მარო მაყაშვილი


 

„ . . . ოჰ, ღმერთო, აგვისრულე ეს მცირე თხოვნა, გაგვიგრძელე სიცოცხლე, მოგვეც ძალ – ღონე და თუ ადამიანს მოუნდა, ყველაფერს შეძლებს. . . . „

„ . . . ამ ომმა ბოლო მოუღო მუშაობასაც და ბედნიერებასაც. რამდენმა დედამ ცრემლებთ გაგზავნა თავისი შვილი სასიკვდილოდ. რამდენმა დედამ ღამეები ლოცვაში და ტირილში გაატარა. საბრალო არსებანი. გაზარდეს რა წვალებით და ეხლა რა დღე დაადგათ. ნუთუ მაგისთვის შესწირა დედამ თავისი სიცოცხლე? რომ ვიღაცა გარეული ადამიანისთვის შესწიროს შვილი. სამშობლო, საქართველო აღარ იყო. მტერი სამშობლოს კი არ აწუხებდა, სამშობლოც უცხო პატრონს, რომელსაც მტერი უნდა მოეგერიებინა და საბრალო ქართველი წაასხა. სად არის სამართალი? ერეკლე, ერეკლევ რაზე დაგვღუპე? მათალია, შენც სხვა გზა არ გქონდა, მაგრამ რუსს რათ მიგვეცი? იმიტომ, რომ მთელი ჩვენი სიცოცხლე ვიტანჯოთ? რათ? რა დაგიშავა საბრალო ერმა, ღმერთო? . . .“

ოჰ, მონობა რა ცუდი ყოფილა. შენ გინდა და სხვა გიშლის. რუსეთმა რაც კი კარგი გვქონდა, ჩვენი კულტურა სულ დასცა და ახალიც არაფერი შემოიტანა ენის გარდა. ამისთანა მფარველი რომ ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა”.

“იქნება სხვები ამას არ ხედავენ, მაგრამ მე ისეთი გრძნობა მაქვს, რომ სრულად ეღირსება ამ ბედშავს ერს თავისუფლება. მაშინ იქნება აუწერელი ბედნიერება. ყოველი ადამიანი მას აღტაცებით მიეგებება, როგორც მშობელს. მაშინ მზეც მხიარულად გაანათებს და გაათბობს არეს და მთვარეც გაანათებს ძველ კვალს, რომელიც სიმართლისკენ მიდის.”

“სხვაზე ფიქრი უფრო კარგია. თავისაზედაც უნდა, მაგრამ სულ მუდამ არა. ღმერთო, რად დამბადე ქალათ! ქალი უძლური რაღაცა საგანია კაცების აზრით, მაგრამ ეგ ტყუილია.”

“რა დროს… პირად გრძნობებზეა ლაპარაკი. ამ დღეებში  წყდება საქართველოს ბედ-იღბალი. გათავდა მსოფლიო დიდი ომი… ევროპა დაწყნარდა თითქოს… თითქოს ყველამ მოისვენაო… ჩვენ კი უბედურება დაგვატყდა თავს.. რა მოგველის, არ ვიცი!”

ეს არის მონარიდები 17 წლის  გოგონას, მარო მაყაშვილის დღიურებიდან.

მარო მაყაშვილის დღიური


 მარო მაყაშვილი, პოეტ კოტე მაყაშვილის მშვენიერი ასული წითელი არმიის შემოჭრის დღეებში, 19 წლისა მოხალისედ წავიდა ფრონტზე, წითელ ჯვარში ჩაეწერა მოწყალების დად და შეუერთდა კოჯრისკენ მიმავალ სანიტარულ რაზმს. 19 თებერვალს, ყუმბარის ნამსხვრევით სასიკვდილოდ დაიჭრა კეფაში.

ნიჭიერსა  და განათლებულ მაროს დიდ მწერლობას უწინასწარმეტყველებდნენ, მის დღიურებსა და რამდენიმე პატარა მოთხრობაში კარგად იგრძნობა ფრაზის ფლობის უნარი და ლიტერატურული გემოვნება.  მისი მცირე ლიტერატურული მემკვიდრეობითაც, რომელიც გოგონას ფართო მასებისათვის გასაზიარებლად სულაც არ ჰქონდა გამიზნული, შეგვიძლია მაროს გამოუყენებელ ნიჭსა და ადრე დასრულებულ ცხოვრებაზე გული დაგვწყდეს.

მარო მაყაშვილი 1901 წელს დაიბადა მწერალ კოტე მაყაშვილისა და ულამაზესი თამარ გაბაშვილის  ( ეკატერინე გაბაშვილის ასული) ოჯახში.  იზრდებოდა მზრუნველ გარემოცვაში, მშობლები არაფერს იშურებდნენ მისთვის. მარომ ქალთა გიმნაზიის დასრულების შემდეგ თბილისის უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა სწავლა არ დასცალდა.

პირადი დღიურებიდან ვეცნობით ნიჭიერ, შრომისმოყვარე, განათლებულ, გემოვნებიან, პატრიოტ და ძალიან რომანტიკოს გოგონას, რომელიც პოეტ პაოლო იაშვილს ეტრფის,  საზღვარგარეთ სწავლაზე ოცნებობს, მომავლის გეგმებს სახავს, საკუთარი მცირე მეურნეობის მოწყობა უნდა. თუმცა ყველაფერი დასრულდა იმით, რომ რუსეთის არმიის შემოჭრის შემდეგ იგი გადაწყვეტს პატრიზანებთან ერთად ომში მოხალისედ წასვლას, ვერავინ ახერხებს შეაცვლევინოს გადაწყვეტილება, გოგონა მოწყალების დად მიდის ომში და კოჯრის მახლობლად მებრძოლ ქართველ ახალგაზრდებს უერთდება.

1921 წლის 19 თებერვალს მაროს გვერდით ყუმბარა გასკდა, ნამსხვრევი კეფაში მოხვდა... 23 თებერვალს, 21 იუნკერი სამხედრო ტაძრის ეზოში გათხრილ საძმო საფლავში დაკრძალეს, მათ შორის არის დასაფლავებული მარო მაყაშვილიც.

მამამისი, კოტე მაყაშვილი , როგორც ამბობენ, ამ ამბის გაგების შემდეგ, ერთ ღამეში გაჭაღარავდა.

მარო მაყაშვილის მშობლები



პოეტმა თავის გმირ ასულს  შესანიშნავი ლექსი მიუძღვნა:

მაროს

 

დავიღალე, აღარ მალხენს მნათობთ ლბილი ციალი,

ჩემს ოცნებას აღარ ძალუძს ცად ნავარდი, სრიალი,

ჯადოსნური წრე მევლება, შიგ მიხდება ტრიალი,

ახ, უშენოდ, ჩემო მარო, დავრჩი ობოლ-ტიალი.

 

არც სიცოცხლის, არც სიკვდილის აღარა მაქვს ხალისი,

თებერვალმა დამიზამთრა სამუდამოდ მაისი!

გულზე სევდა შემომაწვა თავის მძიმე ლოდებით;

საქართველო გაიჟღინთა მაყაშვილთა გოდებით!

 

დავიღალე... დავიჩაგრე... და შენი ვარ მხმობელი,

ჩემო გმირო და წმინდანო, გამამხნევე მშობელი,

სამშობლო თუ შენ რომელი, ახ, ვიტირო რომელი?..

დავდნი ცრემლად ორივესთვის, სხვათა ცრემლის მშრობელი!

 

მაგრამ არა! წუთიერი სისუსტეა! შემინდე!

მაროს მამა - ლაჩარივით როგორ უნდა შევშინდე?

როს იღვიძებ, შვილო ჩემში, მფეთქავ ალად ვიგზნები!

შენ ღირსი ხარ ჩემი და მეც შენი ღირსი ვიქნები!

 

შემომხედე, მუხასავით ვდგევარ მაგრად, წყნარადა,

სადარაჯოს არა ვსტოვებ, ავდარს ვაგდებ არადა,

და თუ ბედმა წამაქცია მეხით ცეცხლის მკვესავით,

წავიქცევი უდრეკელი, რაინდულად, შენსავით!

 

1921 წ.


Additional Info

  • სახელი/გვარი: მარო მაყაშვილი
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • დაბადების წელი: 1902
  • გარდაცვალების წელი: 1921

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates