- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
კიბე
ამ უბანში ასასვლელად დღესაც აღმართებს შეუყვებიან ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ ტრანსპორტი ასე თუ ისე მოძრაობს და უმრავლესობას მანქანაც ჰყავს. როგორ ვთქვა ამ მთა-გორიან ქალაქში, მაგრამ ზემო ვერაზე ასვლა არ ჰგავს არც თავისუფლების მოედნიდან ლეონიძეზე ასვლას, არც სვანეთის უბნისკენ სიარულს, არც საირმის გორაზე და არც რომელიმე სხვა გორაზე, რაც გაგახსენდათ. ჭოველიძის კუთხიდან მთაწმინდის ძირამდე რომ დააწვები, ეს ერთდროულად სადღაც ქალაქის გულში ყოფნაცაა, მაგრამ თან ამ გულიდან დაშორებაც. თუმცა, მსვლელობის დასრულების მერე, ავლილ აღმართს რომ გადახედავ, ხვდები, რომ არაფერსაც არ დაშორებიხარ - მაინც გულში ხარ - ყველაზე ახლოს ისევ ეს ადგილები ჩანს.
ასე სიარული უბნის მეხსიერების ნაწილიცაა. ზემოთ ბევრი არაფერი დადიოდა, ტრანსპორტი ძირითადად ფილარმონიასთან, 51-ე საშუალო სკოლასთან, ანდა კინოს სახლთან ჩერდებოდა, მათ მოჰყვებოდნენ ადამიანები სამსახურებიდან, ბაზრიდან, თან ზემოთ და ზემოთ სასურსათო მაღაზიები არ იყო, თუ რამე გინდოდა, მთავარ ქუჩაზე უნდა მოგეთავებინა, ამიტომ დღესაც რომ ვხედავ, მელიქიშილის კუთხიდანვე სურსათით სავსე პარკებით ნელა მოძრავ ადამიანებს, ვიცი, ამ საერთო გამოცდილებით გატკეპნილ გზაზე ზოგჯერ გაუცნობიერებლადაც დადიან.
უბნის ზედა ქუჩები ნაკრძალს ჰგავს, რომლის ბინადრებმაც რაღაც მნიშვნელოვანი იციან. იქ უბნის გაშენების ყველა მიზეზი თავიდან ამოდის ზედაპირზე, ყველაფრის პირველწყარო ჩნდება და კითხვებში ჩაბრუნება თავიდან იწყება: როგორ დაიწყო ეს უბანი? მოდი, დავხატოთ წრფე (მელიქიშვილი) და მერე ზევით აშვერილი წრფეები - სათითაოდ აღვრიცხოთ ყველა ასასვლელი. რა აურას იტევენ სახლები? და რა საეტაპო მომენტები აქვთ?
თუკი ახლად გარემონტებულ სახლში კედელზე შპალერს უჩუმრად გადაფხეკ, მელქიორის საშაქრეში კოვზს ჩაფლავ, თუ ბნელი სარდაფის სარკმელთან ჰაერს შეისუნთქავ, ეს კითხვები თავზე წამოგადგება, როგორც მოჩვენება და წრეზე გაგიშვებს, ისევ უბანში სახეტიალოდ, აქაური ლანდების საძებნელად.
და ამ დროს ყოველი გასვლა სახლიდან ექსპედიციას ემსგავსება. ისე, რამე რომ არ გაგახსენდეს, პურზეც კი ვერ გასულხარ, ფანჯარაშიც ვერ გაგიხედავს. მით უმეტეს, თუ ფანჯრის წინ კიბეა, ძველი, მაგრამ მზეთუნახავი კიბე, ხვეული, ჩალისფრად გადახუნებული ხის და სიტყვებჩაცვენილი გრაგნილივით მიუყვება ოთხსართულიან სახლს.
გააჩნია საიდან ვუყურებ - ზოგჯერ, მაგალითად, მაშინ, როცა ონკანთან ვდგავარ და ფანჯარაში გავიხედავ, მთელ ფანჯარაში მხოლოდ ეს კიბე ჩანს. ერთიანად ავსებს შუშას და ამ დროს წყალი თავისთვის მოთქრიალებს ხოლმე, ონკანთან ხელებშეშვერილი ვდგავარ და თვალით ნაწილ-ნაწილ აღვნუსხავ დაზიანებებს. ბოლო ორ სართულზე ორნამენტებიანი ფიცრის საფარი სულ მონგრეულია. ერთადერთი, სადაც შერჩენილია ხეში ნაკვეთი ორნამენტები, მეორე სართულის გაყოლებაზე. ეს ფიგურები ხან გული, ხან ამობრუნებული კარტის ყვავი, ხან მთის სალოცავ ნიშებზე ნანახი ჯვარი, ხანაც ნაძვის ხე მგონია. მთლიანობაში კი, როცა ვუყურებ კიბის ცენტრში მთელ სიგრძეზე მტკიცედ აყოლებულ სვეტს და მისგან წრიულად გამომავალ კიბის კონსტრუქციას, სულ ის მინდება, სვეტს ცალი ხელი ჩავჭიდო, მეორე გავშალო და ეზოსკენ ფრიალით დავეშვა. ის მაცბუნებს ხოლმე, ნახევრად დანგრეულიც კი გართობის ხასიათზე როგორ მაყენებს?!
დაბინდების მერე, როცა აქეთ-იქით სახლებში შუქები ინთება, კიბე გრძელ შავ ლაქად რჩება. საერთოდ აღარ ჩანს, მაგრამ ამ გრძელი ჩამუქებით ვცნობ, რომ იქაა. ათი თვეა უკვე, კარანტინის მთელი ათი თვეა, ასე ახლოსაა. მოწმესავით არ შორდება ამ სახლსაც.
ისე მომნუსხა, გაზაფხულზე ვხატავდი კიდეც. რა თქმა უნდა, არ გამომდიოდა. კიბესთან ერთად ვხატავდი მის მარცხენა გაყოლებაზე ძველ, ხეში ნაკვეთი ფიგურებით გაწყობილ აივანსაც, აფცქვნილი კანით. ამ დიდრონ სივრცეს ღია შუშაბანდსაც ეძახიან და ამგვარ შუშაბანდებში, თუ არ გაარემონტებ, ხშირად იბუდებს ხოლმე ყველა ძველი ბინადრის სიცილი, კინკლაობა და თამაში.
მთელი სამი თვე ვაკვირდებოდი, როგორ სველდება ძველი ხის აივანი წვიმაში, როგორ ათენებს ვიღაც ღამეს დიდი ტელევიზორის წინ შუშაბანდიდან ოთახში შემავალ ფანჯარაში, ვუწონებდი გაფენილი ზეწრის ფერს, ვუზომავდი მაისურებს და ვმკითხაობდი, რომელ სპორტს მისდევენ ახალი ბინადრები, ალბათ, უფრო რაგბის. მაგნიტივით მიზიდავდა სულ ბოლო სართულზე თხელი ფიცრებით შეკრული კუთხის შუშაბანდიც. წარმოვიდგენდი ხოლმე, რა ხედი იშლება იქიდან - ალბათ მთელი ზემელი ჩანს. ვამოწმებდი ხოლმე ღამით როგორია, როცა შუქი აინთებოდა და გამთენიას, როცა რიჟრაჟზეც კი არ ქვრებოდა. ამ კუთხის ბინის მინიმუმ ასი ღამის დოკუმენტაციას ვინახავ: როგორ ფრიალებს თოკზე თეთრი თეთრეული, ანდა რამდენიმე ტილო წვიმიან ამინდშიც, სიცხეშიც. შუქი ანთია, ფარდები არ კიდია, მოშიშვლებულ ფანჯრებში კი არასდროს არავინ იხედება, არც ჩაივლის, არც სარეცხს გამოფენს, ერთხელ მაინც შევესწრო, ვინ და როდის ფენს, ან ხსნის ამ სარეცხს, არასდროს არავინ. ამიტომ ეს ყვითელი ნათურა მოტიტვლებულ, დიდრონ ფანჯრებში ზევით, ცას რომ უერთდება, კიდევ უფრო ამძაფრებს დეტექტიურ ჟინს.
ერთ ღამეს, ფანჯრის რაფაზე ჩამოდებული ლეპტოპიდან ნათია მიქელაძეს მივწერე: “ნათია, ჩემგან მარცხნივ და პირდაპირ თუ გავიხედავ, შენი სახლის ფანჯრები ჩანს. ახლა აღარ ცხოვრობთ, ხო აქ? არ ვიცი, მაგრამ მგონია, რომ სუნთქავს ეს სახლი. და ეს კიბე აქ ტყუილად არ დგას ... არა მგონია, მარტო ჩემი ბავშვობის მოგონებებს დარაჯობდეს, ვხვდები, რომ თუ ბოლომდე არ დაინგრა, ეს იმიტომ, რომ სხვა რაღაცების სათქმელადაც შემორჩა”.
ნათიას საპასუხო წერილი იწყებოდა სამი კითხვის ნიშნით. მისთვისაც ძვირფას თემას შევეხე. მოგონებებში გადავარდნა გავუიოლე. “ჩვენს კიბეში იმალებოდი??? მე და ჩემი და ინდიელობანას ვთამაშობდით ხოლმე მაგარი ავდრის დროს, კერესელიძე მდინარედ რომ იქცეოდა ხოლმე, წარმოვიდგენდით, რომ ქვემოთ ადიდებული მდინარეა, ჩვენ კი კიბეზე კი არა, კლდის ქიმზე ვსხედვართ… ეგ კიბეა ჩემი ტკივილი, რომ იცოდე, რა ხშირად მესიზმრება. შენ საიდან უყურებ??? ვაჰ, რომელ ბინაში ხარ???”...
---------------
სახლი 1910-იან წლებში ააშენა სომეხმა ვაჭარმა. ხვეული კიბე, როგორც სათადარიგო ასასვლელი, მყარი და ლამაზად ნაშენი სადარბაზო შესასვლელის გარდა, მას თავიდანვე ჰქონდა. ნათია მიქელაძის დიდმა ბაბუამ, ინჟინერმა, ბაგრატ მიქელაძემ შენობა 1914-18 წლების პერიოდში იყიდა. გასაბჭოების შემდეგ სახლის დიდი ნაწილი ოჯახს ჩამოართვეს. დარჩათ ერთი ბინა. 1937 წელს გადაასახლეს ბაგრატის მეუღლე მარიამი. მანამდე, იმავე წლის ივლისში აქვე მიაკითხა “ჩორნაია ვარონკამ” ბაგრატ მიქელაძეს, როგორც ინჟინერს, რომელიც “ზაჰესის” მშენებლობაზე მუშაობდა. სულ რამდენიმე დღეში დაუხვრეტავთ - ეს მხოლოდ მერე გაირკვა. სულ ზედა სართულზე, იმ უფარდებო კუთხის შუშაბანდიან ბინაში ადრე სახელოსნოები ყოფილა. ამბობენ, რომ იქ მუშაობდნენ დიმიტრი შევარდნაძე და ქეთევან მაღალაშვილი. და ამბობენ, რომ იქ კამერულ სიტუაციაში მხატვრებს ფიროსმანის პირველი გამოფენა მოუწყვიათ.
ბლოგი დაწერილია წიგნის „სუფრა თბილისში“ სამუშაო კვლევაზე დაყრდნობით.
სახეცვლილი ტექსტი შესული იქნება წიგნში „სუფრა თბილისში“ (გამომცემლობა ინდიგო).