მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

ინტერვიუ ოლეგ სენცოვთან: ეს რეჟიმი პუტინის ტერორისტული სისტემის ნაწილია

×
ოლეგ სენცოვი
ავტორის გვერდი ნუკა ღამბაშიძე 2020-02-28 9814

ოლეგ სენცოვი უკრაინელი რეჟისორი, მწერალი და აქტივისტია ყირიმიდან. იგი რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, 2014 წლის მაისში ქალაქ სინფეროპოლში დააკავეს. 2015 წლის აგვისტოში რუსულმა სასამართლომ რეჟისორს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში ოცწლიანი პატიმრობა მიუსაჯა ოკუპირებულ ყირიმში ტერორიზმის აქტის დაგეგმვის ბრალდებით. სასამართლოს განაჩენი ამნესთი ინთერნეიშენალმა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა ფაბრიკაციად გამოაცხადეს. სენცოვმა სასჯელის დიდი ნაწილი რუსეთის უკიდურეს ჩრდილოეთში, ქალაქ ლაბიტნანგიში მდებარე არქტიკულ ციხეში მოიხადა.  2018 წელს ევროპულმა პარლამენტმა მას „სახაროვის სახელობის პრემია აზრის თავისუფლებისთვის“ მიანიჭა. 2019 წლის 7 სექტემბერს ოცდათხუთმეტ უკრაინელ მოქალაქესთან ერთად რუსეთმა რეჟისორი გაათავისუფლა უკრაინის მხრიდან იმავე რაოდენობის რუსეთის მოქალაქეების გათავისუფლების სანაცვლოდ.

 

პენცენტრი: რა არის თქვენთვის სოციალური აქტივიზმი? მოწოდება, მოვალეობა თუ აუცილებლობა?

ო.ს.: ჩემთვის ეს მოწოდება არ არის. სურვილი რომ მქონოდა, სოციალური აქტივობით იქამდეც ვიქნებოდი დაკავებული, სანამ ჩვენს ქვეყანაში ბოლოდროინდელი მოვლენები განვითარდებოდა. უბრალოდ ასე გამოვიდა. უკრაინაში რევოლუცია მოხდა და მეც შევუერთდი მას, რადგან არ შემეძლო გულგრილი დავრჩენილიყავი. შევუერთდი, რადგან ეს იყო პირდაპირი დაპყრობა. ჩემი სამშობლო ოკუპაციისა და პუტინის შემოჭრის პირისპირ აღმოჩნდა. სანამ დამაპატიმრებდნენ, ვიბრძოდი, როგორც შემეძლო. ყველაფერი, რაც თავს გადამხდა, თავისთავად არ მომხდარა. მე გარემოებების შესაბამისად ვიქცეოდი, და მათგან გამომდინარე აღმოვჩნდი ამ ადგილას. ჩემი გათავისუფლებით არაფერი დამთავრებულა. ციხეში კიდევ ბევრი ადამიანია და რუსული აგრესიაც არ შეწყვეტილა, ამიტომ ჩემკენ მომართულ ყურადღებას მაქსიმალურად ვიყენებ იმისთვის, რომ ამ მოვლენებზე ინფორმაცია გავავრცელო.

 

პენცენტრი: თქვენივე განსაზღვრების მიხედვით, ნიუ იორკ თაიმსმა „სისხლით რუსი და სულით უკრაინელი“ გიწოდათ. რას ნიშნავს თქვენთვის უკრაინელობა?

ო.ს.: უკრაინელობა პირველ რიგში თავისუფლებას ნიშნავს. ესაა თავისუფალი სული და ამით ის განსხვავდება რუსული მენტალიტეტისგან, რომელიც „მონურია“, მიდრეკილია „ცარის“ მორჩილებისკენ. როგორ ჩამოყალიბდა დასახლებები უკრაინის ტერიტორიაზე, - ხალხი ტოვებდა ცენტრალურ რუსეთს და სახლდებოდა აუთვისებელ მიწებზე. ასე წარმოიშვა კაზაკობა. კაზაკები იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავისუფლად ცხოვრობდნენ. დაუმორჩილებლობის, თავისუფლების და დამოუკიდებლობის ეს სული დღესაც ყველა უკრაინელში ცოცხლობს. მეც, ასე ვთქვათ, შევუერთდი მას.

 

პენცენტრი: ფილმში, რომელიც ვნახეთ[1], კარგად ჩანს, რა ხდება რუსეთის არქტიკულ ციხეებში. ეს ძალადობისა და წამების რეჟიმია. ნათელია, რომ ადამიანი ამ სახელმწიფოში ღირებულებას არ წარმოადგენს. თქვენც მხოლოდ იმიტომ დაგაპატიმრეს, რომ სამაგალითოდ დაესაჯეთ.

ო.ს.: პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ, რომ ასეთი პირობები რუსეთის ყველა ციხეშია. არქტიკულ ციხეებში ამას უბრალოდ რთული მეტეოროლოგიური პირობები ემატება, იქ წელიწადში ცხრა თვე ზამთარია, დიდთოვლობა და აუტანელი სიცივე, ამ მხრივ არის უფრო მძიმე იქ გაძლება. თუმცა სადამსჯელო სისტემა რუსეთის ცენტრალურ, სამხრეთ და ჩრდილოეთ ციხეებში თანაბრად მკაცრია. იქ გაწამებენ, დაგცინიან, შენს ადამიანურ ღირსებას შეურაცხყოფენ. ძალიან რთულია გადარჩე და ადამიანობა შეინარჩუნო. ეს რეჟიმი პუტინის ტერორისტული სისტემის ნაწილია. სისტემისა, რომელიც 30-იანი წლების შემდეგ არც შეცვლილა რუსეთში.

 

პენცენტრი: ასეთი სისტემა ბევრით არ განსხვავდება „წითელი ტერორისგან“.

ო.ს.: დიახ, სრული სიმართლეა.

 

პენცენტრი: როგორ შეიძლება მასთან ბრძოლა?

ო.ს.: რუსული სისტემა აგრესორის პრინციპით მუშაობს. ის პირდაპირი საომარი აგრესია, რაც საქართველოს და უკრაინის წინააღმდეგ არის მიმართული, ასევე მოქმედებს, როგორც წნეხი რუსი ხალხის მიმართ, ანადგურებს მათ, როგორც ერს და აქცევს ძალაუფლების მორჩილ, შეშინებულ ცხვრებად. ეს არის მართვის ერთიანი სისტემა და საჭიროა პირდაპირი ბრძოლა ლიდერთან, პუტინთან და მის დაჯგუფებასთან.

 

პენცენტრი: თქვენს ბოლო ფილმზე „რიცხვები“ ციხეში ყოფნის დროს მუშაობდით. როგორი იყო ციხიდან მართული შემოქმედებითი პროცესი?

ო.ს. „რიცხვები“ თავდაპირველად პიესა იყო, რომელიც 2011 წელს დავწერე. თითქმის ათი წლის განმავლობაში მაგიდაზე იდო და თავის დროს ელოდა. უკვე ჩემი პატიმრობის დროს, მეგობრები ჩემი ფილმების ჩვენებებს მართავდნენ და ჩემს წიგნებს გამოსცემდნენ. შემომთავაზეს ამ პიესის დადგმაც. პირველად თეატრში დაიდგა, შემდეგ კი გაჩნდა იდეა, მისი ვიდეო ვერსიაც გაკეთებულიყო. საქმეს სათავეში ჩემი მეგობრები ჩაუდგნენ, მე კი დისტანციურად, წერილებისა და ადვოკატების მეშვეობით ვხელმძღვანელობდი გადაღების პროცესს. ფილმს პირადად არ ვიღებდი, მაგრამ ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ მოსამზადებელი და გადაღების პროცესი, მსახიობების შერჩევა, სცენებზე და კოსტუმებზე მუშაობა ისე წარმართულიყო, როგორც მე მინდოდა. მხატვრულ მიმართულებებს დისტანციურად ვაძლევდი. პროცესი უჩვეულო იყო, მაგრამ შედეგით კმაყოფილი ვარ.

 

მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი. 

 

[1] „ყირიმიდან ციმბირამდე“ - დოკუმენტური ფილმი ოლეგ სენცოვისა და მასთან ერთად დაკავებული პირების გასამართლებისა და პატიმრობის შესახებ.

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები