პოლიკარპე კაკაბაძე

ქართულ ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე  მცირედ წარმოდგენილი ჟანრი დრამატურგიაა, მიუხედავად, რამდენიმე ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ქართველი დრამატურგის შემოქმედებისა, უნდა ითქვას, რომ ლიტერატურის ამ ჟანრს განვითარება და შევსება ძალიან ესაჭიროება.

ერთ-ერთი პირველი ავტორი, რომელიც ქართულ დრამატურგიასთან დაკავშირებით ახსენდება მკითხველს, ავტორი, რომელიც  დრამატურგიას, როგორც ლიტერატურის სერიოზულ ჟანრს, ცალკე აღგვაქმევინებს  - პოლიკარპე კაკაბაძეა, შესანიშნავი პიესების ავტორი, რომლის „ყვარყვარე თუთაბერი“, როგორც უარყოფითი და გროტესკული პერსონაჟის სოციალური ტიპი, პოპულარობით ილია ჭავჭავაძის თავად თათქარიძეს ან  მიხეილ ჯავახიშვილის კვაჭი კვაჭანტირაძეს არ ჩამოუვარდება.

განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ის ფაქტი, რომ ეს მედროვე, ყველა მთავრობასა და ხელისუფლებას მორგებული პერსონაჟი საბჭოთა წყობილების ზენიტის დროს შეიქმნა, მაშინ, როცა ეს ნაწარმოები მისი ავტორისათვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი შეიძლება აღმოჩენილიყო. პოლიკარპე კაკაბაძე, მიუხედავად, მრავალგზისი დასმენისა და დევნისა, მაინც, სასწაულებრივად გადაურჩა წითელ რეპრესიებს. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, რომ „ყვარყვარეს“ ავტორი დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.

პოლიკარპე მალხაზის ძე კაკაბაძე დაიბადა 1893 წლის  7 მარტს, სოფელი დიდ კუხში, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტში .

1911 წელს დაასრულა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია. მისი პირველი ნოველა "ბრძენი მოქანდაკე" დაიბეჭდა 1915 ჟურნალში "თეატრი და ცხოვრება".

პოლიკარპე კაკაბაძის პირველი  დრამატული ნაწარმოებია რევოლუციური ბრძოლის ამსახველი პიესა "გზაჯვარედინზე", რომელიც წარმატებით დაიდგა ბაქოს სცენაზე 1918 წელს (რეჟისორი ალ. წუწუნავა). 1919 წელს კაკაბაძის მიერ დაარსებულ ჟურნალში შვიდი მნათობი დაიბეჭდა მისი პიესები "სისხლი სინათლემდე" და "სამი ასული". 1925 წელს რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე დაიდგა მისი დრამა "ლისაბონის ტუსაღები" (რეჟისორი დ.ანთაძე).

„ ყვარყვარე თუთაბერის“ გარდა მისი მნიშვნელოვანი დრამატურგიული ნაწარმოებებია : "ბედნიერი სამჭედლო", "ციცინათელა", "პაექრობა", რომელთა გადამუშავების საფუძველზე დრამატურგმა 1964 წელს ახალი პიესა "ცხოვრების ჯარა" შექმნა.  საყურადღებოა, ისტორიული პიესა (კომედია) "კახაბერის ხმალი", რომელიც თავად ავტორს, თავის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწარმოებად მიაჩნდა. აგრეთვე, პოლიკარპე კაკაბაძეს ეკუთვნის  დრამატული პოემები "მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი" (1966), "მეფე ბაგრატ მეშვიდე" (1967), ტრაგედია "მეფე დიმიტრი თავდადებული" (1971).

პოლიკარპე კაკაბაძის საოცრად ცოცხალი და სახასიათო, ყოველთვის აქტუალური ტიპაჟები, ძალიან ადვილად ცოცხლდებიან სცენასა და კინოშიამიტომაც პოლიკარპე კაკაბაძის ნაწარმოებები დიდი წარმატებით იდგმებოდა საქართველოს თეატრებში, მაგალითად, ყვარყვარე თუთაბერი" (1928) ორჯერ დაიდგა თბილისში - 1929 წელს დადგა რეჟ. კ. მარჯანიშვილმა, რომელსაც ავტორმა თავად წაუკითხა პიესა. სპექტაკლში  ყვარყვარეს როლი, ალექსანდრე ჟორჟოლიანის ავადმყოფობის გამო, შეასრულა უშანგი ჩხეიძემ, რომელსაც, როგორც თავად პოლიკარპე კაკაბაძე იგონებს, სულ ერთი კვირა ჰქონია როლის მოსამზადებლად, სპექტაკლმა დიდი ანშლაგით ჩაიარა. 1974 წელს რეჟისორმა რობერტ სტურუამ განახორციელა პიესის ახლებური დადგმა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში.

1978  წელს ამ პიესის  მიხედვით  რეჟისორმა დევი აბაშიძემ  გადაიღო მხატვრული ფილმი „ყვარყვარე“ (მთავარ როლში დ. აბაშიძე), ხოლო, პოლიკარპე კაკაბაძის  „კოლმეურნის ქორწინების„ მიხედვით 1940 წელს  გადაღებულ ფილმში „ქალიშვილი ხიდობნიდან“ ქართული ეკრანის ლეგენდა, ნატო ვაჩნაძე თამაშობს.

შესანიშნავი დრამატურგი, პოლიკარპე კაკაბაძე გარდაიცვალა 1972 წლის 15 ოქტომბერს, თბილისში.


 


პოლიკარპე კაკაბაძის სახლ-მუზეუმი

 

მუზეუმის მისამართი: ხონი, სოფ. პატარა კუხი

მუზეუმის დაფუძნების თარიღი: 1986 წელი

მუზეუმის იურიდიული სტატუსი: ააიპ (ხონის სამუზეუმო გაერთიანება)

მუზეუმის ტიპი (პროფილი): მემორიალური

ექსპონატების რაოდენობა: 442

მუზეუმის კოლექციების მოკლე აღწერა: მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი დრამატურგის პოლიკარპე კაკაბაძის (1893-1973 წწ.) მემორიალური ნივთები, ხელნაწერები, გამოცემები, ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.

მუზეუმის მუშაობის განრიგი: ყოველდღე, შაბათ -კვირის გარდა, 10 სთ-დან 18 სთ-მდე

მუზეუმში შესასვლელი ბილეთების ფასი: უ ფ ა ს ო

გამოფენები: ყოველწლიური გამოფენა დრამატურგის დაბადების დღესთან დაკავშირებით, “კაკაბაძეთა გვარის წარმომადგენლები”

საგანმანათლებლო პროგრამები: “პ. კაკაბაძის შემოქმედება”, “თეატრი და ცხოვრება”

გამოცემები: მუზეუმის გზამკვლევი

მუზეუმის მთლიანი ფართობი: 120 კვ/მ

მუდმივი ექსპოზიცია: 100 კვ/მ

დამთვალიერებლების წლიური რაოდენობა: 625


Additional Info

  • სახელი/გვარი: პოლიკარპე კაკაბაძე
  • ქალაქი/სოფელი : დიდი კუხი
  • დაბადების წელი: 1893
  • გარდაცვალების წელი: 1972

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates