ბლოგები

„კუტოკებიდან“ პოლიტიკურ ბრძოლებამდე

×
ავტორის გვერდი შოთა იათაშვილი 2024-04-08 728

სადღაც 2000-იანების დასაწყისში, როცა ლიტერატურულ გაზეთ “ალტერნატივას” მთავარი რედაქტორი ვიყავი, რომელიღაც ავტორმა, რომელსაც ტექსტი დავუწუნე, საყვედურით მითხრა, თქვენ მხოლოდ თქვენს მეგობრებს ბეჭდავთ გაზეთშიო. რომელ მეგობრებს-მეთქი, დავინტერესდი. და ის ავტორები ჩამომითვალა, რომელთა დებიუტიც “ალტერნატივაში” შედგა. არადა, სრულიად უცნობი ადამიანები მოვიდნენ, თავიანთი ტექსტები მომიტანეს, მთლიანობაში მომეწონა, რაღაც ვურჩიე, რაღაც ჩავასწორეთ და დავბეჭდე, მერე მეორეჯერ, მესამეჯერ მომიტანეს და ამ ურთიერთობაში თანდათანობით დავმეგობრით (მაშინ ჯერ კიდევ რეალური რედაქციები არსებობდა, ავტორები თავიანი ხელნაწერებით ამ რედაქციებში დადიოდნენ და იმეილით კი არ იღებდნენ პასუხს, არამედ რედაქტორებს ხვდებოდნენ, თვალებში უყურებდნენ და საკუთარი ტექსტების შესახებ აზრს მათგან ცოცხლად ისმენდნენ). ჰოდა, გამეღიმა, და ვუპასუხე: ეგ პირიქითაა, ვისთანაც ვმეგობრობ, იმათ კი არ ვბეჭდავ, არამედ ვისაც ვბეჭდავ, იმათთან ვმეგობრობ-მეთქი. 

მიზეზ-შედეგობრიობის მსგავსი აღრევა ხშირად ხდება, როცა ლიტერატურულ “კუტოკებზე”, წრეებსა თუ კლანებზე იწყება ლაპარაკი. იმ დილემას, კვერცხი უფრო ადრე იყო თუ ქათამი, არავინ უფიქრდება და როცა მავანნი მწერლების იმ სამეგობროს ხედავენ, რომლისგანაც თავად ასე თუ ისე შორს არიან, ეჩვენებათ, რომ ეს წრე მათ საწინააღმდეგოდ შეიკრა, მხოლოდ იმისთვის გაჩნდა, რომ ისინი ჩაძიროს და სხვა მიზანი არც არასდროს ჰქონია. არადა, ხშირად ყველაფერი ძალიან ბუნებრივად ხდება. რაღაც ესთეტიკური პრინციპები, ნიჭიერების მსგავსი დონე და რამდენიმე ასეთი კომპონენტი აერთიანებთ შემოქმედებს, აქმნევინებთ მათ პოეტურ ორდენებს თუ ლიტერატურულ გაერთიანებებს, ჟურნალ-გაზეთებს თუ ფესტივალებს, ანდა უბრალოდ მტკიცე თუ არცთუ ისე მტკიცე სამეგობროებს (ზოგჯერ ასეთი “კუტოკები” თუ “კლანები” “ბიტლზებივით” იშლებიან, და ესეც ბუნებრივია). თუმცა ჩაკეტილი და ჰერმეტული ასეთი წრეები თითქმის არასდროსაა. ნებისმიერ დაჯგუფებას დროთა განმავლობაში ვიღაც აკლდება, ვიღაც ემატება, ჰო, ემატება, ოღონდ ისიცაა, რომ დამატებისას მასში თავისთავად უნდა მოხვდე, მიზიდულობის რაღაც კანონით. აი, შენ თუ მოგეპრიანა, ამ სურვილით არ გამოვა, შეიძლება მონდომებისდა მიუხედავად მაინც უცხო სხეულად დარჩე. თუმცა, ცხადია, უცხო სხეულად ყოფნა არანაირად არ უნდა ნიშნავდეს იმას, რომ „გარეთ მყოფი“, თუ მისი მხატვრული დონე მაღალია, არ დაიბეჭდოს, რაღაც კუთხით დაიჩაგროს. ხდება ხანდახან ასეც, მაგრამ ეს მაინც არასიმპტომატურია. ანუ ის პირქუში სურათი, როგორსაც ხატავენ ხშირად, როცა ლიტერატურულ, სახელოვნებო დაჯგუფებებზე იწყებენ ლაპარაკს, ჩემი აზრით, რეალურად მთლად ასეთი პირქუშიც არაა. უფრო ჰუმანურია, ვიდრე „მაფიოზური.“ შეგვეძლო უფრო ღრმადაც ჩავძიებოდით ამ საკითხს, გაგვექექა და ამოგვეტანა ზემოთ ის მინუსები, რაც ასეთ სახელოვნებო თანაცხოვრებას თან ახლავს, მაგრამ ჩემი აზრით რაც დრო გადის, ეს მიმართება სულ უფრო არააქტუალური ხდება. წინ სულ სხვა ფაქტორები იწევს და „კუტოკურობის“ ფენომენს სახეს ძირფესვიანად უცვლის.  

სიტუაცია გაცილებით რთულდება, როცა საქმეში იდეოლოგია იჭრება, და კიდევ უფრო მეტად - როცა პოლიტიკა. ეს ორი რამ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან. იდეოლოგიური ბრძოლები ლიტერატურაში და ზოგადად, ხელოვნებაში სულ იყო და ამ დროს დაჯგუფებების ჩამოყალიბება მიზანმიმართულად მიმდინარეობს. არიან გულწრფელად ამ იდეოლოგიის მიმდევარნი, ზოგჯერ შეპყრობილნიც კი ამ იდეოლოგიით, რომლებიც ქმნიან ბირთვს, და შემდეგ მათ ეკვრიან სხვები, რომლებიც ასე თუ ისე იზიარებენ მოცემულ იდეოლოგიას, ან უბრალოდ მიმდინარე იდეოლოგიურ ბრძოლებში კონკრეტულ ჯგუფში უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს.

იდეოლოგიური ბრძოლა სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს: შესაძლოა ესთეტიკური რადიკალიზმი ქმნიდეს მას (მაგალითად, ფუტურიზმი), ან პირიქით, პოლიტიკური რადიკალიზმი ქმნიდეს ახალ ესთეტიკას (მაგალითად, პროლეტკულტი). ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი გაერთიანებები რაღაც დონის რადიკალიზმს ყოველთვის გულისხმობს და გამყოფი ხაზებიც ამ დროს გაცილებით მკაფიოდ მოჩანს. და იდეოლოგიურად ერთმანეთთან დაპირისპირებული ჯგუფები ფართო დიაპაზონის საინტერესო სახელოვნებო ველს ქმნიან, თუკი რომელიმე ერთი იდეოლოგიის ზურგს უკან არ დგას დომინანტური პოლიტიკური ძალა, რომელიც დანარჩენ იდეოლოგიებს ჩაგრავს დასპობს, თავად კი პროპაგანდიზმში გადაიზრდება (როგორც ეს სოცრეალიზმის დროს მოხდა). ანუ, ასეთ შემთხვევებში, რეალურად ხელოვანები ერთიანდებიან არა მეგობრული კავშირით, არა ესთეტიკური თუ იდეოლოგიური პრინციპების ირგვლივ, არამედ პოლიტიკური ნიშნით. და ეს ყველაზე არასასიამოვნო და არაბუნებრივი გაერთიანებაა. ასეთი გაერთიანებები ხშირად იბრალებენ, რომ ისინი არა პოლიტიკურ, არამედ იდეოლოგიურ დაჯგუფებებს წარმოადგენენ, მაგრამ რაც დრო გადის, მით უფრო რთული ხდება წმინდა იდეოლოგიური სახელოვნებო ბრძოლები, გამომდინარე იქიდან, რომ იდეოლოგიები პოლიტიკური პრაგმატიზმის მონობაში ექცევა და ეს ჩემი აზრი არაა, ესაა ბოლო პერიოდის ფილოსოფიური დაკვირვება სხვადასხვა სკოლის თუ მნიშვნელოვანი კერძო ფიგურის.    

წმინდა იდეოლოგიური სახელოვნებო ბრძოლები წარსულს ჩაბარდა (თუ ბარდება). რთულია იპოვო ისეთი იდეოლოგიური სახელოვნებო ნიშა, რომელიც პროპაგანდში არაა გადაზრდილი. პროპაგანდათა შეჯახება კი პოლიტიკური შეჯახებაა და მეტი არაფერი. აქ უკვე ადგილი აღარ რჩება “კუტოკებისთვის”, “კლანებისთვის”, რომელთა არსებობაზეც ადრე ვწუწუნებდით. შეიძლება მოგვენატროს კიდეც ის დრო, როცა ასეთი წესით ჯგუფდებოდნენ ხელოვანები და თავიანთ მეტ-ნაკლებად გავლენიან სივრცეებს ქმნიდნენ. სადაც საკმაოდ ხშირად გარკვეული სოციალური მდგომარეობაც იგულისხმებოდა და ამის გამო იყო საუბარი მათ ჩაკეტილობაზე, არასამართლიანობაზე და სხვა ნეგატიურ თვისებებზე. ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ ასეთი დაჯგუფებების დაშლას, მაგრამ მხოლოდ იმის ხარჯზე, რომ ისინი, ცნობიერად თუ არაცნობიერად, მაგრამ მაინც გადაჯგუფდებიან პოლიტიკურ ფრთათა ქვეშ მყოფ ერთიანობებად. შესაძლოა, ვიღაცისთვის ეს პროგრესულობის მაჩვენებელიც კი იყოს, მაგრამ თუ პოლიტიკური ბრძოლა პირწმინდად ანაცვლებს წმინდა იდეოლოგიურ ბრძოლას, ეს ჩემთვის ყველაზე მძიმე სურათია, რომელიც კი შეიძლება სახელოვნებო ველზე დაიხატოს. 

ლოზუნგი „ხელოვნება პოლიტიკაა“, არაა აუცილებელი, რომ ნიშნავდეს „ხელოვნება პოლიტიკური ძალის გვერდით დგომაა.“ ეს არასწორი გაგებაა. პოლიტიკური ხედვის ქონა არ უნდა ნიშნავდეს კონკრეტული პოლიტიკური ძალის გვერდით ყოფნას. არ უნდა ნიშნავდეს, მაგრამ რთულია. და რაც უფრო გადის დრო, სულ უფრო რთულდება აკეთო პოლიტიკური ხელოვნება ისე, რომ არ ექცეოდე პოლიტიკური ძალების ტყვეობაში. თუმცა, მე მწამს, რომ შეუძლებელი მაინც არაა. ჯერჯერობით მაინც. და ამ სუსტი ოპტიმიზმით მინდა დავასრულო წერილი, რომელიც საკმაოდ ზოგადი გამომივიდა. მაგრამ აქ კონკრეტიკა საჭირო არაა. ვინც როგორ მიიღებს, ისე მიიღოს. ვინც როგორ გაშიფრავს თავის დღევანდელ მდგომარეობას ამ კუთხით, ისე გაშიფროს. ამინ!

 

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები