გიორგი ერისთავი

 

ქართველი დრამატურგი, პოეტი, თეატრის მოღვაწე.

გიორგი ერისთავი ქსნის ერისთავთა შთამომავლობას ეკუთვნოდა. მის წინაპრებს ჯერ ქსნის საერისთავო რეზიდენციაშისოფელ ახალგორში უცხოვრიათ, შემდეგ კი სოფელ ოძისში გადასახლებულან. . ერისთავი დაიბადა სოფელ ოძისში 1813 წელს.

სწავლობდა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში (1824-25), შემდეგ მცირე ხნით მოსკოვში, კერძო პანსიონში. 1832 წელს მეფის რუსეთის საწინააღმდეგო შეთქმულებაში მონაწილეობისათვის დააპატიმრეს და 1834 წელს . ვილნოში გადაასახლეს. გადასახლებაში ყოფნისას გიორგი ერისთავმა შეისწავლა პოლონური ენა და დაუახლოვდა მოწინავე პოლონურ ოჯახებს. 1842 წელს იგი საქართველოში დაბრუნდა. ერთხანს თბილისის სახელმწიფო სამსახურში იყო, ხოლო 1854 წლიდან კი სოფ. ხიდისთავში დასახლდა.

 გიორგი ერისთავი იყო უდიდესი ეროვნულ-კულტურული წამოწყების ინიციატორი: პირველი ქართული სალიტერატურო ჟურნალ "ცისკრის" დამაარსებელი და რედაქტორი (1852-53). მისი პირველი გამოქვეყნებული პოეტური ნაწარმოებიც, "ოსური მოთხრობა", სრული სახით და ახალი სათაურით "ზარე და ყანიმათ" 1853 წელს ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა.

გიორგი ერისთავის პოეზიაში მნიშვნელოვანია ეროვნულ-პატრიოტული (". სვიმონ მაჩაბელს", "უცხო ქვეყნის ჭაბუკს", "მტკვრისადმი", "ყაბახისადმი", "კავკაზი და უცნობი", ". ნიკოლოზ მელიტონის ძის ბარათოვის გარდაცვალებაზედ") და სატრფიალო ("თეოდოსია მირიცკას", "მოგონება", "გულს", "კნიაჟნა დარია ბეგთაბეგოვისას") მოტივები. სატირულ-იუმორისტულ ლექსებში იგი კიცხავს .. მაღალი საზოგადოების ზნეობრივ გადაგვარებას ("დედა და ქალი", "ფიქრი ყმაწვილი ქალისა", "...ერთი კაცი წვა სნეული"). გიორგი ერისთავმა ასევე ერთ-ერთმა პირველმა დაუდო სათავე ქართულ კრიტიკულ რეალიზმს, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა კომედიოგრაფიას, დააარსა ქართული პროფესიული თეატრი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა 1850-54 წლებში. მან მტკიცე საფუძველი ჩაუყარა რეალისტურ თეატრს, მოძებნა, აღზარდა და დაავაჟკაცა მსახიობთა და დრამატურგთა კადრები.  . ერისთავის დრამატურგია და მის მიერ საფუძველჩაყრილი თეატრი გახდა ქართული კულტურის შემდგომი წინსვლის საყრდენი.


თავის დრამატულ თხზულებებში ("დავა", "გაყრა") ერისთავმა ასახა თანამედროვე ქართული საზოგადოების მანკიერებები - საქართველოში სავაჭრო კაპიტალის განვითარებით გამოწვეული ფეოდალურ-ნატურალური მეურნეობის რღვევის ბუნებრივი შედეგი - დაცემის გზაზე დამდგარი თავად-აზნაურობის სრული უნიათობა, მაღალი წრის ზნეობრივი დაკნინება და განათლებული ახალგაზრდობის უნაყოფო მისწრაფებები. გიორგი ერისთავმა ქართულ სინამდვილეში პირველმა ასახა სავაჭრო კაპიტალის წარმომადგენლები, მათი სიძუნწე, მომხვეჭელობა და მექრთამეობა, მეფის რუსეთის ბიუროკრატიული აპარატის მოხელეთა ანგარება და ბიწიერება. თავისი დრამატურგიით ერისთავმა სრულიად ახალი ეტაპი შექმნა ქართულ ლიტერატურაში. მის სკოლას განეკუთვნებიან ცნობილი დრამატურგები: . ანტონოვი, . დვანაძე, . ჯაფარიძე და სხვ.

 გიორგი ერისთავმა "ვეფხისტყაოსანი" დრამად გადააკეთა, ხოლო . ლაფჩინსკისთან ერთად პოლონურ ენაზე პროზაულად თარგმნა. მანვე ქართულ ენაზე გადმოთარგმნა . მიცკევიჩის, . პუშკინის, . ლერმონტოვის, . ჰიუგოს, . ბერანჟეს და სხვ. ლექსები. ერისთავს ეკუთვნის თარგმნილი და გადმოკეთებული პიესები ("უჩინმაჩინის ქუდი", "თილისმის ხანი", "ყვარყვარე ათაბაგი", . გრიბოედოვის "უბედური ჭკუისაგან").

მისი თხზულებები 1852-53 წლებში ჟურნალ "ცისკარში" იბეჭდებოდა. ცალკე წიგნაკებად გამოიცა "გაყრა", "ძუნწი", "უჩინმაჩინის ქუდი", "თილისმის ხანი", ხოლო "დავა" 1871 წელს ჟურნალ "კრებულში" დაისტამბა.

1854 წელს გიორგის გარდაეცვალა მეუღლე და უდედოდ დარჩა პატარა დავითი. ასეთ ოჯახურ მდგომარეობას აუძულებია გიორგი თბილისი დაეტოვებინა და თავის საყვარელ საქმიანობასაც მოსწყვეტოდა.

 1856 წელს გ. ერისთავმა მეორედ იქორწინა, ცოლად შეირთო დავით თარხან – მოურავის ასული – მართა. მათ შეეძინათ ქალიშვილი, მაგრამ ბავშვი სამწლინახევრის ასაკში გარდაეცვალათ. ამ წლებში გ. ერისთავს უხდებოდა თავისი მამულების მართვა, რადგან უფროსი ძმა (როსტომი) უკვე გარდაცვლილი იყო, ხოლო უმცროსი (ივანე) გადასახლებული. შემოსავალიც კარგი ჰქონია, მაგრამ ადრე აღებული ვალების გატუმრებას უნდებოდა. 1862 წელს გ. ერისთავი ევროპაში გაემგზავრა. მოგრზაურობაში დაჰყო ოთხი თვე და ძალზე ნასიამოვნები დაბრუნდა. თავისი მოგზაურობა მას აღწერილი აქვს დღიურების სახით, რომელსაც ეწოდება “ჩემი მოგზაურობა ევროპაში 1862 წელსა 13 ივნისიდგან”. “მოგზაურობა” არაა სრულად მოღწეული, დღიურები წყდება 1862 წლის 13 აგვისტოს, როცა პოეტი ვენეციაშია.

სამხატვრო გალერეის ბიბლიოთეკაში.სხედან მარცხნიდან: ქეთევან მაღალაშვილი, 

ვალერიან სიდამონ-ერისთავი, ვახტანგ კოტეტიშვილი, ირაკლი თოიძე. 

დგანან მარცხნიდან: გიგო ნათიძე, გიორგი ერისთავი, დარაჯი კაჯელაშვილი, მოსე თოიძე. 1930 წ.


 60-იანი წლებისათვის ქართული კულტურის მესაჭე გ. ერისთავი თითქოს დავიწყებას მიეცა. მაგრამ მისი სახელი მკითხველ საზოგადოებას კვლავ მოაგონა ილია ჭავჭავაძემ, რომელმაც “საქართველოს მოამბეში” გამოაქვეყნა კომედია “შეშლილი” (მეორე ნომერში), ლექსი “თანამგზავრი” (მეხუთე ნოერში) და გ. ერისთავის მიერ თარგმნილი ა. გრიბოედოვის “ვაი ჭკუისაგან” (მეთორმეტე ნომერში).

 1864 წლის 9 სექტემბერს (ძვ. სტილით) გიორგი ერისთავი, სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა ქ. გორში. გ. ერისთავის გარდაცვალების გამო გორში დიდძალი ხალხი ჩამოსულა, მათ შორის პოეტის ყრმობის მეგობარი გრ. ორბელიანიც.

დაკრძალულია იკორთის მონასტერში ახლანდელი ცხინვალის რაიონის ტერიტორიაზე.

 

 

სახლ-მუზეუმი


მუზეუმის მისამართი: დუშეთი, სოფ. ოძისი

ტელეფონი: (+995 99) 63 37 34

ელ-ფოსტა: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it

მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1961 წელი

მუზეუმის იურიდიული სტატუსი: სსიპ 2004 წლიდან (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო)

მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური

ექსპონატების რაოდენობა: 836



მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმი განთავსებულია XVIII ს-ის ბოლოსა და XIX ს-ის დასაწყისში ერისთავების მიერ აშენებულ მემორიალურ სასახლეში. მუზეუმში დაცულია მამა-შვილის, ცნობილი საზოგადო მოღვაწეების დავით და გიორგი ერისთავების ცხოვრებასა და შემოქმედებასთან დაკავშირებული მასალები: მემორიალური კოლექციები, საყოფაცხოვრებო ნივთები, ფოტომასალები, გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები, დოკუმენტური მასალები.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უფასო

საგანმანათლებლო პროგრამები: უფროსკლასელთათვის: “ვეძიოთ ერისთავთა ნაქონი ნივთები”, “ერისთავის თეატრი”

მუზეუმის ფართობი: 1000 კვ/მ

მუდმივი ექსპოზიცია: 120 კვ/მ

პერიოდული გამოფენები: 30 კვ/მ

საცავი: 60 კვ/მ

დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა : 1675

მუზეუმის შენობის სტატუსი: კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლი (საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2007 წლის # 3/181 ბრძანება)


height=

Additional Info

  • სახელი/გვარი: გიორგი ერისთავი
  • დაბადების წელი: 1813
  • გარდაცვალების წელი: 1864

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates