- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
ყოველთვის გაუგებარი იყო, რატომ ვერ იცავს საკუთარ უფლებებს მსოფლიოში ათობით, ასობით ათასი მთარგმნელი, რომელთა დიდი ნაწილი განათლებული, თანამედროვეობასთან ფეხაწყობილი ადამიანია.
ბერნის კონვენცია, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 1995 წელს შეუერთდა, მკაფიოდ უტოლებს ერთმანეთის მწერლებისა (ზოგადად, ავტორების) და მთარგმნელების უფლებას თავიანთ ნამუშევრებზე და ამით უკანასკნელთა შრომაში არანაკლები შემოქმედებითი კომპონენტის არსებობას აღიარებს.
დასაბუთება იურისტთა განამრტებებში ასეთია: "სააავტორო უფლება ორიგინალობის იდეას ეფუძნება: გამოხატვის ნებისმიერი ფორმა, რომელიც სხვა ამგვარივე ფორმებისაგან განსხვავდება, ავტორი ინტელექტუალურ საკუთრებად ითვლება და, როგორც ასეთი, დაცვას ავტომატურად საჭიროებს.. მთარგმნელი კონკრეტული თარგმანის ავტორია, რაკი ამავე ტექსტის ყველა სხვა შესაძლო თარგმანი ერთმანეთისგან განსხვავებული იქნება. სწორედ ამიტომ აქვს მთარგმნელს ისეთივე სამართლებრივი უფლებები, როგორიც მწერალს. ეს ასევე ნიშნავს, რომ ლიტერატურული თარგმანი მხოლოდ დაქირავებული შრომის შედეგად შექმნილი ნამუშევარი კი არაა, არამედ თავისუფალი გამოხატვის ფორმა. როდესაც გამომცემელი მთარგმნელთან კონტრაქტს დებს, იგი მას ორიგინალურ ნამუშევარს უკვეთავს, რომელსაც ავტორის ბეჭედი ახლავს.“ ( CEATL, ლიტერატურულ მთარგმნელთა ასოციაციების ევროპის საბჭო).
ქართული კანონი საქართველოს კანონი საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ საავტორო უფლებას საკუთარ თარგმანზე (იხ. მუხლი 6, პუნქტი ლ) მთარგმნელს ანიჭებს.
რაც ზემოთ ითქვა, კითხვასაც აჩენს - რომელ წელს შეიტყვეს ქართულმა გამომცემლობებმა, რომ მათ სახელმწიფოს ა) ბერნის კონვენციაზე აქვთ ხელი მოწერილი; ბ) 2010 წლამდე ჰქონდა კანონი, რომელიც მათ ავალდებულებდა, საავტორო უფლება თარგმანზე მთარგმნელისათვის დაეტოვებინათ.
საქართველოში საგამომცემლო სფეროს კიდევ ერთი თავისებურება აქვს - მთარგმნელებს, - ზოგადად, ავტორებს, ძალზე იშვიათად აქვთ ინფორმაცია, თუ რა ტირაჟით გამოიცემა მათი ნამუშევრები.
სოციალური/სადაზღვევო უფლებები და დაცულობა
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ქართველი მთარგმნელების აბსოლუტური უმრავლესობა გამომცემლობებთან ისე ურთიერთობს, როგორც თავისუფალი ავტორი .
ესე იგი, არ არსებობს ინსტიტუცია, რომელიც პასუხისმგებელია მთარგმნელის მიმართ, რამდენიმე უფლება ზემოთ ნახსენებ დოკუმენტში ( იუნესკოს რეკომენდაციები, 1976 წელი, ნოემბერი), მთარგმნელებმა, რომლებიც დამოუკიდებელ მწერლებად მუშაობენ, იმის მიუხედავად, იღებენ თუ არა ისინი ე.წ. ,,როიალთის“, პრაქტიკაში უნდა მიიღონ სარგებელი ნებისმიერი სოციალური დაზღვევის სქემიდან, რომელიც უკავშირდება პენსიას, ავადმყოფობას, საოჯახო დახმარებას და ა.შ.. " ვფიქრობთ, ასეთ შემთხვევაში, გარკვეული ვალდებულების ამღები მხარე უნდა იყოს სახელმწიფო და მისი სააგენტოები.
იუნესკოს ერთ-ერთი დოკუმენტი, რომელსაც ხშირად ეყრდნობა ხსენებული კვლევები, ასევე მოწმობს, რომ წიგნის განვითარებული ბაზრის ქვეყნებში მკაფიო კორელაცია არსებობს მთარგმნელის გამოცდილებასა და მის ანაზღაურებას შორის. საქართველოში ეს ტენდენცია ძალიან სუსტადაა გამოხატული. პირიქით, უფრო ხშირია და თვალსაჩინო სხვა ტენდენცია - ბაზარი „განაგდებს“ ზოგიერთ კარგ, გამოცდილ ( და წლების განმავლობაში სპეციფიკური პრობლემებით უკვე გვარიანად დაღლილ) მთარგმნელს, და ეს მართლაც ემსგავსება თარგმანის სოციოლოგების კვლევებში აღწერილ (და ერთობ გავრცელებულ) დამოკიდებულებას თუ მოსაზრებას, თითქოს მთარგმნელობა მხოლოდ ერთ-ერთი საწყისი საფეხური იყოს ზოგი ჰუმანიტარის, განსაკუთრებით, ქალის, კარიერაში.
სანამ შრომის უფლებების დაცვის მხრივ გამოქვაბულში შებრუნებული ჩვენი ქვეყანა ამ სიბნელეში აცეცებს ხელებს, მსოფლიოში, ათწლეულებია, ვითარდება სოციოლოგიის ახალი დარგი, შრომის სოციოლოგია. რა თქმა უნდა, არსებობს ვიწრო „ქვედარგიც“ - თარგმნის სოციოლოგია. ჩვენი წიგნის ბაზრის მსხვილ და წვრილ მოთამაშეებს სრულიად აღმაშფოთებლად - ან, ვინ იცის, იქნებ კომიკურად - მოეჩვენებათ საკითხები, რომლებითაც ამ სფეროს მკვლევრები ინტერესდებიან სოციალურ განზომილებაში. აქ ყველას ერთად (მათ შორის, მასაც, ვინც ამ გრძელი მიმოხილვის ბოლომდე წაკითხვას ცდილობს) მოვუფრთხილდები და ჩვენი წიგნის ბაზრისათვისაც კი გასაგებ განზომილებებზე გადავალ - ძალიან მოკლედ, რათა შემდეგ ეს ტექსტი ჩემი პატარა აღმოჩენით დავასრულო. და ეს აღმოჩენა მთარგმნელების ცოტათი აუხსნელ ეკონომიკურ სტატუსს ეხება. განა მხოლოდ საქართველოში, მთელს მსოფლიოშიც.
მთარგმნელის სიმბოლური და ეკონომიკური კაპიტალი
ქართული წიგნის ბაზრისა და ჩვენი გამომცემლობების საქებარი ორი რამ შეიძლება ითქვას.
პირველი ისაა, რომ გამომცემლობები აქ ლამის ერთადერთი დამქირავებლები არიან, ვინც მთარგმნელებს სამუშაოს დაწყებამდე უდებს კონტრაქტს (მას შემდეგ, რაც კონტრაქტების დადება ისწავლეს, რასაკვირველია) და არა მისი დასრულების შემდეგ. მაშასადამე, მთარგმნელი ამ მხრივ დაცულია სიურპირზებისა და გაუგებრობებისაგან.
მეორე, რითაც, როგორც ირკვევა, ჩვენზე დიდი ბაზრის მქონე ქვეყანა ვერ დაიკვეხნის, კარგი მთარგმნელების „ცნობადობაა“. ანუ, კარგ მთარგმნელებს ჩვენი წიგნის ბაზარზე ეკონომიკური არა, მაგრამ სიმბოლური კაპიტალი ნამდვილად უგროვდებათ, განსაკუთრებულ შემთხვევებში იგი საშუალო ქართველი პროზაიკოსისას უტოლდება.
ირანში, როგორც ერთ-ერთი ფინელი მკვლევარი წერს, ადამიანები კითხულობენ წიგნებს, მაგრამ ვერ ან არ იხსომებენ მთარგმნელებს. შესაძლებელი ჩანს სიტუაცია, როდესაც ადამიანი კარგი მკითხველია, მაგრამ არ ჰყავს საყვარელი მთარგმნელი ან ვერ იხსენებს კარგ ირანელ მთარგმნელებს.
და ბოლო აკორდი, რომელშიც ქალი და მთარგმნელი ერთმანეთს ერწყმის, და შერწყმა თითქოს ნაწილობრივ სცემს პასუხს კითხვას -
რატომ არის მთარგმნელის (საუბარია მხატვრულ თარგმანზე) ხელობა ასე აუხსნელად დაბალანაზღაურებადი მთელ მსოფლიოში?
გენდერული განზომილება
სოციოლოგების კვლევებზე დაყრდობით თუ იმის მიხედვით, რასაც ჩვენს სინამდვილეში ვხედავთ, ლიტერატურული მთარგმნელების დიდი უმრავლესობა ქალია. ეს ასეა საქართველოში, და კიდევ უფრო მკვეთრადაა გამოხატული ევროპისა თუ აზიის ბევრ ქვეყანაში. მაგალითად, მკვლევრების, დამის და ზეთზენის (Dam, Zethsen), ვოლფის (Wolf) და სხვათა კვლევები გვეუბნება, რომ თურქეთში ქალებზე მოდის მთარგმნელთა მთლიანი ოდენობის 84%; დანიაში - 87%; 2007 წელს გერმანიაში გამოცემული ნათარგმნი ლიტერატურის 91% ქალების მიერ იყო ნათარგმნი.
ამავე ავტორებთან შეიძლება საკმაოდ საინტერესო ინფორმაციის ამოკითხა იმის შესახებ, თუ როგორ აღიქვამს მთარგმნელი თანამშრომლების სოციალურ/სიმბოლურ სტატუსს მსხვილ ბიზნეს-კომპანიებში ორივე სქესის ადამიანები. ირკვევა, რომ ბიზნესის სფეროში მამაკაცები მთარგმნელს გამოკვეთილად დაბალ სტატუსს აკუთვნებენ (ყოველ შემთხვევაში, ეს ასეა მათ აღქმაში, რაც პრაქტიკაში შესაბამისად გამოიხატება), ხოლო მათივე თანამშრომელი ქალებისთვის ეს გაცილებით საპატიო პროფესიაა.
აი, ამგვარად, თვალსა და ხელს შუა იკვრება მთარგმნელის პროფესიის მრავალმხრივი „ფემინიზების“ წრე, მკვლევრები ამ მონაცემების ინტერპრეტირებას ცდილობენ და ბევრი მათგანის პასუხი ასეთია:
მთელ მსოფლიოში მთარგმნელის შრომა აღქმულია, როგორც ქალების მიერ შვილების აღზრდის პროცესში შეგნებულად არჩეული სამუშაო, რომელიც მათ მოქნილი გრაფიკისა და მეტი თავისუფლების გამო მათ საჭიროებებს უკეთ ესადაგება. მამაკაცების მიერ მართულ საქმიან სამყაროში ყველანაირ შრომას, რომელიც ქალის [„ოჯახის ქალის“] ამგვარ საჭიროებებს ესადაგება, კარიერული კიბის პირველ საფეხურებთან აქვს მიჩენილი ადგილი და შესაბამისია მათი ეკონომიკური თუ სიმბოლური კაპიტალიც.
ამგვარი კაპიტალის მქონე პროფესიებია ჯერჯერობით მსოფლიოში სკოლისა თუ ბაგა-ბაღების აღმზრდელობა-მასწავლებლობა. რა დგას ამის უკან? მამაკაცების მიერ მართულ სივრცეებში ამის უკან დგას ქალის შრომის, ქალის პიროვნული საჭიროებების უღიარებლობა.
მაშასადამე, მთარგმნელობა ბავშვთა აღზრდის საჭიროებასთან მისადაგებულ პროფესიად არის მიჩნეული, მთარგმნელის ანაზღაურებაც (მათ შორის, კარგი მთარგმნელებისაც) კარიერული კიბის პირველ საფეხურებისათვის შესაფერისია.
მთარგმნელების დაუცველობას, როგორც ირკვევა, გენდერული განზომილებაც ამძიმებს, მთარგმნელობითი სფეროს სოციალური პრობლემატიკა ერთგვარად ინტერსექციონალურია.
პრობლემების ძირების საძიებლად შორს წასვლა არცაა საჭირო, როდესაც მთარგმნელობითი საქმის ძველ თუ ახალ კვლევათა ერთი ნაწილიც გასაკვირ სექსისტურ კომენტარებს შეიცავს. მაგალითად, ძალიან ხშირად შეიძლება შეგვხდეთ ფაქტის კონსტატირება, რომ ფრილანსერი მამაკაცები უფრო სწრაფად მუშაობენ, ვიდრე ქალები. რა სახელდება ამის მიზეზად? ის, რომ მამაკაცები უფრო გაწაფულები ყოფილან სათარგმნი ტექნოლოგიების გამოყენებაში. ანუ, პროფესია „ქალურად“ (მეტიც, დედურად) არის აღიარებული, მაგრამ მედლის მეორე მხარე - ოჯახური შრომის ტვირთი - კვლავ შეუმჩნეველი რჩება. აქ მხოლოდ ერთ ანონიმურად მოთხრობილ ამბავს მოვიტან და ალბათ ასე დასრულებაც შეიძლება.
„ძალიან ნელა ვმუშაობ. ერთადერთი რომანი ვთარგმნე ძალიან სწრაფად, 2-3 თვეში. მასზე მუშაობა 2009 წელს მომიხდა. ვთარგმნიდი დღისითაც და ღამითაც, როცა კი განმარტოების საშუალება მეძლეოდა. ჩემი შვილი 7 წლის მაშინ გახდა, როცა ამ წიგნს ვთარგმნიდი. ეს შესანიშნავი რომანია, ასეთი ტექსტების თარგმნა ერთი სიამოვნებაა, მაგრამ იმ თვეების გახსენებისას რაღაც ძალიან მწარედ „მიჭერს“. მახსენდება: ჩემი შვილის დაბნეული ბორიალი ცარიელ ბინაში, იმიტომ რომ იქ მართლაც არ ვიყავი. 7 წელი ის ასაკია, როცა ა) ბავშვს უამრავი კითხვა აქვს; ბ) ჯერ ემოციურად ძალიან მიჯაჭვულია მშობელს; გ) საკუთარი სოციუმი ჯერ არ აქვს. მას მერე იგივე აღარ გამიმეორებია, სამუშაო საათები მეტწილად ღამისკენ გადავანაცვლე: 11.00-06.00. ასე შეიცვალა დიდი ხნით, ანუ განუსაზღვრელი დროით, ჩემი ცხოვრების რეჟიმი. მე დღემდე „ვპარავ“ ჩემს შვილს ჩვენს წილ ურთიერთობას, ოღონდ იმდენს არა, რამდენსაც 2009-ში. ახლა ალბათ უკვე საკუთარ ჯანმრთელობას ვაკლებ დროს.“