ავტორები


View საქართველოს ლიტერატურული რუკა in a larger map





მეთვრამეტე საუკუნის ქართულ კულტურას, აზროვნებას, მეცნიერულ თუ ლიტერატურულ პროცესს ერთგვარ მაჯისშემტყობად თუ პატრონად გამოუჩნდა ბაგრატიონთა ოჯახის წევრი,  მეთვრამეტე საუკუნის საქართველოს ფილოსოფიური აზროვნების გეზის მიმცემი - კათოლიკოს-პატრიარქი, მწერალი, მეცნიერი, ფილოსოფოსი , სახელმწიფო და საეკლესიო მოღვაწე  - ანტონ I ( ერისკაცობაში თეიმურაზ ბაგრატიონი).

იზრდებოდა თელავის სასახლეში თავის ბიძაშვილთან ერეკლე II-თან ერთად. მის აღზრდაში მონაწილეობას იღებდა დავით-გარეჯის წინამძღვარი, არქიმანდრიტი სპირიდონი. როგორც მისი ოჯახის წარმომადგენელს შეეფერებოდა, მიიღო ფართო განათლება, რომელიც შემდგომ მრავალმხრივად გამოიყენა.

მას  დიდი საერო კარიერისათვის ამზადებდნენ. ქართლის ძლიერი თავადის გივი ამილახვრის ასულზე დანიშნეს. 1735 წელს თბილისში ლაშქრით შემოსულმა თამაზ-ხანმა საცოლე წაართვა და სასიმამროც აიძულა უხმოდ დამორჩილებოდა მის ნებას. 

ეს  ფაქტი საბედისწერო აღმოჩნდა   და სრულიად შეცვალა ანტონის ცხოვრების გეზი. ანტონ I ჯერ დავითგარეჯას მონასტერს შეეხიზნა, შემდეგ იმერეთს გადავიდა. ერთხანს იგი რუსეთშიც -იყო. 1738 წელს ბერად აღიკვეცა გელათის მონასტერში, ანტონის სახელით.

1739 წელს ანტონ I-მა გელათის წინამძღვრობა მიიღო. მომდევნო წელს ქუთაისის მიტროპოლიტი გახდა. 1743 წელს დავითგარეჯას სავანეში დაბრუნდა. 1744 წელს იგი აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს.

ანტონ I ევროპული ორიენტაციის მომხრე იყო და განსაკუთრებით დაუახლოვდა თბილისში მყოფ კათოლიკე მისიონერებს (კაპუცინელთა ორდენს). მათთან ერთად გეგმავდა საგანმანათლებლო და რელიგიურ განახლებას, სტამბის აღდგენასა და მთარგმნელობითი სკოლის ჩამოყალიბებას. ანტონისა და კათოლიკე ბერების ახლო ურთიერთობით ისარგებლა მისმა მოწინააღმდეგე ჯგუფმა, რომელსაც კარის მოძღვარი ზაქარია გაბაშვილი მეთაურობდა; ანტონ I-ს გაკათოლიკება დასწამეს და "მწვალებლად" აღიარეს.

1756 ანტონ I რუსეთს გაემგზავრა, სადაც თავი იმართლა სინოდის წინაშე. 1757-1762 წლებში ვლადიმირის მთავარეპისკოპოსი იყო. 1763 წელს ერეკლე II-მ რუსეთიდან დააბრუნა იგი, ხოლო საეკლესიო კრებამ კვლავ აირჩია აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.

უცნაური და ორაზროვანია მისი კონფესიური მიკუთვნებადობის საკითხი - კათოლიკოსი წიგნში "მიწყალეს" შესახებ, რომელიც ანტონმა საქართველოში ჩამოსვლამდე დაწერა, იგი რომის პაპის უპირატესობაზე საუბრობს. ანტონის ნაცნობი კათოლიკე მისიონერები  მათ მიერ ქართლიდან გაგზავნილ წერილებში იუწყებიან, რომ ანტონი კათოლიკედ გარდაიცვალა. თუმცა ეს ფაქტი დამტკიცებული არაა და შესაძლოა, ანტონის წინააღმდეგ აგორებული ანტიპიარის ერთერთი შემადგენელი ნაწილიც იყოს.

საქართველოში დაბრუნებისთანავე ანტონ I-მა განაგრძო ინტენსიური სახელმწიფო-საეკლესიო და სამეცნიერო-ლიტერატურული მოღვაწეობა. 1772 ერეკლე II-მ საგანგებო მისიით გაგზავნა რუსეთში, სადაც ანტონ I-ის უშუალო მონაწილეობით მომზადდა ნიადაგი 1783 წლის რუსეთ-საქართველოს ტრაქტატისათვის. მისი მეცადინეობის შედეგად 1762-1763 წლებში განახლდა ვახტანგ VI-ისეული სტამბა, 1782 წელს კი რეორგანიზებულ იქნა "ახალ სტამბად". სტამბის განახლებას უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმ პერიდოის ლიტერატურის თუ მეცნიერების განვითარებისათვის.

ანტონ I ყოველნაირად უწყობდა ხელს კალიგრაფიული სკოლების, ბიბლიოთეკების, თეატრის შექმნას, მხატვრობის, პოეზიისა და ხელოვნების სხვა დარგების განვითარებას; მკვიდრ ნიადაგზე დააყენა განათლების საქმე; ერეკლე II-ის დახმარებით თანდათან გარდაქმნა ნახევრად კერძო ეპარქიული დაბალი სასწავლებლები სახელმწიფო ტიპის სკოლებად, დიდი მონაწილეობა მიიღო ჯერ თბილისის (1755), შემდეგ კი თელავის (1782) სემინარიების დაარსებაში. ერეკლე II-თან ერთად შეიმუშავა სამი უმაღლესი სასწავლებლის დაარსების პროექტი (თბილისში, გორსა და თელავში). მან თვითონვე მოჰკიდა ხელი სახელმძღვანელოების შედგენის საქმეს, ამ მიზნით გამოიყენა თავისი ორიგინალური და ნათარგმნი წიგნები "ქართული ღრამმატიკა" (1753; მეორე, მოკლე რედაქცია - 1767), სხვადასხვა ავტორის შრომები ლოგიკის, მეტაფიზიკის, ფიზიკის და სხვ. დარგებში.

ქართული ღრამმატიკა" პირველი სრული სასკოლო გრამატიკა და ქართული ენის ერთერთი  პირველი გრამატიკაც არის, სადაც, მიუხედავად უცხო ენების გრამატიკათა გავლენისა და იმ შეცდომებისა, რომელთაც ანტონ I ვერ ასცდებოდა იმდროინდელი ენათმეცნიერული აზროვნების პირობებში, ავტორი  ამჩნევს და აღნუსხავს ქართული ენისათვის ნიშანდობლივ მნიშვნელოვან მორფოლოგიურ და სინტაქსურ თავისებურებებს, აღწერს ქართულ ენას, როგორც სისტემას, განიხილავს ენის სხვადასხვა დონეს, ცდილობს  გრამატიკულ კატეგორიაში მოაქციოს მისთვის საინტერესო ენობრივი მოდელები, ადგენს საინტერესო სისტემებსა და პარადიგმებს.

ანტონ პირველის გრამატიკამ, ძველი ქართველი გრამატიკოსების შრომის გათვალისწინებით, ზურაბ შანშოვანისა თუ სულხან-საბა ორბელიანის ენათმეცნიერულ მოღვაწეობასთან ერთად ერთგვარი საფუძველი მოუმზადა ქართულ ენათმეცნიერებას, როგორც მეცნიერების დარგს. ამდენად ანტონისეული გრამატიკა უდაოდ  ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული ენის შესწავლის ისტორიისათვის.

 ფიზიკის პირველი ჩვენამდე მოღწეული ქართული სახელმძღვანელოა აგრეთვე ქ. ვოლფის ნაშრომის თარგმანი ("Φისიკა თეორეტიკებრი ვოლфიუსისა"), რომლითაც ანტონ I თვითონ ასწავლიდა ფიზიკას თბილისის სემინარიაში (მის ლექციებს ერეკლე II-ც ესწრებოდა). მას დიდი ღვაწლი მიუძღვის ფიზიკის ქართული ტერმინოლოგიის დადგენაში. თარგმანს დართული აქვს 246 კომენტარი, რომლებიდანაც ჩანს, რომ ანტონ I ღრმად იყო განსწავლული ბუნებისმეტყველებაშიც.

ანტონ I-მა მდიდარი ფილოსოფიურ-თეოლოგიური და ლიტერატურული მემკვიდრეობა დატოვა.

მისი ფილოსოფიური საქმიანობა უკავშირდება საქართველოს ერთმმართველობისა და კლასიკური ხანის სიძლიერის აღდგენას, ამის საბაბს მას თითქოს აძლევდა ის პერსპექტივები, რომლებიც ერეკლეს პოლიტიკურ სტრატეგიული წარმატებით  იყო ნაკარნახევი.( შ. ნუცუბიძე)

მის დოგმატიკურ-პოლემიკურ თხზულებაში "მზამეტყველება" საეკლესიო საკითხებთან ერთად განხილულია ფილოსოფიური პრობლემატიკაც. "წყობილსიტყვაობაში" (50-60-იანი წწ.) ქართული ფილოსოფიური-თეოლოგიური აზრის განვითარების თვალსაზრისით განხილულია რუსთაველის, პეტრიწის, სარგის თმოგველის, ჩახრუხაძის, სულხან-საბა ორბელიანის მემკვიდრეობა. თხზულების ერთ-ერთი თავი - "თჳს ქართუელთა სიბრძნის მოყუარეთა კაცთა მწიგნობართა" მოკლედ მიმოიხილავს ძველ ქართულ სასულიერო და საერო მწერლობას (ძირითადად XI-XVIII სს.). მის შვიდ ქვეთავში 40-მდე სასულიერო მწერლის მოღვაწეობაა განხილული. უკანასკნელი, VIII ქვეთავი საერო მწერლობას ეხება. თუმცა ანტონ I-ის ზოგი ცნობა არაზუსტია, ეს ნაშრომი, როგორც ქართული მწერლობის ისტორიის შექმნის პირველი ცდა, უაღრესად საყურადღებოა. საისტორიო ხასიათიაა "წყობილსიტყვაობის" V-VII თავები.

 ანტონ I-ის ენციკლოპედიურ ნაშრომში "სპეკალი" თავისებურად არის მორიგებული ეკლესია და "გარეშეთა", ე. ი. ფილოსოფოსთა, მოძღვრება; განხილულია არისტოტელეს, პლატონის, ამონიოსის, პორფირიოსის, გრიგოლ ნოსელის, იოანე დამასკელის, მაქსიმე აღმსარებლის, პროკლეს, პეტრიწის, ალბერტ დიდის და სხვების შეხედულებები.  ანტონმა ეს წიგნი ერეკლე მეორეს მიართვა, „ სპეკალი ესე სიტყვითი“ , რომელშიც, როგორც თავად ამბობს, თავი მოუყარა პლატონურსა და განსაკუთრებით, არისტოტელისებურ მემკვიდრეობას აზრის გამოთქმის ოსტატობაში.

*კატიღორია-სიმეტნე", რომელიც ანტონ I-მა ლოგიკის სახელმძღვანელოდ გამოიყენა, დაწერილია არისტოტელესა და პორფირიოსის შეხედულებათა ახსნა-განმარტების მიზნით. ანტონ I-მა ქართულად თარგმნა და კომენტარები დაურთო პორფირიოსის, ბაუმაისტერის, ვოლფის, ლაიბნიცის, აგრეთვე მხითარ სებასტიელის, სვიმონ ჯულფელისა და სხვების ნაწარმოებებს. გარდა ამისა, ანტონი, კარგად იცნობს ალბერტ დიდსა და თომა აქვინელს, აგრეთვე სხვა ფილოსოფოსებს. ხშირად საუბრობს ქართველ ფილოსოფოსებზე, მათ შორის, კარგად იცნობს იოანე პეტრიწის შრომებს.

ანტონ I-ს ეკუთვნის აგრეთვე საყურადღებო ისტორიული ნაშრომები "მოკლე ისტორია საქართველოსი", "ქართველ მეფეთა შთამომავლობა", თარგმნა კურციუსის "ისტორია ალექსანდრე მაკედონელისა".35

ანტონ I შეეცადა საქართველოში დაენერგა სამი სტილის თეორია, რომლის თანახმად "მაღალ მატერიაზე" "მაღალი სტილით" უნდა ეწერათ, ისტორიის თხრობა "საშუალო სტილს" მოითხოვდა, საყოფაცხოვრებო მოვლენები - "დაბალ სტილს". თვით ანტონ I მეტწილად "მაღალი სტილით" წერდა. თუ ანტონისეულ „ სამი შტილის თეორიას“ არა პრაგმატიკის კუთხით განვიხილავთ, არამედ ენისა და დისკურსის კვლევის, ტექსტის გარკვეული თავისებურებების გამოყოფის ცდად ჩავთვლით, მაშინ  ეს იდეა საინტერესო ენათმეციერულ შეხედულებად შეიძლება ჩავთვალოთ, ხოლო მისი ავტორი, დიდი ფანტაზიისა და ენობრივი ალღოს მქონე მეცნიერად.

ანტონ პირველის სახელმძღვანელოები და ლიტერატურული შრომები უმნიშვნელოვანესი იყო ქართული აზროვნების განვითარებისათვის,  იმდენად, რომ იგი, ფაქტობრივად, ქართველ განმანათლებლადაც შეიძლება მოვიხსენიოთ.


პროექტი დაფინანსებულია ფონდ "ღია საზოგადოება საქართველო"–ს მიერ


პროექტის პარტნიორები:






Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates
Joomla Templates