იოანე საბანისძე


ძველი ქართული მწერლობა მდიდარია შესანიშნავი პროზაული თხზულებებით. პროზის ჟანრის განვითარებას განსაკუთრებით ხელი შეუწყო ჰაგიოგრაფიის ჩასახვამ.

ჰაგიოგრაფია, საეკლესიო მწერლობის დარგი, რომელიც ერთგვარი ბიოგრაფიული ტიპის  ნაწარმოებებისაგან შედგება, ქრისტიანული ეკლესიის წმინდან მოღვაწეთა ცხოვრებას და წამებას აღწერს, თანდათანობით ივსებოდა ნიჭიერ და განათლებულ ოსტატთა მხატვრული ნიმუშებით. ერთერთი ასეთი ოსტატია იოვანე საბანისძე - ქართველი მწერალი - ჰაგიოგრაფი, მერვე საუკუნის ლიტერატურული მოღვაწე, „ აბო თბილელის წამების“ ავტორი.

იოანე საბანისძე, სავარაუდოდ, საერო პირი იყო, თუმცა ძალიან დაახლოებული საქართველოს ეკლესიის უმაღლეს ხელისუფალთან, ქართლის კათოლიკოს სამოელთან, რომელმაც, როგორც ჩანს კარგად იცოდა მისი ლიტერატურული ნიჭის შესახებ და სწორედ ამიტომ დაავალა არაბ წმინდანზე თხზულების შექმნა.

იოვანე საბანისძის პიროვნული თვისებების შესახებ წარმოდგენა შეიძლება შევიქმნათ კათოლიკოსის წერილიდან, რომელიც, მწერლის  ერთგვარი პროფესიული რეცენზია - შეფასებაცაა:

„ჩვენ თვით უწყით წადიერებაΠ შენი ღვთისმსახურებისათვის და ღვთივმიმადლებული შენი მეცნიერებაÎ საღმრთოთა წიგნთაÎ და გულსმოდგინებაÎ შენი კეთილთა საქმეთა მოღვაწებისათვის“.

 აქედან გამომდინარე, იოანე საბანისძე საკმაოდ ცნობილი და ნაყოფიერი მწერალი იყო და ალბათ, სხვა თხზულებების ავტორიც, რომლებმაც ჩვენამდე ვერ მოაღწიეს.

გარდა ამისა, იგი სიცოცხლეში პირადად იცნობდა თავისი ნაწარმოების მომავალ პერსონაჟს და მასთან ახლო მეგობრობა, როგორც თვითონ წერს „ ქრისტესმიერი სიყვარული“, აკავშირებდა.

იოანე საბანისძემ კათალიკოსის თხოვნისამებრ შექმნა  ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის ეს  ბრწყინვალე ძეგლი  (786-790), თხზულებას წაუმძღვარა სამოელ კათალიკოსის ეპისტოლე და თავისი პასუხი.

იოანეს მწერლური ოსტატობის დამადასტურებელია მისი ნაწარმოების  საინტერესო, კარგად მოფიქრებული და გააზრებული კომპოზიცია - ნაწარმოები ოთხი თავისგან შედგება :  I თავი დამრიგებლობითი ხასიათისაა, საუბარია აბოს მარტვილობის მნიშვნელობაზე, II და III თავებში აღწერილია აბოს ქართლში მოსვლა, მისი მოღვაწეობა და მოწამეობრივი აღსასრული. IV თავი ჰიმნოგრაფიულ ხასიათს ატარებს და შეიცავს აბო თბილელის ქებას. თხზულების ეს ნაწილი ქართული ორიგინალური ჰიმნოგრაფიის უძველესი ნიმუშია.

იოანე საბანისძემ სცადა ეროვნული მიზნებისათვის გამოეყენებინა ქრისტიანობისათვის წამებული ახალგაზრდა არაბი ბიჭის ისტორია და ერთგვარი პროპაგანდისტული სარჩული დაუდო ნაწარმოებს, კერძოდ, აბოს წამების ფაქტი მან გამოიყენა მაჰმადიანობასთან შედარებით ქრისტიანობის უპირატესობის დასადასტურებლად და ეროვნულ-სარწმუნოებრივი სიამაყის გრძნობია გასაღვივებლად. მის თხზულებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა არაბთა ბატონობით შევიწროებული და ეროვნული გადაგვარების საფრთხის წინაშე მდგომი ქართველობისათვის.

დასახულ მიზანს ავტორი აღწევს ოსტატურად გამოყენებული ლიტერატურული საშუალებებით, როგორიცაა, ნაწარმოების კარგად გააზრებული   კომპოზიცია, თხრობის დინამიკა, სიუჟეტის, დიალოგების და სცენების აგების უნარი, ღრმა დრამატიზმი,  მხატვრული ენის ფლობა. ამ მხრივ განსაკუთრებით საინტერესოა ნაწარმოების პირველი და ბოლო, მეოთხე თავი.

თხზულება შესანიშნავი ისტორიული წყაროა VIII საუკუნის ქართლის პოლიტიკური-ეკონომიკური ცხოვრების, ეროვნულ-სარწმუნოებრივი იდეალების, საზოგადოებრივი ყოფის შესასწავლად. მოღწეულია X საუკუნის ხელნაწერით. პირველად გამოსცა მ. საბინინმა (1882), მეორედ - კ. კეკელიძემ (1935), რომელმაც თხზულება თარგმნა რუსულად (1956). გერმანულად თარგმნა შულცემ (1905), ლათინურად - პეეტერსმა (1934).

 

 

ბიბლიოგრაფია:

 

1.      ქართული მწერლობა, 1ტ.

2.      ქართული პროზა, 1ტ.

3.      კ. კეკელიძე, ქართული ლიტერატურის ისტორია , თბ, 1960

4.      მიხეილ საბინინი, „ საქართველოს სამოთხე“, გვ.333-350

5.      ჯავახიშვილი ივ., თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. VI, თბ., 1982, გვ. 150;

6.      ს. ყუბანეიშვილი, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია

 


Additional Info

  • სახელი/გვარი: იოანე საბანისძე
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • დაბადების წელი: VIII
  • გარდაცვალების წელი: VIII

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates