ბლოგები

მზერის შუქი და ტრაექტორია

×
eka togonidze
ავტორის გვერდი pencenter.ge 2024-10-23 1455

ეკატერინე ტოგონიძე 

 

ამბები ამერიკიდან

 

წლების წინ ჩემი კურსელისთვის ფულს ვაგროვებდით. ჰიპერმარკეტში ვიდექით და დაუძლეველი უხერხულობის მიუხედავად, გამვლელებს შემოწირულებას ვთხოვდით. სხვა გზა არ იყო, ჩემს კურსელს სიმსივნე დაუდგინდა. მაშინ სოციალური ქსელი საქველმოქმედო ფუნქციას ვერ ასრულებდა და ჩვენც ასე, ხელგაწვდილებს, მოგვიწია თანხის შეკოწიწება. ამ აქციის ყველაზე ნაყოფიერი შედეგი ის იყო, რომ ამბავი გავრცელდა და ჩვენ მერიაში დაგვიბარეს. შეხვედრის დასასრულს, უკვე კარისკენ რომ დავიძარით, მერიის თანამშრომელმა ხმას დაუწია, მხარზე მეგობრულად შემეხო და ისეთი რამ მითხრა, წლები გადის და არ მავიწყდება: „დავაფინანსებთ... ოღონდ ისეთს, რომელიც ნამდვილად გადარჩება... ხომ გესმის, აზრი რომ ჰქონდესო...“ გავშრი. გარანტიის მიცემა შეუძლებელი იყო, მაგრამ სასოწარკვეთილმა ვიცრუე, აუცილებლად გადარჩება-მეთქი, მეტი დამაჯერებლობისთვის უცხოელი ექიმებიც დავიმოწმე.

დაფინანსება მართლაც მოვიპოვეთ, მაგრამ იმ შეხვედრიდან საშინელი განცდა გამომყვა. თავიდან ვეღარ ამოვიგდე სიტყვები: „...ოღონდ... აზრი რომ ჰქონდეს“... აქვს კი აზრი იმ ადამიანის დახმარებას, რომელიც განწირულია?! აქვს კი აზრი ჩვენს სიცოცხლეს, თუ მაინც დავიხოცებით?! რა არის ღირსეულად ცხოვრებისა და ღირსეული სიკვდილის აზრი?

საუბედუროდ, წლების შემდეგ ამ დაავადებამ ჩვენს ოჯახსაც მოაკითხა და მაშინ კვლავ გამოვცადე ეს მტკივნეული ხელჩაქნეულობა - ახლაც მახსოვს, თავიდან როგორი აღტაცებით შეჰყურებდა ახალგაზრდა, უაღრესად წარმატებული ავსტრიელი ონკოლოგი ჩემს მეუღლეს. შეხაროდა, როგორც საკუთარი კარიერული წინსვლის, სამედიცინო გარღვევის შანსს. მაგრამ ეს ცხოველი ინტერესი რეციდივის გაჩენისთანავე დაკარგა. თითქოს არ ვივარგეთ, იმედი გავუცრუეთ, არ აღმოჩნდა „ეს ქეისი“ იშვიათი გამონაკლისი, რომელიც უკურნებელი სენის დაძლევის მაგალითად და მის პირად გამარჯვებად იქცეოდა. ექიმმა განა შეწყვიტა თავისი მოვალეობის პირნათლად შესრულება, არა, უბრალოდ თვალები ჩაუქრა. ის ანთებული მზერა ალბათ სხვა, უფრო პერსპექტიულ, პაციენტს მიაპყრო, რადგან წაგებულ ომში თავდაუზოგავი ენერგიის ჩადებას აზრი არ ჰქონდა.

ამ ტრავმულმა გამოცდილებამ თავი ახლახან, სექტემბრის ბოლოს შემახსენა, მაგრამ სულ სხვა კონტექსტითა და თემით, როცა მე და ლაშა ბუღაძე, ამერიკის პენცენტრის მიწვევით, შეერთებულ შტატებში გავემგზავრეთ. იქ ჩვენს დაავადებულ სამშობლოზე უნდა გველაპარაკა, სენატორებისა და სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებამდე ხალხის ხმა და განწყობა მიგვეტანა. ეს იყო უმაღლესი დონის შეხვედრები, ჩვენც უდიდესი პასუხისმგებლობით ვყვებოდით საქართველოს ამბებს. ვისხედით სენატორების კრის მერფის, ჯინ შაჰინის, დიქ დურბინის ოფისებში, სენატის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტისა და აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საკონფერენციო დარბაზებში და შეუსვენებლად ვპასუხობდით შეკითხვათა კასკადს:

როგორ იცვლება ჩვენი ცხოვრება „რუსული“, ანტიდემოკრატიული კანონების შემოღებისა და ამოქმედების შედეგად? როგორ ვეწინააღმდეგებით რეჟიმის მიერ კულტურის მოთვინიერების მცდელობას? როგორ აისახება ჩვენზე და ზოგადად მოქალაქეებზე ამერიკის მიერ საქართველოს მთავრობისთვის დაწესებული სანქციები? სანქციების დაწესების შედეგად იცვლება თუ არა ვითარება ყოფით, ხელშესახებ დონეზე: მაგალითად, თუ აქამდე პოლიცია იგნორირებას უწევდა ლაშა ბუღაძეს, და უამრავ სხვა აქტივისტს, როდესაც ისინი პატრულს ამაოდ იძახებდნენ მათ სახლებთან გაკეთებული ღირსების შემლახავი, უხამსი და მუქარის შემცველი წარწერების გამოჩენისას, შემოტრიალდება თუ არა ეს მდგომარეობა ახლა? ქართველი სამართალდამცავები - ვაშინგტონის მიერ ქართული ოცნების ნაბიჯების დაგმობისა და მათთვის სანქციების დაწესების შემდეგ მაინც - თუ დაიწყებენ  თავიანთი მოვალეობის შესრულებას, მოქალაქეების დაცვასა და წესრიგის დამყარებას? შეწყდება თუ არა მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები პროტესტის მონაწილეებთან, მათი ოჯახის წევრებსა და არასრულწლოვან შვილებთან? აღიკვეთება თუ არა კრიმინალური ჯგუფების მიერ ფიზიკური თავდასხმა აქტივისტებზე და დაიწყებენ თუ არა აქამდე არსებული შემთხვევების გამოძიებას? რა შეუძლია ვაშინგტონს გააკეთოს სამოქალაქო საზოგადოების დასაცავად და გასაძლიერებლად? გამარჯვების შემთხვევაში ქართული ოცნება მართლა შეასრულებს თუ არა მუქარას და აკრძალავს ოპოზიციას, ნიურნბერგის პროცესს მოუწყობს ყველას, ვინც მათ არ ეთანხმება? მოსახლეობის რა ნაწილი აღიქვამს არსებულ საფრთხეებს და რამდენად უკომპრომისოა ბრძოლა დემოკრატიის გადასარჩენად?

გულდასმით გვისმენდნენ და იმ ნაცნობი მზერით გვაკვირდებოდნენ, ავსტრიელი ონკოლოგისა არ იყოს, მხოლოდ გამარჯვების იმედით რომ ანთია. როგორც კი ეს იმედი კვდება, მზერაც ქრება, თითქოს ჩრდილი ადგება. შეიძლება ისევ მოგისმინონ, აქა-იქ ისევ წაგაშველონ ხელი, ოდესღაც კვლავ გამონახონ თანხა შენივე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღსადგენად, შენივე ისტორიული წარსულის საკვლევად, შენივე სოფლებში წყლის გასაყვანად, შენი ქვეყნის შეზღუდული შესაძლებლობის მქონდე მოზარდებისთვის დღის ცენტრის გასახსნელად, მაგრამ ბევრად ნაკლებად, სულ უფრო იშვიათად და აღარასდროს მოგაშუქონ ანთებული მზერა, როგორც საინტერესო პარტნიორს, როგორც საიმედო მეგობარს, როგორც საყრდენს რეგიონში... რადგან შენ აღარ იქნები „კაცობრიობის სალაროში“ საკუთარი წილი პროგრესისა და სიკეთის შემტანი; რადგან განვითარებისა და კეთილდღეობის ნიადაგი თავისუფლება, დემოკრატია და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფოა. ამ საკვანძო ფასეულობათა ბედს საქართველო სულ რამდენიმე დღეში, 2024 წლის 26 ოქტომბერს, არჩევნებზე, გადაწყვეტს. დიდი ისტორიული გარდატეხის მომსწრენი ვხდებით და საკუთარი თვალით ვნახავთ, როგორ გაძლიერდება ჩვენზე მოშუქებული მზერის სინათლე, როგორ გაიღება ევროპული ოჯახის კარი და ჩვენ დავბრუნდებით იქ, სადაც ოდითგანვე იყო ჩვენი ადგილი. თუმცა ასეთივე სიცხადით შეიძლება ვნახოთ ამ შუქის მინავლება, დასავლეთის ანთებული მზერის სხვა პერსპექტივაზე გადატანა, ჩამობნელება და იზოლაცია, რუსეთის სისხლიანი რეჟიმის პირისპირ კვლავ მარტო დარჩენა.

რა მოხდება არჩევნებზე? - ეს კითხვა დაგვისვეს მოლაპარაკების უკლებლივ ყველა მაგიდასთან, სენატის, სახელმწიფო დეპარტამენტის თუ საერთაშორისო ორგანიზაციების, American Bar Association, National Democratic Instutute, USAID და ჩვენი მასპინძელი PEN AMERICA-ს საგანგებო შეხვედრებზე. რა არის თქვენი მოლოდინი? - თითქოს ცალსახა პასუხს გვთხოვდნენ და ეს ის უცნაური მომენტი იყო, როცა წამიერი სიჩუმე ჩამოწვებოდა ხოლმე. ისე გვიყურებდნენ, გეგონება, არკვევდნენ, იკურნება თუ არა ეს სენი, გამოჯანმრთელებას ვესწრაფვით თუ უკვე დავნებდით და საკუთარ თავს ჩვენვე გამოვუტანეთ განაჩენი, აქვს კი აზრი ჩვენში თავდაუზოგავი ენერგიის ჩადებას თუ ამაოა მათი გარჯა? ძველი სუსხიანი შეგრძნება დამიბრუნდა, წლების წინ თბილისის მერიის თანამშრომლის ნათქვამზე რომ გამცრა. წაყენებულ პირობაზე, დაგეხმარებით, „ოღონდ აზრი რომ ჰქონდესო“. მაშინდელივით ახლაც მინდოდა ყველას შევპირებოდი, რომ ჩვენი გამოჯანმრთელება გარანტირებულია, რომ საქართველო უალტერნატივოდ ირჩევს გადარჩენას, გადარჩენა კი ევროკავშირსა და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებშია. მაგრამ მეც და ლაშაც გულწრფელად ვპასუხობდით: „არ ვიცით.“ მცირე პაუზის შემდეგ საუბარი ისევ გრძელდებოდა, ჩვენგან მეტის გაგება სურდათ. ჩვენც ვუზიარებდით იმას, რისიც გვჯერა, რასაც ვგრძნობთ... რომ თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ, რომ დემოკრატია ჩვენი ტრადიციაა... შეხედეთ ჩვენს წარსულს, დასაბამიდან არსებულ დასავლურ ღირებულებებს, თუნდაც პირველ დემოკრატიულ რესპუბლიკას, რომელიც რუსეთის მარყუჟებისგან გათავისუფლებისთანავე ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, შეხედეთ ჩვენს მომავალს, ჩვენს შვილებს, რომლებიც დამოუკიდებელ საქართველოში დაიბადნენ და ვეღარავინ დააბრუნებს საბჭოთა ჭაობში... მე საკუთარი თვალით ვნახე ჩემი 17 წლის შვილის უცაბედი ტრანსფორმაცია, მასში მოქალაქის, პატრიოტის დაბადება. გულწრფელად გამიკვირდა, როგორ წაიკითხა მეგობრებთან ერთად, არა მარტო რუსულ-ქართული კანონი, არამედ ამერიკული FARA. ინფორმაციით აღიჭურვა, აირწინაღით და ფიზიოლოგიური ხსნარით შეიარაღდა. სკოლის ბანკეტის მერეც აქციაზე დაბრუნდა კლასელებთან ერთად. ბევრნი არიან! გაიზარდნენ, წამოგვეწივნენ, არც ერთ ახალ მთავრობას აღარ დაუთმობენ სამშობლოს დასაჩაგრად, ფარად დაუდგებიან თავიანთ სახლს, ქალაქს, ქვეყანას, ერთმანეთს! ემიგრანტ დედებსაც დაიბრუნებენ, ჩვენზე უფრო ფხიზლად იქნებიან... 18 სექტემბერი იყო და სანამ მე და ლაშა ოკეანის გადაღმა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს ვარწმუნებდით, რომ არ ვართ სიძულვილით განმსჭვალული ხალხი, უმცირესობათა ზიზღით, ფობიით შეპყრობილი ერი - ვიღაცას რუსული პროპაგანდით ატყუებენ, გონებას უწამლავენ, მაგრამ შეუძლებელია ამ უკეთურებაში ყველას ჩათრევა, ჩვენი საზოგადოება სხვა არაფერია, თუ არა უმცირესობათა ერთობა - სანამ იქ დილა იყო და საქართველოში ღამდებოდა, ახალგაზრდა ქართველ ტრანსგენდერ ქალს, კესარია აბრამიძეს, საკუთარ სახლში სასტიკად კლავდნენ. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც სისტემის მიერ ადამიანების სეგრეგაციისას ხდება ხოლმე, როცა უმცირესობებს მეორეხარისხოვნად აცხადებენ ან სულაც კანონით კრძალავენ მათ არსებობას: შემდეგ უკვე იმის ჩაგვრა, იმის მოკვლა, ვისი არსებობაც დაგმობილია, იოლი და გზახსნილია. და მაინც ჩვენ ასეთები არ ვართ... შეხედეთ კესარიას მეზობლებს, რომლებიც არც აქტივისტები არიან, არც უფლებადამცველები, მაგრამ ყველაზე ბუნებრივად, ძალდაუტანებლად, დაუსწავლელად ამბობენ გულიდან წამოსულ მარტივ სიმართლეს: „გაიგონ დედა-დედაა და მამა-მამებმა, რომ ცხოვრება სწორხაზოვანი არ არის! აღარ არის კი არა, არც ყოფილა! კესოს მისი წილი ჰაერი ჰქონდა, მისი წილი ცა!  ვის რას უშავებდა?“

ვლაპარაკობდით ფრთხილად, სიტყვების შერჩევით, რომ არაფერი ჩაკარგულიყო თარგმანში, არაფრით შელამაზებულიყო რეალობა, თუმცა არც იმ პალიატიურ პაციენტს დავმსგავსებოდით, რომლის საქმეც წასულია და მკურნალობას აღარ ექვემდებარება. ოქროს შუალედი იყო დასაცავი, ბეწვის ხიდი გასავლელი: დახმარებას ხომ მაშინ ითხოვ, როცა გიჭირს - გიჭირს, თუმცა არც იმდენად, რომ ვეღარაფერი გიშველონ და წაგებულ ომში შემოყოლა აღარავის მოუნდეს.

აქვს კი აზრი ამ ყველაფერს? - მსგავსმა ეჭვმა შეიძლება ყველაზე დიდი ოპტიმისტის გულშიც შეაღწიოს, ასე იცის დაღლამ, რეპრესიების წნეხმა. დიდი ენერგია მიაქვს პროტესტს, თავგანწირვას. ჯანმრთელობას აზიანებს, ზოგს დგომა უჭირს, ზოგს სიარული, ზოგს მენტალური პრობლემები უმწვავდება, პანიკური შეტევები უახლდება. ზოგს სამსახურის დაკარგვის ეშინია, ვინ იცის, ავადმყოფი მშობელი ჰყავს სარჩენი... გაზით მოწამლულებს სპაზმური ხველა გაუმიზეზდათ, თავის ტკივილი გაუგრძელდათ. სასტიკად ნაცემებმა თითქოს კი მოიშუშეს ჭრილობები, მაგრამ არავინ იცის, მომავალში რა გართულებებს გამოიწვევს ღრმა დაზიანებები. ვინერვიულეთ რუსთაველზე შვილების ძებნისას, მე პირადად, ყოველ უპასუხო ზარზე შიშისგან გული მიჩერდებოდა. მოვწყდით საქმეს, სამსახურს. ზოგს ისეთი ბილწი ცილი დასწამეს, გამოქომაგებასაც კი დიდი გამბედაობა დასჭირდა. რთული გასაძლებია „ცვეთის ომი“ - უცხოელ აგენტად დაურეგისტრირებელ ორგანიზაციებს ნებისმიერ წუთს ელით საქმიანობის შეჩერება, ჯარიმები, დაყადაღება, დაკითხვა, დაბრალება, ღირსების შელახვა... რუსული კანონის ერთ-ერთი სამიზნე საქართველოს პენცეტრიცაა. როგორც წერილის დასაწყისში აღვნიშნე, შეერთებულ შტატებში, სწორედ პენ ამერიკის მიწვევით წავედით. ზოგადად პენცენტრი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მსგავსად, ერთ-ერთი ყველაზე ძველი, დიდი ტრადიციების არასამთავრობო ორგანიზაციაა და, სალიტერატურო სფეროს გაძლიერებასთან ერთად, ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას ემსახურება. სწორედ ამ თავისუფლებას იცავს დღეს საქართველოს პენცენტრიც, რომელსაც პირველად ჰყავს ქალი პრეზიდენტი, შესანიშნავი მთარგმნელი ხათუნა ცხადაძე. მისი აღმასრულებელი დირექტორი კი, მწერალთა სახლის ხელმძღვანელის თანამდებობიდან უსამართლოდ გათავისუფლებული ნატაშა ლომოურია. რეალურად ამ ორი ქალის ენთუზიაზმზე, პროფესიონალიზმსა და თავდადებაზე დგას ახლა სამწერლო სფეროში ეს ერთადერთი თავისუფალი, პროდასავლური პლატფორმა, რომელსაც ვენდობით და ვეყრდნობით ქართულ ოცნებასთან ბოიკოტში მყოფი ავტორები. საქართველოსთვის ამერიკის პენცეტრთან მეგობრობა მუდამ მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ახლა ამ კავშირს სასიცოცხლო დატვირთვა აქვს. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანო, წელს მათი და სხვა უცხოური ორგანიზაციების მხარდაჭერის გარეშე, ვეღარ ჩატარდებოდა თბილისის საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალი, რომელიც მთელი რეგიონის კულტურული ჰაბია, ვერც დამოუკიდებელი პრემია „ლიტერა“ შედგებოდა, რადგან არც ერთ ქართულ ბიზნესს, კომპანიას თუ პირს აღარ მოუნდებოდა გაერისკა პოტენციურ „უცხო აგენტთან“ თანამშრომლობა, გამოეჩინა ფინანსური მხარდაჭერა ან, ელემენტარულად, ღონისძიებისთვის სივრცე მიექირავებინა (ის, რომ საქართველოს პენცენტრი უცხო აგენტად დარეგისტრირებას არც ერთ შემთხვევაში არ აპირებს, მდგომარეობას ვერ ამსუბუქებს, მას ეგზისტენციალური საფრთხის წინაშე აყენებს). მახინჯი კანონები დღითიდღე აბრუნებს დროს, როცა ყველამ საკუთარი ტყავის გადარჩენაზე უნდა იფიქროს, სადაც აღარაა სოლიდარობის, სიმართლის, ხელოვნებისა და მაღალი ფასეულობების ადგილი, სადაც დღეს შენი მეგობარი ხვალ შენზე დასმენის ანონიმურ წერილს დაწერს და ბოლომდე ალბათ ვერც გაამტყუნებ, რადგან მასაც დევნიან, ისიც სისტემის მსხვერპლია. მახსოვს, თბილისში ჩამოსულმა ნობელიანტმა, სვეტლანა ალექსიევიჩმა დასვა კითხვა, ვინ იყო კარგი ადამიანი საბჭოთა რეჟიმის დროს, ვინ იყო წესიერი, ერთგული, პრინციპული? ვისზე შეიძლებოდა თავის დადება, რომ ის არასდროს დაგასმენს, არაფერს დაგაბრალებს, არ გაგწირავს, თუკი საპირწონედ მასვე ემუქრება გადასახლება ან დახვრეტა? ასეთი სისტემა არ ტოვებს ადამიანად ყოფნის სივრცეს, მოწამლული რეჟიმი წამლავს და ცოცხლად ანადგურებს ადამიანში ადამიანს. სწორედ ამ ამბებს გვიყვება მწერალთა სახლში, ნატაშა ლომოურის დამსახურებით გახსნილი, რეპრესირებულ მწერალთა მუზეუმი, რომელიც, მისი გათავისუფლების შემდეგ, გაუგებარი მიზეზებით დაიკეტა და რომლის კედელზეც ახლაც წერია პაოლო იაშვილის მიერ თვითმკვლელობის წინ საკუთარი ქალიშვილისთვის მიძღვნილი წერილი: „...გაიზრდები, დაუფიქრდები ჩემს ბედს და დარწმუნდები, რომ ჩემი სიკვდილი სჯობდა, შენ უფრო უბედური იქნებოდი, რომ მე დღეს თავი არ მომეკლა...“

იქ დაბრუნება, სადაც სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს, წესით, არავის უნდა უნდოდეს, მაგრამ სისტემამ იცის, როგორ გაუმრუდოს ხალხს აღქმა, შეუზღუდოს აზროვნება და ამოუტრიალოს ცნებათა მნიშვნელობა. იცის, როგორ შეაშინოს და მართოს მასები. აი, ისე, ჯორჯ ორუელის წიგნი-გაფრთხილება რომ გვიყვება, ან კიდევ ამავე სულისკვეთების დისტოპიური ნაწარმოები, რუსი ავტორის, ევგენი ზამიატინის „ჩვენ“. ეს წიგნი „1984“-მდე ბევრად ადრე (64 წლით ადრე) დაიწერა, მაგრამ, რა თქმა უნდა, მაშინვე აიკრძალა და ჩემამდე ახლაღა მოაღწია, ჩემი შვილის ხელით. ავტორიტარული რეჟიმები, რომლებიც ასე ჰგვანან ერთმანეთს, მშიერ, მოტყუებულ, მოსყიდულ თუ დაშინებულ ადამიანებს იოლად არწმუნებენ, რომ შავი თეთრია, დამპყრობელი მხსნელია, მტერი მოყვარეა, რუსეთი მეგობარია, ევროკავშირზე უარის თქმა და მის გუბერნიად ქცევა მშვიდობა და სტაბილურობაა.

ჰოდა, რა მოხდება არჩევნებზე? სულ ცოტა დრო რჩება პასუხის მიღებამდე. ალბათ ეს ერთადერთი საერთოღა შერჩა ჩვენს გახლეჩილ, პოლარიზებულ საზოგადოებას - ეს კითხვა ყველას თანაბრად გვიფორიაქებს სულს. შტატებში ოფიციალური შეხვედრების შემდეგ, ქართული ლიტერატურის დიდი ქომაგის, ემიგრანტის, მაკა ქობალიას ორგანიზებით, შეხვედრები დიასპორასთანაც გაიმართა. დისკუსიისას ერთ-ერთმა ემიგრანტმა დასვა კითხვა: არჩევნები სულ რომ დემოკრატიის სასარგებლოდ დასრულდეს და ხალხმა ევროკავშირი აირჩიოს, რა ეშველება დაპირისპირებულ საზოგადოებას, როგორ უნდა აღვადგინოთ ეს ჩატეხილი ხიდიო. მეც ბევრი მიფიქრია იმ ადამიანებზე, ვინც მიყვარს, ვისგანაც სიკეთე მახსოვს, მაგრამ ვისი პოზიციაც მავნეა, ანტისახელმწიფოებრივია, პატივისცემას მაკარგვინებს, მაბრაზებს, მაშინებს. არადა ჩვენ ხომ ერთი საზოგადოების წევრები ვართ, ერთი პატარა ერის შვილები, ერთად მოგვიწევს უფსკრულში გადაშვებაც და ნათელ მომავალში შებიჯებაც. „ჩვენ მათაც უნდა ვუშველოთ“ - უპასუხა ლაშა ბუღაძემ და მართლაც, 26 ოქტომბერს ჩვენ, საკუთარ თავთან ერთად, მათაც უნდა ვუშველოთ! ვინც ევროპულ მომავალს ირჩევს, ის სხვასაც ეხმარება, რადგან არ არსებობს ევროპული კეთილდღეობა მხოლოდ ერთეულებისთვის, ეს საყოველთაო კეთილდღეობაა, ყველაზე მაქსიმალურად თანაბრად, სამართლიანად რომ უნდა გადანაწილდეს, რადგან ამ ფილოსოფიის ფუნდამენტი სწორედ თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპია.

შეერთებული შტატების შემდეგ ლაშა ბუღაძე ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე გაემგზავრა და იქიდანაც დაადასტურა ვაშინგტონში მიღებული ერთ-ერთი მკაფიო შთაბეჭდილება: მსოფლიო დღეს ორი არჩევნების მოლოდინშია - საქართველოსა და ამერიკის. ასე განაწილდა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება, ასეთი არსებითი მნიშვნელობა შევიძინეთ მსოფლიო პოლიტიკურ სცენაზე, ასეთ კაშკაშა „სფოთლაითში“ აღმოვჩნდით მოვლენათა ამჟამინდელ განლაგებაში. „არსად ასეთი თავდადებით არ უბრძოლიათ ევროპული ღირებულებებისთვის“ - გაზაფხულიდან ალაპარაკდნენ ჩვენზე ევროპულ პრესაში, „აქ ყველაზე ძლიერად ცემს ევროპის გული“ - თქვეს საქართველოზე გერმანიაში. შემოდგომამაც შთამბეჭდავად გაიბრწყინა თბილისის სავსე ქუჩებში, ხალხის მდინარეები ევროპული მარშით თავისუფლების მოედანზე შეერთდნენ, სადაც ევროკავშირის ჰიმნი და ქართული მუსიკა ააჟღერეს. მარშს მიჰყვებოდა მსოფლიოს მზერის ტრაექტორიაც. ამ მზერის შუქში უფრო ადვილია სიმართლისა და სიცრუის გარჩევა, ამ სინათლეში სწორი გზაც უფრო იოლად ჩანს და ისიც, რომ დღეს ჩვენ მარტონი არ ვართ.

ვისაც პროტესტისგან დაღლილს და სისტემისგან ჩაწნეხილს, პერიოდულად იმედგაცრუებულს და გაბრაზებულს, ხმამაღლა უკითხავს ან გულში მაინც გაუვლია, ჰქონდა თუ არა აზრი ამ ყველაფერს, მაშინ როცა უპრეცედენტოდ მასშტაბური აქციების ფონზე მაინც მიიღეს აგენტების კანონი და ეს მხოლოდ აისბერგის წვერი აღმოჩნდა, მან მოიყოლა სხვა ანტიდემოკრატიული კანონები თუ პროექტები, დანამდვილებით მინდა ვუთხრა: აზრი ჰქონდა თითოეულ დღეს, თითოეულ საათს, რომელიც თავისუფლების დაცვაში გავატარეთ. შტატებში მხოლოდ ლაშა და მე კი არ ვპასუხობდით შეკითხვებს, ჩვენც მივიღეთ ამ უმნიშვნელოვანეს კითხვაზე პასუხი: დიახ, ჰქონდა აზრი! უჩვეულო იყო ვაშინგტონში ასეთი რანგის შეხვედრებზე ჩვენი მიწვევა. თურმე მართლა გვისმენენ, თვალს არ გვაცილებენ, არ სჯერდებიან მხოლოდ პოლიტიკოსების, ხელისუფლების, ოპოზიციის განცხადებებს, არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს, მედიის მიერ გაშუქებულ ინფორმაციას, თურმე მწერლების მოსმენაც სურთ, სამოქალაქო საზოგადოების ხმის უკეთ გაგონება სწადიათ, რადგან დღეს ეს ხმაა გადამწყვეტი, ეს ხმა უნდა გაჟღერდეს ყველაზე მკაფიოდ, არ უნდა ჩაიხშოს არჩევნების გაყალბებითა თუ სხვა მაქინაციებით, ეს ხმა დაწერს ისტორიას, თქვენი, ჩემი, ჩვენი ხმა, რომელსაც მივცემთ საქართველოს აწმყოს და მომავალს, რომლითაც ვიტყვით, სინამდვილეში ვინ ვართ, რა გვსურს, რას ვიმსახურებთ და რა შეგვიძლია. ახლა ეს ხმა განგვასახიერებს ჩვენ! ეს ხმაა სიკეთისა და ბოროტის ხილულ ბრძოლაში ჩვენი მთავარი იარაღი. მას შეუძლია დაიქუხოს მონობის დასათრგუნად, დაიღრჭიალოს ბორკილების მტვრევად, დაიჭექოს სიმართლედ და გამოშიგნულ სიტყვებს წართმეული მნიშვნელობაც დაუბრუნოს - ყალბი „ქართული ოცნება“ ნამდვილ ქართულ ოცნებად აქციოს - ილიას ოცნებად: „ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში!"

 

 

                                                                                                                                           22 ოქტომბერი, 2024 წელი

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები