ექვთიმე თაყაიშვილი

 

. . .„საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს . . . რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოავსწარი . . . . არ იყო ხალხი, თითო-ოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო! . . რუსთველის გამზირზე სერნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება . . . თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას!

„მთელი ჩვენი ქონება კარგად დაცული და მთლიანი აღმოჩნდა, ერთი ნემსიც არ დაგვკლებია.შევუდექით ნივთების ჩალაგებას ყუთებში, საქართველოში წამოსაღებად.

ჩვენი ავიამარშრუტი ასეთი იყო : პარიზიდან მარსელში, მარსელიდან -რომში, რომიდან-ბენგაზიში ( ჩრდილო აფრიკა), ბენგაზიდან ქაიროში, ქაიროდან თეირანში, იქიდან კი-თბილისში“ . . .

 

 . . .

 

ექვთიმე ღვთისკაცის სახელობის ეკლესია


ქართველი ისტორიკოსი, არქეოლოგი და საზოგადო მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1946), პროფესორი (1918), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი ექვთიმე თაყაიშვილი (წმინდა ექვთიმე ღვთისკაცი) დაიბადა  1863 წლის 3 იანვარს (სხვა ვერსიით 5 ივნისს) სოფელ ლიხაურში, ოზურგეთის რაიონში.

დედა, ნინო ნაკაშიძე ადრე გარდაეცვალა, მოგონებებში ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავდა, რომ ხუთი წლისა, გარდაცვლილი დედის გვერდიდან ბებიამ აიყვანა. სიკვდილი რას ნიშნავდა, ვერ ვხვდებოდი, უფრო ის დამამახსოვრდა, როგორ დამტიროდნენ ნათესავები, რა ეშველება ობლად დარჩენილ ბავშვსო-იგონებს მეცნიერი.

ობლად დარჩენილი ბიჭი ბებიამ და ნათესავებმა გაზარდეს. მიუხედავად იმისა, რომ  ყურადღება არ აკლდა, მაინც დაემართა ხიფათი, რომლის შედეგიც მთელი ცხოვრების მანძილზე აწუხებდა - სამი წლისამ ფეხი მოიტეხა და ამის გამო მთელი ცხოვრება ხელჯოხის გამოყენებით დადიოდა.

7-8 წლისა ოზურგეთის სამაზრო სასწავლების მოსამზადებელ კლასში შეიყვანეს, მიუხედავად იმისა, რომ სახელმძღვანელოები არ ჰქონდა, მაინც ახერხებდა სწავლას, აქ მასთან ერთად სწავლობდა მომავალში ცნობილი ენათმეცნიერი ნიკო მარი, ექვთიმე და ნიკო ბავშვობიდან  სიცოცხლის უკანასკნელ წლებამდე მეგობრობდნენ.

1874 წელს ფოთის სამაზრო სასწავლებელში გადავიდა, რომლის დამთავრების შემდეგ, ექვთიმემ  გადაწყვიტა, ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის გაგრძელება. ასეც მოხდა, ქუთაისის კლასიკური გიმნაზია ექვთიმე თაყაიშვილმა 1883 წელს დაამთავრა ვერცხლის მედლით, მოიპოვა სტიპენდია და სწავლა განაგრძო პეტერბუგრის უნივერსიტეტში ისტორიულ-ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. 1884 წელს ამავე უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე ჩაირიცხა ნიკო მარიც და სიყრმის მეგობრები ისევ ერთად აღმოჩნდნენ.

1887 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა უნივერსიტეტი დაამთავრა, კანდიდატის ხარისხიც დაიმსახურა . რუსეთიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ექვთიმემ პედაგოგობას მიჰყო ხელი  და საზოგადოებაში დიდი პატივისცემა დაისახურა, როგორც განათლებულმა, პატიოსანმა და პრინციპულმა ახალგაზრდამ. მალე ის  გიმნაზიას სათავეში ჩაუდგა, მისი ხელმძღვანელობით სასწავლებელი სწრაფად განვითარდა და უფრო მაღალი დონის სასზავლო ერთეულად გარდდაიქმნა.

1889 წლის დასაწყისში ექვთიმე აირჩიეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრად.  აგრეთვე საქართველოს მუზეუმის კომიტეტისა და ქართული დრამატული საზოგადოების წევრადაც. 1892 წლიდან იყო წევრი ქართული წიგნების გამომცემელი ამხანაგობის სარევიზიო კომიტეტისა და შემდეგაც ამ ამხანაგობის აქტივისტად დარჩა, 1892 წელსვე აირჩიეს ექვთიმე კავკასიის სტუდენტთა გამგეობის წევრად, 1894 წლიდან გახლდათ წევრი რუსული არქეოლოგიური საზოგადოების კავკასიის განყოფილებისა.

გარდა ამისა , სხვადასხვა დროს ექვთიმე თაყაიშვილი იყო მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების წვერ-კორესპოდენტი, ამავე საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი და მდივანი, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების წევრი, აღმოსავლეთმცოდნეთა განყოფილების, ქართული კულტურის მოყვარულთა საზოგადოების, მცხეთის ჯვრის განმაახლებელი კომიტეტის წევრი,

ე. თაყაიშვილი სხვებთან ერთად და დამოუკიდებლად არის რამდენიმე მუზეუმის, ბიბლიოთეკის და საზოგადოების დამაარსებელი.

ექვთიმე თაყაიშვილი ხობის მონასტრის ბერებთან ერთად. 1913 წელი


1995 წელს ე. თაყაიშვილმა ცოლად შეირთო თბილისელი იურისტის, ივანე პოლტორაცკის ასული ნინო. ( მათი დაახლოებით ძალიან იყო დაინტერესებული ილია ჭავჭავაძე) მეჯვარეები იყვნენ ოლღა გურამიშვილი და ილია წინამძღვრიშვილი.

ნინა პოლტარაცკაიამ თავისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე უერთგულა ექვთიმე თაყაიშვილს, როგორც მის ნეკროლოგში ვკითხულობთ, იყო „ ქმრის ერთგული მეგობარი, თანაშემწე მუშაობაში და ტვირთის შემსუბუქებელი“.

ცოლის შერთვის შემდეგ ექვთიმე თაყაიშვილი ისევ აგრძელებს პედაგოგიურსა და სამეცნიერო მუშაობას.

იგი ასე ახასიათებს თავის სამეცნიერო  მიზნებს: „იმხანად უკვე გარკვეული მქონდა მუშაობის მთავარი მიზანი: რამდენადაც შეიძლებოდა და გარემოება ნებას მაძლევდა, შემეკრიბა მასალა საქართველოს ისტორია-არქეოლოგიისათვის, ყოველი ძალ-ღონე მეხმარა ძეგლთა დაღუპვისა და დაკარგვისაგან გადასარჩენად. ეს მიმაჩნდა ჩვენი კულტურის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანეს საქმედ.“

მან აქტიურად მიჰყო ხელი ხელნაწერთა შეგროვებასა და შესყიდვას, გააკეთა მთელი ამ სამუზეუმო ნივთების კატალოგი. 1888 წელს ექვთიმემ შეისწავლა და გამოიკვლია „პარხლის სახარება“. ამას მოჰყვა შატბერდული „მოქცევაი ქართლისაის“ ახლებური წაკითხვა და დათარიღება. 1891 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა გამოსცა „ახალი ვარიანტი წმ. ნინოს ცხოვრებისა ანუ მეორე ნაწილი ქართლის მოქცევისა“. საქართველოს ადრეული ისტორიისთვის უმნიშვნელვანესი იყო მის მიერ აღმოჩენილი "ხელმწიფის კარის გარიგების" ხელნაწერი. ეს ხელნაწერი ექვთიმემ ქართლში მოგზაურობის დროს გაპარტახებულ სახლში იპოვა. 1920 წლის მაისში თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობამ „ხელმწიფის კარის გარიგება“ მისი გამოკვლევით და წინასიტყვაობით გამოსცა. ასევე გამოკვლეული აქვს „აბდულმესიანის“, „თამარიანისს“, „ვისრამიანის“, „ამირანდარეჯანიანის“, „როსტომიანის“, „ქილილა და დამანას“, „რუსუდანიანის“, „ომანიანის“, თეიმურაზ I თხზულებათა, თეიმურაზ ბატონიშვილის რუსთველოლოგიური შენიშვნებისა და სხვათა მრავალთა ხელნაწერები.


ექვთიმე თაყაიშვილი სვანეთში ექსპედიციის წევრებთან და მასპინძლებთან ერთად


უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ექვთიმე თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილ „ვეფხისტყაოსნის“ ძველ ხელნაწერებს. მან თავი მოუყარა 17 ხელნაწერს, რომელთა შორის ზოგი მეტად საყურადღებო იყო, როგორც ვარიანტებით, ისე მხატვრობით; საერთოდ კი 24 ხელნაწერის შესახებ მოკრიბა ცნობები. ექვთიმე თაყაიშვილის მიერ თავმოყრილ „ვეფხისტყაოსნის“ ხელნაწერთა შორის უძველესი იყო 1646 წლის, რომელიც ვინმე კორინთელისაგან შეიძინა, ასევე მეფე გიორგი XI-ისათვის 1680 წელს მისი მდივნის მიერ გადაწერილი „ვეფხისტყაოსანი“. ეს ხელნაწერი გამოირჩევა თავისი მოხატულობით. ექვთიმე თაყაიშვილის დიდი დამსახურებაა გადარჩენა პელაგია წერეთლისეული „ვეფხისტყაოსნისა“, რომელიც სიუჟეტური მინიატურებით იყო დასურათებული

გარდა ამისა, იგი სხვა მრავალ საქმეს ჩაუდგა სათავეში.   ექვთიმე თაყაიშვილის ინიციატივით ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადაეცა დ. ბაქრაძის ბიბლიოთეკა და არქივი. ექვთიმეს მაშინვე ჰქონდა განზრახული საქართველოს მუზეუმისა და ბიბლიოთეკისათვის შენობის აგება, მაგრამ გადაულახავ სიძნელეებს  წააწყდა და ეს საქმე გადაიდო.

ე. თაყაიშვილის უბის წიგნის ერთ-ერთ გვერდზე წერია: „ 1889 წელს დავაარსეთ ქართველთა ამხანაგობა წიგნების გამოცემისა“. ამ ამხანაგობის თაოსნობით მრავალი საინტერესო საქმე განხორციელდა.

1907 წელს ე.  თაყაიშვილმა დაარსა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, რომლის წესდება თვითონ შეადგინა. საზოგადოების თავმჯდომარე თავად ექვთიმე თაყაიშვილი იყო 1921 წლამდე. საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებამ ფართო და ნაყოფიერი მუშაობა გაშალა. მრავალმხრივმა სამეცნიერო საქმიანობამ დიდი პოპულარობა მოუტანა საზოგადოებას. ექვთიმე თაყაიშვილმა დააფუძნა ორი სამეცნიერო სერია „ძველი საქართველო“ და „საქართველოს სიძველენი“. იგი თავად იყო ამ სერიების ტომების შემდგენელი.  „საქართველო დავიარე და დავინახე, თუ რა უზარმაზარი მასალაა განწირული დავიწყებისა და ხშირად დაღუპვისთვისაც, პირდაპირ ამიტანა ფანატიკურმა მისწრაფებამ, რაც შეიძლება მეტი მომესწრო, მით უმეტეს, რომ ჩემ თანამედროვეთაგან აღარავინ მისდევდა ამ საქმეს . . . რამდენს ვცდილობდი, რას არ ვკიდებდი ხელს, მაგრამ რამდენი რამ მაინც ვერ მოავსწარი . . . . არ იყო ხალხი, თითოოროლა კაცის მეტი არ ეკარებოდა ასეთ საქმეს; არ ესმოდათ ამის მნიშვნელობა და გემო! . . რუსთველის გამზირზე სერნობასა და პოპულარული სტატია-წიგნების კითხვას ან ლიტერატურულ კამათს იქით აღარ მიდიოდა მათი მონდომება . . . თითქოს გვყავდა ინტელიგენცია, მაგრამ ნამდვილად და ღრმად ვერავინ ხვდებოდა კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობისა და ადგილობრივ შესწავლის აუცილებლობას! - ექვთიმე თაყაიშვილი“.

ექვთიმე თაყაიშვილის ძეგლი თბილისში

ამავე დროს ექვთიმე თაყაიშვილს არ ასვენებდა სურვილი ეროვნული ბიბლიოთეკისა და მუზეუმის დაარსებისა. 1911 და 1912 წლებში მან ამ დაწესებულებების დაარსების უფლება მიიღო, შემდეგ მუზეუმ-ბიბლიოთეკას შესწირა ხელნაწერი ვახტანგის კანონები და ვახტანგისავე სამართალი. კარგი წამოწყება  შესანიშნავად განვითარდა - ამ საცავ - ბლბიოთეკას თუ 1907 წელს 23  ქართული და 52 რუსული და ფრანგული წიგნები გააჩნდა, ათი წლისთავზე უკვე ჰქონდა 9875 წიგნი.

უძვირფასესი მასალა იყრის თავსმომავალი მუზეუმის არქივში. ხელოვნების შესანიშნავი ძეგლების გარდა, მოგროვდა ქართული ნუმიზმატიკის უძვირფასესი კოლექცია.

თუმცა მუზეუმ-ბიბლიოთეკას შენობა არ ჰქონდა, ცნობილი ქართველები შესაწირს არ იშურებდნენ ამ საქმისათვის. სხვადასხვა დროს შემოწირულობანი გაიღეს იაკობ გოგებაშვილმა, აკაკი წერეთელმა, კოტე აფხაზმა, ილია ჭავჭავაძემ, კათოლოკოსმა კირიონ მეორემ, შენობისათვის თანხა დავით სარაჯიშვილმა გამოყო. მუზეუმის გახსნა 1917 წლამდე ვერ მოხერხდა.

ექვთიმე თაყაიშვილი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. 1919-1921 წლებში იგი გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე.

დიდია ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაარსებაში. იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად იმთავითვე იყო არჩეული „ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების“ კომისიაში. უნივერსიტეტი 1918 წლის 26 იანვარს გაიხსნა. ექვთიმე თაყაიშვილი უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პროფესორი იყო. 1918 წლის 21 მაისს თბილისის უნივერსიტეტის საბჭომ ექვთიმე თაყაიშვილს მიანიჭა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი. იგი სამ სალექციო კურსს უძღვებოდა. ერთი პირველკურსელთათვის იყო და მოიცავდა საქართველოს სიძველეთმცოდნეობის შესავალს. ამასთან ერთად მეცნიერი კითხულობდა ეპიგრაფიკას და საქართველოს საეკლესიო ისტორიას. უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ მან გიმნაზიაში მასწავლებლობა მიატოვა.


ექვთიმე თაყაიშვილის ბიუსტი ზუგდიდში


1921 წლის 25 თებერვალს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისა და საქართველოს კანონიერი ხელისუფლების დამხობის გამო საფრანგეთში ევაკუირებულმა საქართველოს მთავრობამ გაიტანა საბანკო ვალუტა, ჩვენი ისტორიისა და კულტურის სამუზემუმო განძეულობა და ხელნაწერები. მათ მცველად წაჰყვა ექვთიმე თაყაიშვილი მეუღლითურთ.

„ მოულოდნელად მომიხდა ემიგრანტობა, რათა არ მოვშორებოდი ჩვენი ერის სასიქადულო კულტურულ საგანძურს.“ - წერს ექვთიმე თაყაიშვილი.

მარშრუტი ცნობილია: 1921 წლის 18019 თებერვალს თბილისში პანიკის გამო, სამუზეუმო ნივთები ნათმში გაგზავნეს. 2 მარტს ე. თაყაიშვილი და მისი მეუღლე ქუთაისს წავიდნენ, აქედან 3 მარტს ბათუმს გაემგზავრნენ, 11 მარტს განძეულობით დატვირთულ კრესისერ „ ერნესტ რენანზე“ავიდნენ და მარსელს მიაღწიეს, საიდანაც პარიზის სიახლოვეს ლევილის მამულში დასახლდნენ.

განძეულობა ქართველ ხალხს დაუბრუნდა 1945 წლის 11 აპრილს მის მცველ, ექვთიმე თაყაიშვილთან ერთად.

განძს შეადგენდა თბილისისა და ქუთაისის სახელმწიფო ხაზინების ვალუტა, აქაური მუზეუმების განძეულობა, უმნიშვნელოვანესი ნივთები ბორჯომის დიდი მთავრის სასახლისა და ხობის მონასტრის განძეულობა, სულ 249 დიდი ყუთი. ამათგან  39 ყუთი ჩაბარდა საფრანგეთის ბანკის მარსელის განყოფილებას.

ემიგრაციის მთელი წლები მოახმარა ექვთიმემ ამ განძეულის აცვას, საფრანგეთში ამ სიმდიდრის დაპატრონებას ხან ვაიპატრიოტი ქართველები, ხან საფრანგეთის მთავრობა, ხან სხვადასხვა მუზეუმები, ხან ვინ და ხან ვინ ცდილობდა.

ექვთიმემ გამოფენაზეც კი არ გაატანინა არცერთი ექსპონატი დაკარგვისა და დაზიანების შიშით.   - მთელი ამ საგანძურის პატრონ ექვთიმე თაყაიშვილს პარიზში ფინანსურად ისე უჭირდა, რომ ხშირად ულუკმაპუროდაც დარჩენილან ის და მისი მეუღლე. ამას დაემატა ის, რომ 1928 წლის ზაფხულში ნინა პოლტარაცკაია დაავადდა და 1931 წელს გარდაიცვალა. მიუხედავად ამ უბედურებისა და უკიდურესი გაჭირვებისა, ექვთიმე აქტიურად განაგრძობდა განძის დაცვას, სამეცნიერო მუშაობას, ლექციების კითხვას, ევროპაში გაფანტული ქართული სიძველეების ძებნას, ადგენდა მათ აღწერილობას , ბეჭდავდა სტატიებსა და წერილებს ქართველ მოღვაწეებზე.

იგი ჯერ პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების (1922 წლის 4 თებერვალი), ხოლო შემდეგ საფრანგეთის სააზიო საზოგადოების (1925) ნამდვილ წევრად აირჩიეს. 1937-1939 წლებში თაყაიშვილი იყო მის მიერვე დაარსებული „ქართული კულტურული და საარქეოლოგიო მასალების გამოცემის ფონდის“ თავმჯდომარე. ამასთან, იგი გახლდათ სამეცნიერო პერიოდული გამოცემის "Georgica" (ლონდონი) სარედაქციო საბჭოს წევრი.

1945 წლის 11 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი თბილისში დაბრუნდა.

„ 82 წლის მოხუცს ამიხდა დიდი ხნის ნატვრა, დავუბრუნდი სამშობლოს და დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძი“ - წერს იგი.

1945 წლის 15 აპრილს ექვთიმე თაყაიშვილი საქართველოს სსრ განათლების მინისტრის ბრძანებით დაინიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის პროფესორად. 1945 წლის 10 მაისს მიანიჭეს დამსახურებული პროფესორის წოდება. 1946 წლის 28 დეკემბერს იგი აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. 1946 წელს ექვთიმე თაყაიშვილი საჯაროდ წარდგა თბილისის უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებელთა წინაშე მოხსენებით „ევროპაში ნახული ქართული ძეგლები და იქვე შეკრებილი ცნობები ქართული ძეგლების შესახებ“. მეტად მნიშვნელოვანია მის მიერ 1949 წელს სრული სამეცნიერო აპარატის თანხლებით გამოცემული სუმბატ დავითის ძის ქრონიკა ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონთა შესახებ. ხოლო 1949 წლის 17 სექტემბერს სსრ კავშირის უმაღლესმა საატესტაციო კომისიამ დაუმტკიცა დოქტორის ხარისხი და პროფესორის წოდება.

 

ექვთიმე ღვთისკაცის ხატი


ექვთიმე  თაყაიშვილი  1953 წლის 21 თებერვალს, უკიდურეს გაჭირვებაში გარდაიცვალა. მის დაკრძალვას ვაკის სასაფლაოზე მხოლოდ ორმოცამდე ადამიანი დაესწრო. ამჟამად იგი გადასვენებულია საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.

2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებელმა სამოციქულო ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა.

მის უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილას, ვაშლოვანის ქუჩის 7 ნომერში მისი მუზეუმია განთავსებული.

 


Additional Info

  • სახელი/გვარი: ექვთიმე თაყაიშვილი
  • ქალაქი/სოფელი : ლიხაური
  • დაბადების წელი: 1863
  • გარდაცვალების წელი: 1953

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates