მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

კორონაში გამომწყვდეულები

×
ზურა პაპიაშვილი
ავტორის გვერდი ზურა პაპიაშვილი 2020-03-31 13447

კორონაში გავიხლართეთ. ჩვენს  რეალობაში ახლა ამის დრო ნამდვილად არ იყო, ეს გვინდოდა ახლა? ხალხი პოლიტიკურ მოვლენებს შევყურებდით  - როგორც იქნა,  ოპოზიცია და უმრავლესობა შეთანხმდა რაღაცაზე (ციფრები არ მიყვარს და მიმიხვდებით რაზეც, საარჩევნო სისტემას ვგულისხმობ), ასევე, როგორც ოპოზიცია აცხადებდა, შეთანხმდნენ პოლიტიკური პატიმრების ციხეებიდან გამოშვებაზეც, რომელზეც, თავის მხრივ, უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ არ ყოფილაო პოლიტპატიმრებზე საუბარი.

აი, ეს საუბრები იყო, რომ... კორონაში გავიხლართეთ. ძნელად, მაგრამ მაინც დავიჯერეთ, რომ ის ჩვენამდეც მოვიდა. ზოგნი სახლებში ჩავიკეტეთ,  თვითიზოლაცია რომ ჰქვია, ზოგიც აუცილებელ კარანტინში მოათავსეს, ზოგიც ხომ,  საერთოდ, ამ საშინელი ვირუსით დაინფიცირდა (ბოლო მონაცემებით 100 ადამიანი).  ზოგი სუპერ თუ ჰიპერმარკეტებს ეცა და გამოაცარიელა, ზოგს ცხოვრების წესი არ შეუცვლია - ისევ ქუჩაში დგას და სვამს, ქუჩის მსმელებს რომ ვეძახით. ზოგმა ტირილს და შიშს ხუმრობა თუ ღლიცინი არჩია, ფეისბუქ ღლიცინს ამ შემთხვევაში ბადალი არ ჰყავს. ქუჩაშიც შეხვდებით კორონაზე ხუმრობებს. მეც დავწერე რამდენიმე საღლიცინო პოსტი, რადგანაც სახლში გამოვიკეტეთ და სხვაც არაფერია საქმე.

მოკლედ ამ პოსტების წერაში წამოგვეწია ჯერ საგანგებო მდგომარეობა და სულ ახლახან - კომენდანტის საათი. აი, ამ სიტყვამ მართლა შემზარა. დარწმუნებული ვარ, მარტო მე არა, ყველა ის ადამიანი, ვისაც 1989 წლის 9 აპრილი ახსოვს და ახსოვს მეორე დღე, გამოცხადებული კომენდანტის საათი, როდესაც ყველა ქუჩაზე ავტომატიანი, ბეტეერებზე და ტანკებზე ჩამომსხდარი რუსის სალდათები ისხდნენ  (ჯარისკაცს შეგნებულად არ ვახსენებ, რადგან ეს ჩემთვის პატივსაცემი სიტყვაა), მაგრამ რას ვიზამთ, ეს ყველაფერი საშინელმა აუცილებლობამ მოიტანა. მანამდე სანამ მსოფლიო, რამდენიმე ძლიერ ფარმაცევტულ კომპანიას და მათ მეცნიერებს შეჰყურებს, თუ ვინ უფრო მალე გამოიგონებს ვაქცინას, ვართ ასე, კორონაში გამომწყვდეულები და ვფიქრობთ ხან რას და ხან რას, ყველას თავისი საფიქრალი აქვს.

ძნელი ყოფილა თვითიზოლაციაში ყოფნა, ჩაკეტილობა, ჩაკეტილობაში მოსული უამრავი ფიქრი (შიშიც ), ადეკვატური თუ არაადეკვატური. აი, მაგალითად, წუხელ, ძილის წინ ვფიქრობდი, მსოფლიო პრობლემებზე. ყველა ქართველს ხომ მაინც გლობალურად გვეფიქრება, თითქოს და არ გვქონდეს ჩვენი საფიქრალი, თითქოს ჩვენ არ გვყავდეს  მატყუარა მთავრობა, რომელსაც ვერ გაურკვევია სწრაფი ტესტები საჭიროა თუ არა ამ ეტაპზე, გვაქვს თუ არა საჭირო რაოდენობით და ასე შემდეგ (აქვე გამოვხატავ მადლიერებას ჯანდაცვის მუშაკების მიმართ, რომლებსაც ძალა არ დაუშურებიათ), თითქოს ჩვენ არ გვყავდეს სამღვდელოება, საპატრიარქო (აქვე აღვნიშნავ, რომ არიან საღად მოაზროვნე მღვდელმსახურები და მათ ეს არ ეხებათ) რომელიც ასფალტს აკურთხებს და თან ხელს უწყობს მასობრივ თავშეყრას ეკლესიაში, საეკლესიო ენაზე წირვა რომ ჰქვია და არ ემორჩილება სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას. არ ემორჩილება პროფესიონალების რჩევას, რომ სახიფათოა და ძალზეც სახიფათო ერთი კოვზიდან ზიარება. თითქოს ჩვენ არ გვყავდეს სინოდი, რომელმაც ეს ყველაფერი ფეხებზე დაიკიდა და მაინც არ შეცვალა დადგენილი საეკლესიო წესები, რომლითაც, ფაქტობრივად, მრევლი გაწირა და ამ ვერაგი და უხილავი მტრის წინაშე, ღვინისა და პურის იმედად დასტოვა. მაშინ როცა ყველა სხვა რელიგიური კონფესიების წინამძღოლებმა ხალხს სახლებში დარჩენა და შინიდან ლოცვა მოუწოდეს. თითქოს ჩვენ არ გვყავდეს ერთმმართველად ოლიგარქი, რომელიც ამ ჟამიანობას, როდესაც ქვეყანა კი არა, მსოფლიოა გაჩერებული, ისევ და ისევ ხეების გადატანით არის გართული და მაინც, ამ ყველაფრის შემყურე წარმოვიდგენდი ძილის წინ - თუმცა წარმოდგენაც აღარ სჭირდება, უკვე რეალობაა - უდიდესი და გავლენიანი სახელმწიფოს ძლიერთა ამა ქვეყნისანი, პირველი თუ მეორე პირები კარანტინში ან თვითიზოლაციაში არიან. დამებადა კითხვა, ამის შემდეგ ვინ ან როგორ მართავს სახელმწიფოებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს ვირტუალურად ? როგორი იქნება მაღალი დონის შეხვედრები უმაღლეს პოლიტიკურ პირებს შორის ვირტუალურ სივრცეში, როგორ მოახდენენ  უმთავრესი საკითხების რატიფიცირებას, დადებენ ხელშეკრულებებს და ასე შემდეგ. ვფიქრობდი, თუ როგორ აღარ იარსებებს თვითმფრინავის ტრაპთან დახვედრის პროტოკოლი, როდესაც მასპინძელი ქვეყნის პირველი პირი დაძაბული ელოდება სტუმარი ქვეყნის პირველ პირს. აღარ იქნება წითელი ხალიჩები, საქმე გამოელევათ სასულე ორკესტრებს, დაცვის სამსახურებს, პროტოკოლის მუშაკებს. აღარ იქნება პირდაპირი ტრანსლირება, ნერწყვის მომდენი, ოფიციალური ვახშამის ცერემონიალიდან. აღარ იქნება სხვადასხვა უხერხულობა, რომლისგან დაზღვეულიც არავინაა, ვთქვათ, ხალიჩაზე ფეხის წამოკვრის ან ჰიმნების შეშლისა და ასე შემდეგ...

მაგალითად - შემიტყუეს ფიქრებმა - ვთქვათ, როგორ დაგიჭერს კარანტინში მყოფი პოლიციელი, როგორ გაგასამართლებს კარანტინში მყოფი მოსამართლე... როგორ გააპროტესტებ სხვადასხვა სახის უმსგავსობას და ასე შემდეგ... ვიფიქრე, თუ ყველა ჰოლივუდის ვარსკვლავი კარანტინში აღმოჩნდება, კარანტინში აღმოჩნდებიან მსოფლიოს სპორტის ვარსკვლავები, როგორ გაგრძელდება მაშინ ცხოვრება? ვის შევხედავთ ჩვენ? ჯერჯერობით ჯანმრთელად მყოფი და თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანები? თვითიზოლაცია... ხვდებით ალბათ თვითიზოლაციის შედეგებს ამ ჩემი ფიქრებიდანაც, სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ ყველაფერმა და მაინც გამოსავალი არსებობს, სახლში დარჩენა, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა, ყველა იმ წესის დაცვა რასაც ამ დარგის ექიმები გვეუბნებიან და ყველაფერი ჩვეულებრივად იქნება. აღარც ასეთი სულელური ფიქრები დაებადება ადამიანს.

მაგრამ სანამ კორონაში ვართ გამომწყვდეულები და ყველა სხვა ტიპის ცხოვრება, უბრალოდ, შეჩერებულია და სანამ მასთან ბრძოლის ვაქცინა წამოგვეწევა, მთავარი მთავრად გვრჩება - გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ წესები.

მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი.
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები