- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
ანდრო დადიანი
საით მივყავარ ჩემს მოწყენილ გზას,
სად ვპოვებ შვებას მიუსაფარი,
რას მომცემს ისეთს ჩემი სამშობლო,
ან მას რას მისცემს ეს ჩემი ქნარი
ილია ჭავჭავაძე
ამასწინათ ჩემს ერთ მივიწყებულ ინტერვიუს გადავხედე, სადაც ვამბობ, ჩემი თვითმიზანი ცვლილებების გამოწვევა არაა, ვმუშაობ და თუკი რაიმესაც შეცვლის ეს შრომა, გამიხარდება-მეთქი. ახლა ვფიქრობ, მაშინ ან ძალიან ყეყეჩი ვიყავი, ან ძალიან ვკეკლუცობდი, რომ თავმდაბალი ვარ. სულ უკმარობის განცდა მაქვს ნამუშევრებში, სხვაგვარად არც ვიცი, როგორ შეიძლება იყოს ამ გაუმართავ სამუშაო გარემოში, ამიტომ, როცა კომპლიმენტს მეუბნებაინ, სირცხვილის ოფლი მასხამს იმ ხარვეზების გამო, რაც ნამუშევრებში მაქვს და ეს ბუნებრივი ოფლდენა ბუნებრივ თავმდაბლობად ითარგმნება ხოლმე.
არ ვიცი, როგორ შეიძლება აქ, ამ ფელამუშის ქვეყანაში დაიბადოს ადამიანი, აქვე დარჩეს და ამ მომწამვლელი საფლობის აყირავება არ მოუნდეს?! ხელოვნება ჩემთვის კულტურის შექმნის ინსტრუმენტია და არა თავისთავადი, თვითარსი რამ. ამიტომ, ვიხსენებ, ბოლოს რომელი ადგილობრივი კონცერტის, გამოფენის, სპექტაკლის დასხივების ქვეშ მოვყევი და აქედან რომელს ჰქონდა ახალი კულტურული რეალობის შექმნის მცდელობა? ჩვენ ირგვლივ გაბატონებულია პარადიგმები და დიალექტები, რომელთა სამსახური ლეგიტიმური და წახალისებულია, მათი რეკონსტრუქციის მცდელობებიც გვხვდება ხოლმე, მაგრამ ახალი ენის, ახალი მითოლოგიის შექმნის მცდელობა იშვიათია.
სერვანტესის მკვლევარი, ანტონიო მოლინა ამბობს, „ახლა კულტურა ის კი არ არის, რისი შეძენაც შეგიძლია, არამედ გარემო, რომელშიც იბადება ადამიანი. საკუთარი კულტურისადმი, ენობრივი, რასობრივი, სექსუალური იდენტობისადმი ერთგულება მყოფთა თვისებაა, დონ კიხოტი კი ქმნადია, სამყაროსგან განახლებას მოითხოვს, ამიტომაც ზოგჯერ ნაცემი და დაჭრილია ის, მაგრამ დამარცხებული არა, რადგან ქმნადობაში, შემოქმედებაში და ადამიანის ღვთიურ არსშია“.
ამ პროცესში ყოფნა განდგომით, უარყოფით იწყება და ბევრს არ მოვყვები ჩემი კულტურით უკმაყოფილების შესახებ, პირდაპირ გადავალ ხელოვნების ფუნქციაზე ჩვენს კულტურაში.
საქართველოში ხელოვნება ან სავაჭრო, საფესტივალოა პროდუქტია, ან თუ ამ დახლებზე არ იყიდება, თვითდაფინანსებით და თვითდინებით არსებობს და კუს ნაბიჯებით მიიწევს წინ. ცივილიზებული სამყაროს კულტურული განვითარების ტემპს ვხედავთ, ჩვენ მასთან სსრკ-ს გამო 70 წლიანი წყვეტა გვაქვს და ამ ისტორიული რეალობის გათვალისწინებით, კიდევ გვაქვს უფლება ამ ტემპით ვმუშაობდეთ საკუთარ კულტურაზე? ცხადია არა! არადა, სად არის პრობლემა, რომელი რგოლია პასუხისმგებელი არსებულ რეალობაზე, ხელოვანი თუ ხელოვნების მომხმარებელი? მგონი, ორივე, მაგრამ მთავარი პრობლემა მაინც ჩაწყვეტილ, უფუნქციო შუა რგოლშია, მაგალითისთვის, კინოს პროდიუსერში, გალერეის ხელმძღვანელში, საკონცერტო დარბაზის სამხატვრო ხელმძღვანელში, რომელსაც ვალდებულება აქვს თანამედროვე ხელოვნების და ახალი კულტურის შექმნა დააყენოს დღის წესრიგში. თუმცა, ისინი რაღაც უცნაური ჟინით და „უცნაური“ მანქანებით ხვდებიან ამგვარ თანამდებობებზე და არა თანამედროვე ხელოვნების, კულტურის ორგანიზმის გრძნობით და მისი შექმნის სურვილით. მათი მთავარი ვნება, თანამდებობრივი პოზიციაა, რაც ელიტარულ ხელოვანებთან ურთიერთობის შესაძლებლობას აძლევთ და როგორც კი ამ შესაძლებლობას დაეუფლებიან, კულტურის მოკვლევას, განახლება-გარდაქმნას კი არა, მის განმტკიცებას ახმარენ მთელ ძალისხმევას, ამ საქმეში ინსტრუმენტებად გამოყენებული ხელოვანებითურთ.
ამიტომაცაა, რომ მოაზროვნე, ინტელექტუალ და დაუმორჩილებელ ხელოვანებს დასცინიან კიდეც. ამიტომაცაა, რომ ვღებულობთ საკონცერტო დარბაზებში 100-150 წლის წინანდელ სიმფონიურ და საოპერო მუსიკას, გალერეებში – სტერილურ სახელოვნებო პროცესს, თეატრში და კინოში – დამოუკიდებელ დამფინანსებელთან ან სახელმწიფო პროპაგანდასთან უნისონში ყოფნას. ამ პროცესმა ხელოვანების საქმედ (უკეთეს შემთხვევაში) ენის მსახურება გამოაცხადა, ამასობაში კი მახრჩობელა გახდა რეალობა, რომელზეც ენა უნდა ლაპარაკობდეს. ამიტომაცაა, რომ მოგუდული ხელოვანისგან ისმის გლოსოლალია, ენა, რომელიც სოციუმს ვერ უკავშირდება, ენა, რომელიც უცხო ქვეყანაში, უცხო ენაზე მოფუსფუსე ქუჩების ფონურ, გაუგებარ ხმას გვაგონებს.
სხვადასხვა დროს შეხება მქონდა მუსიკასთან, ლიტერატურასთან, თეატრთან, ვიზუალურ ხელოვნებასთან და მიჭირს გავიხსენო, მაგალითისთვის გამომცემელი, ან საგამოფენო დარბაზი, ან მოდის სახლი, ან კერძო თეატრალური დასი, რომელიც საკუთარი ფულის წყაროზე კრიტიკის უფლებას აძლევს ხელოვანს. სამაგიეროდ, ნახავთ, როგორ ასწავლიან ჭკუას ერთი სახელოვნებო ჯგუფის წარმომადგენლები მეორეს. საკუთარ კედელზე წააწერენ დიდ, სახელმწიფო ცხოვრებისთვის ჭეშმარიტ ლოზუნგებს, ხოლო შიდა პრობლემების შესახებ, ჩუმდებიან. თუკი იძულებულია დუმდეს ხელოვანი იმაზე, რაზეც პირველ პირში შეუძლია ლაპარაკი, როგორ ელავდეს მისი ხმა შორს, დიდ, სახელმწიფოებრივ და საკაცობრიო თემებზე? ხელოვნება ჯერ კიდევ ანტიკურობიდანაა კათარზისის და ნიმეზისის შესაძლებლობა და ახლაც უნდა შევძლოთ მისი ამ ფუნქციით შენარჩუნება.
ზემოხსენებულ პრობლემებს ტექნიკურ ენაზე დემოკრატიულობის კრიზისი ჰქვია. თუკი ჩვენთან, ხელოვნებაშია განსხვავებულის მოსმენის პრობლემა, ყველა სფერო ქვეყნის პატარა მოდელია და ლოგიკურია, რომ სახელმწიფოს მეთაურებსაც ამგვარი ავტორიტარული მიდრეკილებები აქვთ. არადა, შეიძლებოდა სწორედ ხელოვანებისგან ესწავლათ მომავალის ადამიანებს, პოლიტიკოსებს ერთმანეთთან სიახლოვის მიუხედავად სიმართლის თქმა. ამჯერად კი კრიტიკა არაკორექტულია. ერთმანეთთან ლაპარაკის დროს შუაში აღმართულია უხილავი, ყრუ კედელი, რომელიც გვიკრძალავს ღიად ერთმანეთზე ლაპარაკს, თუნდაც სააზროვნო მაგალითად მოხმობისთვის. ასეთი ცხოვრების სტანდარტი შეუძლებელს ხდის დიალოგის წარმართვას, ამიტომაც ნამდვილ პასუხებს გაურბის კითხვები, დიალოგი აზრს კარგავს, მის ადგილს კი აზროვნების სუროგატები, მატყუარა დიალოგები იკავებს და ამაზე მიზეზშედეგობრივი მიდევნებით, კულტურის ცოცხალ ორგანიზმზე ჩნდება მერქანი, მერქნის ზემოდან – ხავსი, რომ იმ გაშეშებაში სტაბილურად, მყარად და თბილად გახევდეს არსი, შორს კი ხავსის სიმწვანე მღელვარე სიცოცხლეზე ტყუის.
მიცვალებულზე ან კარგს ამბობენ ან არაფერსო, – ხელოვნებასთან მიცვალებულივით ურთიერთობა გაქვავებულ კულტურას შობს და მასში ცხოვრება ტანჯავს ადამიანებს. ამიტომაც ჩვენში ან მთლად გაველურებულები და კულტურისგან ზურგშექცეულები არიან ადამიანები, ან ჰეროიკული თავგანწირვით იბრძვიან ცვლილებებისთვის, არადა კულტურის კეთება გმირობა კი არა, ჩვეულებრივი საქმიანობაა, რადგან ეს ჩვეულებრივ ვერ ხდება აქ, ბოლო 10 წელიწადში 800 000 ქართველი გახდა იძულებული დაეტოვებინა ეს ფელამუშივით საფლობი, საკუთარი სამშობლო.
სტატიაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლებელია არ გამოხატავდეს პენცენტრის პოზიციას.
პროექტი: „მწერლები დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის - პუბლიცისტური სტატიების სერია“. მხარდამჭერი: „ღია საზოგადოების ფონდი“.