ბლოგები

„ყურესა ამა ქვეყნისასა“

×
ავტორის გვერდი pencenter.ge 2024-05-06 374

თეონა ბექიშვილი 

 

 

ჭამა რომ სიმბოლური აქტიცაა, ყველამ ვიცით. სოციალიზაციის ერთ-ერთი მთავარი გამოხატულებაა, რომელიც ქართულში ასე - პირდაპირაა გაცხადებული - მეგობარია ის, ვისთან ერთადაც საერთო გობიდან  ჭამა შეგვიძლია.

მსოფლიო ფოლკლორი სავსეა ზღაპრებით ცხოველებზე, ლექსებით, იგავებით, რომლებშიც სხვადასხვა სახეობები ერთად ჭამას ცდილობენ და არ გამოსდით, მელასა და წეროს მსგავსად, რომლებიდანაც ერთს სურა სჭირდება ჭურჭლად, მეორეს − ლანგარი. და ამიტომ დასაწყისშივე სრულდება მათი მეგობრობა.

ფოლკლორული თემები მსოფლიოს ხალხებში, როგორც წესი, უნივერსალურია და ამიტომ უცნაურია, რომ ქართულ ხალხურ პოეზიაში მოგვეპოვება საოცარი ნიმუში საპირისპირო მაგალითისა, როდესაც საბრალო დედაბრის დასახმარებლად, მის გამოსაკვებად ერთიანდება მთელი ცხოველთა თუ ზღაპრული სამყარო: დევები, ლომები, მელიები, ოფოფები და ა. შ.:

„საბრალო დედაბრისასა თაგვნი ყანასა მკიანო;

ლომნი უგრეხენ ულოსა და ვეფხვნი შეუკვრიანო;

დევნი ურემსა აბიან, ირემნი ძნასა ჰყრიანო;

შველნი კევრებში შებმულან, კალოს გარს დაურბიანო;

ზედ ანგელოზნი უსხედან, წვრილ ხმაზედ დასძახიანო;“

ბოლოს ისინი მხიარულ სუფრასაც უსხედან, თითქოს დარღვეულია, დაძლეულია ის მთავარი რელიგიურ-მითოსური წყევლა, რომელმაც სხვადასხვა სახეობა გადაჰკიდა ერთმანეთს და ერთად ლხინი დაავიწყა.

ვფიქრობ, ეს ლექსი შემთხვევითი საერთოდ არაა. ქართველთა გადარჩენის ისტორიაში, ეროვნულ მეხსიერებაში ჭამა, ლხინი, როგორც ერთობის გამოხატულება, ერთ-ერთი მთავარი სურათ-ხატია.

როცა სამოციანი წლების თბილისზე გვიყვებოდნენ პაპა-ბებიები, მთავარი ამბები სუფრას, საჭმლის განაწილებას ეხებოდა.

ახლა, როცა მე ვუყვები თბილისზე შვილებას თუ მოსწავლეებს, მეც საჭმელზე ვყვები, იმ სუპის გემო მინდა აღვწერო, 90-იანებში სადარბაზოებში საერთო ღუმელზე რომ იხარშებოდა. ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის, რადგან იმ სუპს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომების, თბილისის ომის, გვარდიელებისა თუ მხედრიონელების სასტიკი თარეშის საპირწონე გემო ჰქონდა. ყველა ბოროტებას ჯაბნიდა, ყველა ცოდვას გადასწონიდა, რადგან ერთობის, ერთად გადარჩენის წმინდა გრაალი იყო ის გაჭვარტლული მოზრდილი ქვაბი.

არ ვიცი რამდენად მართალია, ახლა ვერც წყაროს დავიმოწმებ, მაგრამ ასე მახსოვს იმდროინდელ პრესაში წაკითხული:, „მსოფლიო ბანკი“ იკვლევდა  90-იანებში ქართულ სოფლებს და გაოცდნენ, რომ შიმშილით მოხუცები არ იხოცებოდნენო. მჯერა ასე იქნებოდა, რადგან უკიდურესი გაჭირვების ჟამს ძალიან კარგად შეგვიძლია „საბრალო დედაბრის“ გადასარჩენად გაერთიანება.

დღეს 2024 წლის 6 მაისია. გუშინ აღდგომას შევხვდით საქართველოს მოქალაქეები ქაშვეთის ტაძართან. იყო საოცარი ერთობა და ბევრი საჭმელი, მარტივი „ყიყლიყოებით“ დაწყებული (პატარა გოგონას ზედ ეწერა, რომ კულინარიაში ჯერ მეტი არ შეეძლო), უძვიფასესი პასკებით, ხაჭაპურებით და ათასგვარი ტკბილეულით დამთავრებული. მოდიოდნენ და გთავაზობდნენ ყველაფერს: საჭმელს, სანთლებს, ნიღბებს, საწვიმრებს...

ყველაზე გულისამაჩუყებელი ჩემთვის მაინც ქართველი აზერბაიჯანლების შემოსვლა იყო (სხვებიც გვილოცავდნენ, მაგრამ მე მათ შევხვდი). მოდიოდნენ საოცრად ლამაზები კვერცხებით, პასკებით, ყვავილებით და თავიანთი, აზერბაიჯანული ტკბილეულით. სამწუხაროდ, იმავე რუსთაველის გამზირზე ისტორიისთვის არც თუ დიდი ხნის, რამდენიმე ათწლეულის წინ, გამიგია ლოზუნგი: „საქართველო ქართველებს“. მართალია, ეს ლოზუნგი მაშინვე მიუღებელი და მტკივნეული იყო ჩემთვის, მაგრამ არც ასეთი ერთიანობის განცდა მქონია, რაც ბოლო პერიოდში სამოქალაქო და საუნივერსიტეტო საქმიანობების შედეგად ჩამოყალიბდა და რასაც გუშინ ულამაზესად დაედგა გვირგვინი.

მე ლიტერატორი ვარ და და სიტყვის მწამს. გულუბრყვილოა ჩემი რწმენა, მაგრამ ამავე დროს ისტორია გვაჩვენებს, რომ ეს გულუბრყვილობა ყოველთვის იმარჯვებს. წინ, რა თქმა უნდა, დიდი და მძიმე ბრძოლაა. მაგრამ ბრძოლა და ქვეყნის შენების „ვნების სიმძაფრე“ ქართველს არ აშინებს, ქართველს ამის დიდი ისტორიული გამოცდილება აქვს.

„ყურესა ამას ქვეყნისა“ ვართო, დაგვიწერა იოანე საბანისძემ მერვე საუკუნეში და განგვისაზღვრა ჩვენი გეოპოლიტიკური მისია, რომ ქრისტიანობის უკიდურესი აღმოსავლეთი წერტილი ვიყავით. დღესაც ჩვენი ვალია, ვიყოთ ამ მრწამსის და ამავე დროს, ევროპული ღირებულებების ზღუდე მტრულად განწყობილ „ქვეყნის კიდეში“.

ადამიანსა და ქვეყანას მისია აცოცხლებს, ჩვენ დღესაც გვაქვს ეს მისია - ვაშენოთ დემოკრატიული სახელმწიფო, ევროპული ღირებულებებით, ადამიანის უფლებებით, სამართლიანობითა  და ტოლერანტობით.  დღეს ისევ ვიბრძვით ქვეყნის გადასარჩენად, რომელიც რუსულ ძალებს უნდა გამოვგლიჯოთ ხელიდან. ყველაფერი სასწორზეა, ქვეყნისა და შვილების ბედი და მომავალი, მაგრამ გუშინდელი ერთობა მაიმედებს, რომ ეს მისია დღესაც გადაგვარჩენს. ერთი ეგაა, საბრალო დედაბრის ლექსში რომ თავიდან დევები ხნავენ მიწას, ეგ დევები გვყავს შემოსაბრუნებელი, სამშობლოს უღელი დღეს სხვა რამეს ითხოვს მათგან.

პ.ს. აზერბაიჯანული ტკბილეული ვერ გავსინჯე. იმ წუთას მომეჩვენა, რომ ისეთი ჯადოსნური ამბის მოწმე ვიყავი, ჭამა მასთან მიმართებით ძალიან უბრალო რამ იყო. მერე ვინანე, მერე მივხვდი, რომ ჭამაც ისეთივე საკრალურია და გვიან, როცა უკვე სახლში ვბრუნდებოდი, ქაშვეთის უკან, ბაღში ციმციმა გოგოებს გამოვართვი ერთი ნაჭერი ნამცხვარი.

იცით ამ ნამცხვარს რის გემო ჰქონდა?

თქვენ იცით, შვილიშვილები რომ მეყოლება, იმათ როგორმე ავუხსნი.

 

 

 

 

 

 

  

 

 

 

ამავე კატეგორიაში
პარტნიორები