PENVIRONMENT

მეხსიერება, როგორც მომავალი

×
ავტორის გვერდი ხათუნა ცხადაძე 2020-12-13 16320

რუსთაველზე, გამომცემლობა „მერანის“ შემდეგ, კუთხეში, ღილების პატარა მაღაზია იყო. შესასვლელი გარედან სხვადასხვა ზომის ღილებით იყო გაფორმებული: კედელზე ასიმეტრიულად დამაგრებული ვეებერთელა, საშუალო და პატარა ღილებით. ახლაც თვალწინ მიდგას ყველაზე დიდი, მორუხო ფერის ღილი. ჰო, ფერები საბჭოური იყო, ძირითადად რუხი და ყავისფერი, მაგრამ მაინც მახალისებდა იმ ღილების დანახვა, ავტობუსით რომ ჩავივლიდი, თვალი მრჩებოდა იმ მაღაზიაზე. ერთხელ შევაყვანინე კიდეც დედაჩემს თავი, მომწონდა ღილებით სავსე პატარა უჯრები, გამყიდველი ქალიც მომწონდა, იმ უჯრებს რომ გადმოალაგებდა ხოლმე დახლზე.

იქვე, ოპერის პირდაპირ, წიგნების მაღაზია იყო, „საუნჯე“. ღილებს არა და „საუნჯეს“ კი დღემდე ვამბობ, თუ იმ ადგილზე ვუთითებ ვინმეს, არადა 20 წელზე მეტია, რაც იქ წიგნის მაღაზია აღარაა. 90-ან წლებში ჯერ სხვადასხვა სექციებმა შეავიწროვეს წიგნები და იმ წლებისთვის ტიპიური ეკლექტურობა, უფრო გულწრფელად თუ ვიტყვით კი - ესთეტიკური და შინაარსობრივი სიშლეგე, გამეფდა შიგნით: ოქროულობის, სათამაშოების და ღმერთმა უწყის, კიდევ რისმა სექციებმა ჯერ უცნაურად გადატიხრ-გადმოტიხრეს და დააქუცმაცეს ის ოდესღაც ლამაზი სივრცე, ბოლოს კი სულაც გააქრეს წიგნები. მერე ამ ადგილზე ზარზეიმით იხსნებოდნენ და პოსტსაბჭოთა საბაზრო ეკონომიკით მალევე მარცხდებოდნენ რაღაც „ბიზნესები“, აღარც მახსოვს, ვინ რამდენ ხანს გაძლო „საუნჯის“ კედლებში. ახლა იქ ერთი უსახური რესტორანია და რატომღაც მგონია, ვერც ის გაუძლებს დროს.  

ბევრი იყო ასეთი მაღაზია, კაფე თუ ბარი თბილისში, რომელიც არაერთ თაობას ახსოვს, მაგრამ „ლაღიძის წყლები“ და „ჩაის სახლი“ ალბათ მაინც ყველაზე განსაკუთრებული იყო. ერთგან ახლა ტანსაცმლის ქსელური მაღაზიაა, მეორეგან კი - რუსული ბანკი. „ჩაის სახლი“, იმ ასკეტური ინტერიერით, უსკამო, მაღალი მაგიდებით, ლითონის სადგამიანი, თხელკედლიანი შუშის ჭიქებითა და „ალტერნატიული“ ტიპებით ჩემი სკოლისა და შემდეგ - სტუდენტობის წლების ერთ-ერთი ყველაზე მკაფიო მოგონებაა. თვალებგაფართოებული მივჩერებოდი „ჩაის სახლის“ ბინადრებს და ვცდილობდი, არ შემტყობოდა, რომ ჯერ სკოლაში ვსწავლობდი, როცა სტუდენტ ბიძაშვილს ან ჩემს დას მივაკითხავდი ხოლმე უნივერსიტეტში. „ჩაიში გადავიდეთ“ - იტყოდნენ მაია და თამუნა და მეც აღფრთოვანებული მივდევდი, სიგარეტის გაბოლებაც მომწონდა იქ, თუმცა მისი გემოც მეზიზღებოდა მაშინ და სუნიც. და როცა ბიოლოგიის  ფაკულტეტზე ჩაბარება გადავწყვიტე, საშინლად არ მომწონდა ის ამბავი, რომ „ჩაიში“ ჯდომა, უფრო სწორად, დგომა, ჩემი სტუდენტობის განუყრელი ნაწილი ვერ იქნებოდა, რადგან მაღლივში უნდა მესწავლა. ჭავჭავაძეზე ახლაც ვხედავ ხოლმე ერთი-ორ ისტორიულ „ჩაის სახლელს“, წლებით დამძიმებულებს, მაგრამ რაღაცით ახლაც გამორჩეულებს. ან, ალბათ, მე მეჩვენებიან ასეთებად, რადგან იმ რუხი კედლების უცნაურ ხიბლს მაგონებენ. „ჩაის სახლს“ უნივერსიტეტის სტუდენტების არა ერთი თაობის კოლექტიური მეხსიერება უკავშირდება და თუ შეიძლება, ცარიელ კედლებს, კაფეს, სადაც ჭამითაც ვერაფერს შეჭამდი, ხასიათი ჰქონდეს, ადამიანივით ხასიათი, ყველასაგან განსხვავებული, კერკეტი ხასიათი, რომელიც არასოდეს დაგავიწყდება, „ჩაის სახლი“ ნამდვილად იყო ასეთი ადგილი.  

ჩაის სახლი უფრო ფილოლოგების, ისტორიკოსების, ქიმიკოს-ფიზიკოსების ბუდე იყო, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტის სტუდენტებს საკონდიტრო „ფრანცია“ ჰქონდათ. „ფრანცია“ ფრანგული განყოფილების სტუდენტებმა შეარქვეს ჭავჭავაძისა და ახლანდელი რამიშვილის ქუჩის კუთხეში მდებარე კაფეს სამოცდაათიან წლებში და ბოლომდე შერჩა ეს სახელი. თუმცა, „ფრანციას“ ნამცხვრები მთელ ქალაქში იყო ცნობილი. მაშინ არ ვიცოდი, როგორი იყო ფრანგული საკონდიტრო, მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ის ადგილი მართლა იყო პატარა ფრანცია. ელიტურ ადგილზე მდგარი „ფრანცია“ ჯერ დაწვეს, მერე დაანგრიეს, გაყიდეს და მის ადგილზე ვეებერთელა კორპუსი წამოჭიმეს, რომელშიც ახლა დედაქალაქის მერი ცხოვრობს. ნეტა თუ სმენია „ფრანციაზე“? თუ იცის, რომ თბილისის ერთ-ერთ ყველაზე ძველ, საყვარელ, თაობებისთვის სიმბოლოდქცეულ კაფეს მოაჯდა მისი პენტ-ჰაუსიანი ელიტური სახლი?  

* * *

„კულტურული მემკვიდრეობა არის ამა თუ იმ საზოგადოების ან თემის ცხოვრების წესების ერთიანობა, რომელიც გადაეცემა თაობიდან თაობას და რომელშიც შედის ტრადიციები, ჩვევები, ქცევები, ადგილები, საგნები, მხატვრული ღირებულების მქონე ნივთები ან სხვა შემოქმედებითი ფასეულობები.“ (ICOMOS, 2002). კულტურული მემკვიდრეობაა ყველაფერის ის, რაც ადამიანთა ჯგუფის, თემის, საზოგადოების, ერის კოლექტიური მეხსიერების ნაწილია, მატერიალური თუ არამატერიალური.

* * *

რამდენიმე წლის წინ დანიელი ექსპერტი უყვებოდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და მუზეუმების თანამშრომლებს, როგორ მიენიჭა კოპენჰაგენის ეროპორტთან მდებარე ერთ ჩვეულებრივ ბარს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი იმიტომ, რომ მრავალი წლის განმავლობაში, ახლობლების დასახვედრად თუ გასაცილებლად აეროპორტში მისული ადამიანები იმ ბარში ჩერდებოდნენ, ყავას სვამდნენ, უამინდობის გამო დაგვიანებულ რეისებს ელოდნენ. გვიყვებოდა, როგორ გაჩნდა ერთგვარი კოლექტიური ემოციური მიჯაჭვულობა ამ ადგილისადმი, როგორ იქცა ის რაღაც ისეთად, რაც უნდა  შეენარჩუნებინათ, ისეთად, როგორიც გახსნის დღეს იყო. გარეუბნის ეს ერთი რიგითი ბარი კოპენჰაგენელთა ყოფის ნაწილად იქცა, ამიტომ უნდა დაეცვათ და თაობებისთვის გადაეცათ ის.


კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ ნიშნავს მაინცდამაინც ძეგლის ქონებრივ, მატერიალურ ღირებულებას. იმისთვის, რომ მემკვიდრეობის ნაწილი გახდეს, ნაგებობა შეიძლება სულაც არ იყოს არქიტექტურული ღირსშესანიშნაობა. ისინი, ვინც მთავრობათა ქმედებებს შინაარსის მიხედვით კი არა, საკუთარი პოლიტიკური სიმპატიებით აფასებენ, იმრიზებიან, „ლაღიძეში“ რა იყო შესანარჩუნებელი, რას ჰგავდა ის მოტვლეპილკედლებიანი, აბანოსავით დარბაზიო. „არამატერიალურ მემკვიდრეობას“ როგორ დავიცავთ, თუ ის არ გვესმის, რომ ძვირფასი მხოლოდ ბროლ-ბადახშით მოოჭვილს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მატერიალური ქონება არ არის ადამიანებისთვის ძვირფასი, რომ მხოლოდ მატერიალურად ფასეული არ შეადგენს ერის იდენტობას? როგორ უნდა შევინარჩუნოთ თავი, თუ იმას არ მოვუფრთხილდით, რაც ტურისტს კი არა, ჩვენვე გვიყვარს, რაც ჩვენთვის, ამ ქალაქის მცხოვრებლებისთვის არის ძვირფასი? ქალაქის ხასიათს, ერთადერთობას კი სწორედ ის შეადგენს, რაც ადგილობრივებს უყვართ, რასაც ამ ქალაქში დაბადებული, გაზრდილი ან ნაცხოვრები თაობების მეხსიერება, გრძნობები, მოგონებები უკავშირდება. ასეა, კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, პირველ რიგში, ამ თუ იმ ადგილის განსაკუთრებული ღირებულების, თუნდაც მხოლოდ ემოციურის, კოლექტიური აღიარებაა.

 

* * *

„ვინ მართავდა, რომ არ გაყიდულიყო?“ „მხოლოდ კერძო საკუთრებას შეუძლია, გადარჩეს საბაზრო ეკონომიკის პირობებში!“ ეს ყველაფრის პრივატიზების მომხრეთა მთავარი არგუმენტია ხოლმე. იმ ქვეყნის მაგალითს მოვიყვან, რომელსაც კარგად ვიცნობ - იტალიისას. კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე არაერთი ბარი და რესტორანია იტალიაში და ყველას კერძო კომპანია მართავს. მათაც მოგება აინტერესებთ, ოღონდ, ჩვენგან განსხვავებით, ისინი ხვდებიან, რომ მეტ მოგებას მეხსიერების  წაშლით კი არა, მისი შენარჩუნებით მიიღებენ, რომ სწორედ ეს მეხსიერებაა მათი შემოსავლის ექსკლუზიური წყარო, მათი საქმიანობის განსაკურებულობის მოწმობა და მას უნდა მოუფრთხილდნენ. ასეთი ადგილი შინაურსაც ეძვირფასება და გარეულსაც. ტურიზმმაც იცვალა სახე, აღარც ტურისტი სტუმრობს მხოლოდ მუზეუმსა და ტაძრებს, ტურისტიც ქალაქის ხასიათს ეძებს, მის ყოფას, ისტორიას, იმას, რაც ქალაქის მცხოვრებლებს უყვართ და ეძვირფასებათ; იმის გაგება ახალისებს და ავსებს ცნობისმოყვარეობით, რაც ადგილობრივების ცხოვრების, გრძნობების, მოგონებების ნაწილია.    

 

* * *

ბოლო ქალაქი იტალიაში, სადაც პანდემიამდე ვიყავი, მოდენაა. მოდენაში უამრავი ძველი კაფე, რესტორანი თუ მაღაზიაა, რომლებსაც მრავალი ათწლეულის განმავლობაში სახე არ შეუცვლია, თუმცა ისეთებიც არიან, რომლებმაც ვერ გაუძლეს კონკურენციას, ბაზრის მოთხოვნებს, დაიკეტნენ და ახლა მათ ადგილზე სხვა, უფრო კონკურენტუნარიანი „ბიზნესებია“. მაგრამ ახალი მეპატრონეები ინარჩუნებენ ძველ აბრასაც და ადგილის გარეგნულ იერსაც. ასე აწერია, მაგალითად, წიგნების მაღაზიას ისტორიული, უძველესი რესტორნის სახელი, ანტიკვარული ნივთების მაღაზიას - „წმ. ბარნაბას საცხობი“, საკანცელარიო საქონლის მაღაზიას კი ძეხვეულის უძველესი მაღაზიის, „ფინის“ აბრა ამშვენებს. გულისამაჩუყებელია ქალაქის ამბების შენარჩუნებაზე ასეთი ზრუნვა მაშინაც, როცა ეს ადგილები დროს ვერ გადაურჩა. ბაზარმა არც იქ დაინდო ქალაქის მეხსიერება, მაგრამ ახალ მფლობელებს, რაც არ უნდა გახსნან ამ ადგილებში, მუდამ ეცოდინებათ, რომ ეს ძველი აბრები, ეს ხის მძიმე კარები თუ ვიტრინები, ასეთი სახით, როგორადაც დღემდე მოიტანა ქალაქმა, მხოლოდ დამატებითი ფასეულობა იქნება მათი საქმიანობისთვის: მოდენელების სიყვარულისა და მოგონებების მარცვალი, ის ჰაერი, რომლითაც ქალაქი სუნთქავს.

 

პროექტის პარტნიორია თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
ამავე კატეგორიაში
პარტნიორები