ჩემთვის, როგორიცაა ახალი წელი და სხვა, როდესაც განსაკუთრებით მკვეთრად ვგრძნობ ჩემს მარტოობას, ჩემს უბედობას". . .




ჩემს ტოლებს


ვიცი, რომ მზითვად
არ მომცემენ “ვეფხისტყაოსანს,
არც წასაღებად
დაჰკეცავენ ქიშმანის შალებს,
არც ქართულ კაბას
ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,
არც ვერცხლის ქამარს
მომავლებენ დარდიან წელზე.
ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,
მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,
მრავალ მოკითხვას დავუხვდები, ვით მკვდარ მიმოზებს.
დავიმალები
სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,
დიდი იქნება აღტაცება მზეგადასული,
უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,
და სადღეგრძელოს მოიტაცებს
სიტყვა ქართული.
ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმეს მთვრალი ჰაერი,
გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს
და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი
რადგან მზითევში არ მომცემენ “ვეფხისტყაოსანს.

 

არავინ მოდის

გადმოიფინა ატმები ქარვის,
თაფლის თვალები გააღო მთვარემ.
სუნთქვა მწუხარე მომესმა ქარის
და ქარის სუნთქვა მე მოვიპარე.

ფიქრებმა სწრაფად იცვალეს ფერი,
თვალი მივანდე შორეულ ლოდინს.
ო, არსად არის თვალი ცისფერი -
არავინ მოდის, არავინ მოდის!...

დავტოვებ წიგნებს! დავტოვებ ოთახს...
შიშველ ფეხებით ვეხები მწვანეს,
გარეთ ბალახებს წვეთები მორთავს,
ფოთლებმა დარდი გადამაცალეს.

ნიავი არხევს ბუჩქებში იებს,
ხელს ვერ შემახებს ვერვინ ამქვეყნად.
მთვარე იფარებს ვერცხლის არშიებს,
სიკვდილის ჩონჩხზე უნდა დავემყნა.

მზეს დავაწყვიტავ სამეფო ტაძრებს,
არ მეშინია ქარის და შფოთვის,
მხოლოდ ღიმილი ატმების ამრევს,
არავინ მოდის! არავინ მოდის!...







 


Additional Info

  • სახელი/გვარი: ნინო თარიშვილი

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates