საქართველოს ხელისუფლებამ “ფეიკნიუსის” შესახებ დისკუსია წამოიწყო „ფეიკნიუსით“. პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 11 იანვარს, ბრიფინგზე ცილისწამების რეგულაციაზე ილაპარაკა და ხაზგასმით აღნიშნა სოციალური ქსელები, როგორც „ფეიკნიუსის“ გავრცელების ერთ-ერთი წყარო. მან ჟურნალისტებთან ისაუბრა ფრანგულ გამოცდილებაზე. „მედიაჩეკერის“ ინფორმაციით, „საფრანგეთმა მართლაც მიიღო ახალი კანონი ოღონდ არა ცილისწამების, არამედ წინასაარჩევნო პერიოდში ყალბი ინფორმაციის გავრცელების საწინააღმდეგოდ, რომელმაც დიდი დებატები გამოიწვია ქვეყნის შიგნითაც.“
მოკლედ რომ ვთქვათ, საფრანგეთის მაგალითის დამოწმება ირელევანტურია, რადგან იქ პოლიტიკური თამაშის მოკლევადიანი წესების დადგენაზეა ლაპარაკი, ისიც - საარჩევნო პერიოდში. ჩვენთვის კი ეს, იმ ფორმით, რა ფორმითაც, სავარაუდოდ, ხელისუფლებას უნდა, უკიდურესად საშიში პრეცედენტი იქმნება.
საფრთხე რამდენიმე “პერპექტივას” გულისხმობს:
უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება თავად არის ცილისწამების მთავარი ორგანიზატორი. ნებისმიერი მოქალაქე (რატიანიდან დაწყებული სარალიძით დამთავრებული) როგორც კი აღმოჩნდება ხელისუფლებასთან დაპირისპირებაში, ინტერნეტში აგრესიულად აქტიურდებიან ე.წ. ტროლები, რომლებიც სხვადასხვა გვერდზე გამალებით ავრცელებენ ყალბ ინფორმაციას. ყველა ეს გვერდი არის დასპონსორებული, ყველა ეს გვერდი არის შეურაცხმყოფლად პროსამთავრობო და ყველა ეს გვერდი არის „მიძინებული” - მანამ, სანამ ვიღაც გაბედავს და ხელისუფლების საპირისპირო აზრს გაახმიანებს. ანუ ჩვენი ფული ხმარდება ჩვენსავე გაშავებას, ჩვენი მოქალაქეების ტვინების რეცხვას. შესაბამისად, იაფფასიანი სპეკულაცია იმაზე, რომ თურმე ცილისწამება ცუდია (ნუთუ?!), არის პრიმიტიული ვირეშმაკობა.
თუ ხელისუფლება თავად არის ე.წ. ფეიკნიუსის გამავრცელებელი, ვის ემუქრება ის ამ კანონპროექტით?
შუა საუკუნეეების ინგლისში სამეფო კარზე ჰყავდათ პაჟები, რომლებიც საერთოდ არაფერს აკეთებდნენ, თუმცა დიდ როლს თამაშობდნენ მომავალი მონარქის აღზრდაში. როცა ტახტის მემკვიდრე ცუდად მოიქცეოდა, სცემდნენ... პაჟებს. ვფიქრობ, სწორედ ასე იქნება ამ კანონპროექტის გასვლის შემთხვევაშიც: ხელისუფლება როცა გაავრცელებს „ფეიკნიუსებს“, მურუსიძის სამართლებრივი წკეპლა ჩვენს ტრაკებზე იშხუილებს.
მთავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ არ გვაქვს სასამართლო. ამიტომ ნებისმიერი რამ, რაც ჩვენი გამოხატვის უფრო მეტ შეზღუდვას ეხება (როგორც წესი, კვაზიჰუმანური მოტივებით), მიმართული იქნება ჩვენი ისედაც მყიფე საზოგადოებრივი ფუნდამენტის ჩამონგრევისკენ.
საქართველოს სასამართლო სისტემა არის ხელისუფლების ყურმოჭრილი ყმა. იოლი წარმოსადგენია, ამ სისტემის თითოეული წევრი რა იმიჯით შევა ისტორიაში, მაგრამ სანამ ისტორია დაიწერება, მანამ ისინი შეიწირავენ ბევრ ადამიანს. მოსამართლეები, რომლებმაც ფიგურალურად რომ ვთქვათ, მოკლული გირგვლიანი გაამტყუნეს და მოკლული სარალიძე-მაჩალიკაშვილის საქმის ფიგურანტები გაამართლეს, ცხადია, საზოგადოებისგან არავითარ ნდობას არ იმსახურებენ. სამაგიეროდ, ისინი იმსახურებენ ხელისუფლების ნდობას და თანაც, იმდენად, რომ უვადო მოსამართლეობასაც უპირებენ. შესაბამისად, უნდა ვივარაუდოთ, რომ ე.წ. ცილისწამების კანონპროექტი თუ გავა, ცილისწამებად შეირაცხება ყველაფერი, რაც ხელისუფლებას დისკომფორტს შეუქმნის, ხოლო ჩვენი ყოველგვარ ფსკერს ქვემოთ მოლივლივე სასამართლო ოპერატიულ დასტურს დასცემს.
არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ცილისწამებაზე აქტიური საუბარი ჯერ კიდევ ბიძინა ივანიშვილმა დაიწყო. ამ კანონპროექტის საჭიროებაზე სწორედ ამის შემდეგ ალაპარაკდა ხელისუფლების ყველა წევრი: ცილისწამებული სალომე ზურაბიშვილიდან ვიდრე ცილისმოწამე ზაზა გაბუნიამდე. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ის ადამიანია, რომელიც წლების წინ - არც მეტი, არც ნაკლები - მხატვრული ლიტერატურის, „და ვინჩის კოდის“ აკრძალვას ითხოვდა.
ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა უშუალოდ შემოქმედებითი ნაწარმოების ცენზურის ქვეშ მოქცევის კანონპროექტი, რომელიც მძაფრი საზოგადოებრივი წინააღმდეგობის გამო ვერ გავიდა. ახლა, როგორც ჩანს, სხვა მხრიდან დაატრიალეს ფირფიტა. მართლაც, რაღა მარტო შემოქმედებითი ნაწარმოები, როცა შეგიძლია ერთიანად მოიცვა ყველა სფერო!
მართალია, ტექსტიდან შინაარსის გამოტანა არ არის ჩვენი ხელისუფლების ძლიერი მხარე, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ მათში თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც დარჩა. ვერავინ გადარჩება პოლიტიკურად, ვინც ამ კანონპროექტს ხელს მოაწერს.