მწერლები სიძულვილის ენის წინააღმდეგ

როცა სიტყვები (გ)აწამებს და (გ)კლავს

×
Volha Hapeyeva
ავტორის გვერდი ვოლია ჰაპეევა 1970-08-22 7015

მთელი ცხოვრებაა სიტყვების სამყაროში ვცხოვრობ, როგორც პოეტი და ლინგვისტი. ჩემთვის სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია, ზოგჯერ - მეტად მნიშვნელოვანი. სხვა პროფესიების მსგავსად, ჩემიც ამახინჯებს მსოფლმხედველობას.  ხშირად მეუბნებიან, რომ სიტყვების მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე ვარ და მართლებიც არიან. სიტყვები ჩემთვის  უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე მოქმედებები. სინამდვილეში, ზოგიერთი სიტყვა თავად არის მოქმედება. გავიხსენოთ „საშემსრულებლო“ ზმნები, რომელთა წარმოთქმაც წარმოშობს მოქმედებებს (მაგ.: გპირდები, ვაღიარებ, ვაცხადებ, ვფიცავ და ა.შ.). შემთხვევითი არ არის, რომ  საშემსრულებლო ზმნები ვახსენე, რადგან მსურს ჩემი ესსე დავიწყო საკმაოდ თამამი განცხადებით, რომ სიძულვილის ენა, როგორც ფენომენი, თავისი ხასიათით შემსრულებლურია. ვგულისხმობ იმას, რომ სიძულვილის ენა არის ქცევის ისეთი ტიპი, რომელიც ზიანს აყენებს სხვა ადამიანს და შესაბამისად, მის გამოყენებას აქვს რეალური ეფექტი, რომელიც იწვევს შიშს, სტრესს, ტრავმებს, ემოციურ და ფიზიკურ ტკივილსაც კი.

ერთი შეხედვით, სიძულვილის ენა ახალი ფენომენია, თუმცა ის უკვე დიდი ხანია არსებობს, ვფიქრობ, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც ხალხმა საუბარი დაიწყო. თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, დავინახავთ, რომ წინაპრებისგან მემკვიდრეობით სიძულვილის ენის მრავალი მაგალითი გვერგო. ანდაზებსა და თქმულებებს, წყევლებსა და შელოცვებს, რომლებიც ამცირებენ და დასცინიან ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფებს, არც თუ ისე იშვიათად ვხვდებით ნებისმიერ ენაში. ერთ-ერთ ჩემს აკადემიურ ნაშრომში, ერთმანეთს შევადარე ბელორუსული და ინგლისური წყევლა-კრულვა. ამ ტერმინებს მიღმა, მე დავინახე ვერბალური და კოგნიტური პრაქტიკა ბოროტი სურვილებისა და ლანძღვა-გინებისა. კერძოდ, მოსაუბრე (სპიკერი) მსმენელს უსურვებს შეემთხვეს რაიმე ცუდი. მაგ.: „დაე, ეშმაკმა წაიღოს შენი ბოლო შილინგი! წყეულიმც იყავ! ჯოჯოხეთშიც წასულხარ!“ უნდა ითქვას, რომ მსგავს გამონათქვამებს ძველად მასიურად ვხვდებოდით და ადამიანები მათ აქტიურად იყენებდნენ  მტრისაგან თავდასაცავად, ან იმ ადამიანთათვის ცუდი ბედ-იღბლის სასურვებლად, რომლებიც არ მოსწონდათ.

დღეისათვის, სიძულვილის ენას ყველაზე ხშირად ვხვდებით მასმედიასა და სოციალურ მედიაში, მაგრამ მას შეიძლება შევეჩეხოთ ყოველდღიურ ცხოვრებაშიც: სამუშაო ადგილებსა და სასწავლო დაწესებულებებში, საავადმყოფოებსა და მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ.

სიძულვილის ენის რიტორიკა ემყარება დიქოტომიას "ჩვენ" და "მათ". ამგვარი შეპირისპირება სხვების მიმართ წარმოქმნის საშიშ და მტრულ დამოკიდებულებას, მხოლოდ იმიტომ რომ ისინი გამოიყურებიან განსხვავებულად, მიირთმევენ განსხვავებულ საკვებს, აქვთ განსხვავებული ადათ-წესები, მღერიან განსხვავებულ სიმღერებს და ასე შემდეგ. დისკრიმინაცია არის „ტრენინგი - არ გამოვავლინოთ სხვების მიმართ თანაგრძნობა, რადგან ისინი გარკვეულწილად განსხვავებულები არიან, სჯერათ, რომ ეს განსხვავებულობა ყველაფერია, კოლექტიური ჩვეულებები კი არაფერი.“ [1] სწორედ ამიტომ, დამორჩილება, ზეწოლა, ბატონობა და ძალადობა - სიძულვილის ენის ტიპური მახასიათებლებია და მათი მიზანია მოახდინონ მოწყვლადი ჯგუფების სტიგმატიზაცია, ჯგუფების, რომელთაც საზოგადოებაში ნაკლები ძალაუფლება აქვთ და ხშირ შემთხვევაში, თავდაცვის უნარიც კი არ გააჩნიათ.

დღესდღეისობით, სიძულვილის ენის პრობლემა  საკმაოდ დიდ ყურადღებას იპყრობს. მაგალითად, ევროპის საბჭომ, ხორვატიის ევროპის ელექტრონული მედიის სააგენტოსთან პარტნიორობით, ჩაატარა საერთაშორისო კონფერენცია - სიძულვილის ენის გამოხატვა მედიაში: მარეგულირებელი ორგანოების და სასამართლო ხელისუფლების როლი ზაგრებში (ხორვატია) 2018 წლის ნოემბერში. 2012 და 2017 წლებში ევროპის საბჭოს ახალგაზრდულმა დეპარტამენტმა ორგანიზება გაუწია ევროპული და რეგიონული ტრენინგების კურსებს, სემინარებსა და კონფერენციებს. ეს გახლდათ სიძულვილის ენის წინააღმდეგ მოძრაობის ახალგაზრდული კამპანიის ნაწილი.

რაც შეეხება ბელარუსის მდგომარეობას, შემიძლია ვთქვა, ბევრი რამ გაკეთდა, რომ საზოგადოებას, სიძულვილის ენის პრობლემისთვის ყურადღება მიეპყრო. კერძოდ, ადამიანის უფლებების ინიციატივა „ჟურნალისტები ტოლერანტობისთვის“ [2] ბელარუსულ მასმედიაში მონიტორინგს უწევს სიძულვილის ენის გამოყენებას LGBTQ [3]  თემთან მიმართებით და მონიტორინგის შედეგებს წარადგენს ნახევარწლიური მოხსენებების სახით. მათ ვებგვერდზე იძებნება სპეციალური ფუნქცია, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ შეამოწმოთ, ხომ არ შეიცავს ესა თუ ის ტექსტი სიძულვილის ენის ნიშნებს (https://check.j4t.by). ასევე, არსებობს ბროშურები, რომლებიც ეძღვნება სიძულვილის ენის თემებს, როგორებიცაა: სიძულვილის ენის გენდერული ასპექტები ბელარუსულ მედიაში [4] და ა.შ.

მიუხედავად ამისა, სიძულვილის ენა ჩვენი  ყოველდღიურობის ნაწილია, რადგან, სამწუხაროდ, სტერეოტიპები და დისკრიმინაციული იდეები საზოგადოებაში მეტად ძლიერია. ძალიან ხშირად, კრიმინალურ ამბებში შეიძლება მოისმინოთ "ცუდი და უპასუხისმგებლო დედების" (მამები არ არიან ნახსენები) ან "ცბიერი ბოშების" შესახებ. ეს ყველაფერი იწვევს გარკვეული ჯგუფების სტიგმატიზებასა და დემონიზებას. ენა ძალიან ძლიერი ინსტრუმენტია, რომელიც ქმნის რეალობას. გულუბრყვილობა იქნება, რომ არ შევაფასოთ მისი გავლენა ადამიანის გონებაზე. მთავრობებმა და სახელმწიფოებმა, საუკუნეების განმავლობაში იცოდნენ ამის შესახებ, მაშინაც კი, როდესაც ამაზე ღიად არ საუბრობდნენ. ენობრივი პოლიტიკა და ენობრივი საკითხების სახელმწიფოებრივი რეგულირება, ხელისუფლების დღის წესრიგში ჩვეულებრივი საკითხია. ნებისმიერი რეჟიმი ან დიქტატურა გამოიყენებს გარკვეულ ლექსიკას, რომ გაამართლოს თავისი მოქმედებები და გაამასხარავოს ოპოზიცია. ლინგვისტური პროპაგანდა ამახინჯებს ადამიანთა აზროვნებას და აწებებს დამამცირებელ ეტიკეტებს მოწინააღმდეგეებსა და პოტენციურ „მტრებს“.

ერთი მხრივ, ცნობიერების ამაღლება სიძულვილის ენის შესახებ გვაძლევს იმედს უკეთესი და ცივილიზებული საზოგადოებისა, სადაც ნებისმიერი ადამიანის უფლებები იქნება გარანტირებული და დაცული, მეორე მხრივ, არსებობს საშიშროება, რომ ზოგიერთებს შეუძლიათ ისარგებლონ სიძულვილის ენის პრობლემით, მოახდინონ მათი პოლარიზება ისეთ საკითხებამდე, რომლებსაც ექსტრემიზმამდე მივყავართ და უფლებადამცველები ხაფანგში მოაქციონ.

მაშ, რა მოვუხერხოთ სიძულვილის ენას? ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ ფენომენის აკრძალვამ და პათოლოგიურმა განხილვამ პრაქტიკაში შეიძლება  გამოიწვიოს აკრძალვები და სამართლებრივი რეგულაციები, რომლებიც ინფანტილიზაციას გაუწევს მომხმარებელს, რაც ნიშნავს იმას, რომ ადამიანს არ სჭირდება თავად იფიქროს და მიხვდეს, რომელი გამონათქვამები შეიძლება გამოიყენოს, და რომლები შეიძლება იყოს შეურაცხმყოფელი ან საშიში სხვებისთვის. უნდა აღვნიშნო, რომ ამგვარ მიდგომას აქვს თავისი ლოგიკა და იდეურად ახლოსაა ისეთი ინდივიდის აღზრდის მცდელობასთან, რომელსაც შეუძლია დამოუკიდებლად, თავად გაარჩიოს კარგი და ცუდი, რაც მოგვცემს საზოგადოებას, სადაც შეზღუდვები და აკრძალვები აღარ იქნება საჭირო.

პირადად ჩემთვის, სიძულვილის ენის გამოხატვის ყველაზე რთული შემთხვევა არის ლიტერატურული ენა. ზოგჯერ მწერლები, რომლებიც იყენებენ დამამცირებელ გამონათქვამებს ნებისმიერი ჯგუფის ასაღწერად (ქალები, უცხოელები, ემიგრანტები) -  თავს იმართლებენ იმით, რომ ეს აუცილებელია პერსონაჟის დასახასიათებლად. ზოგჯერ რთულია შეეკამათო. თუმცა, დამწყები მწერლების ტექსტების რედაქტირებისას, ჩემს პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც ისინი იყენებენ შედარებით „რბილ“, თითქმის შეუმჩნეველ სიძულვილის ენას, და მიუხედავად ამისა, ახდენენ სტერეოტიპების რეპროდუქცირებას. მე ამას ყოველთვის აღვნიშნავ და მათ ვაიძულებ დაფიქრდნენ, სჭირდებათ თუ არა თავიანთ ტექსტებში სექსისტური ან რასისტული გამოხატულება.

ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ესმის ადამიანს თავისუფლება: ზოგისთვის თავისუფლება არის ბავშვების დატუქსვა და პარტნიორის ცემა - რადგან მას მიაჩნია, რომ ეს არის განათლების ეფექტიანი საშუალება ან აღზრდა. სიტყვებსა და ვერბალურ ქცევას ადამიანები ხშირად სერიოზულად არ განიხილავენ. მახსოვს, მამაკაცები, რომლებიც ჩემი მისამართით იყენებდნენ დამამცირებელ გამონათქვამებს, თავს იმართლებდნენ იმით, რომ იმ მომენტში თავს გრძნობდნენ „ძალიან ემოციურად“, მე კი ზედმეტად მძაფრად ვრეაგირებდი და სინამდვილეში, არ მქონდა განაწყენების უფლება.

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ თუ ვინმე გვლანძღავს და ვერბალურად ცუდად გვეპყრობა, სხვა გზა არ არის, ჩვენ უნდა გვქონდეს მძაფრი რეაქცია, რადგან ვერბალური ძალადობაც ძალადობაა. ასევე, მნიშვნელოვანია მსგავსი შემთხვევები გავხადოთ ხილული, რადგან თუ აგრესორს დავტოვებთ დაუსჯელად, ის იფიქრებს, რომ ეს სწორი საქციელია და „ეს მისი თავისუფლებაა“.

მე თვითონ, როგორც პოეტი და მწერალი, ამ ტრავმულ გამოცდილებას ჩემს ტექსტებში ხელახლა ვამუშავებ. ზოგჯერ, ირონია საუკეთესო გასაღებია ამაზე სასაუბროდ. გერმანიაში მცხოვრები ბელარუსი არტისტის, მარინა ნაპრუშკინას ნამუშევარი კარგი მაგალითია იმისა, თუ რა შეიძლება გააკეთოს ხელოვანმა. მისი ნამუშევარი წარმოდგენილი გახლდათ ფემინისტურ არტ-კრიტიკის გამოფენაზე 2014 წელს, ქალაქ მინსკში (იხ. სურათი ქვემოთ). ნამუშევარი წარმოადგენს შაბლონს სიტყვებით, რომლითაც ჩვეულებრივ მამაკაცები მიმართავენ ქალებს („ძვირფასოდან“ დაწყებული, “კახპა“-თი  დამთავრებული) და ნათელი მაგალითია იმისა, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება "სიყვარული" გადაიზარდოს "სიძულვილში".

ჯერჯერობით, დისკრიმინაციისა და სიძულვილის ენის ყველაზე ძლიერი ანტიდოტი არის ემპათია - მონათხრობი, რომელიც საშუალებას გვაძლევს საკუთარი თავი სხვებში დავინახოთ. ლიტერატურა და პოეზია ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა თანაგრძნობის გასავითარებლად და  გვეხმარება გარშემომყოფი ადამიანების დანახვაც  ვისწავლოთ.

მარინა ნაპრუშკინა, "უსათაურო", 2014

 

[1] p. 36, R. Solnit (2017) The Mother of All Questions.

[2] www.j4t.by

[3] https://j4t.by/category/issledovaniya/

[4] ­­file:///C:/Users/user/Downloads/gendarnyya_aspekty_movy_varozhasci_u_belaruskih_smi.pdf

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები