განცხადებები

კინოს მოთვინიერება - სალომე ჯაშს ფილმის ჩვენების საშუალება არ ეძლევა

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2022-04-28 14364

კულტურის სფეროში ცენზურა გრძელდება. ამჯერად, ცენზურის საშიშროების წინაშე დადგა სალომე ჯაშის ფილმი "მოთვინიერება", რომელიც უკვე არაერთი ევროპული ჯილდოს მფლობელია. როგორც რეჟისორი ფეისბუკზე წერს, კინოაკადემიის დირექტორმა მინდია ესაძემ მას უთხრა, რომ მისთვის "მიუღებელია ისეთი ნაწარმოების ჩვენება, რომელიც აზრთა სხვაობას იწვევს და საზოგადოებას პოლიტიკური ნიშნით ყოფს". 

მიგვაჩნია, რომ ეს არის პირდაპირი ცენზურა, რომელიც კულტურის მინისტრის რეპრესიული პოლიტიკის გაგრძელებაა, ამჯერად, კინემატოგრაფის სფეროში. რეპრესიული პოლიტიკა საკუთარ თავზე უკვე გამოსცადეს ლიტერატურისა და სამუზეუმო სფეროების წარმომადგენლებმა. კინოცენტრიდან გაგა ჩხეიძის მოხსნით კი დაიწყო ახალი ტალღა ამ სფეროში გასატარებელი მკაცრი ცენზურის წასახალისებლად. შედეგად, როგორც ჩანს, მივიღეთ ის, რომ ფილმის ჩვენებაც კი პოლიტიკური გემოვნების მიხედვით განისაზღვრება.

საქართველოს პენცენტრი მიიჩნევს, რომ ეს პროცესი უკვე გასცდა საგანგაშო ნიშნულს და ეს მიდგომა უკვე არის გაცხადებული, დაუფარავი ცენზურა. სალომე ჯაშს არ ეძლევა შემოქმედებითი რეალიზების საშუალება, რადგან მისი დოკუმენტური ფილმი არის  ბიძინა ივანიშვილის ჰობის შესახებ. 2016-2019 წლებში ბიძინა ივანიშვილი აჭარაში, გურიასა და სამეგრელოში გიგანტურ ხეებს თხრიდა და ზღვით შეკვეთილში, დენდროპარკში გადაჰქონდა. “მოთვინიერების” მსოფლიო პრემიერა სანდენსის კინოფესტივალზე გაიმართა, ხოლო – ევროპული პრემიერა ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფორუმის სექციაზე შედგა. ფილმი ევროპული კინოდაჯილდოების ნომინანტია. წარდგენილი იყო მსოფლიოს 30-მდე კინოფესტივალზე.

მიუხედავად იმისა, რომ კინოაკადემია, ფორმალურად, დამოუკიდებელი ინსტიტუციაა, რომელიც შემოქმედებითი გაერთიანებების შესახებ კანონის საფუძველზე მოქმედებს, ის, როგორც ჩანს, პოლიტიკურ კონიუნქტურას გვერდს ვერ უქცევს და ენთუზიაზმით ერთვება კულტურის მინისტრის მიერ დაწყებულ რეპრესიებში. 

საქართველოს პენცენტრი მოუწოდებს საქართველოს კინოაკადემიას და მის ხელმძღვანელობას, შეწყვიტონ ცენზურა და მისცენ რეჟისორს შემოქმედებითი რეალიზების საშუალება.  

">
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები