- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
ჩვენ ნორმალური ხალხი ვართ. მოწესრიგებული, დალაგებული, ანგარიშიანი. ცხოვრებას ვგეგმავთ და მიზნებს ვისახავთ. ვიხსენებთ წარსულს, ვმოქმედებთ აწმყოში და ვფიქრობთ მომავალზე. ერთმანეთთანაც ჩველებრივად, ნორმალურად ვურთიერთობთ. ერთმანეთი გვჭირდება ან არ გვჭირდება, გვიყვარს ან გვძულს, ან სულაც გულგრილები ვართ. ჩვენ ბევრი საქმე გვაქვს მოსასწრები, რომ გადავრჩეთ, თავი გავიტანოთ, ვიარსებოთ.
ისინი ცხოვრობენ. ოღონდ ცხოვრებას არ გეგმავენ, მიზნებსაც არ ისახავენ. არც ჩვენებურად მოწესრიგებულები და დალაგებულები არიან. ანგარიში ხომ საერთოდ არ იციან. იმათთვის დროც პირობითია. აბა,რომელი წარსული, აწმყო და მომავალი. ერთი წამი იტევს მთელ დროს და სივრცეს, სულ ყველაფერს. ადამიანებთანაც უანგაროდ ურთიერთობენ. მხოლოდ იმიტომ რომ მარტოობის, მარტო დარჩენის ეშინიათ. ეს არის იმათი ერთადერთი ანგარება და ალბათ, ამიტომაც სხვანაირად, გულწრფელად, უცნაურად უყვართ. ჩვენთვის უჩვეულოდ, გაუგებრად, უცხოდ.
და ჩვენც ისინი გიჟებად,შეურაცხადებად მოვნათლეთ
...
მეც ხომ ჯერ ნორმალურ ადამიანად მივიჩნევი და წარსულს, ბავშვობას ვიხსენებ ხოლმე. როგორი ღარიბი იქნებოდა ჩემი ბავშვობა, ისინი რომ არ ყოფილიყვნენ; როგორი ცარიელი იქნებოდა ჩემი ქალაქი იმათ გარეშე. ისინი არავის სძულდა, მაგრამ ზოგი ერიდებოდა, ზოგიც დასცინოდა და ეს სიძულვილისგან რამ გაჰყო. არადა, რამდენი მოგონება დაგვიტოვეს, რომელიც ჩვენმა შლეგურად აჩქარებულმა დრომაც ვერ გაიყოლა.
ჟამიანობისას ოთახში გამომწყვდეული ვზივარ და ვიგონებ ამ ყველაზე თავისუფალ ხალხს.
მამუკა
ჩვენს უკანა ეზოში ცხოვრობდა. მაშინ ვაკე პატარა უბანი იყო. ყველა ყველას იცნობდა და ერთმანეთისაც ყველამ ყველაფერი იცოდა ფეისბუქის გარეშე. უბნის ბავშვებიც ერთად ვათენ-ვაღამებდით. მამუკაც ხშირად თამაშობდა ჩვენთან ერთად.
ზამთარ-ზაფხულ ლურჯი „სპორტულები“ ეცვა. ახალგაზრდა კაცი იყო, მაგრამ ძალიან დიდი კი გვეგონა ბავშვებს. ალბათ, იმიტომაც, რომ დამბლა ჰქონდა გადატანილი და ცალი ფეხიც თითქმის წართმეოდა. მეტყველებაც უჭირდა და ლაპარაკისას ხანდადახან წამოიყვირებდა ხოლმე, რისიც თავიდან გვეშინოდა, მაგრამ მალევე მივხვდით, რომ არ გვიბრაზდებოდა.
ასე დასდევდა ჩვენთან ერთად ბურთს დაღამებამდე, ახალი მთვარის შუქზეც. ძალიან უჭირდა, მაგრამ გვეთამაშებოდა. არ უშლიდა ხელს წართმეული ფეხი, არც გამართული მეტყველებაა იმისათვის საჭირო, რომ ბავშვებს სიყვარული აუხსნა.
მახსოვს, ერთხელაც შევჩივლე, კუ დავკარგე, გამეპარა-მეთქი. გაგა, ხო აპატიებ კუსო, მითხრა და გულუბრყვილო მრგვალი თვალები მაგრად მოჭუტა. მაშინ ვიგრძენი, რა კარგია პატიება და გაპარული კუც უფრო შემიყვარდა.
მერე ლოგინად ჩავარდა. ველოდით და აღარ დაბრუნდა.
შადუ
-შადუ! შადუ! შადუ! - მივდევდით ყვირილით ბავშვები.
დავცინოდით კი არა და, ძალიან გვიყვარდა, ჩვენი თანამდევი დღესასწაული იყო. მუდამ სუფთა პიჯაკითა და შარვლით დაიარებოდა ბარნოვზე, შეჭაღარავებული ლორდივით.
აი! - გაიცინებდა და ჯიბიდან თავის ლეგენდარულ სავარცხელს დააძრობდა ცივი იარაღივით.
ჩვენც მეტი რა გვინდოდა, ვხალისობდით, ჩვენებურად ვეპაექრებოდით.
-შადუ, აბა, თუ დაგვჭრი, შადუ!
შადუც იცინოდა და სავარცხელს აქეთ-იქით იქნევდა. გვიღერებდა. მერე პიჯაკის გულისჯიბეში საგულდაგულოდ ინახავდა, ხმამაღლა აჭიხვინდებოდა და გამოგვეკიდებოდა. გავრბოდით და ჩვენი იყო მთელი ქუჩა, ქალაქი, ქვეყანა.
ხანდახან ვფიქრობ, რომ სრულიად არ აფრენდა. უბრალოდ, იმ დროის ჭაობსა და სიშმორეს სიცილითა და თამაშით გაერიდა.
ერთხელაც მომიკითხა. მესტუმრა და ალუჩა მომართვა. შემოვიპატიჟე, ჩაი დავლიოთ-მეთქი, იუარა, ისე გამექცა, რომ კინაღამ კიბეზე დაგორდა. მაისის დილა იყო და კოკისპირულად წვიმდა.
კიკა
კიკას კარგად არ ვიცნობდი. ნიკიტა ხრუშჩოვს ჰგავდა ძალიან. ერთია, რომ მაგიდაზე „ტუფლს“ არ აბრახუნებდა, მნიშვნელოვანი თანამდებობა არ ეკავა და კეთილი კაცი ჩანდა. როდესაც დამინახავდა, წყნარად ასწევდა მაღლა ხელს ან თავს დამიკრავდა.
ძმაკაცი ჰყავდა ერთი. სახელი არ მახსოვს - ფიდელას ეძახდნენ, რადგან კასტროს ალი-კვალი იყო. როგორც ჰყვებიან, ქალაქის კოლორიტებს კარგი პერფორმანსიც ჩაუტარებიათ. შავ „ვოლგაზე“ ტრიბუნა მიამაგრეს. ტრიბუნაზე ძმაკაცები დასვეს და ქალაქში გაასეირნეს. ჩვენი ნიკიტა და ფიდელი ესალმებოდნენ, ხელს უქნევდნენ მოქალაქეებს, მოქალაქეებიც მადლიერი სალმითა და ღიმილით პასუხობდნენ.
ჰოდა, პერფორმანსი ეს იყო თუ იყო. თანაც საკმაოდ ექსტრემალური.
მარინა
გაგიჯან, ქოჩორი დაიმდაბლე, ქოჩორი! - ხუმრობით მსაყვედურობდა გიჟი მარინა. მერე ჭიქას თავისებურად დაატრიალ-დააბზრიალებდა, დიდრონ ძუძუებზე გაიჩერებდა და გადაჰკრავდა.
სიყმაწვილეში ქოჩორი ხუჭუჭა მქონდა და ვერტიკალურად მეზრდებოდა. გიჟი მარინაც ამაზე ხუმრობდა. სულ გაგის მეძახდა, სახელი გაგა ვერ ან პრინციპულად არ დაიმახსოვრა.
აბა, რისი მარინა იყო.
ალბათ, ასეთი გიჟები სძენენ სხვანაირ სიცოცხლესა და შინაარსს ქალაქს. მდორე დინებიდან გავყავართ და ყოფიერების წვრილმანების მიღმა გვახედებენ. კი, ისინი.
ბოლოს, მარინა რომ ვნახე, მოტეხილი იყო და დამჭკნარი. ჭიქასაც ვეღარ ატრიალ-აბზრიალებდა ძველებურად. მოპირდაპირე მარკეტში გადავირბინე და „ჩეკუშკა“ ვისკი ვუყიდე. გაგიჯან, ერთად ხო არ დავლიოთო, - მთხოვა. მაპატიე, მეჩქარება-მეთქი.
ნორმალურ ხალხს ხომ ბევრი საქმე გვაქვს მოსაწრები, რომ გადავრჩეთ, თავი გავიტანოთ, ვიარსებოთ.