მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

კიდევ ერთი `გამომწყვდევის დიდი ეპოქა`

×
შოთა იათაშვილი
ავტორის გვერდი შოთა იათაშვილი 2020-05-17 44778
1.
მიშელ ფუკოს აქვს ასეთი წიგნი: “სიგიჟის ისტორია კლასიკურ ეპოქაში”. ბოლო პერიოდში მიზეზთა გამო მე ის საკმაოდ ხშირად მახსენდებოდა. ბოლოს ჩამოვიღე კიდეც თაროდან და გადაკითხვა დავიწყე. და მივხვდი: ესაა ყველაზე შთამბეჭდავი წიგნი, რომელიც კი იზოლაციაზე წამიკითხავს. და თანაც ასეთი შთამბეჭდაობა მოდის არა მხატვრული ტექსტიდან, არამედ ისტორიულ-სოციოლოგიური კვლევიდან. ფრანგი ფილოსოფოსის ეს კვლევა იწყება ლეპროზორიუმებიდან. ფუკო აღწერს, თუ როგორ ჩნდება შუა საუკუნეებში ქალაქებიდან, დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით შენობები, რათა იქ იცხოვრონ საზოგადოებისთვის სახიფათო კეთროვნებმა. საკმაოდ დიდი ხანი ეს შენობები ასრულებს ამ ფუნქციას, მაგრამ გადის ასობით წელი, თანდათანობით კეთრი ხდება იშვიათი ავადმყოფობა და ლეპროზორიუმები ცარიელდება. და ეს ამდენი უფუნქციოდ დარჩენილი შენობა თავისთავად ითხოვს, რომ რაღაც ახალი დანიშნულება მიენიჭოს. საზოგადოება მალე პოულობს გამოსავალს და თანდათან იწყება ლეპროზორიუმების გარდაქმნა საგიჟეთებად. აქ მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ როგორც ფუკო ამბობს, აქამდე საერთოდ არ არსებობდა მსგავსი დაწესებულებები. გიჟებს აქამდე არც ერქვათ “გიჟები”, და ისინი საზოგადოებისგან არ იყვნენ მოწყვეტილები. მართალია შეშლილები მუდამ იწვევდნენ ძრწოლას და სხვადასხვა კულტურაში სხვადასხვა ფორმით მუდამ ცდილობდნენ, რომ ისინი უხიფათო ყოფილიყვნენ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში საზოგადოებისთვის მათთან ურთიერთობა, ეს იყო დიალოგი რაციონალურსა და ირაციონალურს შორის, ხელოვნებაში კი წარმოადგენდა შთაგონების წყაროს. ანუ სულიერი ავადმყოფების მიზანმიმართულად იზოლირება იწყება სადღაც მე-18 საუკუნიდან, დაცარიელებული ლეპროზორიუმების შევსების მიზნით (სხვათა შორის, ამ პერიოდშივე ყალიბდება ციხე, როგორც ინსტანცია, და ეს ფუკოს აღწერილი აქვს მეორე, ასეთსავე შთამბეჭდავ წიგნში, სახელწოდებით “ზედამხედველობა და დასჯა: ციხის დაბადება”).
 
მთლიანობაში, ფუკო კლასიკურ ეპოქას უწოდებს  “გამომწყვდევის დიდ ეპოქას”, და ამის დასაწყისი 1656 წელია, როცა ლუდოვიკო XIV ხელს აწერს პარიზში საერთო ჰოსპიტლის აშენების დეკრეტს. და თანდათან მთელ საფრანგეთში იქმნება ბევრი ასეთი ჰოსპიტალი-იზოლატორი, სადაც ამწყვდევენ ძალიან სხვადასხვა ჯურის ადამიანებს: შეშლილებს, მაწანწალებს, ვენერიული დაავადებების მქონეთ, ჰომოსექსუალებს, ღვთის მგმობელებს, თვითმკვლელებს, ჯადოსნებს, მფლანგველებს და ა.შ. - ერთი სიტყვით, ყველა ტიპის მარგინალებს. ფუკო ასევე წერს “დიდ შიშზე”, რომელიც იპყრობს ევროპას მე-18 საუკუნის შუა წლებში. ესაა რაღაც გაურკვეველი ავადმყოფობა, რომელიც თითქოსდა ჰაერის გზით ვრცელდება ამ ჰოსპიტალ-იზოლატორებიდან. ესაა კეთრთან დაკავშირებული შუა საუკუნის შიშის ახალი განსხეულება, იმ განსხვავებით, რომ ის არა მხოლოდ ფიზიკურია, არამედ ზნეობრივ-ფსიქიკურიც. იზოლატორებში გამომწყვდეულ ბოროტებას ამჯერად ფანტასტიკური სახე შეუძენია და თავზარს სცემს საზოგადოების “გონიერ” ნაწილს...
 
ეს წიგნი საკმაოზე დიდია და შიგ უთვალავი რამ ხდება. მე ახლა უბრალოდ შევეცადე, გამომეკვეთა ის რამდენიმე ხაზი, რაც მას, მსოფლიოში დღეს არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, ძალიან საყურადღებოს ხდის (სამწუხაროდ “სიგიჟის ისტორია კლასიკურ ეპოქაში” ქართულად არაა ნათარგმნი და იქნებ ყოველივე ზემოთქმულმა გააძლიეროს სურვილი მისი გადმოქართულებისა). 
 
როცა წიგნს ვათვალიერებდი და მის მთავარ თემებს ვიხსენებდი, რამდენიმეჯერ გამეფიქრა იმაზე, რომ მოსწრებოდა, თუ როგორ შეაფასებდა დღევანდელ მოვლენებს ფუკო, როგორ დაინახავდა დღევანდელ გლობალურ თვითიზოლაციას ფილოსოფოსი, რომელიც თითქმის მთელი თავისი ცხოვრება იზოლაციის სხვადასხვა ფორმას იკვლევდა. ნამდვილად საინტერესო იქნებოდა დღეს მისი შეფასების მოსმენა, მაგრამ, სამწუხაროდ, ის აღარაა და ისღა დაგვრჩენია, ჩვენით ვიფიქროთ და საამისოდ ხანდახან მისი ნაწერები მოვიშველიოთ ხოლმე.
 
2.
რა განსხვავებაა იზოლაციის დღევანდელ ფორმებსა იმ იზოლაციებს შორის, რომლებიც ფუკომ აღწერა? პირველ რიგში, რაც ცხადი და თვალშისაცემია, ის, რომ დღეს იზოლაციები ძირითადად თითქოსდა ნებაყოფლობითია, თუმცა კი ათასგვარი ფსიქოლოგიური (და არა მხოლოდ ფსიქოლოგიური) წნეხის მეშვეობით განხორციელებული. ასე კეთროვნებიც კი მიდიოდნენ საკუთარი ფეხით ლეპროზორიუმებში, ანუ ისინიც ხშირად იყენებდნენ თვითიზოლაციის მეთოდს. მაგრამ როცა კეთროვნები ამას სჩადიოდნენ, ისინი შორდებოდნენ საზოგადოებას, რათა ის დაყოფილიყო ფიზიკურად ჯანსაღ და ავადმყოფ ნაწილად. და რა ხდება ახლა? ახლა ჩვენ არ ვიცით, რომელ ნაწილს ვეკუთვნით, და მაინც ვიზოლირდებით, უფრო ქართულად რომ ვთქვათ, ვიკეტებით, ვირიყებით. და ვისგან? საზოგადოებისგან? კი მაგრამ, სადღაა საზოგადოება? ის გაქრა, ის აღარაა... მთელი საზოგადოება დაიშალა მარტივ მამრავლებად. ეს არააა ადრინდელივით ორ ნაწილად დაყოფა, ეს უჯრედის მოლეკულებად დაშლაა. ეს სრულიად ახალი სოციალური ფენომენია, რომელსაც ჩვენ ჯერ წესიერად ვერც კი ვაცნობიერებთ: ჩვენ ვიწყებთ ცხოვრებას იმ წარმოსახვით საზოგადოებაში, რომელსაც ფიზიკური სხეული აღარ გააჩნია. შეიძლება გვეჩვენებოდეს, რომ ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა, რადგან ყველანი ჩართულები ვართ ერთ მთლიან ვირტუალურ ქსელში და შეგვიძლია ამ ქსელის მეშვეობით საზოგადოებრივი ცხოვრების ძველებურად გაგრძელება, მაგრამ ეს ასე არაა. სრულყოფილი საზოგადოებრივი ცხოვრება, რომელიც გარანტიაა დემოკრატიული პროცესისთვის, ორი კომპონენტისგან შედგება: ესაა თავისუფალი აზრი, და ძალისხმევა, მისი რეალიზაციის მცდელობა. მოლეკულებად დაშლილ საზოგადოებას ძალუძს განაგრძოს იდეების გენერირება (ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ეს შესაძლებელია), მაგრამ ფანტომად ქცეული უსხეულო საზოგადოება მათ რეალიზებას ვეღარ შეძლებს. ზუმის ფანჯრებიდან შეიძლება გაკვეთილების და კონფერენციების ჩატარება, მაგრამ შეუძლებელია დისტანციურად ისეთი რამის გაკეთება, რაც პროგრამულად წინასწარ არაა გაწერილი.
 
მაინცდამაინც რევოლუციებზე არ ვლაპარაკობ მე - საზოგადოება ესაა ორგანიზმი, რომელიც მუდამ ცდილობს, რაღაც ტრანსფორმაციები მოახდინოს. თუ მან ამის უნარი დაკარგა, ეს უკვე ნიშნავს, რომ ის უკვე მხოლოდ პირობითადღაა საზოგადოება. აი, ასეთი ნომინალური საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესს ვხედავდით ჩვენ წელს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. შეიძლება კონკრეტულ მომენტში ეს შეზღუდვები მოიხსნას და მოლეკულებმა ისევ დაიწყონ ერთ მთლიან ქსოვილად ქცევა, მაგრამ მათ გამოყვებათ მიღებული გამოცდილების ინერცია და გაუჭირდებათ, აღდგნენ ისეთსავე საზოგადოებრივ ორგანიზმად, როგორებიც აქამდე იყვნენ.
 
3.
რა იყოს ეს ჩვენი წლევანდელი თვითიზოლაცია? ფუკოს მიერ აგებულ სტრუქტურას თუ შევადარებთ, ალბათ,  გარკვეულწილად ეს იყო ჩაკეტვა ლეპროზორიუმებში და გარკვეულწილად ეს იყო ჩაკეტვა  საგიჟეთებშიც. ჩვენ გადამდები ინფექციით დასნებოვნებული სავარაუდო ავადმყოფებიც ვიყავით და პოტენციური გიჟებიც. ჩვენი ყველას ეშინოდა, როგორც კეთროვნების, და ჩვენ ზუმის ფანჯრებიდან თავგანწირვით გავყვიროდით ლექსებს, ვმღეროდით და ვაკეთებდით პოლიტიკურ განცხადებებს. ჯანსაღ საზოგადოებას რომ ეარსება, ის ალბათ შეეცდებოდა, რომ ეს ფანჯრები მიეხურა, და ეს გიჟური ყვირილი საკუთარი ყურისთვის მოერიდებინა. მაგრამ საზოგადოება არ არსებობდა, ის მოლეკულებად იყო დაშლილი, და ამიტომ ყველას მიეცა საშუალება, საკუთარი პრივატიზებული საგიჟეთ-ლეპროზორიუმის ღია ფანჯრიდან გამოეყო თავი.  
 
მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი.
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები