PENVIRONMENT

საქანელა სახრჩობელად?!

„სამყარო ინგრევა. ამის შემჩნევა არ შეუძლიათ მხოლოდ ბაზელის კმაყოფილებს. არის იგი ნგრევა უაღრესად კოსმიური თუ მარტოოდენ სოციალური, ეს, ბოლოს და ბოლოს, შეცნობის ინტენსივობის საკითხია“, -  ასე იწყება გრიგოლ რობაქიძის ცნობილი ესე „საქანელა და სახრჩობელა“.

სამყარო, ალბათ, მართლაც ინგრევა როგორც კოსმიურად, ასევე სოციალურადაც, მაგრამ ბევრად უფრო თვალსაჩინოა არა კოსმიური, არამედ ლოკალური ნგრევა, რომელიც ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს და, რომელსაც ეწირება ჩვენი ქალაქი, მისი ისტორია და ავთენტური გარემო. საუბარია, თბილისის ფონურ განაშენიანებაზე, ე.წ. ერთ და ორსართულიან თბილისზე, რომელიც, ცხადია, თავისითაც მარცხდება დროსთან ჭიდილში, მაგრამ განსაკუთრებით დამთრგუნველია, როცა ამ უთანასწორო ბრძოლაში დროის მოკავშირედ გვევლინება ადამიანი, უფრო სწორად ადამიანის სიხარბე და უგემოვნობა.

ბედის ირონიითა და უცნაური დამთხვევით, თბილისის ამ დრამატულ ცვლილებას შეგვიძლია დავაკვირდეთ  საქანელას ქუჩის მაგალითზე...

1934 წელს, როცა თბილისის რეკონსტრუქციის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა, აღმოჩნდა, რომ ქალაქი ძირითადად შედგებოდა ერთსართულიანი (62%) და ორსართულიანი (29%) სახლებისაგან. არადა, გენერალური გეგმა ითვალისწინებდა, მოქმედების პერიოდში (1934-1951 წწ), თბილისის მოსახლეობის გაორმაგებას (725 ათას.). შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ ამ წლებში თბილისმა მნიშვნელოვნად იცვალა სახე: გაფართოვდა, შეიქმნა ახალი ქუჩები და, ტერიტორიულ ზრდასთან ერთად, შეიცვალა ქალაქის მოცულობით-კომპოზიციური წყობაც ანუ, უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ქალაქი გაიზარდა როგორც სიგანეში, ასევე სიმაღლეში, რაც, ხშირ შემთხვევაში, სწორედ ერთ და ორსართულიანი სახლების ხარჯზე მოხდა. თუმცა იყო უბნები, რომლებიც თავიდან სრულიად შემთხვევით, შემდეგ კი ცალკეული ადამიანების (ხელოვნებათმცოდნეების, არქიტექტორების, ურბანისტების) ძალისხმევით, გადაურჩნენ დანგრევას.

ჯერ კიდევ 1979 წელს წერდა ჟურნალი „ძეგლის მეგობარი“ („ძველი თბილისის ოაზისი“, ავტ. მიხეილ სოფრომაძე) საქანელას ქუჩის შენარჩუნების აუცილებლობაზე, რომ ძველი თბილისის უკვე რეკონსტრუირებულ რაიონებში კიდევ იყო დარჩენილი ისეთი მონაკვეთები, რომელთა შენარჩუნება და რეგენერაცია-რესტავრაცია მიზანშეწონილი იქნებოდა.

„ერთ-ერთ ასეთ უბნად მიგვაჩნია მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ელბაქიძის (ყოფილი ვერის) დაღმართის პარალელურად მდებარე საქანელას ქუჩის მიდამოები. ის მდებარეობს ფერდობზე, მოკლე და ვიწრო ქუჩაა, თავის უაღრესად კოლორიტული შენობებითა და ვიწრო შესახვევებით, მას გადმოჰყურებს ელბაქიძის დაღმართის მარჯვენა მხარის შენობები ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი აივნებითა და შუშაბანდებით. აღსანიშნავია, რომ ეს უბანი, ერთი თვალის მოვლებით აღიქმება სასტუმრო „ივერიიდან“ და ამჟამად მის წინ მდებარე ახალი მოედნიდან, აგრეთვე მტკვრის მარცხენა სანაპიროდან და მარჯანიშვილის ქუჩიდან. ეს უბანი, რეგენერაციისა და ცალკეული სახლების ფასადების სარესტავრაციო სამუშაოს შესრულების შემდეგ, რაც არ მოითხოვს დიდ კაპიტალურ დაბანდებას, პირდაპირ ძველი თბილისის „ოაზისად“ ჩაიხატება თანამედროვე თბილისის პანორამაში... მხედველობაშია აგრეთვე მისაღები ისიც, რომ ამ უბანს მიწის მცირე მონაკვეთი უჭირავს და მოქცეულია ისეთ დაქანებულსა და ციცაბო რელიეფზე, რომ ამ ადგილას არაფრის დაგეგმარება და გაშენება არ შეიძლება, ამიტომ ამ ტერიტორიის გამოყენება სხვა მიზნით მაინც შეუძლებელია“, - წერდა ჟურნალი და ქალაქის მაშინდელ მესვეურებს ურჩევდა, მსჯელობის საგნად ექციათ ეს საკითხი და სათანადო გადაწყვეტილება მიეღოთ.

„სათანადო გადაწყვეტილება“ მაშინ არ მიიღეს, შესაბამისად, საქანელას ქუჩამ ჩვეული პრობლემებითა და უკეთესის მოლოდინის იმედით გააგრძელა ცხოვრება ვიდრე ერთ საბედისწერო დღეს „სათანადოს“ საპირისპირო გადაწვეტილება არ იქნა მიღებული. არ გამართლდა „ძეგლის მეგობრის“ ვარაუდიც, რომ ამ ადგილას (დაქანებულსა და ციცაბო რელიეფზე) არაფრის დაგეგმარება და გაშენება არ შეიძლებოდა...

საქანელას ქუჩის შესახებ თბილისის ენციკლოპედია გვეუბნება, რომ ქუჩა მდებარეობს ძველი თბილისის რაიონში (ვერე), ჩადის მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან ზვიად გამსახურდიას სანაპირომდე, რომ წარმოიქმნა XIX საუკუნის ბოლოს, რომ 1903 წელს შედგენილ ქუჩების სიაში შეტანილია როგორც კარუსელის დაღმართი, რომ 1934 წლის გეგმაზე დატანილია ანდეზიტის ქუჩის სახელწოდებით, ხოლო თბილისის ქუჩების 1960 წლის ცნობარში შეტანილია როგორც საქანელას ქუჩა.

თბილისის საკრებულოს 2013 წლის 28 იანვარის  №1-5 გადაწყვეტილებით სწორედ საქანელას ქუჩას ერგო პატივი ერთმანეთისგან გაემიჯნა მთაწმინდის (სოლოლაკის) და ვერეს რაიონები.

უბანი 1. მთაწმინდა, სოლოლაკი: საზღვარი იწყება რუსთაველის მეტროდან მიუყვება ჯავახიშვილის ქუჩის დასაწყისს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, გადადის საქანელას ქუჩაზე და აღწევს მდ. მტკვრის კალაპოტის ღერძულა მონაკვეთამდე...

უბანი 2. ვერა: საზღვარი იწყება რუსთაველის მეტროდან, მიუყვება ჯავახიშვილის ქუჩის დასაწყისს ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით, გადადის საქანელას ქუჩაზე და აღწევს მდ. მტკვრის კალაპოტის ღერძულა მონაკვეთამდე, შემდეგ საზღვარი აღმა მიუყვება მდ. მტკვრის კალაპოტს...

თუმცა, 2013 წლისთვის, როცა საქანელათი გამიჯნეს ერთმანეთისგან ვერა და სოლოლაკი, ქუჩა 5 წლის განადგურებული იყო: 2008 წელს მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩის ნაწილთან ერთად დაანგრიეს საქანელას ქუჩაზე მდებარე ყველა შენობა, მთელი უბანი; არ დაინდეს ძველი თბილისისათვის დამახასიათებელი ფონური განაშენიანება, ჯავახიშვილის (ყოფილი ელბაქიძის) აღმართის გასწვრივ მძივივით ასხმული არქიტექტურული კონტური, ორფასადოვანი სახლები, რომელთა ერთი ფასადი გამოდიოდა ვერის აღმართზე, მეორე კი გადაჰყურებდა მტკვარს.

დღეს აქ ბალახი და საქანელას უბნის უბადრუკი ნანგრევებიღა არის შემორჩენილი, თუმცა მალე ესეც აღარ იქნება. მალე აქაურობა ამ ნანგრევებისგანაც გაიწმინდება, აღარაფერი დარჩება „ძველი თბილისის ოაზისისგან“, რადგან უკვე გადაწყვეტილია, რომ აქ უნდა აშენდეს მრავალფუნქციური კომპლექსი, სადაც უნდა განთავსდეს საცხოვრებელი, სასტუმრო, საოფისე, კომერციული ფუნქციის მქონე ფართები, შესაბამისი ავტო-საპარკინგე სისტემით, ინფრასტრუქტურული ელემენტებითა და სარეკრეაციო სივრცით.

პროექტი უკვე გამოქვეყნდა, ახლა მისი ავ-კარგი იწვევს ვნებათაღელვას, რადგან საქანელას უბნის, როგორც უნიკალური ფონური განაშენიანების, დანგრევა, პრობლემის მხოლოდ ერთი მხარეა, რა აშენდება მის ადგილზე - მეორე.

გრიგოლ რობაქიძე იმ თავის ცნობილ ესეში ასეთ რამესაც ამბობს: „საქართველო ქანაობს საქანელაზე, მაგრამ საქანელა უფსკრულზეა გამართული და ადვილი შესაძლოა საქანელა სახრჩობელად გადაიქცეს“.

ბედის ირონიითა და უცნაური დამთხვევით, საქანელას ქუჩაც უფსკრულზეა გამართული!

ბედის ირონიითა და უცნაური დამთხვევით, კვლავ რობაქიძეს რომ დავესესხოთ, ძველ თბილისსაც წლებია „სახრჩობელას ჩვენება სტანჯავს“!

თუმცა რაღა ჩვენება...

 

პროექტის პარტნიორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია

ამავე კატეგორიაში




პარტნიორები