PENVIRONMENT

აქა ამბავი თბილისის ძველი და ახალი მშენებლებისა

×
ავტორის გვერდი ნინო ჩერქეზიშვილი 2020-11-23 946

ამასწინათ სახლში ერთ ძველ დოკუმენტს წავაწყდი. ეს 1884 წლით დათარიღებული დოკუმენტი ჩემი მეუღლის დიდი პაპის,  ღვინის მეწარმის, პირველი გილდიის ვაჭრის თხოვნა აღმოჩნდა. ისაკ პიტიური ტფილისის ქალაქის საბჭოსგან ნებართვას ითხოვდა, რომ კუკიაზე (მაშინ, ალბათ, ქალაქის გარეუბანში) უკვე აშენებული სახლისთვის მარჯვენა მხრიდან ერთი ფლიგელი მიეშენებინა. თან დართული ჰქონდა მთლიანი სახლის გეგმა და ასევე მისაშენებელი ნაწილის პროექტიც, რომელსაც რამდენიმე ინსტანცია გაევლო ნებართვის მოლოდინში. გაყვითლებული პერგამენტის  ქაღალდზე შესრულებულ  გეგმაში ადვილად  შენიშნავთ  სახლის დახვეწილ იერსახესა და ელეგანტურობას თავისი დეკორატიული დეტალებით, ლამაზი თაღებითა და კარნიზებით, კარ-ფანჯრის მოჩუქურთმებული საპირეებით. მთელ ამ ამბავში სადღეისოდ ყველაზე მნიშვნელოვნად მეჩვენება ერთი დეტალი -  რამდენად ფრთხილი იყო მაშინდელ ხელისუფალთა დამოკიდებულება ქალაქის იერსახის მიმართ. 

ბევრი მსმენია ამ სახლისა და მისი მშენებლის შესახებ მისივე  უშუალო შთამომავლებისაგან.  როგორც ჩანს, მაშინაც აქტუალური ყოფილა აშენება-მიშენების პრობლემა, დღეს რომ ასე ვჩივით და ვგოდებთ. მაშინ ხომ წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რა სახეს მიიღებდა მათი რუდუნებით აშენებული ქალაქი საუკუნე-ნახევრის შემდეგ, თითქოს რომანებიდან გადმოსული, დეკორატიულობის მაღალი ხარისხით შესრულებული მედიდური შენობებით რომ იწონებდა  თავს; ასე რომ ცდილობდნენ, არ ჩამორჩენოდნენ ევროპულ ტენდენციებს და ქმნიდნენ იმ დროს გავრცელებული ესთეტიკური სტილით, რაც გულისხმობდა, როგორც შესრულების დახვეწილობას, ისე ხის ჭვირული და  ლითონისგრეხილიანი კონსტრუქციებით ოსტატურად შესრულებულ აივნებსა თუ კედლის შემკულობას, - სადაც ფლორულ მოტივებს მითოლოგიური პერსონაჟები ენაცვლებიან,  - და ეს ყველაფერი ჰარმონიულად ეხამებოდა  ამა თუ იმ არქიტექტურულ ქსოვილს, რათა ახალ შენობებს დაფიქრებულად და კანონზომიერად დაეწყოთ არსებობა და საერთო ლანდშაფტში არც მათ მიერ დარგულ ხეებსა და არც მათ დაპროექტებულ სახლებს ჩრდილი არ დაეკარგათ. 

მაშინდელი დამკვეთები მთლიანად ენდობოდნენ  მშენებლებს და მათ,  - ვისაც ზემოხსენებულ დოკუმენტში ჩვენი წინაპარი, მაშინდელი თბილისური სლენგით „დამპლანავს“ ეძახის, -არქიტექტურაში კანონმდებლის ფუნქცია ჰქონდათ. ფუნქცია, რომელიც ბოლო 30 წელია, ნებსით თუ უნებლიეთ, წარმატებით შეითავსა  ყველამ, ვის კომპეტენციასაც სწორედ უპირობოდ სცდება - დამკვეთმა, მენაშენემ, ინვესტორმა თუ სხვა დანარჩენებმა... ფარაჯანოვისეული სილამაზისა და ესთეტიკის  აღქმას ვიღა ჩივის და ეს თანამედროვე „დამპლანავები“ არად დაგიდევენ კონტექსტიდან ამოვარდნილ უმასშტაბო პროპორციებს, მხატვრულ-ისტორიულ ღირებულებებს, ლანდშაფტის თავისებურებებსა თუ შენობების  ტლანქსა და უხეშ ფორმებს.

სამწუხაროდ, დღეს არქიტექტურა ძალაუფლების სამსახურში ჩადგა.  

არადა, საუკუნისწინანდელი პოლონელი, გერმანელი, რუსი, იტალიელი თუ სომეხი არქიტექტორები ერთად ქმნიდნენ იმ ესთეტიკურ სტილს, რომელიც თბილისმა თავისებურად მოირგო, გაითავისა და კიდევ უფრო საინტერესო სახით წარმოგვიდგინა: ეზოდან მიდგმული ფართო აივნები მაშინ თბილისელთა ცხოვრების წესის გათვალისწინებით გაჩნდა, რამდენადაც ქალაქელთა ლაღი ცხოვრება ვერ აიტანდა ჩრდილო-ევროპულ ჩაკეტილსა და პირქუშ ყოფას; ასევე, ერთიან მხატვრულ ორგანიზმად იქცა სტილისტური მრავალფეროვნება,  არქიტექტურული დეტალების სიუხვე და მათი გულმოდგინე დამუშავება, ფასადის მაქსიმალური დეკორირება, ქუჩიდან გადმოშვებული ღია თუ შემინული მოცულობები. შედეგად, თბილისური არქიტექტურა საუკეთესო თავმოყრაა ყველა იმ მოდური მიმართულებისა, რაც  ასე აქტუალური იყო მაშინდელ ცივილიზებულ სამყაროში, და ეს ხდებოდა იმიტომ, რომ  დამკვეთებიცა და არქიტექტორებიც თანხმდებოდნენ მთავარზე - დაეცვათ ელეგანტურობისა და დახვეწილობის საერთო პრინციპები, ზუსტად განესაზღვრათ შინაგანი და გარეგანი სივრცეების თანაფარდობა.            

ჩვენთან კი, სახლში, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის საუკუნე-ნახევარი გვაშორებს ამ ჩვენი ბარაქიანი წინაპრის მიერ სახლის აშენების ფაქტს, სულ მისი გამონათქვამები და ფრთიანი ფრაზები ტრიალებს მშვენიერ თბილისურ კილოზე, რომელშიც მსუყე ქართლ-კახური ჭარბობს (მისი ოჯახი ოდესღაც თელავიდან ჩამოსულა თბილისში).

აქ საინტერესო ისაა, რომ ამ გამონათქვამების  უმრავლესობა სახლის აშენებას ეხება, ამიტომ, მინდა, წარმოვიდგინო, როგორი იქნებოდა მისი ენობრივი პორტრეტი, რომელიმე მოთხრობის პერსონაჟი რომ ყოფილიყო:

„მოკლედ, ამ ჩვენს ისაკა პაპას დიდი საზრუნავი გასჩენოდა, დიდი მშენებლობა წამოეწყო კუკიაზე და საკმაო გამოცდილებაც დაეგროვებინა არა მარტო მშენებლობაზე, არამედ   სამართლიანობაზე, ვაჭრობაზე, ხელბარაქიანობაზე, სიძუნწესა თუ ადათზე. ყველა ამ საკითხებზე თავისი  მყარად არგუმენტირებული შეხედულებები გააჩნდა: ყველა საქმეს სახსარი სჭირდება წარმატებით დასრულებისთვის, უფრო კიდე მშენებლობის საქმესა. რიგიანი სახლის აშენებას დიდი გამბედაობა, მოთმინება, ხელგაშლილობა და სიბრძნე უნდა. ეს ისეთი ამბავია, ჭირადაც გეყოფა და ლხინადაც, თუ სიდინჯით არ მიჰყევ ამ საქმესა არამცთუ კაცი, თვით ეშმაკიც კი კისერს მოიტეხს. ამასწინეებზე დოგა-დოგა დამადგა ჩემი ძმისწული სისხამდილით; პეტერბურგიდამ სახელგანთქმული სახლების დამპლანავი ჩამოსულაო, ახალი სახლი იმას დააპლანინეო. მე, სიმართლე გითხრათ, სიფრთხილე მირჩევნიან - აბა, იმისი აშენებული რა მინახნია, რომ ვენდო, მე ისევ ჩვენებური ნემენცები ან სომხები მომწონს, რაც რამ დაუპლანავთ, გინდა ჩვენთან, გინდა გაღმა უბანში ყველაფერი ლაზათიანი გამოსულა. ვინც აივლ-ჩაივლის, ყველას თავისი გუნება აქვს, მაგათ თუ მოუსმინე, ვერას გააწყობ. ისევ ისა სჯობიან, მარტო მე და დამპლანავმა მისხლობით ავწონოთ და მიჯრით გავზომოთ, ცოლის კაპრიზებს კიდევა ხამუშ-ხამუშ ყური მოუყრუო და არ ავყვე თუ ჭკვაში არ დამიჯდა.

სულ სხვანაირ იშტაზედ ვარ მოსული, სხვანაირად ნამდომ სახლის შენებას შევდგომივარ, წადილი უფრო გამსუქებია და  მარტო ამ საქმით ვსულდგმულობ, თითქოს მარტო ეს მექცა თავმოსაწონად, ამ საქმეს ვაკვდები და არც მოვეშვები მთელის ჩემის შეძლებითა. აი, სომხების დაპლანულ-აშენებულ სახლებს წუნი არ დაედება, ვაჭრობაც ხეირიანი იციან და აშენებაცა. მაგათ მამა-პაპას უთქვამს, საცა პური სჭამო, იქ დაბინავდიო, ჰოდა, ეგენიც აქ, ტფილისში დაბინავებულან და ასლად და ზედგამოჭრილად ჩამოსხმულან დღევანდელი დღის ყალიბზედ. იმდენი იშრომეს და ივაგლახეს  ამ წუთისოფელშია, რომ ბოლოს ამდენი გარჯის ნაყოფად ღმერთმაც უპრიანად ავალა და ბარაქაც მისცათ. ამათ კიდევა თავმომწონეობით დოინჯი შემოირტყეს და ქვეყანაზე პატივით ყოფნაც ერგოთ. ამ 20-30 წლის წინათ სეიდაბადიდან ვერამდის მთელი ქალაქი სუმბათიანთ, ციციაანთ და მუხრანიანთ საკუთრება იყო, მაგრამ ეხლა რაღა, ეხლა მაგათ ფულზედ განაღდებულ მამულებზე მანთაშევების და თამამშევების ქარვასლები და სახლები დგას. ეს მიწაცა, საცა ეხლა სახლსა ვდგამ, საწყალმა მამაჩემმა იყიდა  ჩემ ბავშვობაში, აქ მაშინ ერთიორად იაფი იყო  სამოსახლო მიწები. რაც უფრო მრავლდება ტფილისში მოსახლეობა, მით ემატება მიწას მუშტარიცა და ფასიც. მიწა ეს ისეთი თამასუქია, რაც არ უნდა დრო გავიდეს, ფასი მით მეტად დაედება. სრული ერთი წელიწადი არ იქნება გასრულებული, რაც ჩემმა მეზობელმა ბეჟან-ბეგმა სახლის მშენებლობა დაამთავრა, მაგრამ ჩემი საძირკველის ჩაყრა კი ეწყინა. მიჯნა ერთი გვაქვს, იმდენი შარი მომდო, იმდენი მიმიკიბ-მომიკიბა, რომ პლანის გადაკეთება ორჯერ მოუხდა ჩემს დამპლანავსა. ღვთისწყალობა თქვენა გქონდეთ, როგორც მე გამახარა მაგისი მშენებლობის მორჩენამა. მთელი ხუთი ზაფხული გაუძელი  მაგათი მშენებლობის მტვერსა და ბუღსა, მაგათ კაკუნსა და ბრახუნსა. უკადრისად ხსენება არა მჩვევია, მაგრამ რაც მშიერი კუჭები ამოივსეს მაგანა და მაგისმა ძმამა, უფრო დიდი საღერღელი აეშალათ მაღლა ცოცვისათვის, დიდის გაძვრენ-გამოძვრენით დიდი ქონება დააგროვეს;  თითქოს ახალ მთვარობაზედ მტკვრის დინების შეჩერებას  შეასწრეს თვალი. მაგისი ტირაცუა მამა მამაჩემს დახლში ედგა... დიდი თმენა კი დასჭირდა მაგასთან საქმის დაჭერასა, მაგრამ ისევ ტკბილი სიტყვით და ადამიანობით გავხდი რამესა; ყმაწვილებსაც სულ მაგას ვეუბნები - დაყვავებით და მოთმინებით უფრო მიაღწევთ საწადელსა-თქო.

ადამიანის გუნებაცა, შნოცა, მარიფათიცა და ბარაქაც სულ თავისი აშენებული სახლის ლაზათში ჩანს. რა კაციცა ხარ, რაც გიშრომნია და გიშოვნია, სულ შეუძლიან მოჰყვეს სახლმა. ყველა დიდ საქმეს სახსარი სჭირდება, ამიტომა ჯიბეზე ხელი კარგა ბარაქიანად უნდა გაიკრა და ეგეთი საქმისათვის არა დაზოგო რა. მოკეთესაც გაახარებ, შინაურსაცა და ამ ქალაქში ჩამომსვლელსაც ასიამოვნებ კარგის შენობის ხილვითა; მოშურნესა და ბოროტსა კიდევ თვალს მოსთხრი და დაუყენებ, გულს გაუსიებ ბოღმითა. დილიდან დაღამებამდის ხან მეჩუქურთმეებთან დავრბივარ, ხან დურგლებთან, ხან სამჭედლოში ვზივარ და ხან კალატოზებს ვაწიოკებ, ხანაც მეთულუხჩეებს ვედავები, მოსვენება აღარა მაქვს. დღეს დილიდან სამჭედლოში ვტრიალებ, კარგა ბლომად საქმე შეუკვეთე მჭედლებსა, ეს მჭედლები კარგი ბიჭები არიან,  მაგრამა თავზე თუ არ დაადექი, ისე არა იქნება, თვალყურის დევნება  უნდათ მუდამ... აი, მხატვრობის საქმე კი მაფიქრებს ყველაზე მეტადა, ამ ჩემი დამპლანავის მოსაწონი მღებავი ვერავინ მოინახა ამ ქალაქშია. როგორც შენი საკუთარი ყმაწვილი გინდა სხვაზე უკეთესი დადგეს, ეგრე გინდა სახლიც სხვაზე უკეთესი. ეს დამპლანავებიც კიდე ლაზათიანზე ლაზათიანს აშენებენ, საიდან აქვთ ამდენის მოფიქრების ღონე და ილაჯი... ღმერთო, შენ მომასწარ ამ სახლის მშვიდობით დასრულებასა...       

P.S. სახლის მშენებლობა მშვიდობით დასრულდა, ხოლო მშენებლობა იმდენად აქტუალური თემა გახდა ისაკ პიტიურის ოჯახში, რომ მის შთამომავალთა უმრავლესობა არქიტექტორი, მხატვარი ან ინტერიერის დიზაინერი გახდა.   

პროექტის პარტნიორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია            
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები