მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

ინტერვიუ მაიკლ პალმერთან - უნდა გვწამდეს პოეზიის კეთილი განზრახვისა

×
მაიკლ პალმერი, პოეტი
ავტორის გვერდი ნუკა ღამბაშიძე 2020-02-25 8817

ინტერვიუ მაიკლ პალმერთან პროექტის „მწერლები სოციალური საკითხების შესახებ“ ფარგლებში

მაიკლ პალმერი დაიბადა ნიუ-იორკში 1943 წელს. მისი ტექსტები უპირისპირდება რეპრეზენტაციის ცნებას და ენობრივ სტანდარტებს, და იკვლევს პოეზიის მოქმედების სივრცეს. მას მიღებული აქვს “ხელოვნების უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრის“ ორი გრანტი, „გუგენჰაიმის ფონდის“ სტიპენდია, „შელის“ მემორიალური პრემია „ამერიკის პოეტური საზოგადოებისგან“. 2006 წელს გადაეცა უოლეს სტივენსის პრემია. 1999 წელს აირჩიეს „ამერიკელი პოეტების აკადემიის“ ხელმძღვანელად. დღეს იგი სან-ფრანცისკოში ცხოვრობს.

მაიკლ პალმერი ნათარგმნია ბევრ ენაზე და მას გამოცემული აქვს მრავალი პოეტური კრებული, მათ შორის: „ძაფი“ (2011); „ჩრჩილების კომპანია“ (2005), რომელიც კანადური „გრიფინის პოეტური პრემიის“ მოკლე სიაში მოხვდა; „შუშის დაპირებები“ (2000); „ლაიონ ბრიჯი“ - რჩეული ლექსები 1972-1995 (1998); „მზე“ (1988); „პირველი ფიგურა“ (1984); “ექოს ტბის ჩანაწერები“ (1981); „მუსიკის გარეშე“ (1977); „წრიული კარიბჭეები“ (1974); „ბლეიკის ნიუტონი“ (1972). ავტორს ასევე გამოცემული აქვს ერთი პროზაული ტექსტი „დანიური ჟურნალი“ (1999).

 

პენცენტრი: შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ლიტერატურის და პოეზიის ნამდვილი „მცველი“ ხართ, თვითგამოხატვისთვის მთავარ მედიუმად სიტყვას და ხელოვნებას იყენებთ. გჯერათ, რომ ხელოვანის მაღალმა ხმამ სოციალურ აქტივიზმში შესაძლოა მნიშვნელოვანი გავლენა იქონიოს?

მპ: რთული შეკითხვაა, და აქტიური განხილვის ობიექტი, მას შემდეგ, რაც ორგანიზებულ საზოგადოებაში ხელოვნება გაჩნდა. ვფიქრობ, პასუხი დამოკიდებულია კონკრეტულ ისტორიულ მომენტსა და ადგილზე. შეიძლება ითქვას, რომ „მაღალი ხმა“ ხშირად არის პროცესების ნაწილი. ზოგჯერ ეფქტიანია, ზოგჯერ მას აჩუმებენ და ეფექტიანობაც სწორედ ამ შეზღუდვის და ჩაგვრის შედეგად მიიღწევა. მაგრამ ვფიქრობ, ჩუმი უარყოფის ან წინააღმდეგობის ძალაც არ უნდა უგულებელვყოთ. სიჩუმე პოეტური ხერხების ნაწილია და ის პასიური არც ერთ შემთხვევაში არ არის. მოახდენს კი პოეზია რაიმე მნიშვნელოვანს? ოდენი წუხდა, რომ პოეზიას ეს არ შეეძლო, თუმცა პოეზია იყო და არის რაღაც, რაც მუდმივად ხდება სხვა ამბების პარალელურად. ჩვენ უნდა გვწამდეს პოეზის კეთილი განზრახვისა (როცა ის სამართლიანობისკენ მოგვიწოდებს) და შემოქმედებითი წარმოსახვის სიმართლის. რაც შეეხება ხელოვნებას შეერთებულ შტატებში და პოეზიას ჩვენს ფართოდ მატერიალისტურ საზოგადოებაში, ყოველთვის უნდა დავსვათ ერთი კითხვა: ვინმე გვისმენს? ვინმე გვპასუხობს? ამ შემთხვევაში, „კიც“ და „არაც“ სწორი პასუხებია. ჩვენ ამ პარადოქსში ვყოვნდებით, ეს კი ყოველთვის საინტერესოა, მაშინაც კი, თუ ეს შეყოვნება გაურკვევლობაში გვაქცევს. „ინსტრუმენტული პოეზია“, შექმნილი იმისთვის, რომ პირდაპირი ცვლილებები მოახდინოს, ზოგჯერ შედეგს იძლევა, მაგრამ ის შესაძლოა იმავე ძალაუფლების ენის გავლენის ქვეშ მოექცეს, რომელსაც ებრძვის.  იმის თქმას ვცდილობ, რომ თუ პოეზია იმ დისკურსის იმიტირებას დაიწყებს, რომლის დამარცხებასაც ცდილობს, შესაძლოა, მუტაციის შედეგად აგიტ-პროპად ჩამოყალიბდეს, და შესაბამისად, შთაინთქას ან ნეიტრალიზდეს.

პენცენტრი: რა არის ის სახელოვნებო ფორმები და მედიები, რომლებშიც მუშაობთ და როგორ ირჩევთ იმას, თუ რას გადმოსცემთ მათი მეშვეობით? რა განსაზღვრავს ფორმას, მესიჯი თუ მიზანი?

მპ: მე არ ვმუშაობ წინასწარ განსაზღვრული ფორმებით, მუშაობის პროცესში ფორმას თვითგამოცხადების შესაძლებლობას ვაძლევ. ამ დროს ლექსთან დიალოგში ვარ და მისი სურვილების შესახებ ვსაუბრობთ, ან სულაც საერთო სურვილების და გამოხატვისთვის საჭიროების შესახებ. ამავდროულად ვმუშაობ „ექო სივრცეში“, სადაც ფორმალური საზომები და ისტორიული ფორმები გადმოდის წინა პლანზე, თავს ამჟღავნებს და დიდი სურათის ნაწილი ხდება. შესაბამისად, ჩემი “პატარა ელეგიები და სატანისთვის“ (ეს ლექსები ჩემს შემდეგ კრებულში შევა), დიალოგში არიან კლასიკური ლექსის ელეგიურ ფორმებთან და ამავე დროს შორდებიან მათ საკუთარი ხმის და მიზნის აღმოსაჩენად. ისინი წარმოდგნილი მყავს როგორც მრავალხმიანი პასუხები, რომლებიც უპირისპირდებიან ჩვენი დროების სიგიჟეს, უკონტროლო, კორუმპირებულ ავტორიტარიზმს და ძალაუფლების მქონეთა შიზო-ბოდვას. ისინი სატირის ელემენტებსაც შეიცავს, ისევე როგორც აბსურდიზმის, რაც შთაგონებულია რუსული აბდურდისტი, მეორენაირად „ობერიუ“ პოეტებისგან და მწერლებისგან, და ამ ღირსეული ლიტერატურული ტრადიციის სხვა წარმომადგენლებისგან. (ჩემს ლექსებში ასევე აღმოაჩენთ სონეტს, და სხვა დამკვიდრებულ ფორმებს.) მე მაინტერესებს „აქტიური ფორმა“, რომელსაც ევალება სამუშაო პროცესის ინფორმირება და უძღვება მას გახსნილობისკენ, იმის გაცნობიერებისკენ, თუ რას წარმოადგენს ყველაფერი და რად შეიძლება იქცეს.

რაც შეეხება სხვა მედიებს, ხშირად მიმუშავია კომპოზიტორებთან, იმპროვიზატორ მუსიკოსებთან, ვიზუალურ არტისტებთან და უკვე ორმოცი წელია, პერიოდულად ვთანამშრომლობ ქორეოგრაფ მარგარეტ ჯენკინსთან და მის მოცეკვავეებთან. ყველა ამ შემთხვევაში ჩემთვის მთავარი გამოწვევაა საკუთარი შემოქმედებითი ჩვევების გადალახვა. ნამდვილ კოლაბორაციაში მუშაობის შედეგი მონაწილეებს შორის სივრცეში იბადება, როგორც მრავალ ხმას შორის გაბმული შემოქმედებითი საუბარი. ამ დროს პროცეზე სრული კონტროლი უნდა დათმო და დაიწყო მუშაობა საკუთარი, შემოსაზღვრული სივრცის მიღმა, წინასწარ განუსაზღვრელ სივრცეში. ხშირად პოეზიაზე ტრადიციული მუშაობის დროსაც იგივე პროცესს გავდივართ. ამ დროს ადამიანი წინათ უნახავ და უცნობ ადგილს ეწვევა. თუ მათ შორის ქიმიური კავშირი შედგა, ეს გამოცდილება განმათავისუფლებელი იქნება.  

პენცენტრი: ეთანხმებით მოსაზრებას, რომ ენით გამოხატული ხელოვნება თავისი ბუნებით პოლიტიკურია?

მპ: არა, არ ვეთანხმები. მისი „ბუნება“, თუკი ასე ვუწოდებთ, ბევრად უფრო მრავალგანზომილებიანია, დაბადებული და ფორმირებული რეალობისგან, რომელიც ბევრად უფრო მრავალმხრივი და კომპლექსურია, ვიდრე პოლიტიკა. თავისთავად, ჩვენი ენა უმეტესად არის polis-ის ნაწილი - იმ ისტორიული და თანამედროვე ძალებისა, რომლებიც აყალიბებენ კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალებებს და იმყოფებიან კლასიკური „ქალაქის“ ცენტრში. თუმცა, ყოველთვის არსებობს მისი გარე სივრცე, სხვა ადგილი, რომელსაც პოეზია მიელტვის, იქნება ეს მითური თუ „სწრაფვის“ ლირიკული პოეზია, ან სულაც „გამოწვევის“ პოეზია (არა მხოლოდ პოლიტიკური გამოწვევის). ასეთია, მაგალითად, არტოს და მრავალი სხვა პოეტის ლირიკა. ეს პოეზია ესწრაფვის დაუმარცხებლობას, ლახავს იმ კონტეინერის საზღვრებს, რასაც წარმოადგენს პოლიტიკა და ამავე დროს შეუძლია იყოს დიალოგში პოლიტიკურთან და ჩაერიოს პოლიტიკურში. უნდა გვახსოვდეს, რომ პოეზიის დაბადება და ფორმირება ასევე მიეწერება infans-ს[1],  პრელინგვისტურსა და გამოუთქმელს, რომელიც აგრძელებს ჩვენი წარმოსახვის და გამოხატვის საშუალებების კვებას, პოლიტიკური კი ცდილობს მათ ჩახშობას, ან დაკონსერვებას. პოეზია ცდილობს, თავი უმართავად გამოაცხადოს. 

პენცენტრი: ინფორმაციულმა ტექნოლოგიებმა, ინტერნეტთან ულიმიტო წვდომამ და სოციალურმა მედიამ თვითგამოხატვა უფრო ადვილი გახადა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. როგორ გავლენას ახდენს ეს პროცესი იმ კონტენტის ფორმირებაზე, რომელიც დღეს მსოფლიოში იქმნება?

მ.პ: მახსოვს ერთი შემთხვევა, როცა მრავალი წლის წინ ასპენში, კოლორადოში ფუტუროლოგიის კონფერენციაზე ვცადე სტივ ჯობსთან გასაუბრება მონაცემსა და ინფორმაციას შორის განსხვავების თაობაზე. რთული გასარჩევი იყო, ვერ დავაინტერესე თუ უბრალოდ ვერ გამიგო. ასპენში თავის ახალ კომპიუტერს, „ლიზას“ წარადგენდა, მეორადი მანქანების გამყიდველისთვის დამახასიათებელი მანერით. კომპიუტერი საბოლოოდ ნაგავი აღმოჩნდა, ისევე როგორც კონფერენციის დანარჩენი ტექნოლოგიური და სოციალური პროგნოზები. კონფერენციის ღონისძიებების სერიის ყველაზე ნათელი წერტილი იყო არაჩვეულებრივი სამხრეთ აფრიკელი მუსიკოსის და კომპოზიტორის დოლარ ბრენდის (იგივე აბდულ იბრაჰიმის) სოლო იმპროვიზაცია პიანინოზე. მან ტრანსცენდენტული სიცხადის ატემპორალური დიალოგი შექმნა მსოფლიოს სხვადასხვა კულტურასა და მუსიკალურ სტილებს შორის. ვერ წარმოვიდგენ. თუ რა შეიძლება შესძინოს ამ ახალმა, ე.წ. შეუზღუდავმა ინტერნეტკავშირმა უნივერსალური არტისტული გამოხატულების ამ მომენტს. თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ ამ ტექსტს ჩემი „ეფლის“ კომპიუტერზე ვკრეფ და მალე თბილისში, საქრთველოში ჩემს ძვირფას მეგობრებს ინტერნეტის მეშვეობით გავუგზავნი. მადლიერი ვარ, რომ მოხერხებულად ვპოულობ ყველაფერს ონლაინ, მაგრამ ასევე ვიცი, როგორი უძლური შეიძლება იყოს ჩემი საძიებო სისტემა იმასთან შედარებით, თუ რა აღმოჩენები შეიძლება გააკეთო, როდესაც წიგნებსა და ბიბლიოთეკის თაროებში იკვლევ გზას, ძვირფას არქივში, სადაც აღმოჩენები შრომის საპასუხოდ კეთდება და სადაც მოულოდნელი საჩუქრები გელოდება. იქნებ ასეთი ინფორმაციულობა დიდად არც განსხვავდება იმისგან, რასაც ფლანერი[2] ქალაქში უგზო-უკვლოდ ხეტიალის დროს იგებს, ან იმ გზისგან, რომელზეც დანტე წერს, სადაც სწორი მიმართულება დაკარგულია.

პენცენტრი: (მიემართება წინა შეკითხვას) როგორ გავლენას ახდენს ეს პროცესი რეციპიენტზე და პუბლიკაზე?

მ.პ.: ვიმედოვნებ, რომ ყველანი შევინარჩუნებთ სკეპტიციზმს და სიფრთხილეს ნებისმიერი იმ უტოპიური პროექციის მიმართ, რომელიც ამ ახალი ცენტრის ცენტრიდან, სან-ფრანცისკოში ჩემი სახლის სამხრეთით მდებარე სილიკონ-ველიდან აღმოცენდება. როცა ამას ვწერ, სიბნელისა და სინათლის ძალები ახალ ტექნოლოგიებზე კონტროლის მოსაპოვებელ ბრძოლაში არიან ჩართულები, მე კი ალბათ უკანასკნელი ადამიანი ვარ, ვინც შეიძლება იცოდეს, რა შედეგს მოგვიტანს ეს. როგორც რეციპიენტები, უნდა შევეწინააღმდეგოთ ინფორმაციის არაკრიტიკულ მიღებას და პასიურობას, თუმცა ეს საკითხი ყოველთვის აქტუალური იყო, ნებისმიერი მედიუმის შემთხვევაში, და მიუხედავად იმისა, თუ რა ავტორიტეტად იმოსებიან იეროფანტები, ტექნოლოგიურ თუ სხვა რამედ. 

პენცენტრი: მსოფლიო სახელმწიფოები, რომლებიც უკანასკნელ ათწლეულებში დემოკრატიულ პრინციპებზე აღმოცენდნენ და განვითარდნენ, დღეს მსოფლმხედველობით კრიზისს განიცდიან. ამის შედეგად მოქალაქეები იყოფიან და მხარს უჭერენ მოწინააღმდეგე, ხშირად რადიკალურ ძალებს. ფიქრობთ, რომ არსებობს კავშირი ან სართო მიზეზი ამ ყველაფრის მიღმა?

მ.პ.: სამწუხაროდ, ჩვენ, შეერთებულ შტატებში და სხვა ქვეყნებში ამჟამად ვსწავლობთ (ან განმეორებით ვსწავლობთ), მტკივნეულ გაკვეთილს, რომ დემოკრატიული ისტებლიშმენტი არ არის სამართლიანი და კარგად ფუნქციონირებადი საზოგადოების გარანტი. რომ წესიერება და ადამიანური ტოლერანტობა იოლად ირყევა, თუ პირობები ამაში ხელს უწყობს. კორუფცია, გარდაუვალი თუ არა, აუცილებლად მოსალოდნელია და ფუნქციური სამართლებრივი სისტემის (რაც ამჟამად ტრამპის და მისი ლაქიების შეტევის ობიექტია) გარეშე, მას სულ ადვილად შეუძლია ძალაუფლებრივი პოზიციების გამყარება პოლიტიკურ, კულტურულ და სოციალურ სფეროებში. ტრამპის და მისი მსგავსი ფიგურების მიზანია, წაახალისონ გაყოფა, დისჰარმონია და ურწმუნობა და გააუფასურონ სიმართლის შესაძლებლობაც კი. იგი ცრუობს (დღემდე მისი 16,000-ზე მეტი ტყუილი და მცდარი ცნობაა დაფიქსირებული) დაუსჯელობის სინდრომით, ხალხი კი საბოლოოდ ეგუება ობიექტური სიმართლის შეუძლებლობას, როგორც ჰანა არენდტი მოწმობს თავის ესეში „სიმართლე და პოლიტიკა“.

პენცენტრი: აშშ-ში თითქმის ყველა შემოქმედებითი სფეროს წარმომადგენლებს შორის არსებობს აშკარა და ძლიერად გამოხატული უკმაყოფილება პრეზიდენტი ტრამპის მიმართ. „კემბრიჯ ანალიტიკას“ სკანდალის შემდეგ, მისი პრეზიდენტობის ლეგიტიმურობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. თეთრ სახლში მისი ყოფნა აპათიას იწვევს საზოგადოებაში, თუ აფხიზლებს მას? 

მ.პ.: მინახავს ამ მიზეზით გაჩენილი უიმედობაც, რაც იოლად შეიძლება გადაიზარდოს დეპრესიასა და აპათიაში, და შესაბამისად, პასიურობაში. თუმცა გაცილებით ხშირად, იმ სახელოვნებო წრეებში, რომელზეც მე ვლაპარაკობ, ხალხი გამოხატავს აღშფოთებას და შეწინააღმდეგების საჭიროებას, იმის საჭიროებას, რომ შეებრძოლონ ბნელ ძალებს, განათლების ნებისმიერი ხელმისაწვდომი საშუალებით. კიდევ გავიმეორებ, ეს არ ნიშნავს მხოლოდ „პოლიტიკურ“ საქმიანობას. ეს ნიშნავს, გაჰყვე არტისტული აღმოჩენისა და მოვალეობის უწინ დასახულ გზას, ან გზებს. ეს ნიშნავს, საფუძველი დაუდო ალტერნატიულ დიალოგსა და ერთობას, დიქტატორული და დემაგოგიური ძალაუფლებრივი ხმების საპირისპიროდ.

ტრამპი ცარიელი ადამიანია, საცოდავი, ემოციურად ქმედუუნარო სოციოპათი და გამომძალველი, პათოლოგიური მატყუარა და ვირუსული რასისტი. (საკმარისი არ არის?). მას მერე, რაც საზოგადოებრივი ყურადღების ცენტრში მოექცა, ტრამპი შეურაცხყოფს უმცირესობებს (შეურაცხყოფს „სხვას“), შეურაცხყოფს ხელოვნებას და გამოხატვის თავისუფლებას, შეურაცხყოფს სიმართლეს ყველა საშუალებით, და არ დაგვავიწყდეს, შეურაცხყოფს ქალებს. შევნიშნე, რა ავისმომასწავებლად იბერება მისი სხეული, როცა ცდილობს, სრულიად მსოფლიოს ბოროტება შთანთქას. (ეს სურათი მახსენებს გოიას ნახატს „სატურნი ჭამს თავის შვილს“, ან ჰატ ჯაბას[3] თავის ტახტზე, რომელიც აბოყინებს და ცოცხალ არსებებს ყლაპავს). იგი ბოროტების მკაცრ დიეტაზეა. ამავე დროს იგი უფრო და უფრო ცარიელი ხდება. მინდა ვიფიქრო, რომ მალე გასკდება, როგორც ბუშტი, რომელიც მხოლოდ გაზით არის გაბერილი. თუ ასე არ მოხდა, იქნებ ჩვენი რესპუბლიკაც ჰაერში გაილიოს, როგორც მრავალი სხვა.

პენცენტრი: საზოგადოებრივი ინტერესი და სიკეთე ყოველთვის საფრთხის ქვეშაა, თუ ქვეყნის მხედართმთავარი არაკომპეტენტური და უსამართლო პირია. თუ, ზოგ შემთხვევაში ეს მხოლოდ ქვეყნის შიდა პოლიტიკას ვნებს, დომინანტი ეკონომიკის მქონე ქვეყნების შემთხვევაში, გავლენა გაცილებით უფრო დრამატულია. თქვენი აზრით, როგორ შეუძლია ტრამპის პრეზიდენტობის პრეცედენტს მსოფლიოში „პოლიტიკური დასაშვებობის“ ნარატივის შესვლა (თუკი შეუძლია)?

მ.პ.: ამას ალბათ მალე ვნახავთ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შეერთებული შტატები, ვიეტნამის ომის შემდეგ, და თუნდაც მე-19 საუკუნეში ახლადგაჩენილი იმპერიალური ამბიციებიდან მოყოლებული, საერთაშორისო სცენაზე ხშირად ყოფილა ცუდი აქტორი, რომელიც ღალატობდა რესპუბლიკის დამფუძნებელთა იდეალებს (იდეალებს, რომლებიც თავად ღრმად კომპრომიტირებული და სამუდამოდ დაღდასმულია კონსტიტუციაში მონობის დაშვებით). ერის ჩამოყალიბებიდან არც თუ ისე დიდი ხნის შემდეგ, უოლტ უიტმენმა და ტრანსცენდენტალისტმა ფილოსოფოსებმა და ხელოვანებმა დაიტირეს თავისუფალი კაპიტალიზმისა და ექსპანსიონიზმის მოსალოდნელი შედეგი. ამჟამინდელი მთავარი გამომძალველი, ტრამპი, სწორედ ამ ყველაზე უარესი იმპულსების მომწამვლელი გამოხატულებაა. იგი მოხიბლულია მსოფლიოს ანტიდემოკრატიული დიქტატორებითა და დემაგოგებით, და მათ მსგავსად, მოწადინებულია, შეზღუდოს პრესის და გამოხატვის თავისუფლება, ხელოვნების ცირკულირება, და ამ ყველაფრის მიმართ ზიზღს ღიად გამოხატავს. შეუძლია თუ არა მას ნარატივის შეცვლა? ეჭვი მეპარება, მისმა განათლებანაკლულმა გონებამ ამ სიტყვის მნიშვნელობა იცოდეს. თუმცა, tout est possible, hélas.[4]

პენცენტრი: თქვენი აზრით, რა არის ინსტრუმენტი ან „კონტრ-ენა“, რომელიც შეიძლება გამოდგეს სოციალურ მედიაში პოლიტიკოსების სიძულვილის ენის ნაკადის წინააღმდეგ?

მ.პ.: ჩვენ ვიცით, რომ ცალკეული ხმა, როგორი ამაღელვებელი და მართალიც უნდა იყოს ის, არასაკმარისია. ალბათ ეს სწორი მომენტია იმისთვის, რომ აღვნიშნოთ PEN International-ის მრავალი მცდელობა, გაათავისუფლოს პოლიტიკური და ხელოვანი პატიმრები, დაიცვას გამოხატვის თავისუფლება, როცა ის საფრთხის ქვეშაა და ერთგვარი გუშაგის როლი შეასრულოს. კლიმატის ცვლილების (რასაც ტრამპი „თაღლითობას“ უწოდებს),  წინააღმდეგ მებრძოლთა მაგალითზე, ჩვენ უნდა შევქმნათ განსხვავებების ერთობა, რომ ეფექტიანად შევეწინააღმდეგოთ და დავამარცხოთ დესტრუქციული ძალები. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სასწრაფოდ უნდა გამოვზარდოთ „ხმების გამამრავლებლები“ და ხელი შევუწყოთ იმათ, რომლებიც უკვე არსებობენ. დღევანდელ „ნიუ-იორკ ტაიმსში“ წავიკითხე, რომ არაჩვეულებრივმა გრეტა თურნბერგმა შვედური Right Livelihood ფონდისგან დიდი ფულადი ჯილდო მიიღო, და რომ იგი ამ ფულით თავისი ფონდის დაარსებას აპირებს, რომელიც ეკოლოგიურ და სოციალურ მდგრადობას შეუწყობს ხელს.

პენცენტრი: საჯარო პლატფორმების ხელმისაწვდომობამ განაპირობა ის, რომ ტრამპის მსგავსი ფიგურები თავისუფლად და საჯაროდ გამოთქვამენ აზრს და იოლად წვდებიან მოწყვლად, მარგინალიზებულ და მგრძნობიარე ჯგუფებს. ვერ უარვყოფთ, რომ მსგავს ქმედებებს ზიანი მოაქვს, მაგრამ ამავე დროს ისინი ააშკარავებს მოქმედ პირს. ფიქრობთ, რომ მოსალოდნელია, ამ პირებმა საჯარო იმიჯი თავად გაინადგურონ, თუ არ უნდა გვქონდეს საზოგადოებრივი საღი აზრის იმედი?

მ.პ.: ნამდვილად არ მგონია, რომ ასე თავმომწონედ უმრავლესობის საღი აზრის იმედი უნდა გვქონდეს, ან ზოგადად ე.წ. საღი აზრის, რომელიც ხშირად დესტრუქციული ქცევის ნიღაბს ან მის რაციონალიზაციას წარმოადგენს. ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ სწორი ინფორმაციის გასავრცელებლად, და მხარი უნდა დავუჭიროთ განათლების, კრეატიული და პროგრესული აზრის განვითარებას. დიქტატორულ ნარატივს ყველა საჭიროების შემთხვევაში უნდა დავუპირისპირდეთ, მაგრამ ვფიქრობ ეს დასკვნები ისედაც აშკარაა. ყველაზე რთული და აუცილებელი ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანაა, ამიტომ ჩვენი რწმენა და ძალისხმევა შესაძლებელი შედეგებისკენ უნდა მივმართოთ. 

 

ინტერვიუს უძღვებოდა ნუკა ღამბაშიძე

მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი. 

 


[1]უ.ჰ. ოდენის ლექსი Mundus et Infans

[2] flâneur, მოხეტიალე (ფრანგ.)

[3] Jabba the Hutt - ჯორჯ ლუკასის საგის, „ვასკვლავური ომების“ პერსონაჟი

[4] ვაი, რომ ყველაფერი შესაძლებელია. (ფრანგ.)

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები