მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

კორონას მერე

×
გაგა ნახუცრიშვილი
ავტორის გვერდი გაგა ნახუცრიშვილი 2020-04-06 25160
ადრე თუ გვიან ყველაფერი მთავრდება. კარგიცა და ცუდიც. რაღაც უნდა დამთავრდეს, რომ ახალი დაიწყოს. მხოლოდ დასასრულს მოაქვს დასაწყისი. ვაკუუმიდან, სიცარიელიდან არაფერი იწყება, არაფერი იბადება.
 
დღეს ჩვენი პლანეტა ისვენებს. ისვენებს ჩვენგან გაბეზრებული, დაღლილი, ნაჯიჯგნი და ნაწამები. გავჩერდით, გავიტრუნეთ. საშიშმა და ამოუცნობმა ვირუსმა გაგვახევა. დისტანცირება გვიბრძანა. სხვა რა გზა გვქონდა - დავმორჩილდით. ხელოვნების შედევრსაც ხომ დისტანციიდან უნდა შეხედო. ყოველი ადამიანიც ხომ ხელოვნების შედევრია. ასე ყოფილა ჩაფიქრებული.
 
ჯაკომო ლეოპარდის „დიალოგები“ გამახსენდა - მთვარისა და დედამიწის გასაუბრება. მთვარე თავის სიცარიელეს, უდაბურობას, მარტოობას სწუხს. გაჩახჩახებულ, მხიარულ დედამიწას შეჰნატრის. დედამიწა კი მოუსვენარმა ადამიანებმა შეაწუხეს. ძალიან მიყვარს, მაგრამ დამტანჯესო, ჩივის. ეჰ, ჩვენს დროში რომ ეცხოვრა რომანტიკოს გენიოსს, ნეტავ, რას იტყოდა, რას დაწერდა. დღეს „ჰომო ფაბერი“ (მწარმოებელი ადამიანი) „მომხმარებელმა“ ადამიანმა ჩაანაცვლა - უფრო პრაგმატულმა, მერკანტილურმა. დღეს ასეთი ხალხი მართავს სამყაროს  და ჭკუასაც გვარიგებს. ყველაფერი მოხმარებაზე გადავიყვანეთ. მეცნიერება და ხელოვნებაც კი. ყველაფერს მხოლოდ მოვიხმართ და ისევ მოვიხმართ. ჰოდა, მალე მოსახმარიც აღარაფერი დარჩება.
 
ეკზიუპერი ბრაზობდა თავის დაუსრულებელ „ციტადელში“. ადამიანებს ზღვა მხოლოდ სანაოსნოდ სჭირდებათო. ხვდებოდა ზეკაცი, რომ კაცობრიობა გამოუვალი ციხისკენ მიცურავს. თან მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა. არაფერსა და არავის ინდობდა. შემთხვევითი არ არის, რომ ციტადელი დაუსრულებელი დაგვიტოვა. რაღაცას თვითონ უნდა მივხვდეთ, ამოვიცნოთ და გავასრულოთ.
 
ეს ვირუსიც როგორი ვერაგია. „ფერარიზე“ სწრაფიც. კომპიუტერთან ისედაც მიჯაჭვულები ვიყავით და ბარემ სულ მანდ დარჩითო, გვითხრა ცინიკურად. აბა, ჩვენს თავბრუდამხვევად ჩქარ, ვირტუალურ ეპოქაში ზანტსა და დინჯ ვირუსს რა ესაქმება. გააჩერა ინსტიტუტი, უნივერსიტეტი, ოფისი, ქარხანა... წასვლასაც არ ჩქარობს. ძალიან თუ შევუყვარდით და ასე იოლად ვერ გველევა.
 
მაინც მოუწევს წასვლა. როგორც არ უნდა უნდოდეს. ისევ გაიღება კარი და გაქრება დისტანცია. ისევ დავიწყებთ ახალ ცხოვრებას. აი, როგორს - ჯერ არავინ იცის. ალბათ, არც უნდა იცოდეს. აბა, რაღა სიახლეა, თუ უკვე იცი.
ძალიან დავიქანცეთ, გადავიწვით და გადატვირთვა გვჭირდება.
 
იქნება და, სიყვარული, თანაგრძნობა მხოლოდ სენტიმანტალური ლირიკა თუ ბიზნესი აღარ იყოს. ხშირად ხომ ამით ჩვენს დაუნაყრებელ, გაუმაძღარ ეგოს ვკვებავთ, ვასაზრდოებთ. იქნება და, გულწრფელად ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი. არა მხოლოდ ზრდილობის ან საქმის გამო. საქმე, როგორც უკვე ვნახეთ, მოიცდის.
 
როგორი გულუბრყვილო კაცი ვარ, არა? შეიძლება ამ გულუბრყვილობამაც გადამარჩინა. თორემ რა აღარ გამოვიარე ჩემი არასრული ნახევარი საუკუნის განმავლობაში. ეს ჩემი პატარა წერილიც მინდა ერთი საოცარი ქალის ლექსით დავასრულო. ბროდსკის საყვარელი პოეტით. ბროდსკის, რომელიც ჯერ კიდევ როდის გვაფრთხილებდა, რომ ოთახიდან გამოსვლა არ ღირს, მეტიც - შეცდომაა.
 
გაგიზიარებთ, ერთად დავფიქრდეთ შიმბორსკას დასასრულსა და დასაწყისზე. ჟამიანობა ხომ, პირველ ყოვლისა, დაფიქრების ჟამია:
 
ყოველი ომის შემდეგ
ვიღაცამ უნდა დაასუფთაოს.
არანაირი წესრიგი
თავისთავად არ დამყარდება.
 
ვიღაცამ უნდა გადააწყოს
ნანგრევები გზის კიდეებზე,
გვამებით დატვირთულმა საზიდრებმა
გასვლა რომ შეძლონ.
 
ვიღაც უნდა ჩაეფლოს
ლაფსა და ნაცარში,
ტახტის ზამბარებში,
შუშის ნამსხვრევებსა და
სისხლიან ძონძებში.
 
ვიღაცამ უნდა შეუყენოს
კედელს ბოძები,
ვიღაცამ ჩასვას შუშები
და კარი ჩამოჰკიდოს ისევ ანჯამებზე.
 
ეს არ არის ფოტოგენური 
და წლებსაც მოითხოვს.
კინოკამერები კი რა ხანია
სხვა ომების გზებს გაუდგნენ.
 
კვლავ საჭიროა ხიდები
და სასახლეები.
ნაგავში ჩაფლულებმა
სახელოები უნდა დაიკაპიწონ.
 
ვიღაც ხელცოცხიანი
ისევ გაიხსენებს, რა როგორ იყო.
ვიღაც მოუსმენს
და მხრებზე შერჩენილ თავს
დასტურის ნიშნად დაუქნევს.
ირგვლივ აბორიალდებიან ისეთებიც,
ვისაც მოსმენა მოსწყინდება.
 
დროდადრო ვიღაც 
ისევ გამოთხრის ბუჩქებიდან
ჟანგმოდებულ არგუმენტებს
და სანაგვეზე გადაუძახებს.
 
იმათ კი, ვინც იცის
აქ რა ხდებოდა,
ადგილი უნდა დაუთმონ მათ
ვინც ცოტა რამ იცის.
და ცოტაზე უფრო ცოტაც.
ანდა - თითქმის არაფერი.
 
ბალახზე - რომელმაც დაფარა
მიზეზიცა და შედეგიც,
ვიღაც უნდა წამოწვეს
და კბილებში თავთავგაჩრილი
ღრუბლებს მიაშტერდეს.
 
თარგმანი ნათელა გავაშელისა
 
მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი.
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები