იოანე შავთელი


თამარის სამეფო კარის პოეტი. მემატიანის დახასიათებით „ კაცი ფილოსოფოსი და რიტორი, ლექსთა გამომთქმელი და მოღვაწებათა შინა განთქმული“.

მემატიანეთა ცნობით, იოანე თამარს ახლდა ვარძიასა და ოძრეხში, ბასიანის ბრძოლის (1203) დროს, აქვე შეუთხზავს "გალობანი ვარძიისა ღმრთისმშობლისანი". იოანე შავთელი სასულიერო პირი ჩანს, რაზეც მიუთითებს მის თხზულებებში გამოვლენილი ღრმა საღვთისმეტყველო განათლება. ზოგ წყაროში მოხსენებულია "ნეტარად", "წმინდანად". "აბდულმესიანში" იგი თავის თავს "მწირსა" და "მსხმებს" უწოდებს

იოანე შავთელს „ ვეფხისტყაოსნის“ დანართი სტროფით მიეწერება აბდულმესიას შექება.

ტრადიციულად „ აბდულმესიანი“ ეწოდება მეთვრამეტე და უფრო მეცხრამეტე საუკუნეების ხელნაწერებით მოღწეულ ვრცელ სახოტბო ნაწარმოებს, რომელსაც პირობითად შეიძლება შერქვას „ დავითისა და თამარის ქება“.

თხზულებასთან დაკავშირებული ლიტერატურულ-ისტორიულ საკითხთა გარკვევა ერთობ რთული საქმეა, რადგან ძეგლი ძალზე დამახინჯებული სახით არის მოღწეული - სულ მცირე, ორგზის განუცდია გადამუშავება.

მეთვრამეტე საუკუნეში დავით დუმბაძემ ეს ხოტბა გადააკეთა და არჩილ მეფეს მიუძღვნა. XVIII – XIX საუკუნეების მიჯნაზე ქართველმა მწიგნობრებმა, განსაკუთრებით დავით რექტორმა, სცადეს ტექსტის რესტავრაცია. ამიტომ ძნელი სათქმელია, რა არის ამ თხზულების ტექსტში თავდაპირველი, რა - მერმინდელი და რა ამოღებული და დაკარგული. დღემდე მოღწეულ ჰიმნში აღარ ჩანს სახელი „ აბდულმესია“, რაც ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს, რომ ამ თხზულებას „ აბდულმესიანი“ ან „ აბდულმესია“ არ უნდა რქმეოდა.

თხზულების ქების ობიექტის თაობაზე აზრთა სხვადასხვაობაა. ნ. მარის შეხედულებით, ამ თხზულებაში შექებულია დავით აღმაშენებელი, კ. კეკელიძის აზრით დავით აღმაშენებელი და თამარ მეფე, ს. ნუცუბუძის კონცეფციით , ძეგლში მექანიკურად შეერთებულია ორი სხვადასხვა დროის თხზულება: დავით აღმაშენებლის და თამარ მეფის ქება; ა. ბარამიძის თვალსაზრისით, „ აბდულმესიანი“ წარმოადგენს თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ქებას.

თხზულების შექმნის თარიღის გამო ორი მოსაზრება გამოითქვა: ზოგნი ფიქრობენ, რომ იგი შექმნილია ქართველთა მხედრობის ბასიანის ომში გამარჯვებასთან დაკავშირებით, მეორე თვალსაზრისი კი ამ თარიღს დავით სოსლანის სიკვდილს უკავშირებს.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, „ აბდულმესია“ სახოტბო შინაარსის თხზულებაა:


„აღვძრნა ბაგენი, ბრგვნილად მაგენი გულისხმის-ყოფით შესხმად ქებისა


მაღლისა, მხნისა, ბრძენთა სეხნისა, აღმოთქმად ვიწყო ნეტა რებისა?


გოლებრ მწთოლვარე, არად მკმოლვარე სამართლად ღირსი ნეტარებისა.


არა სთნავს რისხვა. გესმის? -არი სხვა: ნამდვილ ჩვეული მოწყალებისა.“


ოდის ავტორის მთავარი იდეაა საქართველოს სახელმწიფო დიდება თამარის სახელს დაუკავშიროს, ეს თამარის დროის საქართველოს სახელმწიფო იდეოლოგიის გამოხატულება იყო.

ტექსტში სხვადასხვაგვარი მხატვრული საშუალებებით არის აღწერილი და შექებული თამარის პირადი ღირსებანი, იგი სხვადასხვა ლიტერატურულ პერსონაჟს არის შედარებული, სახოტბო პოეზიისათვის დამახასიათებელი ხერხებით წარმოგვიდგენს ავტორი დიდებული მეფის სახეს:

„ვარდო უფრჭვნილო, ცვრით განბანილო, ნერგო სვიანო, /დავითიანო,


ვინ კისკასია, სურნელ-კასია, ბალასნად კმოლავ და ვით იანო!


ვინ ხარ? /ან თრაკი? - ქვეყნად ანთრაკი, უცხოდ აგებულ-ანაქვსიანო,


გონება-ვრცელო, კვლა ცნობა-გრძელო, მოთმინებაო /იობიანო!


ბანაკად საღმრთოდ, ერ საზეპუროდ ხარ ღმრთისმეტყველთა მათ ჭურვილთაგან.


ექმენ სახმილად: იყვნეს ახმილად მზირნი ფარულად შორს ქალაქთაგან;


მწარედ ლმობილნი, ეგრეთ ცნობილნი უღონო იქმნეს თვისთა სლვათაგან;


გულ-დრკუ-ხენეშნი, განმრყვნელნი ეშვნი, /აქიტოფელ ჰყვენ განზრახვათაგან.“


იოანე შავთელის სახელით მოღწეულია კიდევ ორი თხზულება: „ გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“ და „ საძიებელი და მასწავლებელი“ ე.წ. „ ასურული კვინკლოსისა“.


ამათგან განსაკუთრებულით საყურადღებოა „ გალობანი ვარძიის ღვთისმშობლისანი“, ღვთისმშობლის სამადლობელი იამბიკო, შექმნილი ბასიანის ომში ქართველთა გამარჯვების გამო.


„ულუმპიანი მძლეობაჲ მოგუენიჭა,


ლახუარი მჴდომთაჲ და ფარები შეიფქვა,


ირემთა სრბითა განმტკიცნეს ტყეთა ფერჴნი,


ეტინეველთა ალი აღედვა ურჩთა,


რისხვით დაემჴუნეს საყდართაჲთ ურწმუნონი!


იძლევის ბრძენთა მეტყუელებაჲ და ვითარ


სთქუ, ღმრთისმშობელო, ზეცისა წესთა თანა


აჰა გნატრის შენ ყოველი თესლები და


ტომნი კაცთანი, რომელთათჳს გიჴმობენ შენ,


ყვენ მშჳლდ რვალისა მკლავნი ჩემნი მარადის!


უჩინოთაგან მღჳმეთა სოფლისთა


ექსორიობაჲ ჩემი აღმოიყვანე,


ორბებ განახლდი სიჭაბუკე სულისაჲ,


ბრალთაგან მიჴსენ ძლიერმან, დიდებულო,


ინებე ყოფად ჩემ შორის უბიწოო!“


Additional Info

  • სახელი/გვარი: იოანე შავთელი
  • დაბადების წელი: XII
  • გარდაცვალების წელი: XIII

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates