მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

ინტერვიუ რაშად რამაზანოვთან: ავტორიტარული რეჟიმი ემუქრება ჩემს ოჯახს

×
რაშად რამაზანოვი
ავტორის გვერდი pencenter.ge 2020-05-29 15248

აზერბაიჯანელი მწერალი რაშად რამაზანოვი შვიდი წიგნის და მრავალი სტატიის ავტორია. მისი აკადემიური ნაშრომები გამოქვეყნებულია აზერბაიჯანის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიისა და სხვა ინსტიტუტების მიერ. იგი ასევე აქტიურად აკრიტიკებს  სოციალურ და პოლიტიკურ პრობლემებს სოციალური ქსელების მეშვეობით.

რაშად რამაზანოვი (მისი სამწერლო ფსევდონიმია რაშად ხაგიტატ აგაადდინი) 2013 წლის 9 მაისს დააკავეს და ბრალი ნარკოტიკების ფლობასა და გავრცელებაში წაუყენეს. PEN International და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები რაშადის და აზერბაიჯანში დაკავებული რამდენიმე აქტივისტის საქმეს აფასებენ როგორც პოლიტიკურად მოტივირებულ, გაყალბებულ საქმეებს.

რაშად რამაზანოვი დაკავებიდან 6 წლის შემდეგ, 2019 წლის 17 მარტს ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლეს. ამავე წლის 1-ელ ივლისს ის საცხოვრებლად საქართველოში გადმოვიდა. 2020 წლის აპრილიდან „ღია საზოგადოების ფონდის“ დახმარებით საქართველოს პენცენტრის  მხარდაჭერის პროექტშია ჩართული.  

პენცენტრი: თქვენი თავდაპირველი პროფესია გეოგრაფია იყო, დღეს კი მწერლობით ხართ დაკავებული აზერბაიჯანში, ქვეყანაში სადაც სიტყვის თავისუფლება რეპრესირებულია. რატომ გადაწყვიტეთ თქვენი ქვეყნისთვის ასეთი სარისკო საქმიანობის არჩევა?

რრ: მნიშვნელობა არ აქვს, რა პროფესიისაა ადამიანი. თუ საზოგადოებაში გვხვდებიან ჩაგრულები და მჩაგვრელები, მისი ყველა წევრის ვალია, ყველაფერი გვერდზე გადადოს და ჩაგვრას წინ აღუდგეს.  ფილოსოფია ჩემი არჩევანი არ არის, ეს ჩემთვის განკუთვნილი კურთხევაა.  პროფესიულად მიმუშავია არაერთ სამეცნიერო და ჟურნალისტურ სფეროში. განსაკუთრებით მიზიდავს ეკოსოფია.

პენცენტრი: თქვენ სოციალურ ქსელში დაწერილი კრიტიკული კომენტარების შემდეგ დაგაკავეს ფალსიფიცირებული სამხილის საფუძველზე, გამოხატვის თავისუფლებისა და სოციალური აქტივობის გამო. ბევრი მსგავსი საქმეა აზერბაიჯანის სასამართლო სისტემაში? 

რრ: ჩვენს ქვეყანაში უსამართლოდ დაპატიმრებულია ათასობით ადამიანი. ასობით პოლიტიკური პატიმარი გვყავს. სამწუხაროდ, ზოგი არც გასაჯაროებულა. იმდენი ადამიანი ითრგუნება ციხეებში, მაგრამ, სამწუხაროდ, ისინი საერთაშორისო არენაზე არ არიან აღიარებულნი. რამდენიმე მწერალი მოკლეს კიდეც. მაგალითად, ჩემი მოსწავლე და მეგობარი ასიმ მამედოვი.

პენცენტრი: „ამნესთი ინთერნეიშენალმა“ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციემბა თქვენ და არაერთ სხვა დაკავებულ პირს „სინდისის პატიმრები“ გიწოდათ. როგორ რეაგირებს აზერბაიჯანის მთავრობა საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღებაზე? არის ის გავლენის და ეფექტის მქონე თუ არა?

