PENVIRONMENT

ხილული და უხილავი თბილისი

×
ფოტოს ავტორი: მარიკო ჩარკვიანი
ავტორის გვერდი ოქტაი ქაზუმოვი 2020-12-12 2617

დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე რამ იყო ერთადერთი და ტოლუპოვარი, რომლებზე მინიშნებაც კი კმაროდა მისახვედრად. ასე მაგალითად, როცა ვამბობდით, ქალაქში მივდივარო - თბილისი იგულისხმებოდა მხოლოდ. ასეთი იყო ერთ დროს „უნივერსიტეტიც“, რომელშიც მხოლოდ „თსუ“-ს მოიაზრებდნენ, თუმცა დღეს ეს ასე არ გახლავთ. „უნივერსიტეტისაგან“ განსხვავებით  „ქალაქმა“ თბილისის  და  თბილისმა „ქალაქის“ (როგორც ჭეშმარიტი ქალაქის) მნიშვნელობა დღემდე შეინარჩუნა და შეინარჩუნებს დღეის ამას იქითაც. სხვა ქალაქები კი სახელით მოიხსენიებიან.  მაშასადამე, „ქალაქში მივდივარ“ ნიშნავს მხოლოდ თბილისისკენ მიჭირავს გეზი, თუნდაც მანამდე სხვა ქალაქში/ქალაქებში მომიწიოს გავლა ან გვერდით ჩავლა.

 თბილისი როგორც მსოფლიოს ყველა (დედა) ქალაქი ორგვარია - ხილული და უხილავი. მაშინ როდესაც ხილული, დღის სინათლეზე რაც ჩანს, იგია, უხილავი ერთპლანიანი არ არის, რადგან იგი მოიცავს როგორც „უხილავის უხილავს“, აგრეთვე „ხილულის უხილავსაც“. დავიწყოთ ამ უკანასკნელით - „ხილულის უხილავი“ ისაა, რომელსაც თვალით ხედავ, ყველა მხრიდან ჩაუვლი, მაგრამ “წაკითხვა”  კი ყველას არ ძალუძს. ასეთია ქალაქის შენობა-ნაგებობები, რომლებიც სხვადასხვა კულტურის ნიმუშებს წარმოადგენენ და ქმნიან ქალაქის კოსმოპოლიტურ იერს. მათ თავიანთი ისტორია აქვთ, რომელსაც ორნამენტებით,  კარიბჭეების მოჭედილობებით თუ თაღების მოყვანილობებით ითხრობენ.

 და მეორეა თბილისის „უხილავის უხილავი“ - ეს ფაქტობრივად სულია, - მარად თანმდევი ქალაქისა და მოუხელთებელი. მას ხან „კოლორიტად“ ნათლავენ, ხან „ურთიერთობად“, ხან  „გაგებად“.  ამას ძირითადად თბილისის გაპიროვნების მოსურნენი იქმან, რომ შეიძლონ  და მერე თქვან -  „თბილისი - ეს ადამიანები არისო“. თუმცა არა, ეს უხილავი უფრო მეტია ვიდრე ადამიანები, ნაგებობები და ბუნება.  იგი იქით კრავს შენობებს, ადამიანებსა და ბუნებას ერთმანეთთან.

არ ვიცი იტალო კალვინოს „უხილავი ქალაქების“ რომელ წყებას ენათესავება თბილისის „უხილავი“, მაგრამ ერთი რამ კი ახასიათებს - ყველა უბანი და მონაკვეთი თავს სხვადასხვანაირად გაგრძნობინებს, სხვადასხვაგვარ განწყობას გკარნახობს, მთავარია საამისოდ მომართული იყო.

ამ ქალაქის რიტმულ მორევში სულის მოსათქმელი კუნძულებიც არსებობს - ხმაურიანი „თავისუფლების მოედნიდან“ შეგიძლია იქვე „ვერცხლის ქუჩაზე“ მოხვდე და თითქოს პარალელურ სამყაროში შეაბიჯო „იტალიური ეზოებით“ და მათი აგრეთვე ძველი გალავნებით.

„პარალელური“ ვახსენე და ამ პარალელურ ალაგებს თავისი მეორე, თბილისელთა ფართო საზოგადოებისთვის უცნობი დასახელებებიც აქვთ ხოლმე. მაგალითად, ზემო ვეძისში ერთ აზერბაიჯანულ დასახლებას „ჯირდახანი“ ანუ „ჯირდა“ (სახელია)  „ხანი“ (წოდება),  ხოლო მის თავზე ლისის ტბისკენ მიმავალი ხვეული გზების გაყოლებას და ზემოთ მდებარე ტერიტორიას „ჩანლიბელი“ ჰქვია.  „ჩანლიბელი“ საგმირო ეპოს „ქოროღლის“ გმირთა სამყოფლოა, რაც ითარგმნება როგორც „ნისლიანი ზეგანი“. აქაც ან ნისლის სიხშირესთან  ან პოეტური ცნობიერების ნაყოფთან უნდა გვქონდეს საქმე, რომელმაც ეს სივრცე ასოციაციურად  აუღებელ „ჩანლიბელად“ წარმოსახა. ორივე უბანი თავისი წესებით ცხოვრობს - თავისი „აღსაკალებით“, მორწმუნეებით, სწავლული თუ უსწავლელი ხალხით, მანქანის ხელოსნებითა თუ „პერეგონშიკებით“.

 ჩემთვის თბილისი კარგა ხანს საბურთალოში არდაზიანის ქუჩა და ვარკეთილის მესამე მიკრორაიონი იყო. პირველში დედის მხრიდან ბებია-ბაბუა და ბიძები ცხოვრობდნენ, ხოლო მეორეში მამის ძმა. პირველებთან დედაჩემს მივყავდი, მეორესთან  ბებიას. ასე რომ, თბილისი ჩემთვის ახლონათესაური კავშირი იყო, უფრო სწორედ მისი ეს ხსენებული უბნები, რადგან  ძირითადად საბურთალოზე ან მის ახლომახლო ვმოძრაობდით (ზოოპარკი, „გმირთა მოედანი“,  „ვაკის პარკი“, “მუშტაიდის ბაღი“).

მაგრამ უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ჭავჭავაძის გამზირი, რუსთაველის პროსპექტი და სოლოლაკი ისეთივე მშობლიური გახდა ჩემთვის როგორც არდზიანის 19.  ამ შემთხვევაში თბილისი ჩემთვის „ალმა-მატერი“ აღმოჩნდა, თავისი უნივერსიტეტებითა და  იმ შესაძლებლობებით, სადაც „უნივერსიტეტივით ადამიანებს“ ვეცნობოდი და ვუსმენდი.   ამის წყალობით ეს ქალაქი ჩემთვის უკვე აქ მცხოვრები ნათესავებით აღარ შემოიფარგლება, მე მასთან უშუალო კონტაქტის დამყარება შევძელი, რაც ფეხით სიარულმა კიდევ უფრო მეტად განმიმტკიცა. საღამოხანს თუ ღამით თბილისის ქუჩებში ფეხით სიარული ჩემი ჰობია - მარტო თუ რომელიმე მეგობართან ერთად.

დღეისათვის ჩემთვის იგი უფრო მეგობრებთან შესაყრელი, წიგნების საყიდელი და ღონისძიებებში მონაწილეობის ადგილია; მოძრაობაა, სადაც სოფლის სიმყუდროვით დროებით გაბეზრებული, ვეშვები ხოლმე და ამიტომ, თბილისში ჩემს ყოველ დაგვიანებულ შემოსვლას ისევ ბავშვობაში მივყავარ, როცა ეს ქალაქი დიდ, გასართობ (ზოოპარკი, ატრაქციონები) და თავშესაქცევ მოედნად მესახებოდა და სიხარულით ვიყავი აკრული ავტობუსის ფანჯარას.  

ფოტოს ავტორი: მარიკო ჩარკვიანი

 

პროექტის პარტნიორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
პარტნიორები