- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
"პოლიციელის მიერ ნასროლმა ბრმა ტყვიამ, სახლში მყოფი ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა" - მედია
სახელმწიფო როცა გამოგკეტავს იმ მიზნით, რომ უხილავ ვირუსს გადაურჩე, სამოქალაქო-მოქალაქეობრივ ვალს რომ პირნათლად იხდი და უცბად, სააღდგომოდ გამძღარი პოლიციელის პათოლოგიურ მუღამში ნასროლი ტყვია მოგკლავს... წესით, აქ უნდა მთავრდებოდეს ეს ბლოგი ანდა სულაც ფეისბუქის სტატუსს დავჯერდებოდი, რომ არა თავში ამოტივტივებული წყეული წარსული - ის, რაც იარაღთან, ტყვიებთან კავშირშია, სხვა დანარჩენს არ შევეხები.
მახსოვს, იმ წელს, როცა სოხუმი დაეცა და ბრძოლა წავაგეთ, იმ წელს, უფრო სწორად იმ ახალ წელს როგორ აღინიშნა ახალი წელი. ცა წითელი იყო, მინდა გითხრათ, ჩინურ, განთქმულ ფროიერვერკებს არ ჩამოუვარდებოდა სიფერადით თბილისის ცა, იმდენი მანათობელი ტყვია დაფრინავდა, თუ სწორად მეხსოვს ,,ტრანსილებს “ ვეძახდით იმ ტყვიებს. მახსოვს ერთ-ერთი იმდროინდელი პარლამენტის წევრის - თუ არ ვცდები, მურვანიძის - გამოსვლა. აი, ის მურვანიძე, ქართული პარლამენტარიზმის ისტორიაში პირველად პირი რომ ამოიკერა პროტესტის ნიშნად. რატომღაც ზუსტად დამამახსოვრდა მისი ეს გამოსვლა: „რას ჰგავდა ეს? ამ ახალ წელს იმდენი ტყვია-წამალი დაიხარჯა, სოხუმამდე კი არა, გაგრამდე ჩავიდოდითო“. რატომ გამახსენდა ეს ისტორია? იმიტომ, რომ იმ ახალ წელს, როგორც მახსოვს, სამი ადამიანი დაიღუპა ბრმა ტყვიით. ერთ-ერთი ჩემს რაიონშიც მოხდა, როცა ტყვიამ შუახნის კაცი იმსხვერპლა, ზედ 31 დეკემბერს. გამახსენდა ქუჩაში ნასროლი ბრმა ტყვია, როცა ახალგაზრდა ქალი ჩაიკეცა და სკოლიდან მომავალს პირველად მქონდა, ამ სურათის შემხედვარეს, შიშისგან ფეხების მოწყვეტის შეგრძნება. ვიგებდით ტელევიზიით, ახლობლებისგან, ქუჩაში-ბრმად ნასროლ ტყვიისგან მოკლული ადამიანების შესახებ და იმატებდა ხოლმე განცდა, შიში იმისა, რომ მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, მტერი შემოვიდოდა და მოგკლავდა თუ მთვრალი პოლიციელი, ან რომელიმე საჯარისო ფორმირების გადამთვრალ-გადაკაიფებული“ჯიგარი“ რომელსაც შეყვარებული გაახსენდა და გაისროლა აივნიდან. ასეა თუ ისე, ეს ნორმა იყო, სამწუხარო რეალობა იმ წყეულ პერიოდში. ვიმალებოდით და მშობლებს ამოფარებულები მოვდიოდით სკოლებიდან. სახლებში ფანჯარასთან მისვლის გვეშინოდა, ან არც გვეშინოდა, რადგან იყო დრო, როცა ყოველ ხუთ წუთში ვიგებდით ავტომატის ჯერის ხმას. ალბათ ამ ბლოგს თუ ვინმე 1995 წელს დაბადებული წაიკითხავს, შესაძლოა, არც დაიჯეროს ეს მონაყოლი. არ დაიჯეროს რომ საბავშვო ზღაპრების მაგივრად ბავშვებს ავტომატის ხმა აძინებდათ. ეს ასე იყო და ჩემი თაობის ადამიანებს ეს კარგად ახსოვთ, ან თუ არ ახსოვთ, ჩავთვლი, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანები არიან.
შემდეგ მოხდა ისე, რომ ნელ-ნელა, ეტაპობრივად სროლები გაქრა, მერე საერთოდ აღარ ისმოდა იარაღის ხმა და საახალწლო აღნიშვნა პიროტექნიკამ შეცვალა.
და მეგონა აქ მთავრდებოდა ყველაფერი, ზუსტად ახალ წელს შარშან, პირველად, იმ წლების შემდეგ ახალ წელს ავტომატის ჯერის ხმა გავიგე, ჩავთვალე, რომ ლიტერატურული გმირი ვარ, რომელიმე თანამედროვე ქართველი მწერლის, 90-იანებზე რომ წერს, მაგრამ არა, ნამდვილი იყო, ნამდვილი ავტომატის ხმა, რომელიც ბავშვებს დარწმუნებული ვარ, ახალი სახეობის პირო-ასაფეთქებელი ეგონათ, მაგრამ არ მიღალატა ყურმა და მეხსიერებამ. თურმე ჯერ სად ხარ, იწყება!!!
და ახლა ვზივარ, ძალიან შეწუხებული და გაბრაზებული... ვსვამ კითხვებს და რა ?
რა აზრი აქვს? და მაინც, რატომ ბატონო პოლიციელო? რატომ მიეცით თავს უფლება, რომ კანონი დაგერღვიათ?! რით ვერ გაძეხით, რა დაგაკლდათ?! ან თუ გაძეხით მონელების რეცეპტი რით ვერ ისწავლეთ?! არადა, თქვენი და მთლად ქვეყნის მმართველი კარგად ინელებს ლუკმას, როგორც ამბობენ 27-ჯერ თუ 30-ჯერ ღეჭავს. ეს ხელს უწყობს როგორც კუჭის კარგად მუშაობას, ისე იმას, რომ იმ ლუკმას გონებაც დაატანო (ასე ამბობს საქმეში ჩახედული ხალხი). დარწმუნებული ვარ, გაძღომამდე ქრისტე ახსენეთ, ან ჯერ პატრიარქის შესვით და მერე ქრისტე ადიდეთ. მშობლები, შვილები, ბოლოს, ალბათ, ქალები გაიხსენეთ და არ იცოდით, რომ ამ სიღორეს, თქვენს ხუშტურს - ჰაერში გაგესროლათ - საკუთარ სახლში მყოფი ქალის სიკვდილი მოჰყვებოდა. და რა, ისევ კითხვა მახრჩობს, როგორც ამბობენ, სულ ოთხი წელი გემუქრებათ ან ისიც - არა... ოთხი წლის თავზე გამოხვალთ, ან სულაც ჩვენი ჰამანური პრეზიდენტი შეგიწყალებთ და გამოსვლას ისევ იზეიმებთ, აღნიშნავთ და თუ საქმეს დაჭირდება ჰაერშიც გაისვრით, იარაღის ყიდვა პრობლემა აღარაა. არადა სულაც არაა საზეიმო, მაგრამ ასეთია კანონი, ვერაფერს ვიზამთ.
ამიტომაც არ მიყვარს ეს ცნება „ბრმა ტყვია“ საზოგადოებამ უნდა ამოიღოს და დაივიწყოს ეს ცნება. როდესაც სამართალდამცველი, კანონგარეშე ისვრის, არამც და არამც არაა ბრმა ტყვია, ის საზოგადოებისკენ ნასროლი ტყვიაა, განზრახ ნასროლი ტყვია. ვწუხვარ, მაგრამ ასეა, ასეთ დროს, ჩვენივე გადახდილი გადასახადით ნაყიდი ტყვია გვკლავს და ეს სულაც არაა ბრმად ნასროლი ტყვია.