რრ: საერთაშორისო ორგანიზაციების ყურადღების ცენტრში ყოფნა მინიმუმამდე ამცირებს სიკვდილისა და ჯანმრთელობის რისკს. ასეთ დროს რეჟიმი გაურბის საშინელ წამებას. საერთაშორისო ორგანიზაციებმა ყურადღება უნდა დაუთმონ ასეთ რეჟიმებს. არ უნდა დაგვავიწყდეს ჟან ჟაკ რუსოს გაფრთხილება: ყველაზე საშინელი დიქტატურა ისაა, რომელიც ამბობს, რომ ის დემოკრატიულია.

პენცენტრი: როგორ რეაგირებს აზერბაიჯანის საზოგადოება უკანონო დაპატიმრებებზე? გამოხატავენ თუ არა საჯარო პროტესტს ხელისუფლების მიმართ?

რრ: ხალხი დაიღალა მთავრობის წნეხისგან, მაგრამ ბევრს ეშინია სიცოცხლის და ქონების დაკარგვისა. ბევრი ელოდება მხსნელს. ზოგ შემთხვევაში არა მხოლოდ ლაპარაკი, არამედ ფიქრიც კი საშიშ დანაშაულად მიიჩნევა.

პენცენტრი: როგორ აღწერთ ალიევის აზერბაიჯანის რეჟიმს ორი სიტყვით? რა საფრთხეების შემცველია დინასტიური მმართველობა?

რრ: როგორც ნიცშე ამბობს "ძალაუფლების ნებაში", ერთადერთი მიზანი არის ძალაუფლებაში დიდხანს დარჩენა. ასეც აკეთებენ. ილჰამ ალიევი ფსიქოპათი და ეკოპათია, მზადაა, ყველა და ყველაფერი შესწიროს ძალაუფლებაში ყოფნას.

პენცენტრი: თქვენს ტექსტში „ცხოვრება ჭეშმარიტებისთვის“ საუბრობთ ჭეშმარიტების მნიშვნელობასა და ადამიანის სიცრუისადმი მიდრეკილებაზე. შეუძლია ჭეშმარიტებას გამარჯვება, როცა მის გამო სჯიან?

რრ: სიმართლე უნივერსალურია. სიმართლის მხოლოდ ერთი განზომილება არსებობს, სიცრუე კი მრავალგვაროვანია. სიცრუის ზეობა დიდხანს გრძელდება,  მაგრამ სიმართლე ადრე თუ გვიან გაანადგურებს მის მიერ შექმნილ სისტემას. ისტორიულად, სიმართლე ყოველთვის ექსტრავაგანტული იყო. სიმართლე სპეციფიკური და საყოველთაოა. არასაყოველთაო ჭეშმარიტება სიცრუედ იქცევა.  

პენცენტრი: თქვენ წერთ: „მე ვიწვი თავისუფლებისა და სამართლიანობის მოლოდინში, მაგრამ გათავისუფლების და სამართლიანობის ძალა არ შემწევს! იმიტომ, რომ ეს მხოლოდ ჩემზე არაა დამოკიდებული. იმიტომ, რომ ალიევიზმის „კლინიკის“ „პაციენტებმა“ ამის უკანასკნელი იმედიც კი მოსპეს!“. რას ნიშნავს თქვენთვის, იყოთ თავისუფალი?

რრ: თავისუფლება არის სულის თავისუფლება. თავისუფლება - ესაა კრიტიკის თავისუფლება. თავისუფლება - ესაა სილამაზისა და სიყვარულის თავისუფლება. თავისუფლება - ესაა ჩაგრულთა თავისუფლება.

პენცენტრი: დღესაც არიან აზერბაიჯანის ციხეში ისეთი პატიმრები, რომლებიც გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლების გამო დააკავეს?

რრ: როგორც ვთქვი, ასობით ადამიანი დააპატიმრეს მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი უსამართლობას აპროტესტებდნენ. რეპრესიები არ შეჩერდება, თუ სერიოზული სანქციებს არ დაუწესებენ აზერბაიჯანის მთავრობას, რადგან რეპრესიები და დესპოტიზმი ასეთი რეჟიმების ატრიბუტია! მე ძალიან ვწუხვარ, რომ ბევრი დემოკრატია და ორგანიზაცია მეგობრობს ისეთ  დესპოტსა და კორუმპირებულ დიქტატორთან, როგორიც ილჰამ ალიევია.

მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი.

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები