მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

ავტობიოგრაფია, როგორც ჟანრი ანუ სინამდვილის თარგმნის შესახებ

×
მანანა მათიაშვილი, ფოტო: ნათია დანელიშვილი, ცოდნის კაფე/ Knowledge Cafe
ავტორის გვერდი მანანა მათიაშვილი 2020-03-03 6178
ფოტო: ნათია დანელიშვილი, ცოდნის კაფე/ Knowledge Cafe
 
 
ჩემს სამუშაო მაგიდაზე, კომპიუტერთან, საწოლთან, თაროებზე უამრავი წიგნი დევს, მაგრამ მათ წაკითხვას ვერ ვახერხებ. ყველა წიგნი დაწყებული მაქვს, სხვადასხვა რაოდენობის გვერდები - ათვისებული, მაგრამ დამთავრებული - არც ერთი, მით უმეტეს, ერთი ამოსუნთქვით დაწყებული და დამთავრებული. მენატრებოდა ეს შეგრძნება - წიგნის კითხვა ერთი ამოსუნქვით...
 
სწორედ ამაზე მინდა დავწერო, უცებ როგორ ამიხდა ეს ნატვრა და როგორ წავიკითხე ერთი ამოსუნთქვით ლანა ღოღობერიძის ავტობიოგრაფიული რომანი „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“ [2019]. 
 
ალბათ, არ არის შემთხვევითი, რომ ავტობიოგრაფიული ჟანრისა აღმოჩნდა ის ნაწარმოები, რომელმაც მკითხველის თავდავიწყება დამიბრუნა. ეს ის ჟანრია, რომელმაც  განსაკუთრებით გამიტაცა 2005 წლიდან არა როგორც მკითხველი, არამედ, როგორც მთარგმნელი...
 
ეს ის დროა, როდესაც კნუტ ჰამსუნის „ზღაპრულ მხარეში. კავკასიაში ნაფიქრი და ნაოცნებარის“ თარგმნა გადავწყვიტე, რაც, ამ გადასახედიდან, საკმაოდ გაბედული და ცოტა თამამი ნაბიჯიც იყო...  თუმცა, ტექსტზე მუშაობა დავიწყე და დავასრულე კიდეც რამდენიმე თვეში. მახსოვს, ზაფხული იყო. სოფლის ორსართულიანი სახლის ზედა სართულზე ვიჯექი დაბალ მაგიდასთან, რომელზეც ჩემი პირველი პერსონალური კომპიუტერი [ალბათ, ჯერ კიდევ პენტიუმ 2] იდგა. სხვა ბევრი არაფერი მახსოვს დეტალურად, მხოლოდ ეს სურათი - ჩემი თავი კომპიუტერის წინ, ჩანიშვნებით აჭრელებული ნორვეგიული ტექსტი, რომელიც ორივე ოფიციალური ნორვეგიული სახელმწიფო ენისგან საკმაოდ დაშორებული და უფრო ძველ დანიურთან მიახლოებულია და, რა თქმა უნდა, ჩემი საყვარელი და განუყრელი ლექსიკონები. ფრაგმენტულად მახსოვს, რომ ორი თვის კესოს, დღისით ბებია და მამიდა აქცევდნენ ყურადღებას, უვლიდნენ და ართობდნენ... და კიდევ მახსოვს ჩემი დიდი გაკვირვება ჰამსუნის, ამ სერიოზული მწერლის გულუბრყვილო და მიამიტური ქცევებით.
 
აი, ახლა, ამ პატარა მოგონების ეკრანის ფურცელზე გადმოტანას რომ ვცდილობ, პარალელურად მეფიქრება ავტობიოგრაფიის წერის თავისებურებებზე... წარმომიდგენია, რამდენი დაფარული და მივიწყებული დეტალი, შტრიხი, შეგრძნება და სურნელი აქტიურდება ავტორის გონებაში, როცა თავის წარსულს იხსენებს და მის გადმოცემას თუ გადმოწერას ცდილობს. საბოლოოდ, ალბათ, ვერასდროს გაიგებს მკითხველი, რა ნაწილი გადმოაქვს მწერალს ფურცელზე გონებაში ამოტივტივებული გრძნობებიდან, განცდებიდან და სურნელებიდან... იქნებ, მხოლოდ იმას წერენ, როგორადაც უნდათ, რომ შთამომავლობას დაამახსოვრდეთ, ან ფიქრობენ თუ არა ამ საკითხზე საერთოდ? რა განსაზღვრავს ნაწერის ინტონაციას, გულწრფელობის ხარისხს?
 
მართლაც, ყოველთვის მაინტერესებდა, რა მიმართებაშია ავტობიოგრაფიის ავტორის მონათხრობი ობიექტურ სინამდვილესთან, რა დოზით შეიცავს სუბიექტურობას, სად გადაიჭრება წარმოსახვაში და სად - არა... და ამ თემაზე როცა ვფიქრობ, ისევ ჰამსუნი მახსენდება, კავკასიაში მოგზაურობის დროინდელ ჩანაწერებში იმდენი გამონაგონი თუ წარმოსახული ამბავი აქვს აღწერილი, მკვლევრებს დღემდე უჭირთ მათი განსხვავება ნამდვილად მომხდარი ფაქტებისგან ისევე, როგორც თვითონ უჭირდა  წერის დროს ზღვრის გავლება სინამდვილესა და ფიქციას შორის. 
 
სამაგიეროდ, სინამდვილის მწვავე შეგრძნება არ გტოვებს, როცა კითხულობ  დაუღალავი, მრავალმხრივი ნიჭიერებით გამორჩეული ქალის, უამრავი განსხვავებულ საზოგადოებრივი საქმიანობით დაკავებული დიდი რეჟისორის თავგადასავალს. რაც ერთიანად გნუსხავს და გაჯადოებს კითხვის პროცესში, ეს სწორედ მისი ტკივილიანი სიმართლეა, მზაობა იმისა, რომ შეულამაზებლად დახატოს თავისი ცხოვრებისეული სინამდვილე. თითქოს, ხედავ, რომ ბუნებაში მხოლოდ ეს ერთადერთი გზა არსებობდა მისი თავგადასავლის მოსათხრობად - ისე, როგორც წიგნშია. 
 
მაკვირვებს ის ერთდროული სილაღე და სიმძიმე, პოეტურობა და თანმიმდევრულობა, რაც რეალური ამბების გახსენებისა და გადმოცემის სტილს ახლავს. ერთი შეხედვით ერთმნიშვნელოვანი მოვლენის მიღმა როგორ ჭვრეტს და შემდეგ ფურცელზე გადმოაქვს კონკრეტულისა და ყოფითის ზოგადი, მარადიული მნიშვნელობები; როგორ ახერხებს, წამებში განსაზღვროს სწორი პრიორიტეტები კრიტიკულ სიტუაციებში, არა მარტო სუბიექტურად, არამედ საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი ძვრების დროსაც კი...
 
ეს წიგნი, ერთი შეხედვით, უხილავი და, ამავე დროს მომნუსხველი დრამატურგიით აწყობილი სინამდვილის ისტორიაა, მთხრობელის - 90 წლის ახალგაზრდა ქალის - ფაქიზი შინაგანი განცდების ღრმა თვითანალიზით, გასულ საუკუნეში მომხდარი მნიშვნელოვანი მოვლენების ფონზე გადმოცემული შთამბეჭდავი პირადი ისტორებით, ბავშვის თვალთახედვისა და ფსიქოლოგიის უზადო ცოდნით, ცნობილი ადამიანების უცნობი თავგადასავლებით, ცნობილი პოეტებისა და მთარგმნელების უცნობი ლექსებით, ყოფითი მოვლენების ადამიანური, მეტისმეტად ადამიანური აღქმით, გულწრფელობის მაღალი ხარისხით...
არსებობს შეხედულება, რომ როცა მწერლები ავტობიოგრაფიას წერენ, თავიდანვე მოიაზრებენ მასში მკითხველს, რაც უკვე ბელეტრისტიკაა - ჩვეულებრივი მხატვრული ლიტერატურა, და ასეთი ტექსტი მით უფრო იქცევა ლიტერატურულ გამონაგონად, რაც მეტად „კითხულობენ“ ავტორები საკუთარ ცხოვრებას და ცდილობენ მის ინტერპრეტაციას მკითხველისათვის... 
 
აი, ჩემს საყვარელ თემასთანაც მოვედი: ინტერპეტაციისა და თარგმანის პრობლემა.  სოციოლოგები და ფსიქოლოგები შენიშნავენ, რომ ავტობიოგრაფია, როგორც ჟანრი, მწერალს ისტორიის გადაწერის საშუალებას აძლევს და, მე ვფიქრობ, რომ აქაც სწორედ გადააზრება, ინტერპრეტაცია იგულისხმება. დიახ, ავტობიოგრაფია საკუთარი ცხოვრების ინტერპრეტაციაა, ავტორეფლექსიაა, აღმოცენებული ერთადერთი ყველაზე სანდო პირის - ავტორის - მოგონებების საფუძველზე. მკითხველები კი, ალბათ, გაუნელებელი ინტერესით იმიტომ ვკითხულობთ ასეთ ნაწარმოებებს, რომ „შეიცან თავი შენი“ ოცდამეერთე საუკუნის ადამიანისთვისაც ერთ-ერთ ყველაზე იდუმალ და ძნელ საქმედ რჩება, რომელსაც ოდნავ გვიადვილებს სხვისი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და საინტერესო ადამიანების, ცხოვრებისეული ამბების გაგება და გააზრება. ერთადერთი, რაც განასხვავებს ერთი წიგნის სხვადასხვა მკითხველს, თითოეულის ინდივიდუალური აღქმის ხარისხია. 
 
როგორც ჩვენი ავტორი შენიშნავს: „ადამიანები განსხვავდებიან ერთმანეთისგან აღქმის სიმძაფრით. ერთისთვის რომელიმე ქლიავის ტოტი არის ქლიავის ტოტი, რომელსაც შეიძლება მოსწყვიტო ქლიავი, მეორისთვის ის კიდევ ლამაზიც არის, მესამე შეიძლება უცებ გაოგნდეს მისი ფოთლის იასამნისფერი ციმციმით და კიდევ ვიღაცის აღქმაში ქლიავის ტოტი უამრავ ასოციაციას იწვევს და მაშინ იბადება პოეტური სახე: „ქლიავის ყვავილს დღეს იგივე ასდის სურნელი,/ვიღაცის ხელის ფრთხილი შეხება,/ ისევე, როგორც იმ გაზაფხულზე...“  აი, ეს ვიღაცის სახელოს უეცარი შეხება არის ის აღქმის სიმძაფრე, რომელსაც კიდევ შეიძლება დაარქვა ტალანტი, ნიჭიერი, ანუ მწვავედ მგრძნობიარე.“
 
არ ვიცი, ამ მოგონებების წერის პროცესში თვითონ როგორი დამოკიდებულება ჰქონდა თავის აღსაწერ „მასალასთან“ რეჟისორს, მაგრამ, ვფიქრობ, „მწვავედ მგრძნობიარე ტალანტი“ და მონტაჟის პრინციპი გადამწყვეტი უნდა ყოფილიყო ამ წიგნზე მუშაობისას და ვფიქრობ, ეს ორივე ფაქტორი მნიშვნელოვანია ნებისმიერი ავტობიოგრაფიის წერისას. ამ ჟანრში ხომ ყველაზე მეტი აქცენტი კეთდება იმაზე, როგორ დალაგდება ცხოვრებისეული ამბები, როგორ გამოჩნდება მოვლენების მიზეზ-შედეგობრივი ხასიათი, როგორ დაარწმუნებ მკითხველს ერთი შეხედვით წარმოუდგენელი ამბის ლოგიკურ განვითარებაში, როგორ დაამონტაჟებ ყველაფერს ისე, რომ თავის ადგილას მოხვდეს ყველა მსხვილი თუ მასობრივი კადრი, შესაფერისი მუსიკა, ინტონაცია, ესა თუ ის ჟესტი და სხვა დანარჩენი უამრავი დეტალი, რომელიც მე არ მესმის პროფესიული თვალსაზრისით, მაგრამ რომელთა სწორი განლაგება ქმნის კინოს, რომლის ყურებაც მიყვარს. 
 
შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ლანა ღოღობერიძე ერთგან თვითონვე წერს იმის შესახებ, რომ მონტაჟის ეტაპი მას კინოს შექმნის პროცესში ყველაზე მეტად უყვარს, რადგან მხოლოდ ამ პროცესში გრძნობს თავს დამოუკიდებელ  და ყოვლისშემძლე შემოქმედად. წიგნის წერის პროცესში კი, ვფიქრობ, კინომონტაჟის ხერხებმა ლანა ღოღობერიძის ავტობიოგრაფიული რომანის სტრუქტურა განსაზღვრა და შექმნა წიგნი, რომელიც ნამდვილად ჰგავს კინოს, პოეზიით სავსე კინოს. 
 
არა მარტო ამ წიგნის გამო, ბოლო დროს მეჩვენება, რომ ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებსა და მოგონებებს/მემუარებს, ზოგადად, მომავალში ყველაზე პოპულარულ ლიტერატურულ ჟანრად გადაქცევის დიდი პოტენციალი აქვს. დიდი ალბათობით, ამ ჟანრის წიგნები იქნება კომერციულად მომგებიანიც და ყველაზე საინტერესოც,  რადგან დროის გასვლასთან ერთად გროვდება უზარმაზარი ინფორმაცია, რომლის მისაღებად მკითხველები უფრო და უფრო ვეწაფებით სწორედ დოკუმენტურ მასალას, რომელსაც ოსტატი მწერლის ხელში უკვე ბელეტრისტიკის ნიშნები უჩნდება. ამის ჩანასახს აშკარად ვხედავ, რაც თანამედროვე ქართულ გამოცემებში პოპულარული წიგნებისთვის  ერთი თვალის გადავლებითაც იკვეთება. ამ გამოცემებს შორის კი გამორჩეული ადგილი უკავია ლანა ღოღობერიძის  ავტობიოგრაფიულ რომანს „რაც მაგონდება და როგორც მაგონდება“ -  ყველაზე ობიექტურად დაწერილ სუბიექტური წარმოშობის წიგნს. 
 
მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი. 
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები