ნუგზარ შატაიძე


ნუგზარ შატაიძე დაიბადა 1944 წლის 9 მარტს, თბილისში. 

სწავლობდა თბილისის ყოფილ ვაჟთა მე-20 სკოლაში (დღევანდელი 31-ე). დაამთავრა 62-ე სკოლა. 

შემდგომ უმაღლეს განათლებას ეუფლებოდა ჯერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ხოლო შემდეგ პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ფიზიკის ფაკულტეტზე. 

სპეციალობით თბოენერგეტიკოსი იყო. მუშაობდა თბილისის თბოელექტროცენტრალში ტურბინის მემანქანედ, საქართველოს ენერგოსისტემაში - ინჟინრად, გაზეთ „ლელო“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად, გამომცემლობა „მერანი“-ს პროზის განყოფილების გამგედ, ჟურნალ „ომეგა“-ს რედაქციის განყოფილების უფროსად.

მისი პირველი მოთხრობა თეთრი ყვავილები დაიბეჭდა 1968 წელს ჟურნალ „ცისკარში“.

1979 წელს გამოიცა მოთხრობების ნუგზარ შატაიძის პირველი კრებული „მოთხრობები“.

ნუგზარ შატაიძე და თენგიზ მირზაშვილი


ნუგზარ შატაიძეს ქართული ენის უბადლო დიდოსტატად მიიჩნევდნენ მისი თანამედროვენი.

„ნუგზარის ენა ნამდვილად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და ღრმა ფენომენია ქართული სიტყვიერების ისტორიაში. იგი შესაძლოა გასული საუკუნის ყველაზე მთლიანი და დასრულებული სამწერლო ენის შემქმნელია, რომელმაც ზღვრამდე მიიყვანა თავისი წინამორბედების საქმე – ვაჟა ფშაველასი, გიორგი შატბერაშვილის, რეზო ინანიშვილის და სხვების. ერთხელ საუბარში გიორგი შატბერაშვილის სიტყვები გაიხსენა იმასთან დაკავშირებით, რომ დედის ენა და მამის ენა განსხვავდება ერთმანეთისგან. რომ დედის ენა არის უფრო სათონის ენა, ბოსტნის ენა, სახლის ენა. მამის ენა კი არის ტყის ენა, მინდვრის ენა, წისქვილის ენა, საქონლის ენა. ერთი სიტყვით, ორივე შრომის ენაა.“ (მალხაზ ხარბედია. რადიო თავისუფლება. ბიბლიოთეკა).


 “რატომ არის, რომ დღეს ენა ასე დაკნინდა საქართველოში? იმიტომ, რომ აღარავინ შრომობს. სოფელშიც რომ ჩახვიდე, ნახავ, რომ მთელი დღე სხედან და თამაშობენ კარტს, ნარდს, დომინოს. ამას კიდე ენა არ სჭირდება.” (ნუგზარ შატაიძე)

იყო სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1996), ღირსების ორდენოსანი, „ილიას ფონდის“ პრემიის მფლობელი. მწერალთა კავშირის პრემია ნუგზარ შატაიძეს მიენიჭა  საუკეთესო მოთხრობათა კრებულისათვის 1995 - 1996 წლებში. 

გახლდათ 2005 წლის პრემია "საბა"-ს ლაურეატი.

2009 წელს გონფრევილის საერთაშორისო კინოფესტივალზე (საფრანგეთი) ქართულ მხატვრულ ფილმს „გაღმა ნაპირი“(რეჟისორი გიორგი ოვაშვილი) მიენიჭა  პრიზი საუკეთესო სცენარისათვის (სცენარის ავტორი - ნუგზარ შატაიძე) სცენარი დაწერილია მისივე მოთხრობის „მოგზაურობა აფრიკაში“-ს მიხედვით.

იყო მრავალი მხატვრული და დოკუმენტური ფილმის, რადიოდადგმების სცენარის ავტორი.

მის სიცოცხლეში გამოიცა მისი 11 წიგნი.

2010 წელს ქართულმა ბიოგრაფიულმა ცენტრმა გამოსცა ნუგზარ შატაიძის რჩეული მოთხრობების კრებული „შეხვედრა“.

გარდაიცვალა 2009 წლის 10 თებერვალს თბილისში.

დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.


Additional Info

  • სახელი/გვარი: ნუგზარ შატაიძე
  • ქალაქი/სოფელი : თბილისი
  • დაბადების წელი: 1944
  • გარდაცვალების წელი: 2009

პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates