მწერლები სოციალური პრობლემების შესახებ

ვირუსებსა და ადამიანებზე

×
ანი კოპალიანი, ფოტო: თაკო სონღულაშვილი
ავტორის გვერდი ანი კოპალიანი 2020-04-13 22939

ფოტო: თაკო სონღულაშვილი

მოტყუება საჭირო არ არის, არანაირი ელდა არ მქონია - მე ამისთვის დიდი ხანია ვემზადებოდი: ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა სხვენში ანე ფრანკის გვერდით  გამოკეტილი   ხველის შეკავებას ვსწავლობდი ანდა ნატაშა როსტოვასთან ერთად გავდიოდი გზას მეჯლისებზე ცეკვიდან ლაზარეთში მწოლიარეთათვის საფურთხებლის მიწოდებამდე. მშვენივრად მომეხსენებოდა, რომ კაცობრიობის რომელიმე ქარტეხილი მეც შემეხებოდა და აი, როცა ეს დღეც მოვიდა, არც ანე ვარ, არც - ნატაშა; თომას მანის „იმედის გაცრუების“ პერსონაჟივით ვდგავარ, ყველა მძაფრი შეგრძნება უკვე განცდილი მაქვს და ვფიქრობ: „ნუთუ, სულ ეს არის?!“

მეოთხე კვირა სრულდება, რაც სახლში ვარ გამოკეტილი. მეტისმეტად მყუდროა აქაურობა იმისთვის, რომ ოთხ კედელს შორის ვიტანჯებოდე. ჰოდა, თუ რომელიმე  ვირუსს ჰგონია, რომ ინტროვერტ მთარგმნელს სახლში გამოკეტვით დათრგუნავს, ესე იგი, არც ისეთი ჭკვიანი ყოფილა, რომ მის წინააღმდეგ ვაქცინის გამოგონება დიდხანს გაჯანჯლდეს. სამუშაო ჯერაც იმდენი მაქვს, რომ დედლაინებს ქოშინით მივსდევ და შუალედებში სამთავიანი ურჩხულების მსგავს სადილებსაც ვასწრებ, ბოლოს და ბოლოს სინდისდამშვიდებული, რომ ოჯახს გემრიელად თუ არა, ჯანსაღად მაინც ვკვებავ. მართალია, ყველანი საბოლოოდ მაინც ინფორმაციისა და სოციალური ქსელების ნარკომანებად ვიქეცით და მეც ყოველ ათ წუთში ვაახლებ იმ ჯოჯო ექსელის ფაილს, რომელშიც მშრალ ციფრებშია გადმოტანილი მსოფლიოს დიდი დრამა, მაგრამ ადამიანებს უჭირთ იმ ტრაგედიისათვის თვალის გასწორება, რომელიც უშუალოდ მათ არ ეხებათ, აკი, ისედაც ყოველდღე ვიცით, რომ რამდენიმე ასეულ თანამემამულეს ცუდად ახველებს ანდა ის, რომ სამყაროში ყოველდღე უამრავი ადამიანი იხოცება. დიახ, ამ მხრივ კორონავირუსი ველურ კაპიტალიზმს კიდევ დიდხანს ვერ გაუწევს მეტოქეობას; სხვათა უბედურებების გათავისების წინააღმდეგ კაცობრიობამ ვაქცინა დიდი ხნის წინ მოიგონა. ამიტომაც სამყაროზე დარდს შეძლებისდაგვარად ვიყუჩებ ელიოტის თამაშ-თამაშა რითმულ-მეტრულ სტრუქტურასთან კირკიტით, „მომხიბლავი მისის მეიზელითა“ და ჭიქა მარტინით... „ნეტა, ვის მოუვიდა თავში პირველად, რომ შეიძლებოდა პანგოლინი ეჭამა?“ - ვეკითხები ჩემს ძმას; ,,რა ვიცი, ნეტა ვინ მიხვდა პირველად, რომ პანგოლინი საერთოდ გაიხვრიტებოდა?!“ - თანამიგრძნობს ის. ერთმანეთს ვუყურებთ და თავს სინანულით ვიქნევთ ჩვენი ჩინელი თანამოძმის საბედისწერო, მაგრამ გაუაზრებელი და ამიტომაც, მისატევებელი შეცდომის გამო.

მაგრამ ერთი საფუძვლიანი ცვლილება კი მაინც მოხდა: სადღაც გაქრა ჩემი ბრწყინვალე, დახვეწილი, სრულყოფილი და სასიქადულო ძილი. მთელი ღამე ვწრიალებ და ჩემს ღრმად მოხუც ბაბუასთან საღამოს გამართული სატელეფონო დიალოგი მახსენდება:

-        როდის ჩამოხვალ, ბაბუ?

-        კორონა როგორც კი გადაივლის, მაშინვე.

-        და მანამდე რომ მოგიხდეს ჩამოსვლა, ბაბუ, რას იზამ?

მოხუცის მოუხერხებელი ორაზროვნებით მეკითხება და ბავშვის ეჭვითა და იმედით ელის პასუხს. მე კი ვერ ვატყუებ:

-        ყველაფერი უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მანამდე არ მომიხდეს ჩამოსვლა.

ნაძალადევად იცინიან ისიც და ბებიაც. გავარკვიეთ, რომ თუ ახლა რამე მოუვა, მე ვერ ჩავალ.

კიდევ ერთი მოხუცი, რომელიც მედარდება, ქართული ლიტერატურაა და მიმდინარე ლიტერატურული პროცესები. იმიტომ კი არა, რომ ვინმე მოჭირნახულე და მოამაგე ტიპი ვარ, არამედ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მინდა მისი ნაწილი ვიყო, დანარჩენს კი მასლოუს პირამიდაზე ნახავთ. ეს მოხუცი, თუკი ბელეტრისტიკულ პარალელებს არ გავაცივებთ, ბოლო ხანებში მეტად ჭაბუკურად იქცეოდა, როცა პროვინციიდან ჩამოსული, მაგრამ საკუთარ პოტენციალში დარწმუნებული ჟიულიენ სორელივით ჯიუტად და შეუპოვრად აპირებდა შეჭრას საფრანგეთის მაღალ საზოგადოებაში, ახლა კი შეიძლება, რომ სორელი მეორე თავშივე  პანდემიას შეეწიროს და ქართული ლიტერატურის „წითელი და შავი“ ნოველამდე შემოკლდეს.

უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ქართული ლიტერატურული პროცესი პროგრესს განიცდიდა. დიახ, სხვა დროს ამას ალბათ ნაკლებად ვიტყოდით, რადგან პროგრესი არ იყო სრული კმაყოფილების მომგვრელი: ავტორების ჰონორარი ან არ არსებობდა, ან არ ითვლებოდა (ანუ დათვლა კი არ ჭირდა, უბრალოდ, იმდენად მცირე იყო, ღირსეულ ანაზღაურებად ვერ ჩაითვლებოდა); მთარგმნელები ჰონორარის სიმცირის გამო შეთავსებით, ვთქვათ, მოლარე-ოპერატორებად მუშაობდნენ და რამდენიმე წლის წინ ჩემი თვალით მინახავს რედაქტორი, რომელიც  იმის გამო ტიროდა, რომ გვერდში 60 თეთრს უხდიდნენ (მაშინ, როცა იმ პერიოდში ერთი გვერდი ტექსტის აკრეფის მარჟა სულ მცირე 1 ლარი იყო). ქართული ლიტერატურა, ისევე როგორც სხვა ჭეშმარიტად ქართული დარგები, სულაც არ განიცდის ნეპოტიზმის, არაპროფესიონალიზმის, ცუდისა და კარგის ერთმანეთში მიზანმიმართული აღრევის ნაკლებობას, რასაც ხელს უწყობს ჯანსაღი კრიტიკის სიმცირე და ამ მცირეოდენი ჯანსაღი კრიტიკისათვის ყოველად შეგნებულად თვალის არიდებაც...

...მაგრამ რაკი განსაცდელი სენტიმენტალურს გვხდის, შეგვიძლია ვთქვათ, რომ, თუ უშუალოდ ქართული ლიტერატურის ხარისხი არა, ლიტერატურასთან დაკავშირებული პროცესები ნამდვილად ვითარდებოდა. რომ არაფერი ვთქვათ ისეთ მნიშვნელოვან წარმატებებზე, როგორიც  ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა, სხვადასხვა ენაზე ნათარგმნი 300-მდე წიგნი და პარიზის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის სტატუსია,  თავად შიდა პროცესებიც შთამბეჭდავად მიიწევდა წინ: ბოლო ოც წელიწადში მინიმუმ ათჯერ გაიზარდა გამოცემული წიგნების რაოდენობა, თბილისის წიგნის ფესტივალები და სხვა ლიტერატურული ღონისძიებები სულ უფრო დინამიკური და საინტერესო ხდება, კინაღამ გვესტუმრა მარიო ვარგას ლიოსა, ხოლო მიშელ უელბეკი კი ჭეშმარიტად იხილა ჩვენმა თვალებმა, დიდ საერთაშორისო წიგნის ფესტივალებზე ქართველ გამომცემლებსა და ლიტერატურის მესვეურებს უკვე კარგად ცნობენ, შეიქმნა პროფესიონალი ლიტერატურის მენეჯერების ინსტიტუტი და 2021 წელს (რომელიც იმედია, ნამდვილად მოვა) თბილისი წიგნის დედაქალაქის სტატუსით შეხვდება. მუშაობს თარგმანის წახალისების ორმხრივი პროგრამები; ქართული წიგნის ონლაინპლატფორმები და მათი პარტნიორი გამომცემლობები ერთ-ერთი პირველები იყვნენ, რომლებმაც პანდემიის მოახლოებისთანავე  მოქალაქეობრივი პოზიცია გამოიჩინეს და სახლში გამოკეტილი ადამიანები უფასო წიგნებით მოამარაგეს; ლიტერატურასთან ასოცირებული საზოგადოება იქცა თანამებრძოლთა ჯგუფად  და ასე შემდეგ...

მაგრამ რა მოხდება ახლა და მერე? რაკიღა სულ უფრო მცირე იმედი რჩება იმისა, რომ ქარის მიერ მოტანილ რყევებს ქარივე წაიღებს. ცნობილი ფაქტია, რომ როგორც კი ქვეყანა ქამრის შემოჭერის პოლიტიკას იწყებს, ბალთის მარჯვენა მხარეს, უპირველეს ყოვლისა, სწორედ კულტურა და განსაკუთრებით, ლიტერატურა მოექცევა ხოლმე; რომ დიდ ისტორიულ ქარტეხილებზე, ისევე, როგორც სიყვარულზე, როგორც თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო პოეტი ამბობს, იწერება „შემდეგ“, ხოლო თავად ქარტეხილებისას ლიტერატურის არსებობა მხოლოდ იმ ორიოდე ადამიანს ახსოვს, რომლებსაც სხვა აღარაფერი დარჩენიათ გადასარჩენი და ეპოქიდან ეპოქამდე მიატანინებენ ხოლმე სულს „მოგონილ ამბებს“. ქართულ  ლიტერატურას ეგ კი არა ოთხსაუკუნოვანი ჩავარდნაც ახსოვს - თან პირდაპირ „ვეფხისტყაოსნის“ შემდეგ, მაგრამ ისიც ვიცით, რომ ერთსა და იმავე წრეზე  სიარული და მოსალოდნელი საფრთხე იმისა, რომ მიზანთან ასე ძალიან ახლოს მყოფებს  კვლავ იძულებითი უკან დახევა მოგვიწევს, კიდევ დიდი ხნით ჩამოგვაყრევინებს ხელებს.

როცა ეს კორონა გადაივლის, თუკი ყველანი ერთად  ძირგახვრეტილ ნავში აღმოვჩნდებით, იმედი მაქვს, რომ პირველი მძიმე ტვირთი, რომელსაც სახელმწიფო ღია ზღვაში მოისვრის, კულტურა და მათ შორის, წიგნის სექტორი არ იქნება, მით უფრო, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა აშკარად  ცხადყო, რომ იმ ინსტიტუციების უხვად დაფინანსება, რომლებიც კრიტიკულ აზროვნებას მაინცდამაინც არ ახალისებენ, ისევ სახელმწიფოს პრობლემად იქცევა ხოლმე და კიდევ უფრო მეტი სიმწვავით დგება გონიერი, გამჭრიახი, კრიტიკულად მოაზროვნე და პროგრესზე ორიენტირებული თაობების აღზრდის საჭიროება.

ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ბევრი არაა, კითხვის ნიშნის ქვეშ იმ ვითარების შენარჩუნება დგას, რომლის შესახებაც ლუკამ[1] ესრეთ რქუა: „აეხლა დავუშვებ კომუნალურებს და მერე გიჟივით უნდა ვწერო დღეში ორმოცდაათი გვერდი, რო გადავრჩე“.

მასალა მომზადებულია საქართველოს პენცენტრის პროექტის "მწერლები სოციალური და პოლიტიკური  პრობლემების შესახებ" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია მწერალთა სახლი.

[1] ლუკა - ლუკა ბაქანიძე, თანამედროვე ქართველი მწერალი.

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები