პაოლო იაშვილი


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map

 


 

„ჩემო შვილო, ჩემო კარგო მამიკო

ჩემი სიხარულო და ბედნიერებავ, მედეა!

მაპატიე,

გემუდარები მაპატიე ეს უდიდესი დანაშაული შენს წინაშე, მთელი ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე.

მთელი ღამე არ მიძინია, დაგჩერებოდი შენ მძინარეს, მაგრამ თავის მოკვლა უკვე გადაწყვეტილი მქონდა და ვერც შენ გადამარჩინე.

არავის დააბრალო ჩემი სიკვდილი. გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა.

გიყვარდეს დედა და ყველა ჩემი ახლობლები, ისინი არ დაგტოვებენ არც ერთი წუთით და რამოდენიმედ მაინც გაგიადვილებენ ობლობას.

მეტის წერა აღარ შემიძლია.

მშვიდობით, მამიკო.

მედეა, მედეა, მშვიდობით.

ისწავლე, იშრომე, ყოველთვის მართალი სთქვი, ეცადე სასახელო ქალი გამოხვიდე, გიყვარდეს სამშობლო, მუდამ გახსოვდეს შენი ახლობლები და შენი მამა.

                                                                 შენი უსაზღვროდ მოყვარული მამა

                                                                     22. VII.37“

 

 პოეტმა  პაოლო იაშვილმა  მწერალთა სახლში, 1937 წლის 22 ივლისს თავი მოიკლა.

 

სერგო კლდიაშვილის მოგონებიდან:

„1937 წელიწადი. ეს დღე უნდა გავიხსენო. მწერალთა კავშირში დაგვიძახეს. საღამო ხანია. არც თუ ბევრნი ვართ. თავმჯდომარეობს კავშირის თავმჯდომარე დემეტრაძე. აკაკი ბელიაშვილის საქმე უნდა გაირკვეს. ბრალდება აქვს ბელიაშვილს: სადღაც ცუდად უხსენებია სტალინი. ბელიაშვილი შეშფოთებულია.

თავმჯდომარემ მოსთხოვა, აღიაროს დანაშაული.

 

ბრალდებული კატეგორიულად უარყოფს და… დარბაზში სიჩუმეა. მხოლოდ ბელიაშვილის ხმა ისმის. აკაკი… არ ცდილობს თავის დაცვას…

მესამე თუ მეოთხე რიგში გვერდიგვერდ ვზივართ პაოლო იაშვილი, ალექსანდრე ქუთათელი და მე. პაოლო ჩუმი ხმით მიმართავს ქუთათელს. სიგარეტს სთხოვს. ქუთათელმა მიაწოდა და… ეუბნება: როდემდე უნდა იყო ჩემს ხარჯზე, პაოლო არაფერს პასუხობს. პაპიროსს მშვიდად ანთებს. ბელიაშვილი ისევ და ისევ უარყოფს ბრალდებას, მაგრამ თავმჯდომარე არ ეშვება და ისევ კატეგორიულად მოითხოვს, აღიაროს, რა თქვა სტალინზე. ისევ და ისევ ნერვიული, განწირული ხმა ბელიაშვილის. ბელიაშვილი მოითხოვს გამოაცხადოს თავმჯდომარემ ვინ არის ის, ვისთანაც (ვისაც) უთხრა. დარბაზში ისევ სიჩუმეა. მხოლოდ დემეტრაძის მოთხოვნა ისმის და ბელიაშვილის სასოწარკვეთილი ხმა…

მოითხოვს, მთქმელი ამხილოს დემეტრაძემ.

პაოლო ადგა, კარებისკენ ნელა მიემართება და გადის, დარბაზში ისევ დემეტრაძის და ბელიაშვილის ხმა ისმის.

“აღიარე, – მოითხოვს დემეტრაძე.

- რა ვაღიარო. – ხმას უმატებს ბელიაშვილი – არაფერი მითქვამს და რა ვქნა, რა ბრალდება ავიღო ჩემს თავზე.”

დარბაზში ისევ სიჩუმეა. ასე გავიდა რამდენიმე წუთი.

უეცრად თითქოს სროლის ძლიერი ხმა ისმის…

ვინ გაისროლა, რა მოხდა?!

ორიოდე წუთი და დერეფნიდან კივილი გაისმა. მხოლოდ ერთი (არ მინდა მისი ვინაობა დავასახელო) ადგა და გაიჭრა გასასვლელისკენ. ქალის კივილი შეწყდა. დარბაზში წამოდგნენ, მაგრამ არავინ მოელოდა, რომ ის ახალგაზრდა, რომელიც რამდენიმე წუთის წინ გაიჭრა დარბაზიდან… შეშფოთებული შემოდის, შემობრუნდა და ყვირის: “თავი მოიკლა, პაოლომ თავი მოიკლა!”

ამბავის სანახავად დარბაზიდან გავვარდით. საშინელება დავინახეთ: მეორე სართულზე კედელთან ადამიანი იყო ჩამოკიდებულივით…იმ პატარა ოთახიდანაც, მემანქანეთა ოთახიდან, საიდანაც ტირილი ისმოდა, ჩანდა, პაოლოს თავის ქალის უკანა ნაწილი იატაკზე ეგდო. სისხლი კედლიდან მოწვეთავდა. პაოლოს თოფის ლულა პირში ჰქონდა გაჩხერილი. ზევიდან რომ ჩამოვედი, ტიციან ტაბიძე დავინახე. სახე დაფარული ჰქონდა ხელისგულებით. დარბაზში მყოფნი ჩუმად ისხდნენ.“


გიორგი ლეონიძე, ტიციან ტაბიძე, მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი, ვალერიან გაფრინდაშვილი

 . . .

„პაოლო იაშვილი იყო ნამდვილი ავთანდილი, სიმღერის, სიყვარულის ჟინით შეპყრობილი მშვენიერი რაინდი, რომელიც თავის გარშემო შეუნელებელ აღტაცებას ბადებდა განუმეორებელი პოეტური ეშხით, მოხდენილობით, სილამაზის თანდაყოლილი უტყუარი გრძნობით.

 

ახალი დროის მსოფლიო მწერლობამ იცის მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმ იშვიათი ნიჭისა, რომელსაც პოეტურ იმპროვიზაციას უწოდებენ. როგორც ცნობილია, თავის დროს ადამ მიცკევიჩს განცვიფრებაში მოჰყავდა პუშკინი და სხვა რუსი პოეტები თავისი გენიალური ექსპრომტებით, რომელთა ჩაწერა, სამწუხაროდ, არავის მოფიქრებია. ჩვენს დროში, როდესაც შემოქმედების აქტი ასე მჭიდროდ დაუკავშირდა ლითონის კალმისტარს, რემინგტონს, სასტამბო დაზგას, პაოლო იაშვილი შუა საუკუნეების ბარდივით კვლავ განაგრძობდა შთაგონების წამიერი აფეთქებით ნაკარნახევ, თავისი უშუალობითა და სიმსუბუქით მომხიბვლელ, ლაღ და ძალდაუტანებელ სიმღერას.“ ( გურამ ასათიანი)

 . . .

პაოლო იაშვილი დაიბადა საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში. პოეტის დაბადების ზუსტი თარიღი სადაოა, მაგრამ მიჩნეულია, რომ იგი დაიბადა 1892 წლის 2(14) აგვისტოს.

1900 წლის 1 სექტემბრიდან პაოლო იაშვილი მშობლებმა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში მიაბარეს. მასთან ერთად სწავლობდნენ “ცისფერყანწელთა” მომავალი ლიტერატურული ჯგუფის გამოჩენილი წარმომადგენლები: ვალერიან გაფრინდაშვილი და ტიციან ტაბიძე.

1913 წელს პოეტი მხატვრობის შესასწავლად მიემგზავრება პარიზში, რომელიც იმ დროს ხელოვნების მექას წარმოადგენს. ამ პერიოდის პაოლო იაშვილს იგონებს გერონტი ქიქოძე:

„პაოლო იაშვილს პირველად პარიზში შეხვდი. 1913 წლის ზამთრის და 1914 წლის გაზაფხულის თვეები პარიზის არტისტური ბოჰემისა და სტუდენტობის სამფლობელოში – ლათინურ უბანში გავატარე; პაოლო იაშვილიც ამავე უბანში ცხოვრობდა. მას ოთახი პანთეონის მახლობლად ეჭირა ესტრაპადის ქუჩაზე.

პაოლო იაშვილს და მე ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად ბევრი მხიარული საღამო გაგვიტარებია ამ მჭმუნვარე სახელწოდების ქუჩაზე. პაოლო იაშვილი კარგი კულინარი იყო, მაგრამ საყასბოში ცხენის ხორცს ვერ არჩევდა ძროხის ხორცისაგან. რაც შეეხება ერთი ბოთლი იაფფასიანი ღვინის ან შამპანიურის ყიდვას, დიდი დეგუსტატორის ნიჭი არ სჭირდებოდა.“

რამდენიმე წელიწადში პოეტი  სამშობლოში ბრუნდება და აქტიურად ებმება ლიტერატურულ ცხოვრებაში. მისი უშუალო რედაქტორობით, ქუთაისში ორი ჟურნალი გამოიცა: “ოქროს ვერძი” და “ცისფერი ყანწები”.

1916 წლიდან აქტიურ და მშფოთვარე ლიტერატურულ ცხოვრებას იწყებს ცისფერყანწელთა ორდენი, რომლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი პაოლო იაშვილია. ერთერთი ცისფერყანწელი, შალვა აფხაიძე იგონებს:

„მახსოვს ქუთაისის ხავერდოვანი ღამე, ცა, ვარსკვვლავებით მოჭედილი. ჰქროდა ზენა ქარი - თბილი და ყვავილთა სურნელებით დაჟღენთილი. პაოლო, რომელიც ასე შესტრფოდა გაზაფხულს, მზეს, სილამაზეს - კაფედან გამოვიდა, მას მოჰყვებოდნენ ვალ. გაფრინდაშვილი, სანდრო ცირეკიძე, რაჟდენ გვეტაძე, სერგო კლდიაშვილი, კოლაუ ნადირაძე, შალვა კარმელი. . . „.

ხოლო გიორგი ლეონიძის მოგონებიდან ჩვენ ვეცნობით პაოლო იაშვილს - პოეტ დენდს, უსაზღვროდ ნიჭიერსა და სიცოცხლის მოყვარულს:

„პაოლო იაშვილი პირველად ვნახე თბილისში 1917 წლის პირველ თვეებში. ქუთაისში უკვე გამოსული იყო „ცისფერი ყანწები“ და ახლა, მისი მონაწილენი თბილისს სწვეოდნენ დასაპყრობად.მახსოვს მათი პირველი საღამო კონსერვატორიის დარბაზში. საღამოს მეთაურობდა ჭაბუკი, ქართულ ქულაჯაში გამოწყობილ ორატორს წყლის მაგივრად ღვინით სავსე გრაფინი ედგა, რომელსაც ხანდახან მიმართავდა ხოლმე სიტყვის დროს.

ჩვენს წინ იდგა ლამაზი, შავგვრემანი, რიხიანი ვაჟკაცი, ახალი ესთეტიკის მქადაგებელი, რომელიც გაბედულობით იპყრობდა დარბაზს, ეს იყო პაოლო იაშვილი“.

ასე აღწერს პოეტი საკუთარ თავს:

ავტოპორტრეტი

ამპარტავანი და ყოველთვის პირგაპარსული,

ბუნებით შავი, ხელოვნურად გათეთრებული,

ლამაზ რითმისთვის ერთი წუთით ჩაფიქრებული,

ვამაყობ იმით, რომ არა მაქვს ვრცელი წარსული.

 

პოეზიიდან შორს გავსტყორცნე სიტყვა თათრული,

ყოველთვის მელის მშვენიერი ქალთა კრებული,

მხოლოდ უალდის ყელსახვევით გაკვირვებული,

მათრობს ხაშხაშის სურნელება ძველი სპარსული.

 

საქართველოში არ იწამეს ჩემი დენდობა,

მე მახალისებს მხოლოდ ჩემი Salto-Mortale,

მაგრამ ბოდლერის ცივი ლანდი თუკი მენდობა,

 

ხალხის წინაშე მე ვიქნები მუდამ მართალი.

შევხარი მზესა, ვეტრფი მთვარის ყვითელ ხავერდსა

და რუსთაველთან გადავდივარ მე ალავერდსა.

1917

 

აკაკი გაწერელია მასზე წერს:

„არ შევხვედრილვარ მწერალს, რომელიც ეგზომ გულგრილი  ყოფილიყო თავისი ლექსების შეკრებისა და ცალკე კრებულად გამოცემისადმი. ცალკე დაბეჭდილი თავისი ლექსები პ. იაშვილს მის სიცოცხლეში არ შეუნახავს.“

„პაოლო იაშვილის ზოგიერთ დასტამბულ ნაწარმოებშიც არის ნიშნები პოეტური იმპროვიზაციის უშუალო აღბეჭდვისა. მის ლექსებს იშვიათად აქვთ მყარი ლირიკული არქიტექტონიკა, ლირიკული თემის განვითარება აქ იშვიათად ემორჩილება რაიმე წინასწარ გააზრებულ სქემას.

წმინდა შთაგონებას აქ დაკისრებული აქვს მაქსიმუმი და იგი უტყუარი მეგზურივით მიუყვება პოეტს ზოგჯერ ძალზე რთული მეტაფორული ასოციაციების ტევრში და, რაც მთავარია, ძალიან ხშირად ინტუიციით აგნებს ყველაზე სწორ და ზუსტ გზებს.

პაოლო იაშვილის ზოგიერთი ადრინდელი ლექსი ჰაერში გაქვავებულ შადრევანს მოგვაგონებს და ჩვენ დღემდე განცვიფრებული შევცქერით სივრცეში აღბეჭდილ პოეტის სულის ამ ცოცხალ ფეთქვას.

მართალია, პაოლო იაშვილს სიმბოლისტურ პერიოდში დაწერილი აქვს არაერთი ლექსი ზუსტი ვერსიფიკაციული ფორმითაც, მაგრამ აქაც ეს მყარი, დაკანონებული ფორმები გაცოცხლებულია შინაგანი თრთოლვით, უხვად დაღვრილი ვნებით და სულის სიჩვილით…“(გ. ასათიანი)

პაოლო იაშვილის ტრაგედია საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში მზადდებოდა - მის წინააღმდეგ აგორდა უსაფუძვლო ჭორები, წითელი მთავრობა ძირს უთხრიდა მის მოღვაწეობას, ათასგვარი საშუალებით ებრძოდა.  იგი “ცისფერყანწელთაგან” პირველი მსხვერპლი იყო . . .

 მწერალმა საბედისწერო განაჩენს, უბრალოდ, ცოტათი დაასწრო. ბრალმდებლებად იქცნენ ძველი მეგობრები თუ თანამოაზრენი, ზიზღნარევი აღშფოთებით გმობდნენ "ხალხის მტრისა და დივერსანტის" საქციელს, პაოლო ადვილად არ ეგუებოდა მდგომარეობას. მითუმეტეს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდებები სრული სიყალბე და ცილისწამება იყო. მაგრამ, სამწუხაროდ, თავის გამართლებისა და გადარჩენის არანაირმა ფორმამ არ გამოიღო შედეგი.

 “სიცოცხლით სავსე პოეტი სასოწარკვეთილებამ შეიპყრო, თითქმის ყველას ჩამოშორდა, თავის განუყრელ მეგობარს, ტიციანსაც კი. ხავერდოვან თვალებში განუშორებელი სევდა ჩაუდგა. იშვიათად თუ ვხვდებოდით, ისიც მწერალთა სასახლეში ან მაჩაბლის ქუჩაზე. ასე ზეზეულად ჩაქრა მისი მჩქეფარე სიცოცხლე", – წერს შალვა აფხაიძე.

პოეტმა ვერ გაუძლო ცილისწამებისა და შეურაცხყოფის ასეთ ტალღას და 1937 წლის 22 ივლისს, მწერალთა სასახლეში, სწორედ იმ წუთებში, როცა მწერალთა კავშირის პრეზიდიუმს მისი განაჩენი გამოჰქონდა, საკუთარი სანადირო თოფით თავი მოიკლა.

პაოლო იაშვილის ცხედარი დღევანდელი ვაკის პარკის ტერიტორიაზე დაკრძალეს. საფლავი რომ არ დაკარგულიყო, კოლაუ ნადირაძემ და მისმა ერთმა მეგობარმა თავსა და ბოლოში ღვინის ორ-ორი ბოთლი დაფლეს და მეგობრის საფლავი ამგვარად შემოინახეს.

მოგვიანებით, პოეტის ცხედარი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში გადმოასვენეს.

 

 

პს.

 

დედა! ინახულე
შენ წმინდა ხახული!
წადი ფეხშიშველი,
ქალაქში დაკარგულ შვილისთვის ღამე გაათია,
ღმერთო! აპატიე_
მე თუ ვერ მიშველი,
დედას, რომ დაგინთოს ჩემ სიგრძე სანთელი,
მისთვის, რომ ჩემს გულში
დაყუჩდეს გრიგალი და კორიანტელი.

 

                                            პაოლო იაშვილი

                                           წერილი დედას



მასალა მომზადებულია პაოლო იაშვილის საიუბილეო ორტომეულის მიხედვით, საქართველოს გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, გამომცემლობა " სეზანი",თბილისი 2004

Additional Info

  • სახელი/გვარი: პაოლო იაშვილი
  • ქალაქი/სოფელი : არგვეთი
  • დაბადების წელი: 1894
  • გარდაცვალების წელი: 1937

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates