- საქართველოს პენცენტრი - მწერლების უფლებებისთვის
საქართველოს პენცენტრი იწვევს საქართველოში მოქმედ გამომცემლობებს, მონაწილეობა მიიღონ კონკურსში „ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის“ (EUPL) ეროვნული ნომინანტის გამოსავლენად. 2025 წლამდე კონკურსს საქართველოში „მწერალთა სახლი“ ატარებდა.
EUPL-ის მიზანია ლიტერატურის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია ევროპაში, სხვადასხვა კულტურისა და ქვეყნის ტექსტების მიმართ ინტერესის აღძვრა. გამარჯვებული ავტორების შემოქმედება მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება და მათ ტექსტებს საერთაშორისო ლიტერატურული საზოგადოება სხვადასხვა ქვეყანაში გაიცნობს.
ევროკავშირის ლიტერატურული პრემია აჯილდოებს და აღიარებს გამორჩეული სამწერლო ნიჭის მქონე ახალბედა ავტორებს, ხაზს უსვამს თანამედროვე ევროპული ლიტერატურის სიმდიდრეს და, იმავდროულად, ყურადღებას ამახვილებს კონტინენტის უნიკალურ კულტურულ და ლინგვისტურ მემკვიდრეობაზე. პრემია ტარდება ევროპისა და საერთაშორისო წიგნის გამავრცელებელთა ფედერაციის (EIBF), ასევე, ევროპის მწერალთა საბჭოს (EWC) და ევროპელ გამომცემელთა ფედერაციისაგან (FEP) შემდგარი კონსორციუმის ორგანიზებითა და ევროკომისიის მხარდაჭერით. პრემია ფინანსდება „შემოქმედებითი ევროპის“ მიერ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ყველა იმ ქვეყანას, რომლებიც მონაწილეობს ევროკავშირის დაფინანსების პროგრამაში კულტურული და შემოქმედებითი სექტორებისათვის.
წიგნისა და ავტორის წარდგენის წესები:
პრემიის მიზანია საერთაშორისო ხილვადობა მიანიჭოს იმ ავტორებს, რომლებიც კარიერას ახლა იწყებენ საკუთარ ქვეყანაში ან იქ, სადაც რეზიდენტები არიან და ასევე, აქვთ საერთაშორისო ხილვადობა. წარდგენილი წიგნები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ წესებსა და კრიტერიუმებს:
წიგნი და ავტორი საკონკურსოდ გამომცემლობამ უნდა წარადგინოს. თითოეულ გამომცემელს შეუძლია არაუმეტეს 3 მხატვრული წიგნის წარდგენა. ჟიურის წევრებს ასევე აქვთ საკონკურსო კანდიდატების წარდგენის უფლება.
კონკურსში მონაწილეობის მსურველ გამომცემლობებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ საკონკურსოდ განსახილველი წიგნის 3 ეგზემპლიარი და განცხადება საქართველოს პენცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნატალია ლომოურის სახელზე; საკონკურსო მასალები მიიღება 2025 წლის 24 იანვრამდე პენცენტრის ოფისში (მისამართი: გერონტი ქიქოძის ქ. 16). ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში, მოგვმართეთ ელექტრონულ მისამართზე: nbekishvili@pencenter.ge, nlomouri@pencenter.ge
გამარჯვებული გამოვლინდება 2025 წლის 16 მაისს, პრაღის წიგნის ბაზრობაზე.