penvironment

ჩვენ და ბავშვები

საქართველოში უყვართ ბავშვები.

ამას გაიგონებთ ყველგან, სკოლებში, ბაღებში, ოჯახურ თავყრილობებზე, უთეგენათალე, როგორ გაზრდილა, ეს მამაძაღლი ესა, ჩემი შვილი ყველაზე ჭკვიანია, ააბა, პირი გააღე, ეს ლუკმა დედის, მამის, ბებიის, ბაბუას ხათრით. ამ ჭიქით ჩვენს მომავალს, ბავშვებს გაუმარჯოთ, გაგეზარდოთ საამაყო, ქვეყნის თვალისჩინი, როგორც დედიკოს და მამიკოს უნდა, ისეთი!

სინამდვილეში სხვაგვარადაა, დავესიოთ, გავაპროტესტოთ, დავამარცხოთ, გავაგდოთ, დავმალოთ ბავშვები. გვჭირდება უბავშვებო სივრცეები, უბავშვებო თბილისი, უბავშვებო  კურორტები, სასტუმროები, კაფეები, დასასვენებელი სივრცეები, სადაც ბავშვებს არ შემოვუშვებთ.

დავიცვათ უფროსები ბავშვებისგან! თუ ბავშვი ოდნავ არასტანდარტულია, საერთოდ, რამე მაგრად დაგმანული გალია გამოგვადგება, იქნებ სულაც ჩვენი წინაპრების მეთოდი გამოგვეყენებინა და ხაროში ჩაგვეგდო? რა ტყუილად დაანგრიეს მეტეხის ციხე, აფსუს!

 

როგორი უნდა იყოს ბავშვი, რომ  პრობლემა არ გვქონდეს? აი, ინებეთ ჩამონათვალი:

  1. მშვიდი, წყნარი, მაგრამ არა უინიციატივო, უნდა მღეროდეს, ცეკვავდეს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა ვთხოვთ ან პაწია, საყვარელ ვიდეოს ვუღებთ სოციალურ ქსელში განსათავსებლად.
  2. ზრდილობიანი, თქვენობით გელაპარაკებოდეთ, მარჯვნივ მიიხედავს, მადლობა თქვას, მარცხნივ მოიხედავს - ბოდიში.
  3. ზომიერად ფერხორციანი -მსუქანი ბავშვები თბილისს  არ უყვარს, ტანსაცმლის მაღაზიაში  ბევრჯერ შევსწრებივარ  დედას, რომელიც უჯავრდება მოზარდ შვილს, წარმოიდგინეთ, ძროხასაც ეძახის. არ გჯერათ?  თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც გამხდარი ბავშვები უყვარს თბილისს, საერთოდ, ბავშვმა არ უნდა განერვიულოს არაფერზე, არც ჭამაზე, არც უჭმელობაზე.
  4. ბავშვი უნდა იყოს განათლებული - დადიოდეს მილიონ წრეზე, რომელსაც შეურჩევ.
  5. ბავშვი არ უნდა სვამდეს ზედმეტ კითხვას, ყველაფერი უნდა იცოდეს, რაც არ იცის, არცაა საჭირო!
  6. ბავშვი უნდა კითხულობდეს წიგნებს, მაგრამ იცი რა? ყველა წიგნს არა, მხოლოდ იმ წიგნებსა და ავტორებს, რომლებსაც მშობელთა კომპეტენტური საბჭო დაადგენს.
  7. ბავშვს უნდა უყვარდეს ცხოველები, ოღონდ სურათზე, ღმერთმა არ ქნას, ქუჩაში ძაღლს ან კატას მოეფეროს, ამ შემთხვევაში სასწრაფოდ უნდა გაიქცეს და ხელები დაიბანოს.
  8. ბავშვს არ უნდა უჭუჭყიანდებოდეს სამოსი, არასდროს!

და ა.შ და აშ,

 

ისტორია 1  - ბავშვი, როგორც ცოდვის ნაყოფი

უკვე დიდი ხანია სხვადასხვა ჯგუფში, რომელშიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლები არიან, მხვდება წუწუნი  ბერზე, რომელიც თურმე ავადმყოფებს კურნავს, მაგრამ ძალიან უბრაზდება და ურისხდება აუტიზმის მქონე ბავშვებს, არ უყვარს ეს ბავშვები.  მშობლები წერენ, რომ თავის მოკვლა უნდოდათ ამ ბერთან ნუგეშის  თუ  განკურნების იმედისთვის მისულებს. 

მხოლოდ ზოგიერთი საეკლესიო პირი კი არა, საზოგადოებაც აჯერებს მშობლებს, რომ რაღაც დანაშაულის გამოსასყიდად ჰყავთ შვილები და   რომ ღმერთი კომპთან მჯდარ ბუღალტერია, რომელსაც ექსელის ფაილი აქვს გახსნილი და ცოდვილ მშობლებს  მონიშნავს, რომ მერე რაიმე პრობლემის მქონე შვილი გაუგზავნოს.

ისტორია 2 - ბავშვი, როგორც კენჭი ფეხსაცმელში

ერთხელ, საჯარო (ინტერნეტ) სივრცეში დავიწუწუნე, ჩემი შვილი, გიორგი, მატარებლით მოგზაურობისას ( მგზავრობის არა, მოგზაურობის, ასე იყო დაგეგმილი) ფანჯარასთან არ დასვეს-მეთქი. პირველი შთაბეჭდილება იყო ბიჭისთვის, რომელიც მთელი თვე ელოდებოდა ამ მოგზაურობას. ჰოდა, არავინ დასვა ფანჯარასთან, მესმის, ყველამ წინასწარ იყიდა ბილეთი, გაითვალისწინა, დაგეგმა, ამ ბავშვის ბოდიალა დედის გარდა.

 ჩემი საკმაოდ წარმომადგენლობითი უფლებადამცველი, ბავშვის თემაზე მომუშავე, მასწავლებელი, მწერალი და ა.შ. მეგობრებიც ირწმუნებოდნენ, რომ სწორია ასე, რომ მატარებლის ბილეთის ელექტრონულად ყიდვისას უნდა გამეთვალისწინებინა ადგილი ფანჯარასთან, რომ ჩემი ბრალია, რომ დიახაც, დიდები ისე იღლებიან ბავშვებისგან, ფანჯარასთან სკამი სჭირდებათ, რომ თავი მიადონ და დაიძინონ.

ჩვენ გვიყვარს ბავშვები, ოღონდ საკუთარი კომფორტის ზონის მიღმა, არაფერზე არ უნდა წავკრათ ხელი, არც მატარებლის ფანჯარასთან დავსვათ და არც თვითმფრინავის. თავისით მიიღონ შთაბეჭდილებები, თავისით გაიკვლიონ გზა. მათი სკვერების  ადგილას სუპერმარკეტები ჩავდგათ. მთავარია, რომ  როცა დასასვენებლად მივდივართ, ეს საზიზღარი ბავშვი არ იყოს სადმე იქვე, ფანჯარასთან ცხვირის მოჭყლეტა არ მოუნდეს, ხომ იცით, ფანჯარა ყველაზე მყუდრო ადგილია და მე უნდა ვიჯდე იქ, მთავარი ჩემი კომფორტია. კანფეტებსაც შევუჭამდი, რომ არ ვიცოდე, რომ შაქარი მავნეა.

 

ისტორია 3

                           ბავშვები ნაგავსაყრელთან

დასახლება, სადაც მე ვცხოვრობ, თბილისის  გარეუბანშია. აქ არის სახლები, მათ შორის, პატარა, ეკონომიური ფართები, სადაც  ბავშვიანი ოჯახები ცხოვრობენ. არცთუ ისე კარგ პირობებში.

 ამ დასახლების ტერიტორიაზე ადგილი მოიძებნა ყველაფრისთვის - ხუთი სუპერმარკეტის, ხილბოსტნეულის ორი მაღაზიის, ავტომანქანების, სამარშრუტო ტაქსების, ავტობუსების სადგურების, ლუდის პაწია ჯიხურისა და კაფესთვისაც. მხოლოდ სკვერისთვის არ მოიძებნა ადგილი. არცერთმა განცხადებამ, მიწერამ, გამოქვეყნებამ, მოკლედ არაფერმა უშველა. შედეგად, ამას წინათ გავედი და დავინახე, როგორ მოაწყვეს „შტაბი“ ნაგავსაყრელის ახლოს ბავშვებმა, როგორ თამაშობდნენ გადაყრილი ქილებითა და სავარძლის მომტვრეული სახელურებით.

უამრავი ასეთი მაგალითი შემიძლია გავიხსენო, როგორც მშობელმა, რომელიც ყველგან ბავშვთან ერთად დახეტიალობს: ბუნებრივი გარემოს უგულებელყოფა, საბავშვო ბაღები, სადაც ბავშვები ეზოში არ გაჰყავთ. ქალაქი, სადაც ეტლს ვერ ატარებ, საბავშვო სკვერები მხოლოდ ხელოვნური მასალით და ადვილადმტვრევადი საქანელებით, ბავშვები, რომლებიც ისეთ კაფსულაში იზრდებიან, რომ  ხის მერქანის, მწვანე ბალახის,  თუნდაც წვრილი კენჭების ფაქტურა არ იციან, უამრავი სენსორული პრობლემა აქვთ, ყველაფრის ეშინიათ და ყველა ხმას უფრთხიან. ბავშვები საგარეო სამოსით, კარგად დავარცხნილი თმით, რომლებიც გვინდა, რომ ბედნიერები იყვნენ და არ არიან.

არადა, ყოველი დღე დაკარგულია, როცა ბავშვს არ მიეცი რაღაც ახალი, შენსას თუ სხვისას. დაჯდე ფანჯარასთან და ენა გამოუყო ბავშვს, რომელიც სამი დღეა იმაზე ლაპარაკობს,როგორ იმოგზაურებს მატარებლით, ან წაართვა ღრუბლებით აღტაცების საშუალება მეორე ბავშვს, რომელსაც თვითმფრინავში ადგილი არ გაუცვალე, არ დათმო საკუთარი კომფორტი და არ გაუხსნა გზა მას, ვინც ყველაზე მთავარია, ნიშნავს, უარი თქვა საკუთარ მომავალზე. ქალაქი-ბავშვებისაა.

 

პროექტის პარტნიორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

ამავე კატეგორიაში





პარტნიორები