PENVIRONMENT

დიდი დიღომი: ცხოვრება მშვენიერია

×
ავტორის გვერდი თამთა მელაშვილი 2020-12-15 13445

2015 წელი - დიდი დიღომი ჩემი ფანჯრიდან

დიდი დიღომი დიდი გარეუბანია. მისი მშენებლობა 1980-იანი წლების ბოლოს, საბჭოთა საქართველოში დაიწყო და მალევე, 90-იანების დასაწყისში, დამოუკიდებელ საქართველოში გაჩერდა. მშენებლობის სამი თუ ოთხი წლის განმავლობაში ოთხი მიკრორაიონის გაშენება მოასწრეს. მერე ომები დაიწყო. ბოლო ომამდე დიდი დიღომი უბრალოდ იყო. არც სიგრძეში იზრდებოდა, არც სიგანეში, ადამიანები კი ემატებოდა. ეგ იყო და ეგ.

მე აქ 2001 წელს გადმოვედი. გარშემო რამდენიმე კორპუსი იდგა, ზოგი დასრულებული, ზოგიც დაუსრულებელი. ხან ქარი ქროდა და ხან ნიავი. აქ, ქალაქში ყველაზე სუფთა ჰაერს სუნთქავდი და საითაც არ უნდა გაგეხედა, გადაშლილ მინდვრებს ძლივს მიაწვდენდი თვალს. გარშემო ბალახის სუნი იდგა, ზაფხულში განსაკუთრებით. ამ მინდვრებზე, უცებ საიდანღაც ამოზრდილი მწყემსები, ძირითადად ბაბუები, ხან ძროხებს აძოვებდნენ, ხან - ცხვრებს. როცა ცხვრებს აძოვებდნენ, გარშემო ყველაფერი თეთრად ქათქათებდა.

მაშინ დიდ დიღომში სუნთქვა ჯანმრთელობა იყო. მეოთხე მიკრორაიონში ერთი საათის განმავლობაში დიდი-დიდი, ორ მანქანას გაევლო გზაზე.

ბოლო ომის შემდეგ ხშირად მიწევდა აქაურობის დატოვება. ხან დიდი ხნით, ხან ცოტა ხნით. დაბრუნებისას ძალიან შეცვლილი მხვდებოდა ყველაფერი. არ ჰქონდა მნიშვნელობა  ერთი წლით წავიდოდი თუ ერთი თვით. მაშინ დიდ დიღომში მშენებლობები დაიწყო. ახლა ერთი დღეც საკმარისია ცვლილება აღმოაჩინო. როცა ქალაქის ცენტრიდან ვბრუნდები, გზად მარშუტკის ფანჯრიდან ყოველ დღე ახალ, მშენებარე კორპუსს ვხედავ,  სადარბაზოსთან მისვლა კი ბარიკადების გადალახვის ტოლფასია. მანქანებს შორის დიდი ძალისხმევით უნდა გაძვრე, რომ კარამდე მიაღწიო.

დღეს ჩემი ფანჯრიდან მინდვრები აღარ ჩანს. რა თქმა უნდა, ვეღაც ცხვარს მოკრავ თვალს. დღეს ჩანს ბევრი აშენებული და ბევრი მშენებარე კორპუსი. დღეს დიდ დიღომში ცემენტის სუნია და მტვერს და გამონაბოლქვს სუნთქავ.

ხანდახან ვცდილობ წარმოვიდგინო როგორი იქნება აქაურობა ათი წლის შემდეგ და თვალწინ მხოლოდ ცემენტის გროვა მიდგას. მერე ფანჯრიდან გადაკიდებული, თვალებით გზის პირას ჩარგულ თერთმეტ ნაძვს ვეძებ. რომ გადმოვედი, ძალიან პატარები იყვნენ, ქარი მიწასთან ასწორებდათ. ახლა უფრო ყოჩაღები არიან. გაზრდილები. ყოჩაღები და ლამაზები.

ათი წლის მერე ეს ხეები ხომ მაინც იქნებიან. ცემენტის გროვაშიც. მთლად გზის განაპირას დგანან, ძველ კორპუსთან. კი, იქნებიან. უფრო დიდები და უფრო ლამაზები. შეუძლებელია აქ აღარ იყვნენ. ხომ არის რაღაც, რასაც ცემენტი ვერ დაამარცხებს?

2020 წელი - დიდი დიღომი პანდემიაში, კორპუსებს შორის სიარულისას

დიდი დიღომი ახლა უფო დიდი გარეუბანია, ვიდრე  ოდესმე იყო. თითქოს არც სიგრძეში გაზრდილა და არც სიგანეში, მაგრამ ავადმყოფივით გაიბერა. მე აქ აღარ ვცხოვრობ. ახლა ჩემი ძველი სახლისკენ მივაბიჯებ ბეტონის ყრუ კედლებს შორის და თვალწინ მაინც გადაშლილი სივრცე მიდგას. ლამის ოცი წლის წინანდელ, გვიანი შემოდოგმის ოქროსფერ მინდორს ირჩევს  ჩემი წარმოსახვა.

საბჭოთა კორპუსები, თითქოს უფრო ადამიანური კორპუსები -  შედარებით დაგეგმილად აშენებული, შედარებით დიდი და ნათელი ოთახებით, ახლა თითქმის ჩაკარგულია სრულიად ქაოტურად ახორხლილ ცემენტის გროვასთან. მივდივარ, გზას მივუყვები და ასე მგონია შხამიან, გიგინატურ სოკოებს შორის დავდივარ. ყველაზე დაუცველად ამ ქალაქში აქ, ამ კორპუსებს შორის სიარულისას ვგრძნობ თავს. სუნთქვა მეკვრის და შეგრძნება არ მტოვებს, რომ ნებისმიერი მათგანი, ნებისმიერ დროს თავზე ჩამომექცევა. ამ ქალაქში მშენებლობამ პანდემია არ იცის. კვირა დილით ამწეც კი მუშაობს. ყველგან სამშენებლო ნაგავია მიყრილ-მოყრილი ატალახებულ, გადათხრილ მიწაზე. ძაფივით თოკზე დაკიდებულ, მოქანავე ხარაჩოზე ნამძინარევი, დილიდანვე დაღლილი მუშები დგანან.

ჩემს სახლთან ახლოს, სადაც ადრე პაწაწინა სტადიონი იყო, კორპუსის საძირკველია გათხრილი. იქვე სასწაულით შემორჩენილი ხე შუა ოქტომბრის სიყვითლით ღვივის დეკემბრის ამ სიშავეში. ისეთი ლამაზია, ზედ წლობით შერჩენილი ლურჯი პოლიეთილენის პარკებიც კი ვერაფერს აკლებენ. თითქოს უკანასკნელი და საბოლოო ელვარებით ბრდღვიალებს. არ უწერია ამ ხეს დიდი დღე.

ალბათ, ერთადერთი ცა დარჩა დიდი დიღმის თავზე ისევ ისეთი - ძველებური. დეკემბერში, დღის ამ მონაკვეთში გაცრეცილი ცისფერია, პატარ-პატარა, ერთმანეთში გადატეხილი ღრუბლებით.

ახლადაშენებული კორპუსების სიმახინჯის გადაფარვას სატყუარასავით ცდილობენ შენობების ძირშივე გახსნილი, უკვე საახალწლოდ აციმციმებულ-გადანათებული ქსელური მარკეტები, აფთიაქები, სალონები. მათ გვერდს ჩაუვლი თუ არა და ღრმად, ძველ კვარტალში შეხვალ, სუნთქვა თითქოს უფრო გიადვილდება. აქ  ვეღარ აღწევს  მშენებლობის ხმა,  არც მანქანების დაუსრულებელი მოძრაობის ხმაური ისმის. აქ დრო თითქოს დგას და კვირა დილა მართლა უკაცრიელია. აქ ცასავით, თითქოს ისევ ისეთია ყველაფერი. ხეების ქვეშ, დიდი ხნით გაჩერებულ მანქანებზე უხვად ყრია ოქროსფერი ფოთლები. ტოტებზე ისევ ზიან უკვე ზამთრის სიცივისგან გაყურსული ბეღურები. თავმონგრეულ ნაგვის ურნებთან გაქუცული კატები თვლემენ. ქუჩის ძაღლები უხმაუროდ, ჯგუფ-ჯგუფად დაძრწიან. გარაჟებში გახსნილი, მოცუქცნული მაღაზიები ჯერ  კიდევ დაკეტილია. ერთ-ერთის კარებზე უჯრედებიანი რვეულიდან ამოხეული, შუა ფურცელია გაკრული და ზედ გულმოდგინე, მრგვალი და ლამაზი ასოებით აწერია: „პირბადის გარეშე ნუ შემოხვალთ!“ ჩემ წინ მიმავალი, ძველ, გახუნებულ პალტოსა და შალში შეფუთული, ხანშიშესული ქალი მეორე ისეთივე ძველ პალტოსა და შალში შეფუთულ, ხანშიშესულ ქალს თბილად ესალმება. ქალის ზურგს იქეთ, ძველი კორპუსის კედელზე შავი, გადღაბნილი საღებავით გამოყვანილ წარწერას ვხედავ: „ცხოვრება მშვენიერია“. იქვე, თეთრი საღებავით წმინდა ნინოს ჯვარია დახატული.

თვალებით  ახლა ჩემი ფანჯრის ნაძვებს ვეძებ. აქ არიან! აქ არის თერთმეტივე. ისევ იქ დგანან გზის განაპირას, თითქოს შეშინებულები.  

და, მგონი, აღარც იზრდებიან.

 

Photo Credit: Dirk Skiba

 

პროექტის პარტნიორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები