შოთა ჩანტლაძე


შოთა ჩანტლაძე 1928 წლის 13 ივნისს ლანჩხუთის რაიონის სოფელ ზემო აკეთში (დედის სოფელი) დაიბადა. პოეტმა ადრეული ბავშვობა (7 წელი) სოფელში, ზემო ბჟოლეთში (ლანჩხუთის რაიონი),  გაატარა. 1934 წელს ჩანტლაძეების ოჯახი ჩოხატაურიდან თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად, სადაც მომავალმა პოეტმა

1947 წელს დაამთავრა თბილისის 25-ე საშუალო სკოლა. 

სკოლის დამთავრებისთანავე შედის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე. უმაღლეს სასწავლებელს ის 1952 წელს ამთავრებს.  

1954 წელს პოეტი თეთრიწყაროს რაიონის სოფელ პატარა ირაგას სკოლაში ქართული ენის მასწავლებლად მუშაობს.

 შოთა ჩანტლაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა სოფელ  ლილოს ბიბლიოთეკაში, პერიოდულად მუშაობდა რედაქტორ-სტილისტად სხვადასხვა გამომცემლობაში, სისტემატურად თანამშრომლობდა პერიოდულ პრესაში, წერდა რადიოსა და ტელევიზიისათვის. 

მეგობრები მას მართალ აბდულას ეძახდნენ. 

შოთა ჩანტლაძე და გურამ დოჩანაშვილი


შოთა ჩანტლაძეს თავისი ლექსების კრებული სიცოცხლეში არ გამოუცია. ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა თავის დროზე მისი ლექსების პირველად გამოქვეყნებას იმდროინდელ პერიოდიკაში. 

შოთა ჩანტლაძის ლექსები გვიან, უფრო 90-იან წლებში გამოჩნდა ფართო მკითხველისთვის. მისი თემები ყოველთვის განსხვავებული იყო მისი თაობის პოეტებისგან, და ეს განსხვავებულობა ყველაზე კარგად ჩანს ურბანულ ვერლიბრებში. 

მთავარია, რომ მან შეძლო სრულიად ადამიანურ, სრულიად უბრალო, ტრივიალურ თემებზეც კი შეექმნა ძალიან ძლიერი ლექსები.  ბუნებრივია ეს ტრადიცია რაღაც დოზით ადრეც არსებობდა ქართულ ტრადიციაში, თუნდაც ცისფერყანწელები, იგივე ვალერიან გაფრინდაშვილი ცდილობდა ეწერა ამგვარ თემებზე, მაგრამ იქ თვალში მოსახვედრია ის მანერულობა, რაც ასე ახასიათებდათ სიმბოლისტებს, ხოლო შოთა ჩანტლაძეს სრულიად ბუნებრივ ყალიბში ჰქონდა გადაყვანილი ეს ყველაფერი.

საუბრობენ შოთა ჩანტლაძისა და მუხრან მაჭავარიანის დამოკიდებულებაზე. არსებობს აზრი, რომ შოთა ჩანტლაძის ლექსების დაბეჭდვას დიდხანს პირადად ეწინააღმდეგებოდა წინ მუხრან მაჭავარიანი, მაგრამ მეორე მხრივ არის ფაქტები, რომ მუხრან მაჭავარიანი იყო ის ადამიანი, რომელიც ავადმყოფობის პერიოდში და მანამდეც, ყველანაირად ეხმარებოდა გაჭირვებულ პოეტს. სწორედ მუხრან მაჭავარიანმა გამოსცა მისი პირველი წიგნიც, "წავიდა თოვლი", 1972 წელს, პოეტის გარდაცვალებიდან 4 წლის შემდეგ.

ფრიად საინტერესოა მისი დღიურები და პირადი წერილები - ისინი უამრავ საინტერესო ცნობას შეიცავენ იმდროინდელი ლიტერატურული პროცესების შესახებ.

შოთა ჩანტლაძე, გარდა ლექსებისა, წერდა მოთხრობებს, მინიატურებს, იგავებს. მან თარგმნა ფინური ეპოსი "კალევალა" (მუხრან მაჭავარიანთან და გივი ძნელაძესთან ერთად), აგრეთვე ირლანდიური საგები, პუშკინის, ლერმონტოვის, ტიუტჩევის ნაწარმოებები. 

1968 წლის 29 ნოემბერს, ღამის 11 საათზე, უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე მდებარე მე-3 საავადმყოფოში ბრმანაწლავის დაგვიანებული ოპერაციის შემდგომი გართულებების  გამო შოთა ჩანტლაძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამ ამბავმა დიდი ხნით დაჩრდილა მისი ლექსები, რომელთა გამომზეურება მაინცდამაინც არც მეგობრების წრეში უყვარდა.

1984 წელს ემზარ კვიტაიშვილის მიერ მომზადებული შოთა ჩანტლაძის მეორე კრებული გამოვიდა, "თენდება, ღამდება".  90-იან წლებში მისი კრებულები ორჯერ გამოსცა იზა ორჯონიკიძემ (კრებულები მომზადდა გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის საარქივო მასალაზე დაყრდნობით), და ერთი კრებულიც ბესიკ ხარანაულმა შეადგინა 1995 წელს. 

2011 წელს კი, გამომცემლობა "ინტელექტმა" თავის უკვე ტრადიციულ სერიაში - "100 ლექსი" - შოთა ჩანტლაძის მეექვსე კრებული გამოსცა.


Additional Info

  • სახელი/გვარი: შოთა ჩანტლაძე
  • ქალაქი/სოფელი : ზემო აკეთი
  • დაბადების წელი: 1928
  • გარდაცვალების წელი: 1968

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates