განცხადებები

ოპოზიციური მედიის ცენზურის მცდელობა

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 2021-01-21 1552

კომუნიკაციების კომისია ოპოზიციური არხის სიუჟეტთან დაკავშირებით მორიგ შეზღუდვას აანონსებს.

„რა განსხვავებაა პარლამენტსა და პრეზერვატივს შორის? პრეზერვატივში ერთი .|. ეტევა“. ამერიკელი  მწერლის, ჩაკ პალანიკის, რომანის პერსონაჟის პერიფრაზის გამოყენებით „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა, ბექა ყორშიამ, საქართველოს პარლამენტი გააკრიტიკა. სწორედ ამ სიუჟეტის გამო კომუნიკაციების კომისია ცდილობს, სანქციები დაუწესოს ტელევიზიას.

სატირა, მათ შორის არანორმატიული სატირა, სატელევიზიო სივრცის შემადგენელი ნაწილია. ამის მაგალითად გამოდგება ბილ მაერის, ჯონ ოლივერის, ჯიმი კიმელის და სხვათა მონოლოგები. თითოეული ეს მონოლოგი სიმძაფრით (და „უხამსობითაც“) ერთიათად  აღემატება ყორშიას ხსენებულ მონოლოგს. ვეჭვობთ, რომ უზარმაზარი ტელეტრადიციების მქონე დასავლურ მედიასაშუალებებს არ ესწავლებათ, რა უნდა გავიდეს ეთერებში.

მიუხედავად საყოველთაოდ ცნობილი სატელევიზიო მაგალითებისა, კომუნიკაციების კომისია ცდილობს, სრულიად აბსტრაქტული ეთიკური კრიტერიუმებით შეზღუდოს მედია. საქმე ისაა, რომ კომუნიკაციების კომისია გავიდა საკუთარი უფლებამოსილების საზღვრებიდან - კანონის მიხედვით, მსგავსი საკითხები  არის მხოლოდ მაუწყებლების შიდა საჩივრების განმხილველი ორგანოს ექსკლუზიური კომპეტენცია, გადაწყვეტილება უხამსობასთან დაკავშირებით არ შეიძლება კომუნიკაციების კომისიამ განიხილოს. კონკრეტულად უხამსობასთან დაკავშირებით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის გადაწყვეტილებით, დასაშვები გახდა მაუწყებლის შიდა თვითრეგულირების ორგანოს გადაწაყვეტილების გასაჩივრება მხოლოდ სასამართლოში და არა კომისიაში.

მედიის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები ერთმნიშვნელოვნად მიიჩნევენ, რომ საქმე გვაქვს შეზღუდვის, ცენზურის მცდელობასთან, რაკი ამ საქმეს  სამართლებრივი საფუძვლები მთლიანად გამოცლილი აქვს.

ამ თემას უკვე გამოეხმაურა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, რომელიც „მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ გასცდეს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ კომისიას მსგავსი არც უფლებამოსილება და არც ვალდებულება არ გააჩნია.  

„მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლი ადგენს, რომ ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი უხამსობის შემცველი პროგრამის ან რეკლამის განთავსებაზე მსჯელობს მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანო. ამავე მუხლით კი აკრძალულია აღნიშნულ საკითხზე კომისიისთვის ან სასამართლოსთვის მიმართვა“.

ანალოგიური განცხადებით გამოეხმაურნენ ფაქტს სხვა ავტორიტეტული ორგანიზაციები,   საია და „კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის“.  

საქართველოს პენცენტრი მიიჩნევს, რომ გამოხატვის თავისუფლება არ შეიძლება განისაზღვროს იმის მიხედვით, კომფორტის ზონაში გრძნობს თუ არა თავს ხელისუფლება. ხელისუფლება ვალდებულია აიტანოს დისკომფორტი, რაც მოაქვს მძაფრ კრიტიკას, მათ შორის, არანორმატიული ფორმით გადმოცემულს. 

საქართველოს პენცენტრი მიიჩნევს, რომ ოპოზიციური მედიის წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიის ამუშავება არ ემყარება არანაირ სამართლებრივ ბაზისს და პირდაპირ ცენზურის დაკანონების მცდელობას ემსახურება.

მოვუწოდებთ კომუნიკაციების კომისიას, შეწყვიტოს მედიის წინააღმდეგ აგორებული არასამართლებრივი საქმე და დროულად დაუბრუნდეს საკუთარი უფლებამოსილების ჩარჩოებს.  

პაატა შამუგია

საქართველოს პენცენტრის პრეზიდენტი

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები